"ყველა განათლების მნიშვნელობაზე საუბრობს, მაგრამ გაუნათლებლებს "დასაშვებზე" მეტი ასპარეზი აქვთ" - რას წერს გია მურღულია? - კვირის პალიტრა

"ყველა განათლების მნიშვნელობაზე საუბრობს, მაგრამ გაუნათლებლებს "დასაშვებზე" მეტი ასპარეზი აქვთ" - რას წერს გია მურღულია?

ფილოლოგიის დოქტორი და ცნობილი პედაგოგი გია მურღულია "ფეიბუკის" პირად გვერდზე აღნიშნავს, რომ პარადოქსულ ქვეყანაში  ვცხოვრობთ და  თავის პოზიციის გასამყარებლად არგუმენტებსაც იშველიებს:

პარადოქსულ ქვეყანაში ვცხოვრობთ:

1. მასობრივად ხელფასები განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით დაბალია, ფასები კი - იქაურზე მაღალი;

2. მანქანები რაოდენობამ ლამის გადააჭარბოს მცირეწლოვანთა გამოკლებით ყველა დანარჩენი მოქალაქის რაოდენობას, ბენზინის ფასი კი არსებითად მხოლოდ იმატებს;

3. უამრავი ტელევიზია და გაზეთია, მაგრამ, იშვიათი გამონაკლისის გარდა, სანთლით საძებარია ობიექტური ინფორმაცია - ფაქტები შესაძლოა დაუმახინჯებლადაც მოგვაწოდონ, მაგრამ მათი ინტერპრეტაცია ხშირად ტენდენციური და მიკერძოებულია;

4. თითქმის ყველა ამბობს, რომ გაჭირვებულია, მაგრამ ღამის ორ საათზეც დიდ ქალაქებში (რომლებშიც უმრავლესობა გადასახლდა) ისეთი მოძრაობაა, მუდმივი დღესასწაული გეგონება;

5. შეგიძლია აირჩიო ყველა პოლიტიკური ძალა, მაგრამ ეს "ყველა" პრაქტიკულად მხოლოდ ორია და რეალურად კი - ერთი.

6. მუდმივად ყვირიან, რომ ხელისუფლება პრორუსულია, მაგრამ ყველა მნიშვნელოვან პოლიტიკურ შეხვედრაზე პარტნიორი ლიდერები და გადაწყვეტილების მიმღები პერსონები გვიდასტურებენ, რომ დაბეჯითებით მივდივართ ნატოსა და ევროკავშირისკენ;

7. გვაქვს სპორტული მიღწევები, თუმცა ზოგიერთ სახეობას პროფილი შევუცვალეთ და მუდმივ საცოდაობაში ვართ (ვისაც ეჭვი ეპარება, შეუძლია, მაგალითად, ახლო წარსულის დანიისკენ გაიხედოს);

8. ყველა ეკონომიკური მონაცემის მიხედვით თითქოს მოწინავეთა რიგებში ვართ, მაგრამ ლარი მაინც უკანმოუხედავად "გარბის";

9. სახელმწიფო და ეკლესია გაყოფილია, მაგრამ ქვეყნის პარლამენტი და მთავრობა "თეოლოგიურად მოტივირებულ" გადაწყვეტილებებს იღებენ;

10. ყველა განათლების მნიშვნელობაზე საუბრობს, მაგრამ გაუნათლებლებს "დასაშვებზე" მეტი ასპარეზი აქვთ. ე.წ. "სახეებად" ისეთ ადამიანებს გვაჩეჩებენ, რომელთა ინტელექტი, ღირებულებები, ზნეობა, აზროვნების კულტურა, მეტყველება და განწყობები (მინიმუმ) დიდი ხნის დახვეწას ითხოვს;

11. სამართლიანობაზე ლაპარაკობენ ადამიანები, რომლებიც ამ სამართლიანობას ადრეც უხეშად არღვევდნენ და ახლაც არღვევენ; მათ მხოლოდ სიტყვიერად აჩერებენ, რადგან გამჩერებლებიც საკმაოდ ხშირად თავად გასაჩერებლები არიან;

12. მუდმივ მოსამართლეებზე ადრე გაჩნდნენ "მუდმივი პოლიტიკოსები", რომლებიც ბრძენი სახეებით იღებდნენ და იღებენ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც საქართველოსთვის პრობლემა მეტი მოაქვთ, ვიდრე დიდება; ბევრი მათგანი ლაპარაკობს საზოგადო ინტერესზე, მაგრამ მთავარ მოტივად პირად სარგებელსა და კორპორაციულ კეთილდღეობას მიიჩნევს.

ორი სიმართლე არ არსებობს.

სიმართლე ყოველთვის ერთია.

ამ სულელური პარადოქსებიდან უნდა გავთავისუფლდეთ.

ამდენ ხანს რატომ ვერ მოვახერხეთ ეს?

იმიტომ, რომ ვერაფრით მივაღწიეთ იმას, საგარეო და საშინაო პოლიტიკაც რაციონალური, კონცეპტუალური, სისტემური, თანმიმდევრული და საქართველოს სასიცოცხლო ინტერესთა გამომხატველი იყოს.

ჩვენ არ გვყავს ნამდვილ ღირებულებებზე ორიენტირებული და სათანადოდ ორგანიზებული საზოგადოება, რომელიც წესიერ მმართველ კლასს წარმოშობს, რის გამოც ცხოვრების სადავეები ათწლეულთა განმავლობაში ხელთ უპყრიათ ვიწრო პარტიულ ჯგუფებს.

მათი ინტერესები არ ემთხვევა ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის ინტერესებს.

ამიტომაც გაურბის ხალხი სახელმწიფოს.

ამ პრობლემის გადაწყვეტა სამ რამეს შეუძლია:

1. დროს;

2. პოზიტიურ შემთხვევას;

3. გონიერ ადამიანთა რაციონალურ, კონცეპტუალურ, შეთანხმებულ და გუნდურ მოქმედებას, რომელიც რეალურ რეფორმებს გულისხმობს და მსოფლიო კონიენქტურას არ ეწინააღმდეგება.

დრო მიდის...

პოზიტიური შემთხვევა არ ჩანს...

რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, არ იკვეთება მესამე ვერსიაც.

ამიტომაც დავრჩებით ჯერ-ჯერობით პარადოქსების ქვეყნად" , - წერს მურღულია.