ყვითელი ბარათი საქართველოს ხელისუფლებას პომპეოსგან - რატომ მივიდა საქმე აქამდე?! - კვირის პალიტრა

ყვითელი ბარათი საქართველოს ხელისუფლებას პომპეოსგან - რატომ მივიდა საქმე აქამდე?!

"იმედი მაქვს საქართველო ბოლომდე მიიყვანს ანაკლიის პორტის პროექტს. პორტი გააღრმავებს საქართველოს ურთიერთობას თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებთან და თავიდან აარიდებს რუსულ და ჩინურ ეკონომიკურ ზეგავლენას, რომელთაც არ აქვთ კეთილი სურვილები თქვენი ქვეყნის მიმართ. სწორედ ეს მოჩვენებითი მეგობრები საქართველოს ინტერესებს არ ითვალისწინებენ. საქართველოს განვითარება, როგორც თავისუფალი სახელმწიფოს, საბჭოთა კომუნიზმის გავლენის შემდეგ, ამტკიცებს, რომ ის სწორ გზაზე დგას", - ეს განცხადება აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა და დასძინა, რომ ამ თემაზე პრემიერთან უკვე ჰქონდა საუბარი.

პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის თქმით, პომპეოს ეს განცხადება ერთობ ყურადსაღებია და გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს. "ზოგადად ასეთი განცხადებები ხმამაღლა არ კეთდება, თანხმდება ხელისუფლებასთან, მაგრამ ამერიკამ გადაწყვიტა, რომ მათი პოზიცია საზოგადოებას უნდა სცოდნოდა და თუ რატომ გადაწყვიტა - ეს ნამდვილად აჩენს კითხვის ნიშნებს საქართველოს ხელისუფლებისადმი", - განცხადა ძაბირაძემ.

პოლიტოლოგის თქმით, პომპეოს განცხადებამ წერტილი დაუსვა მოარულ ჭორებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ არის დაინტერესებული ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობით. ვახტანგ ძაბირაძე "ასეთი ღია განცხადება ბოლოს უღებს ჭორებს, რომელიც საზოგადოებაში ვრცელდება, თითქოს ანაკლიის პორტით დასავლეთი და შტატები დაინტერესებული არ იყვნენ, რომ ფულის მოძიება არ იქნებოდა სწორი, რომ შეუძლებელი იქნებოდა ტვირთების მოძიება. ეს ნეგატიური ფონი ამ განცხადებით გამოირიცხა. ეს განცხადება ნიშნავს, რომ ჩვენი უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორი უბრალოდ მხარს უჭერს ასეთი მძლავრი პორტის აშენებას. მეორე ფაქტორი ისაა, რომ ამერიკას აქვს ისეთი სახის ინფორმაცია, რომელიც ჩვენთვის ხელმიუწვდომელია, რომ საქართველოს ხელისუფლებაში გარკვეული ყოყმანი არის გადაწყვეტილების მიღების პროცესში. როდესაც ასეთი განცხადებები ღიად კეთდება ამან წერტილი უნდა დაუსვას ხელისუფლების ყოყმანს და ალბათ, გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ასევე მნიშვნელოვანია და ხაზი მინდა გავუსვა, რადგან ამ ფაქტს ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ: ანაკლიის პორტი ეს ის პორტია რომელიც სოხუმიდანაც კარგად ჩანს. ამიტომ ამ პორტს აქვს არა მხოლოდ ტრანზიტული, არამხოლო პოლიტიკური, არამედ გამაერთიანებელი მნიშვნელობაც", - აღნიშნავს ვახტანგ ძაბირაძემ.

თუ რატომ მივიდა საქმე აქამდე, რატომ გახდა აშშ-ს ადმინისტრაცია იძულებული საჯაროდ მიენიშნება საქართველოს ხელისუფლებისათვის, რომ უზრუნველეყო ანაკლიის პორტის უსაფრთხოება, ამის შესახებ საკუთარ მოსაზრებას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი გვიზიარებს

გია ხუხაშვილი: - ცხადია, პომპეომ ეს განცხადება მის გვერდით მდგარი მამუკა ბახტაძის გასაგონად კი არა, ქართული საზოგადოების, ასევე რუსეთისა და ჩინეთის გასაგონად გააკეთა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოზიციის დაფიქსირება, რაც არასტანდარტული და არადამახასიათებელია დიპლომატიაში. თუმცა ამ ადმინისტრაციისთვის ასეთი პირდაპირი გზავნილების საჯარო გაშვება ჩვეულია.

რატომ მივიდა საქმე აქამდე? აი, სწორედ ეს არის მთავარი პრობლემა და საფიქრალი. ნახეთ, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ანაკლიის პორტის პროექტის მიმართ ერთის მხრივ კეთილგანწყობას აფიქსირებდა, მაგრამ მეორეს მხრივ მუდმივად საბოტაჟის რეჯიმში იყო. საბოტაჟი თითქოს პროექტის, კი არა, პროექტის ოპერატორის წინააღმდეგ ხორციელდებოდა. თუმცა, ბუნებრივია, რომ როდესაც პროექტის ოპერატორის დისკრედიტაციას ეწევი, ეს პროექტზეც უარყოფითად აისახება. იმის ილუზიას ვერავის შეუქმნი, რომ პროექტის ოპერატორის წინააღმდეგ განხორციელებულ საბოტაჟს და თავად პროექტის ჩაშლას შორის კავშირი არ არის. ცხადია, ეს ვირეშმაკობა "არავინ ჭამა" და ამერიკამ თავისი სტრატეგიული ინტერესი საჯაროდ დააფიქსირა. სხვათა შორის, დღეს მოცემული რეალობა ჩვენს ქვეყანას მნიშვნელოვნად აზარალებს. რატომ? იმიტომ რომ თუ დღემდე სახელმწიფოს შეეძლო, სამუშაო ვითრებაში მისთვის ყველაზე სასარგებლო მოდელი მიეღო ინვესტორებისგან, ახლა გარკვეულ დათმობებზე მოგვიწევს წასვლა. შესაბამისად სახელმწიფო ინტერესი დაზიანდა, აბსოლუტურად გაუგებარი თამაშების გამო.

- პომპეომ განაცხადა, რომ საქართველომ თავი უნდა დააღწიოს ამერიკის და რუსეთის გავლენასო. რუსეთი გასაგებია, მაგრამ ჩინეთს როგორ უნდა დავაღწიოთ თავი, როდესაც პორტი ჩინური ტვირთების გადასაზიდად შენდება? - ჩრდილოეთის ტვირთების გატარება პრობლემა ნამდვილად არ არის. აქ საუბარია იმაზე, ვინ აკონტროლებს დერეფანს და არა იმაზე, სადაური ტვირთები ივლიან დერეფანში. ჩინეთის გარდა, ცენტრალური აზიის ქვეყნების ტვირთებიც გაივლის და ეს ნამდვილად არ არის პრობლემა. გარდა ამისა, ანაკლიის პორტისადმი ამერიკის ინტერესი საპორტო მომსახურებას იმდენად არ უკავშირდება რამდენადაც შავი ზღვის უსაფრთხოების ფორმირებას. ანუ, ამერიკის ერთ-ერთი სტრატეგიული ამოცანა შავ ზღვაში რუსეთის დაბალანსებაა. ახლა ისიც გასათვალისწინებელია, რომ რადგან პომპეომ ეს განცხადება გააკეთა, იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი ყველა პრობლემა დასრულდა. ეს ასე არ არის. ჩვენ ძალიან დიდ და სახიფათო თამაშში ვართ, ოპონენტები გულხელდაკრეფილები არ დაჯდებიან, უნდა ველოდოთ საპასუხო ნაბიჯებს. ჯერ მხოლოდ შუა გზაში ვართ. რისკები არ არის საბოლოოდ დაძლეული. დიდი სიფრთხილე და გამიზნული პოლიტიკის წარმოება გვმართებს. ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ფულის გათეთრებისა და პროექტის საბოტირების მცდელობები რომ არ ყოფილიყო, ახლა გაცილებით ნაკლები რისკების წინაშე ვიდგებოდით.

გია ხუხაშვილი

- რამდენად გულწრფელად მიგაჩნიათ, დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები, მაგალითად პრემიერი ბახტაძე, როდესაც ამბობს, რომ ანაკლიის პროექტს სრულ აღუთქვამს და კონსორციუმს ვალდებულებების შესრულებაში დახმარებას ჰპირდება? - ძალა აღმართს ხნავს, იმედი მაქვს, ახლა მაინც ისწავლიან ჭკუას და კიდევ რაიმე სისულელეს არ ჩაიდენენ. თუმცა, მწარე გამოცდილება მაქვს.

- ბოლო დროს, ჩვენს ქვეყანაში მომძლავრებული ანტიევროპული და ანტიამერიკული პროპაგანდის ფონზე, პომპეოს განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველოს არ მოაკლდება აშშ-ს მხარდაჭერა ნატოში გაწევრიანების გზაზე, სკეპტიკოსებს ეჭვებს თუ გაუქარწყლებს?

- სკეპტიკოსი, რისი სკეპტიკოსია, ნებისმიერ განცხადებაში ნეგატიური რომ არ დაიჭიროს?! მე ველი, რომ პომპეოს იმედისმომცემი განცხადებების პარალელურად გააქტურდებიან პრორუსი პროპაგანდისტები. ახლა მთავარია, სახელმწიფო რა პოზიციას დაიჭერს. როგორ დააზღვევს მოსალოდნელ რისკებს და როგორ აუხსნის მოსახლეობას რა არის ჩვენი (ამერიკის კი არა ჩვენი ქვეყნის) სტრატეგიული ინტერესი. სხვათა შორის, მინდა ვთქვა, რომ თუ დღეს საქართველოში რუსული პროპაგანდა მძლავრობს, ეს იმის დასტური კი არ არის რომ ჩვენი მტრებია არიან ძლიერები, არამედ იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ ვართ სუსტები და ვერ ვახერხებთ ჩვენს მოსახლეობას ავიხსნათ რა არის კარგი და რა ცუდი.

- ბახტაძემ თქვა, დღეს ისე ახლოს ვართ ნატოსთან როგორც არასდროსო. . . - ამ შინაარსის ფრაზას სამ თვეში ერთხელ ყოველთვის ვისმენ ხელისუფალთა მხრიდან, შევარდნაძის მმართველობიდან დღემდე...

- ამერიკა უკრაინისთვის გამორჩეული სტრატეგიული პარტნიორის სტატუსს ამზადებს. ამ საკითხთან დაკავშირებით კონგრესში კანონპროექტი უკვე შესულია. როგორც თქვენი კოლეგა ექსპერტები ამბობენ, ამ კანონპროექტის ძალაში შესვლა ნიშნავს იმას, რომ ამერიკა რუსეთს უკრაინას ცხვირწინ ააცლის. ამის ფონზე პომპეო, ტრამპისა და მთელი მთავრობის სახელით მხარდაჭერას აღუთქვამს საქართველოს ნატოში გაწევრების გზაზე. როგორ ფიქრობთ, ეს რეალობა რეგიონში პოლიტიკურ წესრიგს როგორ შეცვლის და როგორი იქნება საქართველოს როლი ახალ რეალობაში ?

- ფაქტია, რომ მიმდინარეობს გლობალური ფრონტის ხაზის ფორმირება. ეს ფრონტის ხაზი გადის უკრაინასა და საქართველოზე. ამიტომ ახლა ძალიან სერიოზული დაფიქრება და ძალიან კარგად გააზრებული პოლიტიკის გატარება გვმართებს. ერთის მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში უსაფრთხოების სისტემის ფორმირებაში მნიშვნელოვანი კომპონენტი გავხდეთ, მეორეს მხრივ ვართ დიდი რისკის წინაშე, არ აღმოვჩნდეთ გეოპოლიტიკური თამაშების მსხვერპლი. ასე რომ, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, დიდი შესაძლებლობები ძალიან დიდ რისკებსაც უკავშირდება.

ხათუნა ბახტურიძე

(სპეციალურად საიტისთვის)