"ხალხის მსახურის" შოუ გრძელდება...
10-06-2019
"ხალხის მსახურის" შოუ გრძელდება...
ზელენსკი საქართველოში უძრავ ქონებას ფლობს - ოჯახი სასტუმროს 5 ნომრის მფლობელია

2015 წელს ეკრანებზე გამოვიდა პოლ­იტიკური კომედია "ხალხის მსახური", რომლის გმირიც, ვასილი გოლობოროდკო,­ წარსულში უბრალო მასწავლებელი, მოულოდნელად სახელმწიფოს მეთაური ხდება. ის ჩვეულებრივ ბინაში ცხოვრობს, მშვიდად დადის ქუჩაში, იღებს მცი­რე ხელფასს,­ მეტიც, დროდადრო იძ­ულებულია თვიდან­ თვემდე თავის გასა­ტანად მეგო­ბრისგან ისესხოს ფული...

ფილმის გამოსვლისას უკრაინელები ვერაფრით იფიქრებდნენ, რომ გავიდოდა სულ რაღაც ოთხი წელიწადი და ფილმში მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი, შოუმენი, რეჟისორი, სცენარისტი,
პროდიუსერი, სტუდია "95-ე კვარტალის" ხელმძღვანელი ვლადიმირ ზელენსკი უკრაინის მეექვსე პრეზიდენტი გახდებოდა...

უკრ­აინელი ამომრჩევლის ნაწილში ზელენსკი სწორედ ამ პროექტის წყალ­ობით ასოცირდებოდა პოლიტიკასთან და მოგვიანებით, პოლი­ტ­იკურ რეიტინგებშიც მოხვდა, თუმცა თავად­ მას ამის პრეტენზია საჯაროდ­ არც გამოუთ­ქვამს. მეტიც, 2018 წლის ზაფ­ხულში აცხადებდა, რომ პოლიტიკა არ აინტ­ერესებდა - "ეს
სულ სხვა სამყაროა, რომელიც ჩემგან ძალიან შორსაა"...­ თუმცა, უკვე 2018 წლის დეკემბერში ერთ-ერთ ინტერვიუში მიანიშნა, რომ აპირებდა­ 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, საახალწლო მილოცვისას კი ეს გამოაცხადა.

საბოლოოდ, ორტურიან საარჩევნო ბრძოლაში მან აწ უკვე ყოფილ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მოუგო და 20 მაისს, ინაუგურაციის შემდგომ, ოფიციალურად შეუდგა უფლებამოსილების შესრულებას. როგორც ამბობენ, მასაც და უკრაინასაც დიდი გამოცდა ელის წინ.
ბავშვობა და სტუდენტობა

ვლადიმირ ზელენსკი 1978 წლის 25 იანვარს აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ კრივოი-როგში დაიბადა. მამა, ალექსანდრ ზელენსკი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორია, დედა - დიასახლისი­. მამის სამუშაო მივლინების გამო ბავშვობის­ 6 წელიწადი მომავალმა პრეზიდენტმა მონღოლეთში გაატარა, საიდანაც დაბრუნებული ოჯახი კვლავ კრივოი-როგში დასახლდა.

სალომე ზურაბიშვილი და ვლადიმირ ზელენსკი

როგორც მისი მასწავლებლები ამბობენ,­ ის გონებაგახსნილი, ხალისიანი და სასკოლო ღონისძიებების სულისჩამდგმელი ბიჭი იყო. უკრავდა გიტარასა და ფორტეპიანოზე, დადიოდა სამეჯლისო ცეკვებზე. ერთხანს ძალოსნობამ გაიტაცა და წარმატებაც­ ჰქონდა, თუმცა ერთ დღეს გამოაცხადა, ვაითუ­ სიმძიმეების აწევით სიმაღლეში აღარ გავ­იზარდოო და თავი დაანება.

სკოლაში ვლადიმირი დიპლომატობაზე­ ოცნებობდა, ამიტომაც დიდი მონდომებით სწავლობდა ინგლისურ ენას და ემზადებოდა მოსკოვის საერთაშორისო ურთ­იერთ­ობების ინსტიტუტში ჩასაბარებლად, თუმცა,­ საბოლოოდ, კრივოი-როგის ეკონომიკის უნივერსიტეტში ჩააბარა, სადაც იურიდიული განათლება მიიღო­, მაგრამ პროფესიით ერთი დღეც არ უმუშავია.

სწორედ სტუდენტობის წლებში გაიტ­აცა თამაშმა მხიარულთა და საზრიანთა კლუბში. განსაკუთრებული წარმატება მოუტანა გუნდ "95-ე კვარტალის" წევრობამ, რომლის კაპიტანი მალევე გახდა.


ზელენსკი და რუსეთი

1998-დან 2003 წლამდე ზელენსკის გუნდი­ მხიარულთა და საზრიანთა კლუბის უმაღლეს ლიგაში გამოდიოდა, ამიტომაც დასახლდა მოსკოვში, სადაც პოპულარული გახდა არა მხოლოდ როგორც კომიკოსი, არაერთ ფილმშიც გადაიღეს, რამდენჯერმე გაუძღვა საახალწლო გადაცემებსაც რუსეთის ცენტრალურ ტელევიზიებში.

ზელენსკი მშვენივრად იცნობს რუსული­ შოუბიზნესის ვარსკვლავებს. როდესაც ცნობილი გახდა, რომ ის უკრაინის პრეზიდ­ენტის პოსტზე აპირებდა კენჭისყრას,­ მათი ნაწილი ამას მიესალმა, ზოგიერთისთვის კი სახუმარო თემად იქცა. მაგალითად, მიხაილ პორეჩენკოვმა და ივან ოხლობისტინმა ამას სახუმარო კლიპი მიუძღვნეს, რომელშიც ზელენსკის მომავალ მთავრობაში პოსტებს­ სთხოვდნენ.

ზელენსკი პირადად იცნობს რუსეთის პრემიერ-მინისტრ დმიტრი მედვედევსაც. როგორც ინტერვიუში განაცხადა, მას ერთ-ერთ საზეიმო მიღებაზე მოუწია გამოსვლამ,­ როდესაც მედვედევი ვიზიტით ესტუმრა უკრაინის მაშინდელ პრეზიდენტ იანუკოვიჩს. ასევე კარგად იცნობდა უკრაინის ყველა პრეზიდენტსა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების არაერთ სახელმწიფო მეთ­აურს.

2003 წლიდან ზელენსკი ბრუნდება უკრაინაში, სადაც პოპულარული­ გადაცემების ავტორი და წამყვანია, თუმცა არ გაუწყვეტია რუსეთთან კავშირი...

საზოგადოებრივ-პოლიტიკური­ შეხედულებები


ზელენსკი არასოდეს ყოფილა სახელმწიფო სამსახურში, თუმცა 2014 წელს მხარი დაუჭირა ევრომაიდანს. მისი მტკიცებით, სწორედ ამ მოვლენების შემდგომ გაწყვიტა კავშირი რუსეთთან. აღმ­ოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდგომ ის ფინანსურად ეხმარებოდა უკრაინის მოხალისეთა ბატალიონს. სტუდია "95-ე კვარტალის" მსახიობებმა კი მილიონი­ გრივნა (დაახლოებით 45.000 დოლარი) შეიტანეს უკრაინის არმიის ფონდში­ და უკრაინელი ჯარისკაცებისთვის ანტიტ­ერორისტული ოპერაციის ზონაში კონც­ერტებს მართავდნენ. ზელენსკი განსაკუთ­რებით წუხს ყირიმის გამო, რაც შეეხება დონბასს, ამბობს, რომ შესაძლებელია კიევის კონტროლიდან გასული თვითგამოცხადებული ტერიტორიების ინტეგრირება მოხდეს. როგორც წინასაარჩევნოდ ამბობდა­, "მზად არის, მოელაპარაკოს თავად ეშმაკსაც, ოღონდ კი აღარავინ დაიღუპოს". ზელენსკის იდეაა, რომ დონბასში მშვიდობის მიღწევის საკითხი რეფერენდუმით ან ხმის ონლაინმიცემით გადაწყდეს.
წინასაარჩევნო პერიოდში მისმა ორჭოფულმა განცხადებებმა ევროკავშირისა და ნატოს თაობაზე ბევრი დააბნია, თუმცა უკვე პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი არ შეიცვლება.

წინასაარჩევნო კამპანიისას ბევრს ლაპარაკობდნენ ზელენსკისა და ერთ-ერთი გავლენიანი ოლიგარქის, იგორ კოლომოისკის კავშირებზე. სწორედ ბიზნესმენის კუთვნილ ტელეარხ "1+1"-ზე გად­იოდა ზელენსკის შოუ და სტუდია "95-ე კვარტალის" ტელესერ­იალები. ზელენსკი კი ამტკიცებს,­ რომ მას კოლომოისკისთან მხოლოდ ბიზნესურთიერთობა აქვს, თუმცა უკრაინულ პრესაში არაერთი­ დოკუმენტი გამოქვეყნდა, მათ შორის ისიც, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ზელენსკი ცამეტჯერ იმყოფებოდა ჟენევასა და თელ-ავივში, სადაც ოლიგარქი კოლომოისკი ამჟამად ცხოვრობს.

ოჯახი

ვლადიმირ ზელენსკი ოჯახთან ერთად

ვლადიმირ ზელენსკი დაქორწინებულია. მისი მეუღლე ელენა ზელენსკაია (ქალიშვილობის გვარი კიაშკო) 1978 წლის 6 თებერვალს დაიბადა. ის გახლავთ სტუდიის "კვარტალი - 95" ავტორი. ისინი სკოლიდან იცნობდნენ ერთმანეთს, რადგან პარალელურ კლასებში სწავლობდნენ, თუმცა როგორც თვითონ ამბობენ, მაშინ თითქმის არ ურთიერთობდნენ. სკოლის დასრულების შემდეგ, როდესაც სხვადასხვა ინსტიტუტში სწავლობდნენ, შემთხვევით ქუჩაში შეხვდნენ ერთმანეთს და მას მერე არც დაშორებულან.

"გოგონებთან პრობლემები არასდროს მქონია, თუმცა უცებ შევხვდი ლენას, რომელიც კერკეტი კაკალი აღმოჩნდა. თავდაპირველად სპორტული აზარტი მქონდა, რომ მისი გული მომენადირებინა, მერე ნელ-ნელა ეს სურვილი დიდ სიყვარულში გადაიზარდა", - ამბობს ერთ -ერთ ინტერვიუში ზელენსკი. მას მერე, რაც შეხვედრები დაიწყეს, ქალ-ვაჟს ზელენსკის გადაღებების გამო ხშირად უწევდა დაშორება, მომავალი პრეზიდენტი დიდი ხნის განმავლობაში ვერ ბედავდა საყვარელი ქალისთვის ხელის თხოვნას, ამ ნაბიჯის გადასადგმელად მას მთელი 8 წელიწადი დასჭირდა. წყვილი 2003 წლის 6 სექტემბერს დაქორწინდა. 2004 წელს ვლადიმირს და ელენას ქალიშვილი ალექსანდრა შეეძინათ, 2013 წელს კი დაიბადა მათი ვაჟი კირილი.

"განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩემთვის ახლობლების ყურადღება, საკმაოდ ეჭვიანიც ვარ, თუმცა ლენა ამის მიზეზს არ მაძლევს", - ამბობს ზელენსკი ერთ-ერთ ინტერვიუში.

ალექსანდრა ზელენსკაიამ მამასთან ერთად ითამაშა ფილმ "8 ახალ პაემანში", რომელშიც მთავარი გმირის შვილის როლი შეასრულა.

საქართველო და ზელენსკი


ზელენსკი საქართველოსადმი კეთილგანწყობას არ მალავს, თუმცა, სავარაუდოდ,­ მისი გადაწყვეტილება, სააკაშვილისთვის მოქალაქეობის დაბრუნების თაობაზე საქარ­თველოს ხელისუფლებაში მაინცდამაინც მეგობრულ ჟესტად არ აღიქვეს. ზელენსკის ამ გადაწყვეტილების შემდეგ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ჩავიდა და განაცხადა, რომ მზად არის დაეხმაროს ახალარჩეულ პრეზიდენტს რეფორმების გატარებაში. თუმცა ზელენსკი მის ენთუზიაზმს არ იზიარებს. "მიხეილ სააკაშვილი კიევშია. მის ჩვენს გუნდში გაწევრებაზე ახლა საუბარი არ მიმდინარეობს", - განაცხადა მან.

ვლადიმირ ზელენსკი და ბუბა კიკაბიძე

ზელენსკიმ დაითხოვა უკრაინის რადა და დანიშნა ვადამდელი არჩევნები. ამასობაში უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრა მოახერხა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ. "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მტკიცებით, ბახტაძე ამისთვის ბრიუსელში სპეციალურად ჩავიდა, თუმცა ამას უარყოფს საქართველოს საგარეო უწყება. "ბახტაძეს შევხვდი, ის კარგი ადამიანია. ჩვენ გავცვალეთ ტელეფონის ნომრები. ვისაუბრეთ ჩვენს ურთიერთობაზე, საქართველოსა და უკრაინაზე", - განმარტა ზელენსკიმ მოგვიანებით.

ინაუგურაციის შემდგომ პირველი, ვისაც ზელენსკი ოფიციალურად შეხვდა, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იყო. ზელენსკის თქმით, მისი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა უკრაინაში კორუფციის დამარცხებაა. "ამ თვალსაზრისით საქართველოს გამოცდილება ჩვენთვის­ სამაგალითოა",­ - განაცხადა მან ზურაბიშვილთან შეხვედრისას.

ზელენსკის უკრაინაში დიდი კინოწარმოება აქვს, მან 2012 წელს ბუბა კიკაბიძეზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო. უკრაინაში ბოლო სამი წლის განმავლობაში ბატონი­ ბუბას ყველა გასტროლს ზელენსკის კომპანია უწევს ორგანიზებას, მათ შორის საიუბილეო კონცერტიც მათი ორგანიზებული იყო. როდესაც ზელენსკის ჰკითხეს, თუ რატომ­ არ ჩადიოდა რუსეთში, მან განაცხადა, როგორც ჩემი კერპი ბუბა კიკაბიძე არ ჩადის, მეც ასევე არ ჩავდივარ,­ ბუბა ჩემი გურუაო. ბუბა კიკაბიძე საინაუგურაციო კონცერტზე მიიწვიეს, მაგრამ წასვლა ვერ მოახერხა და პროდიუსერ რატი აბზიანიძის­ ხელით საჩუქარი - მისი 70 წლის იუბილ­ესთვის ჩამოსხმული უნიკალური კონიაკი გაუგზავნა.

როგორც ირკვევა, ზელენსკი საქართველოში უძრავ ქონებასაც ფლობს. ეს აღნიშნულია მის ქონებრივ დეკლარაციაშიც, რომლის მიხედვითაც, ზელენსკის ოჯახი საქართველოში მშენებარე სასტუმროში 5 ნომრის მფლობელია, თუმცა რომელ ქალაქში, ეს პრეზიდენტს დაზუსტებული არა აქვს. დეკლარაციის მიხედვით, ის ასევე ფლობს რამდენიმე ბინას კიევში, მისი მეუღლე კი 130 კვმ უძრავ ქონებას ყირიმში და ბინებს დიდ ბრიტანეთსა და იტალიაში.



მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?