"ჩინჩალაძე ვერ დაიმალება, სიაშიც რომ არ იყოს, ვიცით, რომ მისი აჩრდილი სიას ყოველთვის დაჰყვება" - კვირის პალიტრა

"ჩინჩალაძე ვერ დაიმალება, სიაშიც რომ არ იყოს, ვიცით, რომ მისი აჩრდილი სიას ყოველთვის დაჰყვება"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი სკანდალური ათკაციანი სიიდან 8 მოსამართლე ისევ სიაშია. პოზიციის დათმობამ მოუწია სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძეს. თუმცა, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ 144-კაციან მოსამართლეთა სიაში ე.წ. კლანის წევრები ისევ მრავლად არიან. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი საბოლოო სია გამოქვეყნდა. მოსამართლეობის სურვილი 144-მა პირმა გამოთქვა და უმაღლესმა საბჭომ მათგან 20 მოსამართლე უნდა შეარჩიოს. ამ ყველაფერს წინ უძღოდა გასულ წელს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ათკაციანი სია, რომელიც "ქართული ოცნებიდან" ძველი წევრების წასვლის საფუძველიც კი გახდა.

ნაზი ჯანეზაშვილი: - 144-კაციან სიაში ბევრი მოქმედი მოსამართლეა. ჩანს, კლანის წევრებმა გადაწყვიტეს, კონკურენცია სხვებისთვის გაეწიათ და მოქმედ მოსამართლეებსაც შეატანინეს განაცხადი. სიაში მოქმედი 64 მოსამართლეა და უმრავლესობა უვადოა. გარედან შემოსული განაცხადებიც მრავალფეროვანია, კონკურსში სხვადასხვა სფეროს ხალხი მონაწილეობს.

- ისინი გაუწევენ კონკურენციას მოქმედ მოსამართლეებს?

- კონკურენცია ნორმალურ სიტუაციაში პრობლემა არ უნდა იყოს. გარედან მოსულს თავისი უპირატესობები აქვს, მაგრამ მოსამართლეებსაც აქვთ უპირატესობა. თუმცა რამდენად ობიექტურად იმსჯელებენ კანდიდატებზე, საკითხავია.

- ანუ ე.წ. კლანი ისევ შეძლებს სასურველი მოსამართლეების გაყვანას?

- კანონი, რომელიც ახლა მოქმედებს და პარლამენტმა ცოტა ხნის წინ შეცვალა, ამის საშუალებას იძლევა. საბოლოო გადაწყვეტილებას საბჭოს ათი წევრი იღებს. ბოლო დანიშვნებს თუ გავიხსენებთ, მოსამართლეთა უმრავლესობა თერთმეტი ხმით დაინიშნა. 10-11 ხმა კლანისთვის არაფერია, ამის რესურსს ყოველთვის პოულობს. ძალიან დახელოვნებული არიან, იციან, ვის რამდენი ხმა უნდა მისცენ, რომ სასურველი შედეგი მიიღონ. კლანი თავისი ხალხის გაყვანისთვის იბრძოლებს.

- ყველაზე სკანდალური მოსამართლეები ვინ არიან?

- ათკაციანი სიიდან რვა ახლანდელ სიაშიც არის. ესენი არიან: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე. მაშინ მათ თავიანთი ნებით გაიტანეს განაცხადი, თუ ზემოდან მოთხოვნით, არ ვიცი, ფაქტია, ისევ შემოიტანეს.

ჩინჩალაძე ახლანდელ სიაში არ არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კლანმა უკან დაიხია. მენიშნა გვრიტიშვილის სიაში არყოფნაც. სიაში რომ ყოფილიყო, ხმებს ვერ მოიპოვებდა და ჩამოშორდებოდა პროცესს, ამიტომ, ალბათ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას გაუმზადებენ; ან გიორგი მიქაუტაძე თუ გადავიდა უზენაესში, არ გამოვრიცხავ, მდივანიც გახდეს. თანამდებობები ჯერჯერობით ვაკანტურია და გადანაწილება არ გაუჭირდებათ.

- მთავარი პროკურორის, შალვა თადუმაძის მოსამართლეთა სიაში ყოფნაზე რას ფიქრობთ?

- შალვა თადუმაძეს კანონით ამის უფლება ჰქონდა. თუ გადალახავს ფორმალურ პროცედურებს, ვნახოთ, რა მოხდება.

- როგორ ფიქრობთ, ამჯერადაც გაიმარჯვებენ ე.წ. კლანის წევრები? - ჯერჯერობით ეს მხოლოდ განმცხადებელთა სიაა. ჯერ კანდიდატებად არ არიან დარეგისტრირებული, პირველი ფორმალური ეტაპი აქვთ გადასალახავი. ჯერ დოკუმენტები უნდა შევისწავლოთ და როგორ წარიმართება მოვლენები, გამოჩნდება. ცხადია, ძალაუფლება ისევ კლანის ხელშია და მას ბევრი რამის გაკეთება შეუძლია.

- ჩინჩალაძე ყოველთვის რუხი კარდინალივით იყო, ყველაფერს აკეთებდა, მაგრამ თითქმის არსად ჩანდა.... - გეთანხმებით. როგორც კი დეკემბერში ათკაციან სიაში მოხვდა, საბჭოში აღარ გამოჩენილა. გამოსაჩენად რომ ჰქონდეს საქმე, პატიოსანი და მართალი ადამიანი იყოს, გამოვიდოდა და რაღაცას იტყოდა. რვა თვეა, ეს ამბები მიდის, ის კი დუმს. ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სასამართლოს, სააპელაციოს თავმჯდომარეა, ვალდებულიც არის, საზოგადოების კითხვებს უპასუხოს, მაგრამ ტელეეთერში ზის მურუსიძე, რომელიც კლანმა თავის მთავარ აქტივისტ-შოუმენად აქცია.

ჩინჩალაძე ვერ დაიმალება, სიაშიც რომ არ იყოს, ვიცით, რომ მისი აჩრდილი სიას ყოველთვის დაჰყვება. ამიტომ ის არის სასამართლოს თემაში მთავარი პერსონა. ბევრი უნდა ვიბრძოლოთ, რომ მისი გავლენა შესუსტდეს.

- შეძლებთ ამას? - ეს დროის საკითხია და დარწმუნებული ვარ, დამარცხდება.

- მაგრამ საზოგადოების დიდი ნაწილის აზრით, მას მთავრობის წევრები მფარველობენ, ასე იყო ყველა ხელისუფლების დროს... - გეთანხმებით, წარსულშიც უპირობოდ ასრულებდნენ ხელისუფლების დავალებებს. კლანი არის ფენომენი, რომელიც ძალიან აზიანებს ქვეყანას, თვით "ფრიდომ ჰაუსის" ანგარიშშიც არის მასზე ლაპარაკი. კლანის არსებობა ბევრ სფეროზე ახდენს გავლენას, მაგალითად, ბიზნესზე ან თუნდაც გაჭიანურებულ სასამართლო პროცესებზე, ან სამართლიან გადაწყვეტილებებზე, მცირდება ინვესტიციები, ეს კი ამცირებს სამუშაო ადგილებს. ჩვენ ერთიანი კონცეფცია გვჭირდება, როგორი უნდა იყოს სასამართლო და როგორ მოვაშოროთ კლანი. ამისათვის კი პოლიტიკური ნებაა საჭირო და დარწმუნებული ვარ, ამის დროც დადგება.