"ბიძინა ივანიშვილს და ყველას, ვინც საქართველოს სათავეშია, მინდა ვუთხრა - არაფერი შეგეშალოთ!" - კვირის პალიტრა

"ბიძინა ივანიშვილს და ყველას, ვინც საქართველოს სათავეშია, მინდა ვუთხრა - არაფერი შეგეშალოთ!"

ბრძანების გამცემს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს და ყველას, ვინც საქართველოს სათავეშია, მინდა ვუთხრა, არაფერი შეგეშალოთ, - ასე მიმართავს ბიზნესმენი ლევან ვასაძე "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს თბილისში დაგეგმილ "თბილისი პრაიდის" ღონისძიების გამართვასთან დაკავშირებით.

როგორც ლევან ვასაძემ ვიდეომიმართვისას განაცხადა, ის და მისი თანამოაზრეები არ დაუშვებენ, რომ დედაქალაქში ლგბტ აქტივისტების მიერ დაგეგმილი ღონისძიება "თბილისი პრაიდი" გაიმართოს. მისივე განმარტებით, სამოქმედო გეგმაზე კვირას, 16 ივნისს შეთანხმდებიან.

ლევან ვასაძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან გუშინდელ აქციაზეც ისაუბრა.

"თავიდან, მომეჩვენა, რომ პოლიცია იქცეოდა ძალიან კარგად, მაგრამ მერე მოიქცა ძალიან ცუდად. არბევდნენ მშვიდობიან დემონსტრანტებს. საკმარისი იყო ვინმეს ხმა ამოეღო, ან რამე გაეკეთებინა, იქვე აპატიმრებდნენ და მიათრევდნენ საპყრობილეში. იმათ კი ეფოფინებოდნენ, როგორც კერპებს. ეტყობა ასეთი ბრძანება აქვთ და აი, მაგ ბრძანების გამცემს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს და ყველას, ვინც საქართველოს სათავეშია მინდა ვუთხრა, არაფერი შეგეშალოთ. ამ კვირაში, მაგათ მიერ რაიმე საჯარო აქციების გამართვისა და კორდონების ჩაყენების უფლებას არ მოგცემთ, კინოთეატრში იქნება ეს, სკვერში, ქუჩაში, მთაზე, ტბაში და ტყეში, ყველგან მოგაკითხავთ, ყველა კორდონს გავარღვევთ და წაგლეკავთ", - განაცხადა ვასაძემ.

გუშინ მთავრობის ადმინისტრაციასთან "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებს აქციის გამართვა ჰქონდათ დაანონსებული, თუმცა მანამდე მთავრობის ადმინისტრაციასთან ლევან ვასაძე და მისი თანამოაზრეები მივიდნენ. მათ "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებს აქციის ჩატარების უფლება არ მისცეს. ადგილზე მობილიზებული იყვნენ დიდი რაოდენობით სამართალდამცეველები. "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებსა და კონტრაქციას შორის პოლიციის კორდონი იყო. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. სამართალდამცავებმა 28 ადამიანი დაააკავეს.

"ინტერპრესნიუსი"