რატომ გაწირეს თამაზ დიასამიძე?! - კვირის პალიტრა

რატომ გაწირეს თამაზ დიასამიძე?!

"ამათგან ყველაფერი იყო მოსალოდნელი"

გასულ კვირას საპარლამენტო უმრავლესობამ თავისი რიგებიდან გარიცხა თამაზ დიასამიძე, რომელმაც საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა. თავის დროზე თამაზ დიასამიძე ასლან აბაშიძის რეჟიმთან შეურიგებლობის გამო მოხვდა "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიაში. უმრავლესობის წევრთა განმარტებით, ადამიანს, რომელიც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს მხარს არ უჭერს, "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციაში აღარაფერი ესაქმება.

"კვირის პალიტრა" შეეცადა გაერკვია, რატომ დაუპირისპირდა თამაზ დიასამიძე თავის გუნდს. გავრცელებული ინფორმაციით, მისი უკმაყოფილება აჭარაში საკადრო ცვლილებებმა გამოიწვია, თუმცა, თავად დეპუტატი ამ თემაზე საუბარს ერიდება.

თამაზ დიასამიძე: - ამ რამდენიმე დღის წინ დამირეკეს და მითხრეს, საპარლამენტო უმრავლესობიდან შენს გარიცხვას აპირებენო.… ამათგან ყველაფერი იყო მოსალოდნელი. მე  ველოდი კიდეც ასეთ გადაწყვეტილებას. უმრავლესობა დამატოვებინეს იმიტომ, რომ მხარი არ დავუჭირე კონსტიტუციის ახალ რედაქციას. ეს კონსტიტუცია ვერ წყვეტს ჩვენი  პოლიტიკური სისტემის  პრობლემებს და მის  გამოსწორებას კი არა, გაუარესებას  ემსახურება. ის ვერ უზრუნველყოფს შიდასტაბილურობას,  პოლიტიკური ძალების თანამშრომლობას.

- თქვენ ადრეც არ იზიარებდით უმრავლესობის მოსაზრებებს. ასე არ არის?

- დიახ.

- რა საკითხებზე იყო თქვენ შორის აზრთა სხვადასხვაობა?

- არ  მინდა ამ თემაზე ლაპარაკი.

- გავრცელებული ინფორმაციით,  თქვენ არ იყავით ერთადერთი, ვინც არ დაეთანხმა კონსტიტუციის ახალ პროექტს. მას არც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კობა კურდღელაშვილმა დაუჭირა მხარი, თუმცა, ის არავის გაურიცხავს.

- რაც უნდა გასაკვირი იყოს, საერთოდ არ ვიცნობ კურდღელაშვილს,… არ ვიცოდი თუ ის უმრავლესობის წევრი იყო. მან, ალბათ, თავი შეიკავა და ხმა არ მისცა კონსტიტუციის მიღებას, თუმცა, ამ შემთხვევაში ხმის  "წინააღმდეგ" მიცემა და  თავის შეკავება  ერთი და იგივეა, ე.ი. კურდღელაშვილიც  არ იწონებს ახალ კონსტიტუციას.

- ხომ არ აპირებთ რომელიმე ოპოზიციურ  ფრაქციაში გადასვლას?

- არსად შეფარებას არ ვაპირებ. ვარ  პარლამენტის წევრი და ეს საკმარისი სტატუსია ჩემთვის, რომ საზოგადოების წინაშე ჩემი ვალდებულება შევასრულო.