ზურა ხაჩიძე: "რას ნიშნავს, დამიფასეს?!"
ზურა ხაჩიძე: "რას ნიშნავს, დამიფასეს?!"
"პოლიტიკური ნიშნით არ შევარჩევ არც მომღერალს და არც პროექტებს, რომლებიც რეგიონში განხორციელდება"

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მომღერალი ზურა ხაჩიძე სამცხე-ჯავახეთში სამხარეო რწმუნებულის მესამე მოადგილედ დაინიშნა. რა მოვალეობა დაეკისრება მას რეგიონში და რა გეგმები აქვს, მომღერალ-პოლიტიკოსი ამის შესახებ "კვირის პალიტრასთან" ისაუბრებს.

- ზურა, გილოცავთ დაწინაურებას.

- დიდი მადლობა, დაწინაურებას არა, დანიშვნას. დაწინაურებული ვიყავი აქამდე­ იმ მუსიკალურ ჯგუფში, სადაც ვმღეროდი. ჩემი პირველი ნაბიჯი პოლიტიკაში სცენიდან დაიწყო.

- წარმოიდგენდით, როცა სცენაზე
დადექით,­ რომ ოდესმე პოლიტიკაშიც მოსინჯავდით ძალას?
- არასდროს მიფიქრია, რომ ოდესმე­ პოლიტიკაში წავიდოდი, შემდგომში კი არჩევნებშიც ბევრჯერ მიმიღია მონაწილეობა და ამ ეტაპზე ეს ჩემთვის უცხო არ არის.

- თუმცა არასდროს გაგიმართლათ, რომ არჩევნების გზით მოსულიყავით პოლიტიკაში, დანიშვნით მოხვედით.
- მანამდე სულ ოპოზიციაში ვიყავი და, ალბათ, ამიტომ არ
მიმართლებდა...

- პოლიტიკოსთა მხარდასაჭერ არაერთ კონცერტში მონაწილეობდით და ამის გამო ზოგიერთმა ისიც ივარაუდა, ზურა ხაჩიძეს აქტიურობა დაუფასესო.
- რას ნიშნავს, დამიფასეს?! სიმღერით უფრო მეტ ხელფასს ვშოულობდი, 1.500 ლარი და ამხელა პასუხისმგებლობა, ასეთ გაჭირვებულ რეგიონში თუ დაფასებაა, კი ბატონო, დამიფასეს ნამდვილად.

- სამცხე-ჯავახეთი თქვენი რეგიონია, ხომ?
- მე ბორჯომში დაბადებულ-გაზრდილი ვარ.

- რა გევალებათ და რა გამოცდილებით მოდიხართ ამ თანამდებობაზე?
- სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მესამე მოადგილე ვარ, კულტურის სფეროს უნდა ვუხელმძღვანელო, იმ ღონისძიებებს, რომლებიც რეგიონში ჩატარდება, ტურისტულ ინფრასტრუქტურას მივაქცევ ყურადღებას და ა.შ. ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილებაა 25 წელი სცენაზე დგომა, არა მარტო სცენაზე, სხვადასხვა კომპანიაშიც პიარის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მუშაობაც დიდი გამოცდილებაა იმ საქმისთვის, რა კონკრეტული დავალებებიც ახლა დამაკისრა მთავრობამ.

- "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ნინი ქარსელაძე ამბობდა, იყო პერიოდი, როდესაც ჩემი საყვარელი კოლეგები კონცერტზე ვერ მეძახდნენ იმიტომ, რომ მათნაირი პოლიტიკური­ შეხედულება არ მქონდაო. თქვენ როგორ უხელმძღვანელებთ კულტურის სამსახურს, პოლიტიკური ნიშნით შეარჩევთ კულტურის მუშაკებს?
- უკვე არაერთხელ განვაცხადე - ჩვენ არ უნდა დავემსგავსოთ წინა ხელისუფლებას, რომელიც პოლიტიკური შეხედულების მიხედვით არჩევდა მომღერალს, მსახიობს, წამყვანს და ა.შ. ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველა იმ პროფესიონალთან, რომელიც საქმის გამკეთებელია. პოლიტიკური ნიშნით არ შევარჩევ არც მომღერალს და არც პროექტებს, რომლებიც რეგიონში განხორციელდება.

- მალევე დათანხმდით შემოთავაზებას? არ გიორჭოფიათ? ასეთ თანამდებობაზე შესა­ძლოა ადვილად მოგცხონ ჩირქი.
- ორ კვირაში მივიღე გადაწყვეტილება.­ პირდაპირ გეტყვით - ჩემთან ქრთამის მომცემი და ჩამწყობი თუ მოვა, თვითონ დაინახავთ, სადაც იქნება წარდგენილი. ჩემთვის 1.500 ლარი ხელფასი არაფერს ნიშნავს, მე ერთ კონცერტში ვიღებდი ამხელა თანხას და მეტსაც. ამ თანამდებობაზე ფულის საკეთებლად არ მოვსულვარ. მოვედი იმისთვის, რომ გამოვადგე ჩემს რეგიონს. როგორც გამოვადექი სიმღერით, პოლიტიკური აქტიურობითაც მინდა გამოვადგე.

- თქვენ მეორე მომღერალი ხაჩიძე იქნებით, რომელიც სამცხე-ჯავახეთში იმუშავებს.
- ჩემამდე გოგა ხაჩიძე იყო "ნაცმოძრაობიდან". მსმენია, რომ ბევრი კარგი რამ გაუკეთებია ამ რეგიონში და მეც ვეცდები, ყველაფერი ღირსეულად გავაკეთო.

- რას შეცვლიდით?
- დამოკიდებულებას, ადამიანებთან ურთიერთობას. კარგ გუნდს შევუერთდი, რომელსაც არაერთი პროექტი აქვს დაგეგმილი, მეც ჩავერთვები და კეთილსინდისიერად ვიმუშავებ. შევხედოთ, გავა დრო და საქმემან შენმან გამოგაჩინოსო, ხომ გაგიგონიათ. რასაც შევძლებ, მაქსიმუმს გავაკეთებ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
19-08-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები