"მიდით, ნახეთ ეს უბანი როგორი არის და თუ არ უნდა იყოს პრეზიდენტის უბანი და თქვენი უბანი?!" - რას ამბობს სალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედნის შესახებ - კვირის პალიტრა

"მიდით, ნახეთ ეს უბანი როგორი არის და თუ არ უნდა იყოს პრეზიდენტის უბანი და თქვენი უბანი?!" - რას ამბობს სალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედნის შესახებ

ვინმე თუ იკითხავს, რატომ გადმოვედი ორბელიანის სასახლეში, მიდით, ნახეთ ეს უბანი როგორი არის და თუ არ უნდა იყოს პრეზიდენტის უბანი და თქვენი უბანი?! - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რეაბილიტირებული ორბელიანის მოედნის გახსნის საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი დღე არის თბილისის მერისა და მისი გუნდის დამსახურება. სალომე ზურაბიშვილის შეფასებითვე, ორბელიანის მოედანი ზუსტად ისეთია, როგორსაც ისურვებდნენ მოქალაქეები.

"ეს არის ბოლომდე თბილისის მერისა და მისი გუნდის დამსახურება, არაჩვეულებრივი საქმეა. ჩვენ ვიცით ხშირად წუწუნი, ბევრი რამ არ მოგვწონს, ბევრი რამ არ არის ისეთი, როგორსაც ჩვენ ყველა ვისურვებდით, რომ ყოფილიყო, მაგრამ ზოგჯერ ისე ხდება, რომ ისეთი არის, როგორსაც ვისურვებდით. დღეს არის ასეთი დღე, როცა მართლა ის, რაც გაკეთდა, არის ზუსტად ისეთი, როგორ თბილისსაც ჩვენ ყველანი რაღაც ოცნებებში, იმედებში დავინახავდით.

ყოველდღიურად ვუყურებდი, აქ რა ხდებოდა, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ორბელიანის სასახლეში გადმოვედი და ვინმე დღეს თუ იკითხავს, რატომ გადმოვედი ორბელიანის სასახლეში, მიდით და ნახეთ, ეს უბანი როგორი არის და თუ არ უნდა იყოს პრეზიდენტის უბანი და თქვენი უბანი?! იმიტომ, რომ ეს არის მართლა თბილისელების უბანი, თბილისისთვის ცენტრი და მე გავიტან კი არა თბილისის შესახებ ამბავს, თვითონ გაიტანს თბილისი თავის ამბავს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ადგილზე მეყვავილეებისთვის სივრცეა მოწყობილი და შიში, რომ მათ ტერიტორიაზე არ გააჩერებდნენ, უსაფუძვლოა.

"ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი მეყვავილეების გამო, ისინი წუხდნენ, ეშინოდათ, რა მოგვივა, როგორ იქნება და როგორც ყოველთვის ძალიან ბევრი ეჭვები იყო, რომ გაგვაგდებენო. გაგვაგდებენ კი არა, ულამაზესი ადგილია მათთვის მოწყობილი და ამითიც ეს უბანი იქნება ძალიან ლამაზი", - განმარტა პრეზიდენტმა.

სიტყვით გამოსვლის დასასრულს პრეზიდენტმა თბილისის მერს, კახა კალაძეს მიმართა და აღნიშნა, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესო მერია.

"ბატონო კახა, თქვენ უკვე შესული ხართ თბილისის იმ დიდ მერებს შორის, რომლებმაც ეს ქალაქი ააშენეს, გაამწვანეს და გახადეს თბილისი", - განაცხადა პრეზიდენტმა.

"ინტერპრესნიუსი"