სამი სკამი ხელისუფლების ანკესზე...
გამსახურდიას მკვლელობის დღემდე გასაიდუმლოებული მასალები გამოაშკარავდება?!

პოლიტიკური ოპერაცია, სახელწოდებით "19" დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო. საქართველოს პარლამენტის წინ გაერთიანებული ოპოზიციის 19-მა წარმომადგენელმა დეპუტატის მანდატი დახია. ამგვარად, ოპოზიციურმა  ვნებათაღელვამ თითქმის სრულიად გადაინაცვლა ქუჩაში. ბრძოლის ამგვარი "შეუცვლელი" ფორმები ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი, დასავლეთისთვის კი ჯერაც შეუცნობი და გაუთავისებელი გახლავთ. ამ ბრძოლას კი ალბათ "დემოკრატია ქართულად" ეწოდება...
შესაძლოა, რომელიმე უცხოელმა იკითხოს, - რა არის "დემოკრატია ქართულად?!" ამიტომ მათნაირების გასაგონად ვიტყვით, - ბატონებო, დასავლური
დემოკრატია ხომ იცით, რაც არის. ქართული პირიქითაა, ოღონდ მაინც დემოკრატია ჰქვია! ერთი სიტყვით: "უკუღმაა ეს, მარა სულერთია". ახლა ამ "უკუღმა" დემოკრატიაზეც მოგახსენებთ. მაგალითად, დასავლეთის ქვეყნებში თუ ხალხი ირჩევს ხელისუფლებას და თვითონვე წყვეტს, ვინ შევა და ვინ არა საკანონმდებლო ორგანოში, ჩვენთან პირიქითაა! ეს საკითხი თავიდან ბოლომდე
პოლიტიკოსთა ნება-სურვილზეა დამოკიდებული. ჯერ იყო და, ოპოზიციამ თვითნებურად მიიღო გადაწყვეტილება, არ შესულიყო პარლამენტში და მანდატები ხალხის თვალწინ დაეხია, ახლა "თავისნათქვამა" პრეზიდენტმა მოისურვა ურჩი ოპოზიციონერებისთვის მანდატების აღდგენა და მათი  პარლამენტში დაბრუნება. ამ შემთხვევაში კანონი, კონსტიტუციის უზენაესობა და ძალაუფლების წყაროდ გამოცხადებული ხალხი არავის აინტერესებს. მორჩილი საპარლამენტო უმრავლესობისთვის კი საკონსტიტუციო ცვლილების ერთი ხელის დაკვრით მიღება პრობლემას არ წარმოადგენს. ეს ამ ორიოდე დღის წინ პრეზიდენტის ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების პირველივე კენჭისყრისას კიდევ ერთხელ დავინახეთ. უმრავლესობამ პარლამენტის ნაწილობრივ ქუთაისში გადატანას, ხოლო ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის მანდატების აღდგენას ერთხმად დაუჭირა მხარი.
რა თქმა უნდა, არც დასავლეთს ხიბლავს ქუჩის მეთოდებით ბრძოლა, მით უმეტეს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკაც მთლად დალაგებული არა აქვს და სანახევროდ რუსეთის ხახაში უდევს თავი. მართალია, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს უამრავი უხერხული კითხვა დაუგროვდათ საქართველოს ხელისუფლებისადმი, მაგრამ მათ ვერც ის გაიგეს, ოპოზიციის წარმომადგენლებმა რისთვის დაჭრეს მანდატები.
"შნო ჰქონდათ, ბატონო, და იმიტომაც დაჭრეს!.."
მერე რა, რომ ქართულად თავის მოწონებას და  პოლიტიკურად კუნთების თამაშს შედეგად კარგი არაფერი მოჰყვა?! მერე რა, რომ ხალხის უზარმაზარი საპროტესტო ტალღის შემდეგ ხელისუფლებამ გირგვლიანის მკვლელები შეიწყალა და გაათავისუფლა?! მერე რა, რომ ოპოზიციონერებსა  და მათ მხარდამჭერებს განსხვავებული აზრის გამო ვირის აბანო ახეხინეს?!  
ეს გახლავთ, ბატონებო, "დემოკრატია ქართულად" და ლობიოობა არ გეგონოთ!..
გასულ კვირას კონსტანტინე გამსახურდიას პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ალაპარაკდნენ. შესაძლოა, პარლამენტში დაბრუნების იდეა ბევრ სხვასაც მოსვენებას არ აძლევს, მაგრამ ვერ გაურკვევიათ, რა წყალს მისცენ თავი. მოკლედ, ჰამლეტისეული კითხვა: "ყოფნა-არყოფნა, საკითხავი აი, ეს არის", ჩვენს პარლამენტარებზეა ზედგამოჭრილი... "ყოფნა, რა თქმა უნდა, ყოფნა!" - ჩასძახიან ქართველ პოლიტიკოსებს მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები...
ასე რომ, კონსტანტინე გამსახურდიას ყოყმანს პრალამენტში შესვლასთან დაკავშირებით წერტილი შესაძლოა, აშშ-ში  დაესვას. "ჯერჯერობით კონსტანტინე გამსახურდიას გადაწყვეტილება არ მიუღია. ის ამჟამად აშშ-ში იმყოფება, შემდეგ ევროპის ქვეყნებში ექნება ვიზიტები, სექტემბრის ბოლოს საქართველოში დაბრუნდება და შედეგსაც გვამცნობს.
კულუარული ინფორმაციით, ხელისუფლების წარმომადგენლებს ზვიად გამსახურდიას მომხრეებთან პოლიტიკური ვაჭრობისთვის სხვა თემაც აქვთ მოფიქრებული. ისინი ამ პოლიტიკურ ჯგუფს ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიებას, უშიშროების გასაიდუმლოებული მასალების გამომზეურებას და შევარდნაძის პასუხისგებაში მიცემას ჰპირდებიან. ასე რომ, ე.წ. ზვიადისტთა პარლამენტში შესვლამ შესაძლოა, ისეთი სკანდალები და შოუები გამოიწვიოს, რომ ოპოზიციის დანარჩენმა წარმომადგენლებმა სხვა თემებზე ყურადღების გადატანა ვერც კი მოახერხონ... ზვიადისტებს დღემდე მოსვენებას უკარგავს ზვიად გამსახურდიას მკვლელობასთან დაკავშირებული ორი ვერსია: ერთი, რომ პრეზიდენტის პირადი დაცვის ხელია გარეული ამ საქმეში და მეორე, რომ მაშინდელმა უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა დაცვის წევრები დააძინეს და მკვლელობა ისე განახორციელეს.
ამასთანავე, პირველი პრეზიდენტის მომხრეთა იდეოლოგია ყოველთვის სახელმწიფოებრიობის შეგრძნებით არის გამსჭვალული. ისინი ქვეყნის მთავარი უბედურების სათავედ ქვეყნიდან ზვიად გამსახურდიასა და უზენაესი საბჭოს განდევნას მიიჩნევენ. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, თუ სააკაშვილის ხელისუფლება საერთო ენის გამონახვას ამ ხერხითაც ცდილობს.
კიდევ ერთი კულუარული ინფორმაციით, იმ შემთხვევაშიც კი თუ კონსტანტინე გამსახურდია უარს იტყვის ხელახლა პარლამენტში შესვლაზე, სამიოდე სხვა ოპოზიციონერი მაინც მიიღებს საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას. ამჯერად ოპოზიციის განხილვის საგანია, თუ ვისთვისაა გამზადებული დანარჩენი სამი სკამი. ამბობენ, ამის შესახებ მხოლოდ ხელისუფლებამ უწყისო.   
ოპოზიციის ერთი ნაწილი კი ეჭვის თვალით კობა დავითაშვილს უყურებს.
"ახლა რომ კობა დავითაშვილს დაურეკოთ და ჰკითხოთ ამის შესახებ, აუცილებლად ქვას ააგდებს და თავს შეუშვერს, როგორ გეკადრებათო", - უთხრა წყარომ "კვირის პალიტრას", თუმცა ვინაობის გამხელა არ ისურვა.
ჩვენ მაინც ვცადეთ აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება და კობა დავითაშვილს დავუკავშირდით.
კობა დავითაშვილი: - ჩვენ ერთხელ უკვე გავაკეთეთ  არჩევანი, არ ვცნობთ უკანონოდ გაყალბებული არჩევნების შედეგებს და პარლამენტში შესვლაზეც უარს ვაცხადებთ. ამიტომ ჩემზე თუ ვინმე საწინააღმდეგოს ლაპარაკობს, ნაძირალაა. შესაძლოა, ასეთი ნაძირლები ოპოზიციაშიც გვყავდეს".
"კვირის პალიტრამ" "ეროვნული ფორუმის" წარმომადგენლებთანაც სცადა დაკავშირება.
"უკაცრავად, მაგრამ ახლა მნიშვნელოვან შეხვედრაზე ვიმყოფებით და ვერ გიპასუხებთ", - განაცხადა ირაკლი მელაძემ.
როგორც ჩანს, ოპოზიცია ბჭობს, სააკაშვილი იცინის!..
ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, "რადიკალებს" უჭირთ არაპოპულისტური, მაგრამ პოლიტიკურად მომგებიანი ქმედებების განხორციელება. არადა, პოლიტიკისთვის ხანდახან ასეთი ნაბიჯების გადადგმაც აუცილებელია იმისთვის, რომ ხელისუფლების ფანდს საკუთარი დაუპირისპირო...
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები