მოვიფიქრე! - როგორ გავუშვათ სააკაშვილი უსისხლოდ - კვირის პალიტრა

მოვიფიქრე! - როგორ გავუშვათ სააკაშვილი უსისხლოდ

მიყვარს უკრაინელი ქალები. მაგრები არიან! ნახეთ, პუტინის წინააღმდეგ როგორ გაილაშქრეს? შიშველი მკერდით იცავენ სამშობლოს რუსული იმპერიალისტური ზრახვებისაგან. გამოვიდნენ, გაიხადეს და ყველა საინფორმაციო საშუალების ყურადღების ცენტრშიც  მოექცნენ. ამისთვის სულ არ დასჭირვებიათ ათასობით ადამიანის ქუჩაში გამოყვანა;

სულ ოთხი თუ ხუთი ქალი იყო, მაგრამ რა ქალი!  ქართველი მანდილოსნები კიდევ იკითხავენ, რატომ გიჟდებიან ჩვენი კაცები უკრაინელ ქალებზეო? თუმცა ეს სხვა საუბრის თემაა და არც ისე მარტივი. ამჟამად უკრაინელ, პოლიტიკურად აქტიურ ქალებზე მოგახსენებთ. მათმა საქციელმა ერთი იდეა გამიჩინა.

ბოლოს და ბოლოს, მივხვდი, როგორ უნდა გაუშვას ოპოზიციამ სააკაშვილი უსისხლოდ. რაში სჭირდება ამას გრანდიოზული მიტინგი, რევოლუცია, სახალხო კრება თუ საარჩევნო კოდექსი, გამოვიდნენ ქართველი ოპოზიციონერი მანდილოსნები, დადგნენ ავლაბრის რეზიდენციის წინ, გაიხადონ და, პასუხს ვაგებ, ორ წუთში საქართველოში სააკაშვილის კვალსაც ვერ იპოვით.

არჩევნები დამთავრდა, ხელისუფლების გეშინოდეთ, ხალხო!

ჩვენმა ხელისუფლებამ ასე იცის: ყველაფერს, რისი გაკეთებაც უნდოდა და ვერ აკეთებდა, იმიტომ, რომ არჩევნების წინ თქვენი გულის მოგება სჭირდებოდა, არჩევნების შემდეგ ინაზღაურებს. პირდაპირ შეტევაზე გადმოდის და - თუ მაგრები ხართ, დამიდექითო. აბა, დღეს საქართველოში მიშას გარდა მაგარი ვინ არის?! არავინ. ამიტომ ხელისუფლება ე.წ. არაპოპულარულ გადაწყვეტილებებს ადვილად  იღებს.

ყველაფერი აგვისტოში დაიწყო, არჩევნებიდან ორი თვის შემდეგ, როდესაც სხვადასხვა შენობიდან დევნილები სპეცრაზმის დახმარებით გამოყარეს. დღეს ორმოცამდე  დევნილს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წინ კარვები აქვს გაშლილი, მათი ნაწილი შიმშილობს,  სამწუხაროდ, ერთმა მათგანმა თავის დაწვაც სცადა, საბედნიეროდ, მიუსწრეს და გადაარჩინეს. ხელისუფლება მაინც მაგრად დგას და გადაწყვეტილებას არ ცვლის. უფრო მეტიც:

ახალ-ახალ სიურპრიზებს გვთავაზობს. იმათ, ვისაც ეგონათ, რომ დევნილების პრობლემა მათი პრობლემა არ იყო, ხელისუფლებამ კარგი საჩუქარი მოუმზადა - ამიერიდან დედაქალაქის ყველა მცხოვრებს, ვინც წყლისა და დასუფთავების გადასახადს არ ან ვერ გადაიხდის, შუქი გაეთიშება, მიუხედავად იმისა, შუქის გადასახადი გადახდილი აქვს  თუ არა.

არც დავალიანების ჩამოწერაზე საუბრობს ვინმე, არადა ზოგს იმდენი წელია, დასუფთავების გადასახადი არ გადაუხდია, შეიძლება მის გასასტუმრებლად კრედიტის აღება დასჭირდეს. მერე რა! სამაგიეროდ, ბიუჯეტში ერთბაშად მილიონობით ლარი შევა. ექსპერტები მომხმარებელთა უფლებების დარღვევაზე საუბრობენ. როგორ ფიქრობთ, შეცვლის თავის გადაწყვეტილებას ხელისუფლება? არ დაიჯეროთ, არჩევნებამდე ხომ მთელი ორი წელია დარჩენილი! ცხადია, გადასახადი უნდა გადაიხადო, მაგრამ წელს რომ არჩევნები იყოს, გადადგამდა ხელისუფლება ამ ნაბიჯს? რა თქმა უნდა, არა.

მალე დედაქალაქის მთავრობა კიდევ ერთ საინტერესო გადაწყვეტილებას მიიღებს. ამის უფლება მას საკრებულომ უკვე მისცა. როგორც ოპოზიცია შიშობს, ამ გადაწყვეტილებით თბილისში ე. წ. სამარშრუტო ტაქსების ხაზებს ხელში ერთი ან ორი კომპანია ჩაიგდებს და უამრავი ოჯახი, რომელიც სწორედ "მარშრუტკით" ირჩენდა თავს, შემოსავლის გარეშე დარჩება.

ერთი შეხედვით, შეიძლება არც ის იყოს სადავო, რომ ეს სფერო თბილისში მოსაწესრიგებელია და ქალაქში უამრავი ნახევრად დაშლილი და არაკომფორტული "მარშრუტკა" დადის, მაგრამ მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას ხელისუფლება, ეს წელი საარჩევნო რომ იყოს? ან რას ვერჩით იმ ადამიანებს, ვინც ბოლო თეთრი გაიღო, ზოგმა ვალიც დაიდო და ისე იყიდა ეს "მარშრუტკა"? აღარაფერს ვამბობ დაჭერების ახალ ტალღაზე, ლამის ყველა ბაზრობის ყველა მოვაჭრე რომ ციხეში ჩააყუდეს  გადასახადებისთვის თავის არიდების ბრალდებით.

აბა, გადასახადებს გადახდა არ უნდაო?! უნდა, აბა, რა! მოკლედ, არც ერთ პრობლემაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს მხოლოდ  დასაწყისია. არჩევნებამდე დაახლოებით წელიწად-ნახევარი დარჩა და ვიდრე 2012 არ დადგება, ხელისუფლება ეცდება, ყველა თავისთვის  მტკივნეული საკითხი მოაგვაროს. შემდეგ ისევ გახდება კეთილი, დამთმობი, ამომრჩევლების აზრის გამთვალისწინებელი და ისევ არ შეექმნება პრობლემები არჩევნებზე, იმიტომ, რომ აქამდე ასე იქცეოდა და არც შეჰქმნია. ეს ნიშნავს, რომ ან ხალხს მოკლე მეხსიერება აქვს და პიარის ნიაღვრით გაბრუებულს ყველაფერი ავიწყდება, ან კიდევ, როგორც სააკაშვილი ამბობს, ჩვენი ხალხი ბრძენია და ხვდება, რომ ყველა ეს მტკივნეული ნაბიჯი აუცილებლობით არის გამოწვეული. რომელია მართალი, ამის გარკვევა თქვენთვის მომინდვია...

წიწიბურა და პოლიტიკა

რომ გითხრათ, წიწიბურაზე ვგიჟდები-მეთქი, მოგატყუებთ, მაგრამ ახლა მაინც ვაპირებ წიწიბურას დეფიციტსა და მის გაძვირებაზე დავწერო, იმიტომ, რომ ეჭვი გამიჩნდა, აქაც პოლიტიკაა გარეული, თან - დიდი პოლიტიკა. გახსოვთ, ორიოდე კვირის წინ თავს ვიმტვრევდი, რას შესთავაზებს ახალს "ქართული პარტია" საზოგადოებას-მეთქი. მაშინ ვივარაუდე, რომ ეს მათი ფეშენებელური ოფისი იქნებოდა, რადგან ლევან გაჩეჩილაძე, იგივე "გრეჩიხა", შეიძლება უკვე ვადაგასული პროდუქტი იყოს-მეთქი. მაგრამ შევცდი. მათ მახვილგონივრულ ჩანაფიქრს ვერ მივხვდი.

ეჭვი მაქვს, აქ ეროსი კიწმარიშვილის ხელი ურევია. სწორედ მისი მოფიქრებული უნდა იყოს ეს სვლა. ნახეთ, რა ქნეს: მალულად საქართველოში არსებული წიწიბურას მარაგის შესყიდვა და განადგურება დაიწყეს (ამის ფული ალბათ პარიზიდან ოქრუაშვილმა გამოგზავნა), რითაც ბაზარზე დეფიციტი ხელოვნურად შექმნეს. დანარჩენი უკვე დროის საქმეა. ისინი დაელოდებიან, კიდევ უფრო როდის გაჭირდება წიწიბურას შოვნა, მისი ფასი ასტრონომიული გახდება (1 კგ - 100 ლ.) და შესაბამისად, მის ყიდვას ვეღარავინ შეძლებს. სწორედ ამ დროს  გამოვა ბატონი ეროსი და ხალხს ეტყვის: აჰა, მოგენატრათ არა, "გრეჩიხა"?!