"საბერძნეთში საქართველოდან, ძირითადად, არაკვალიფიციური მუშახელია წარმოდგენილი" - რას ამბობს საქართველოს ელჩი? - კვირის პალიტრა

"საბერძნეთში საქართველოდან, ძირითადად, არაკვალიფიციური მუშახელია წარმოდგენილი" - რას ამბობს საქართველოს ელჩი?

დღეს საბერძნეთში დაახლოებით 80 ათასი ქართველი ცხოვრობს და მუშაობს. ამ მონაცემებით, რუსეთის შემდეგ საბერძნეთი მეორე ქვეყანაა ემიგრანტთა რაოდენობით და ერთ-ერთი პირველია, რომელთანაც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა. 1992 წლის 20 აპრილიდან ორი ქვეყანა როგორც ორმხრივად, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, სხვადასხვა ფორმატში თანამშრომლობს. 2015 წლიდან საქართველოს საელჩოს ელადაში ელჩი იოსებ ნანობაშვილი ხელმძღვანელობს. დასაქმება და ბინადრობის უფლება საბერძნეთში; უვიზო მიმოსვლა და პროცესთან დაკავშირებული საფრთხეები, კრიმინალი და მასში ჩართული საქართველოს მოქალაქეები - ამ საკითხებზე „ინტერპრესნიუსმა“ ელჩთან ინტერვიუ საბერძნეთში მდებარე საქართველოს საელჩოში ჩაწერა.

- ბატონო იოსებ, როგორია საბერძნეთში ქართული სათვისტომოს მდგომარეობა, რა არის მათ წინაშე არსებული მთავარი პრობლემები, რაზეც შესაბამისად, საელჩოს უწევს ზრუნვა?

- საელჩოს ურთიერთობა ქართველ ემიგრაციასთან შეგვიძლია დავყოთ ორ აქტად: ერთი არის ცენტრალიზებული აქტი - როგორც მოგეხსენებათ, დიასპორებთან ურთიერთობა არის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, ამიტომ ის დიასპორული პროგრამები და სიახლეები, რომელიც განკუთვნილია ქართველი ემიგრაციისთვის მიწოდებულია ამ ცენტრალიზებული არხით. ვთავაზობთ სხვადასხვა სახის ინიციატივებს, თუმცა ჩვენი მთავარი საზრუნავი ამ ეტაპზე არის ის, რომ რაც შეიძლება მეტი მოქალაქე ფლობდეს საბერძნეთში ლეგალური ბინადრობის ნებართვას.

შარშან საელჩოს ინიციატივით, ქართველი იურისტების მხარდაჭერით, ორგანიზაცია ICMPD-ის (International Center for Migration Policy Development) ხელშეწყობით მომზადდა პრაქტიკული გზამკვლევი, რომელიც საბერძნეთის საემიგრაციო კანონმდებლობის შესახებ ყოვლისმომცველ ინფორმაციას მოიცავს. ჩვენ ემიგრანტებს შეუძლიათ მიიღონ ძალიან გასაგებ ენაზე მათთვის განკუთვნილი ინფორმაცია, როგორც ლეგალური, ასევე არალეგალური ყოფნის პირობებში რა სოციალური და სხვა უფლებებით შეუძლიათ ისარგებლონ, რა პროცედურებით, რომელი ინსტიტუტების ჩართულობით, რა დროის ინტერვალებით, რა ფასად - ყველა რეგულაცია და ყველა პროცედურა არის წარმოდგენილი ამ დოკუმენტში. ეს არის ცოცხალი დოკუმენტი, საელჩოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე დევს და მასში ცვლილებები იმ საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად შედის, რომელსაც ადგილობრივი პარლამენტი იღებს. ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს გზამკვლევი და ამ კუთხით მისცა ბიძგი სხვა ქვეყნებში ანალოგიური პროექტების ინიცირებასაც. ეს იყო პირველი ნაბიჯი, რომ საზოგადოებისთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია, რისი უფლება აქვთ საბერძნეთში ლეგალურად თუ არალეგალურად ყოფნის პირობებში.

- კონკრეტულად რისი უფლებება აქვთ, როგორც ლეგალურად, ასევე არალეგალურად მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საბერძნეთში?

- ამ უფლებების დეტალურად ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს. ეს უფლებები ეხება როგორც დასაქმებას, ასევე სწავლას, ჯანდაცვას, სეზონურ დასაქმებას ანუ ყველა რეგულაცია არეგულირებს მესამე ქვეყნის მოქალაქეების ყოფნას საბერძნეთის რესპუბლიკაში. გზამკვლევი სამჯერ გადაწერილი დოკუმენტია, რომელიც დავიდა რიგითი მოქალაქისთვის გასაგებ ენაზე, რათა შეძლონ ძალიან მარტივად აზრის გამოტანა, რასთან აქვთ საქმე. ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობა საბერძნეთის მიგრაციის პოლიტიკის სამსახურთან. თავად საბერძნეთს აქვს არჩეული პოლიტიკა, რომ მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის გამარტივება მოხდეს ბინადრობის უფლების მინიჭების. ჩვენ ამ უწყებასთან მუდმივ კომუნიკაციაში ვართ. თავის მხრივ, ჩვენ თვითონაც ვუზიარებთ სამინისტროს ჩვენ გამოცდილებას და გარკვეულ რეკომენდაციებს ვაძლევთ, რომელი სოციალური ჯგუფებისთვის შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი იყოს სოციალური ბინადრობის უფლების გამარტივება. მხოლოდ 2018 წელს საქართველოს 5008 მოქალაქემ მიიღო საბერძნეთში ბინადრობის ლეგალური უფლება, რაც მე მაძლევს იმის იმედს, რომ ეს ტენდენცია მომავალში გაგრძელდება.

- ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საბერძნეთის მიგრაციის სამსახური კეთილგანწყობილია თანამშრომლობის კუთხით? - დეტალურად რომ მოგვიყვეთ, რაში გამოიხატება ეს კეთილგანწყობა?

- ნამდვილად. ახლა ბერძნული მხარე ძალიან კეთილგანწყობით გვეთანამშრომლება. ხდება საქართველოს მოქალაქეების მიერ წარდგენილი განცხადებების განხილვის ვადების დაჩქარება. მაქსიმალურად ცდილობს, რომ არსებული რესურსი გამოიყენონ იმისთვის, რომ განცხადებების განხილვის ვადები შემჭიდროვდეს და სადაც დამატებითი ადამიანური რესურსია საჭირო, ამატებენ თანამშრომლებს.

- ეს ერთი მხრივ, ნამდვილად მისასალმებელია, თუმცა ეს სიმარტივე ერთგვარად ხელს ხომ არ შეუწყობს ჩვენი მოქალაქეების, სამუშაოს მაძიებლების საქართველოდან გადინებას? როგორ ფიქრობთ, განსაკუთრებით ახალგაზრდებს აქვთ უკან, საქართველოში დაბრუნების სურვილი?

- თავისთავად ეს წინააღმდეგობრივი საკითხია, ამ თემის დანახვა სხვადასხვა კუთხით შეიძლება, მათ შორის იმ ნეგატიური კუთხითაც, რომ ჩვენ ემიგრაციას ვწყვეტთ დედასამშობლოს და ხელს ვუწყობთ, რომ ისინი საბერძნეთში დამკვიდრდნენ. თუმცა მეორე მხრივ, ჩვენ გვყავს მრავალათასიანი მოქალაქეთა ჯგუფები, რომელთაც არ აქვთ წვდომა ელემენტარულ სოციალურ სერვისებზე საბერძნეთში. ამიტომ მე ვთვლი, რომ ეს არის პირველი რიგის ამოცანა, რომ ხალხს, რომელიც აქ შრომობს, აქ მოღვაწეობს (იმედი მაქვს, რომ დროებით), უნდა გახდნენ საბერძნეთის საზოგადოების ნაწილი და სრულფასოვანი წევრები იმ პერიოდის განმავლობაში, რა პერიოდითაც ისინი აქ იმყოფებიან - ჰქონდეთ წვდომა განათლების, ჯანდაცვის სხვადასხვა სოციალურ პროგრამებთან. სახელმწიფოს ხედვაა ერთი მხრივ, შეინარჩუნოს მაქსიმალური კავშირი თავის ემიგრაციასთან, იკვებოს მისი ინტელექტუალური რესურსის, გამოცდილების გამოყენებით, მაგრამ მეორე მხრივ, მათ უნდა ჰქონდეთ ღირსეული პირობები იმ ქვეყანაში, სადაც იმყოფებიან. ახალგაზრდების უკან დაბრუნება კი არის საერთო ეროვნული ამოცანა. ეს გამოწვევა მხოლოდ საქართველოს წინაშე არ დგას. ეს არის ნებისმიერი ქვეყნის გამოწვევა, რომლის ახალგაზრდობაც საზღვარგარეთ იღებს განათლებას. თუმცა უნდა ითქვას, რომ საქართველო აღარ არის 10 წლის წინანდელი საქართველო, როდესაც უცხოეთში მოგზაურობა იყო გარკვეული სახის ფუფუნება. ქართველი ახალგაზრდები იღებენ განათლებას, ბრუნდებიან სახლში და ისევ უპრობლემოდ შეუძლიათ საზღვარგარეთ წასვლა. ემიგრაციის პირველ ტალღაზე წასული მოქალაქეები კი თვლიდნენ, რომ მხოლოდ ერთი მიმართულებით ჰქონდათ გეზი აღებული და ვერ ბრუნდებოდნენ, რადგან დაბრუნება ბევრ ბარიერთან იყო დაკავშირებული. გაგრძელება