"ოპოზიციასთან კონსულტაციები მიმდინარეობს, მაგრამ ჯერ ვერ დავასახელებ, ვისთან..." - კვირის პალიტრა

"ოპოზიციასთან კონსულტაციები მიმდინარეობს, მაგრამ ჯერ ვერ დავასახელებ, ვისთან..."

"ვინ იცის, 2012 წლის შემდეგ რა ხელისუფლება იქნება და ვინ მოვა ხელისუფლებაში?"

ქართველმა პარლამენტარებმა დიდსულოვნად თქვეს უარი დედაქალაქზე და ქუთაისში საქმიანობას დაჰყაბულდნენ. ამ გადაწყვეტილების გამო ოპოზიციამ კიდევ ერთხელ უსაყვედურა სახელისუფლებო გუნდს. კიდევ ერთხელ გადმოიღვარა ბრალდებების ნიაღვარი მოჩვენებით აქტიურობასა და ყველაფერში ნაკლის ძიებაზე.

ოპოზიცია ფიქრობს, რომ ხელისუფლების ცრუაქტიურობა ქვეყანას ხეირს არ დააყრის, პრეზიდენტს კი ახალ-ახალი მიღწევებით მოაქვს თავი. ერთ-ერთ ასეთ დიდ მიღწევად გაეროს ბოლო რეზოლუცია დასახელდა. სწორედ ამ თემით დავიწყეთ საუბარი პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან:

- ობიექტური კაცი ამ რეზოლუციას მხოლოდ დადებითად შეაფასებს. შარშანდელი აგვისტოდან რუსეთმა უშიშროების საბჭოში დაბლოკა ყველა მცდელობა, მიღებულიყო რეზოლუცია, რომელშ იც აფხაზეთი და ცხინვალი მოიხსენიებოდა როგორც საქართველოს შემადგენელი ნაწილი. რუსული დიპლომატიის ამოცანა იყო, დაეკანონებინა ე.წ. ახალი რეალობა, ცხინვალი და აფხაზეთი საქართველოსგან განცალკევებით უნდა ყოფილიყო განხილული. სწორედ ამ მიზეზით დაბლოკა რუსეთმა გაეროს მისიის გაგრძელება კონფლიქტის ზონაში. ასეთ ვითარებაში ისეთი რეზოლუციის მიღება, სადაც აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი კიდევ ერთხელ არის აღიარებული როგორც საქართველოს შემადგენელი ნაწილი და როგორც საერთაშორისო სამართლით საქართველოს რეგიონები, მართლაც ძალზე მნიშვნელოვანია და გაუგებარია, რატომ უნდა იყო დაბრმავებული პოლიტიკური ამბიციით ან ხელისუფლების პოლიტიკური ზიზღით, რომ ეს არ აღიარო.

რეზოლუცია, რა თქმა უნდა, რუსეთზე სასწაულებრივ ზეგავლენას ვერ მოახდენს და ხვალ დილით, გაღვიძებისთანავე, რუსეთის პრემიერი ან პრეზიდენტი არ იტყვიან, რახან გაერომ რეზოლუცია მიიღო, საოკუპაციო ჯარი გაგვყავს და დევნილებს დაბრუნების უფლება ექნებათო. მ აგრამ რეზოლუცია ქმნის სამართლებრივ საფუძველს იმისათვის, რომ ბრძოლა გავაგრძელოთ და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად გავაგრძელოთ რუსეთზე ზეწოლა. გ აეროს რეზოლუციამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რამდენად იზოლირებულია რუსეთი.

- გასულ კვირას  პარლამენტის წევრების მანდატები აღუდგინეთ ოპოზიციონერებს. ეს კეთილგანწყობის დემონსტრირება იყო თუ რომელიმე ოპოზიციონერი დაგთანხმდათ პარლამენტში შემოსვლას?

- ოპოზიციასთან კონსულტაციები მიმდინარეობს, მაგრამ ჯერ ვერ დავასახელებ, ვისთან და რა საკითხზე. თუ არასაპარლამენტო ოპოზიციას სურს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობა, ამას შეძლებს. დასანანია, რომ შარშანდელი ბოიკოტით ოპოზიციამ მოიჭრა გზა პარლამენტისა და რეალური პოლიტიკური ცხოვრებისკენ და დაიტოვეს ერთი გზა - აქციები. ჩვენ მათ ვაძლევთ ახალ შესაძლებლობას, რომ ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ. პოლიტიკური ბრძოლის ეპიცენტრი პარლამენტია და არა ქუჩა. რამდენად სწორად გამოიყენებს არასაპარლამენტო ოპოზიცია ჩვენს წინადადებას, იქნება ტესტი იმაზე, თუ რამდენად არიან მზად პასუხისმგებლობის ასაღებად და ნორმალური პოლიტიკის გასატარებლად. ერთი შეხედვით, როგორც პარლამენტის სპიკერი, სულაც არ უნდა ვიყო დაინტერესებული, რომ სხდომები უფრო რთული წასაყვანი გახდეს, მაგრამ სახელმწიფოებრივად თუ მივუდგებით, ნამდვილად დაინტერესებული ვარ, რომ ოპოზიცია პარლამენტში შემოვიდეს.

- დისკომფორტი არ შეგექმნებათ, თუკი ქუთაისში მოგიწევთ ჩასვლა პარლამენტის სხდომის ჩასატარებლად?

- დასანანია, რომ ჩემი კოლეგების და ოპონენტების ნაწილი პირადი კომფორტის ან დისკომფორტის მიხედვით უდგება ამ საკითხს.

- ოპოზიციის აზრით, პარლამენტის ქუთაისში გადატანა თბილისელებზე შურისძიებით არის განპირობებული. გარდა ამისა, ეს დაკავშირებულია მეტ ხარჯთანაც.

- პოლიტიკოსისგან კუთხურობის გაღვივება ძალზე უპასუხისმგებლო საქციელია. ა რავინ არ აპირებს თბილისზე შურისძიებას, მით უმეტეს, რომ პოლიტიკოსთა უმეტესობა სწორედ თბილისელია. წინა არჩევნები ჩვენ მოვიგეთ თბილისში. წინ ადგილობრივი არჩევნებია, რომელსაც  იმედია, ასევე მოვიგებთ. ვინც შურისძიებაზე ლაპარაკობს, ეტყობა, თავად შეუძლია საკუთარ ხალხზე შური იძიოს. კუთხური პარტიკულარიზმის პრობლემა, რომელიც ყოველთვის არსებობდა, ბოლო პერიოდში მოგვარდა და ახლა ისევ ლაპარაკი თბილისელობასა და თბილისის განსაკუთრებულობაზე, არასწორია.

ეს გადაწყვეტილება ძალაში 2012 წელს შედის და ჩემთვის გაუგებარია არგუმენტი, ხელისუფლება მიტინგებს გაურბის და ამიტომ გადააქვს პარლამენტი ქუთაისშიო. 2012 წლამდე პარლამენტი დედაქალაქში იქნება და ვისაც სურს, შეუძლია მობრძანდეს და კანონის ფარგლებში მიტინგებიც მოაწყოს და დემონსტრაციებიც. ასე რომ, არავინ არსად გარბის და ისიც არავინ იცის, 2012 წლის შემდეგ რა ხელისუფლება იქნება და ვინ მოვა ხელისუფლებაში.

ამ პარლამენტის არსებობაც ხარჯია, მაგრამ ვინმეს მოუვა აზრად თქვას, პარლამენტი გავაუქმოთ და 30 მილიონი ლარი დავზოგოთო?  მთავარია, ხარჯის გაწევისგან რა შედეგს ველოდებით. ჩვენი ოპონენტები ასტრონომიულ თანხებზე ლაპარაკობენ და ამ დროს ლაპარაკია ქუთაისში ერთი შენობის ინფრასტრუქტურის აშენებაზე.  ასეთი შენობები ბევრი შენდება თბილისშიც, ბათუმშიც და სხვაგანაც.  ქუთაისში პარლამენტის გადატანა დასავლეთ საქართველოს განვითარების პერსპექტივას უკავშირდება. ალბათ, და მეთანხმება დასავლეთ საქართველოში მცხოვრები თქვენი მკითხველი, რომ თუ სათანადო ღონისძიებები არ გატარდა, იქ მოქალაქეების ადგილზე დამაგრება უფრო დიდი პრობლემა გახდება. ახალგაზრდობის უმეტესობა თბილისში მოდის, რადგანაც იქ ვერ ხედავს დასაქმების შესაძლებლობას. პარლამენტის ქუთაისში გადატანით ამ ქალაქს ფუნქციას შევძენთ, მოსახლეობას კი დასაქმების შესაძლებლობას მივცემთ. ქუთაისის ცენტრად ქცევის გარეშე დასავლეთ საქართველო ვერ განვითარდება.

- ბოლო დროს პრესაში მომრავლდა პუბლიკაციები საპატრიარქოზე. ამას წინათ კი ერთ-ერთ ტელეკომპანიაში გავიდა სიუჟეტი, სადაც მცდარი ინფორმაცია გავრცელდა, - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა გირგვლიანის მკვლელები მიიღო და დალოცაო. რას ემსახურება ეს ყველაფერი?

- სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობა და პირადად საქართველოს პატრიარქის პერსონა ის საკითხია, რომელზე ლაპარაკისასაც პოლიტიკურ კონიუნქტურაზე მაღლა უნდა დავდგეთ. წამიკითხავს პოლიტიკოსთა შოკის მომგვრელი განცხადებები, ხელისუფლება პატრიარქს წამლავს, ხელისუფლებამ პატრიარქი სადღაც გააქცია ან სადღაც ჩაკეტაო.  ეს ხელისუფლების კი არა, პატრიარქის შეურაცხყოფაა და ყველას მოვუწოდებ, ასეთი განცხადებებისაგან თავი შეიკავონ. თუ ვინმე იმსახურებს ამქვეყნად პატივისცემას, მათ შორის არის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და არ არის საჭირო, დაუფიქრებელი განცხადებების გაკეთება და მოწოდებები, არიქა, პატრიარქი დავიცვათო.  არავის დაცვა მის უწმინდესობას არ სჭირდება. ის თავად დაგვიცავს ყველას.

რაც შეეხება ტელეეთერში გასულ სიუჟეტს, ეს თქვენი კოლეგების საქმეა და მათაც მოვუწოდებ, დიდი სიფრთხილით მოეკიდონ ასეთ თემებზე სიუჟეტების მომზადებას.

- "საკანი #5" ისევ მოგწონთ?

- როდესაც ეს პროექტი ეთერში პირველად გავიდა, ნამდვილად იყო მასში სიახლე, მ აგრამ 6 თვის განმავლობაში ამ პროქტმა განახლება ვეღარ შეძლო და როდესაც ეს იდეა ქუჩაში ბრძოლის მეთოდად გამოიყენეს პოლიტიკოსებმა, პროექტი გარკვეულწილად დაკნინდა. შესაბამისად, კარგა ხანია აღარ ვუყურებ.

- ოპოზიცია ცხელ შემოდგომას გვპირდება.

- ოპონირება პოლიტიკურ ძალებს შორის ყოველთვის უნდა იყოს.  მთავარია, ოპოზიციამ არ გადადგას ისეთი ნაბიჯი, რაც ინვესტორებს დააფრთხობს და ეკონომიკის განვითარებას შეაფერხებს.