"ვისაც ოდნავი პოლიტიკური ყნოსვა აქვს, მურუსიძეზე ლაპარაკსაც კი გაურბის" - კვირის პალიტრა

"ვისაც ოდნავი პოლიტიკური ყნოსვა აქვს, მურუსიძეზე ლაპარაკსაც კი გაურბის"

"გენპროკურორობის მსურველისთვის წაყენებული მთავარი პირობა ხორავას ქუჩის საქმის ბოლომდე გახსნა იქნება"

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა შეჯიბრებითობის პრინციპით შერჩევას პროგრესულ ნაბიჯს უწოდებს, მიაჩნია, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს ყველაზე მეტად ეს სცენარი არ სურდა, რადგან მოსამართლეების მალულად დანიშვნას გეგმავდა.

- მოსამართლეების ამ ტიპის კონკურსით შერჩევა პირველად ხდება. მას შემდეგ, რაც ე.წ. შავი სია შევაჩერეთ, 144-მა კაცმა შემოიტანა განაცხადი. ამ პროცესში ვმონაწილეობ და პასუხისმგებლობას ვგრძნობ. მინდა მუდმივად ხდებოდეს საზოგადოების ინფორმირება, რამდენად სწორად ვარჩევთ კანდიდატებს, იმსახურებენ თუ არა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობას.

- მსურველებს შორის არიან გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე და მისი პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე. მედიაში არაერთხელ დაწერილა, რომ ფარცხალაძე პროკურატურას სწორედ ვასაძის მეშვეობით აკონტროლებს. რასთან გვაქვს საქმე, ფარცხალაძის "საცეცები" უზენაეს სასამართლოსაც გადასწვდა? - ყველა კონკურსანტს მათთან გასაუბრების შემდეგ შევაფასებთ... ამ ეტაპზე თადუმაძე და ვასაძე ელემენტარულ ფორმალურ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, თუმცა უზენაეს სასამართლოში იურისტებს კი არა, კვალიფიცირებულ სპეციალისტებს ვეძებთ, ამიტომაც გვიწერია აუცილებელ მოთხოვნებში ნაშრომები და ა.შ...

პროფესიონალიზმთან ერთად, მათ კეთილსინდისიერებაშიც ეჭვი არავის უნდა ეპარებოდეს. ასე რომ, ჩვეულებრივ იურისტს უზენაეს სასამართლოში მოხვედრის ამბიცია არც უნდა ჰქონდეს. ფორმალურად ყველა საბუთს ვეცნობით, მაგრამ ვის რა შანსი აქვს, სხვა საკითხია. რადგან საბჭოს წევრი ვარ, დეტალებზე თავის შეკავება მიწევს.

- მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ გენპროკურორის თანამდებობაზე შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი განიხილება. როგორ ფიქრობთ, პროკურატურაში გიორგი გახარიას კლანის გაძლიერებას უნდა ველოდოთ? - ვფიქრობ, მეზვრიშვილის გენპროკურორად დანიშვნა ჭორია... პროკურატურისა და შსს-ს ერთ ხელში კონცენტრაცია კარგის მანიშნებელი არ არის - რაც მეტი კონკურენცია იქნება, მით უფრო დაბალანსებულად იმუშავებს ორივე უწყება.

ხორავას ქუჩის საქმე აქ არ უნდა გაჩერდეს - კალანდიას დაკავება ყველაფერი არ არის. უნდა გაეცეს პასუხი მთავარ კითხვას, ვინ გააყალბა ეს საქმე? არავინ დაიჯერებს, რომ სუბელიანი მარტო მოქმედებდა, მის გარდა ამ საქმეში უამრავი გამომძიებელი და პროკურორი იყო ჩართული. გარდა ამისა, უნდა გაირკვეს, როგორ მოახერხეს სისტემურად ამ ტიპის მაქინაცია - ვგულისხმობ მტკიცებულებების განადგურებას.

ვიღაცამ უნდა გაბედოს და ეს საქმე ბოლომდე მიიყვანოს. მაშინ იქნება გახსნილი. ვისაც გენპროკურორობა სურს, მისთვის წაყენებული მთავარი პირობა ამ საქმის ბოლომდე გახსნა იქნება.

- მიხეილ კალანდიას დაკავება საზოგადოების ნაწილმა გახარიას კიდევ ერთ ქულად ჩაუთვალა...

- ბრძოლას რომ ყოველთვის აქვს აზრი, ამის მაგალითია ზაზა სარალიძის თავდადება. ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ ამ ეტაპზე დათმობაზე წასვლა სჯობდა, ეს ოჯახი რაღაც დოზით დავაკმაყოფილოთო. ყველამ იცის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიხეილ ჩინჩალაძე აკონტროლებს და თუ ვინმეს ჰგონია, სასამართლომ ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო, ცდება. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილების აღსრულება შეცდომების გამოსასწორებლად, მიზანი კი ზაზა სარალაძისა და მისი გულშემატკივარი საზოგადოების დაკმაყოფილებაა.

ასეთ გადაწყვეტილებებს საქართველოში ერთადერთი ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი იღებს და ვითომ პრემიერის გაფართხალება სასაცილოა. თუ ეს კარგი და ტაქტიკური სვლაა, ამის უკან ივანიშვილი დგას, რადგან მთავრობაში პოლიტიკურ პასუხისმგებლობას უკვე ვერავინ იღებს, მხოლოდ მის ავტორიტეტზე არიან ჩამოკიდებული და მის დავალებებს მარიონეტებივით ასრულებენ.

- რამდენიმე ხნის წინ პროკურატურამ დააანონსა რეფორმები, თუმცა პრესსამსახურის შეცვლის გარდა, სხვა არაფერი მომხდარა. - არავითარი ცვლილება არ ყოფილა, წელიწადზე მეტი გავიდა ხორავას ქუჩის საქმიდან და ახლა, როდესაც ძალიან გაიჭედნენ, მაშინ დააკავეს კალანდია. ვერ ვიტყვი, რომ გაკვირვებული ვარ, რადგან ჩვენი რეალობისთვის ეს უჩვეულო არ არის - ჩვენთან მთავრობა ძალაუფლების შენარჩუნების რეჟიმზეა და არა გარღვევების. თანამედროვე მართლმსაჯულების არც დაკვეთა არსებობს და არც სურვილი.

- სასამართლოსა და პროკურატურის გამართულად მუშაობაზე პასუხისმგებელია იუსტიციის სამინისტრო, გატარდა რამდენიმე რეფორმაც, თუმცა მაინც სავალალო მდგომარეობაა... როგორია თეა წულუკიანის როლი, არის თუ არა პასუხისმგებელი ამ "გარღვევებზე?" - კანონით არის, მაგრამ აქ პოლიტიკური ეშმაკობაა. ყველა პოლიტიკოსმა იცის, რომ დამღუპველია ლევან მურუსიძის სახელის ხსენება და მით უფრო, მხარდაჭერა. ვისაც ოდნავი პოლიტიკური ყნოსვა აქვს, მურუსიძეზე ლაპარაკსაც კი გაურბის.

წულუკიანის სტრუქტურა წერდა და ახლაც წერს კანონებს, რომელთაც მურუსიძის დაჯგუფება ატარებს, თუმცა დღემდე თავს იკავებს ახსნისგან, თუ რატომ აკეთებს ამას, რადგან იცის, რომ წამგებიანია. თავად ბიძინა ივანიშვილსაც კი მოუწია ტელევიზიით მურუსიძის დაცვამ - ერთი საათი ილაპარაკა, რა კარგი კაცი გახდა მურუსიძე, წულუკიანი კი ამას ირიბად აკეთებს, მოსამართლეების ხელით...

რა დამსახურებისთვის ჰყავთ წულუკიანი სასათბურე პირობებში და რა პოლიტიკური წონა აქვს, არ ვიცი. თამაზ ახობაძემ, რომელიც წულუკიანმა სამსახურიდან დაითხოვა, სასამართლო მოიგო და მისი აღსრულებისთვის შიმშილობა დაიწყო, რადგან წულუკიანი ამბობდა, ყველა ფეხებზე მკიდიხართ, არ დავაბრუნებ მაგ კაცს სამსახურში და არც კომპენსაციას მივცემო. თუმცა, როდესაც ახობაძემ შიმშილობა დაიწყო, შეეშინდათ, ახლა ევროპელები ამ თემით დაინტერესდებიანო და სასწრაფოდ მისცეს კომპენსაცია, რათა გაეჩერებინათ...

ვერ გეტყვით, რით იმსახურებს წულუკიანი ასეთ უპირობო ნდობას, მაშინ, როცა არც ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა არ გაუტარებია. სააკაშვილის დროს აშენებული ერთი იუსტიციის სახლი გადაწონის წულუკიანის რვაწლიან საქმიანობას. ეს არის ერთი კაცის გემოვნების ამბავი - ვინ მოსწონს ბიძინა ივანიშვილს, დილით რა ხასიათზე იღვიძებს... ერთპიროვნული მმართველობის კიდევ უფრო გამყარებისკენ მივდივართ. ჩრდილოვან მმართველობაზე უკვე ვაშინგტონიდან მოდის ცნობები, ჩვენი მთავრობა და პოლიტიკოსები კი იმაზე მსჯელობენ, ვინ და რატომ მოსწონს ან არ მოსწონს ბიძინა ივანიშვილს.