"არ შეიძლება გაბრაზდე თერმომეტრზე, რომელიც გაჩვენებს, რომ სიცხე გაქვს" - კვირის პალიტრა

"არ შეიძლება გაბრაზდე თერმომეტრზე, რომელიც გაჩვენებს, რომ სიცხე გაქვს"

ხელისუფლების განცხადება, ამიერიდან მედიამფლობელების ვინაობა გამჭვირვალე გახდებაო, საზოგადოების ნაწილმა მორიგ პიარაქციად მიიჩნია, - ოფშორულ ზონებში გაფორმებული მედიასაშუალებები არაფრისმთქმელ გვარებზე გადაფორმდება და მათი რეალური მფლობელების ვინაობა საზოგადოებისთვის კვლავ  უცნობი დარჩებაო.

აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა  ჯარიმების შემოღებასაც.  ავტომანქანის ზედმეტად დაბურული მინები, უღვედოდ მგზავრობა, ქუჩის დანაგვიანება და  კომუნალური გადასახადების გადაუხდელობა სოლიდურ ჯარიმებს ითვალისწინებს და სახელმწიფო ბიუჯეტს გვარიანად  შეავსებს. ამ და სხვა საკითხებზე პარლამენტის ვიცე-სპიკერ მიხეილ მაჭავარიანს ვესაუბრეთ:

- მედიასაშუალებების მფლობელების ვინაობა როგორც ქართველი საზოგადოების, ისე უცხოელების დიდ ინტერესს იწვევდა. ამიტომაც გადაწყდა ამ ინფორმაციის გახსნა. ამას პიარს დაარქმევენ თუ სხვა რამეს, მნიშვნელობა არა აქვს, ჩემთვის მთავარი შედეგია. გადავწყვიტეთ, მედიასაშუალებების მფლობელების ვინაობაზე მითქმა-მოთქმას წერტილი დასმოდა.

- კარგი, იქნებ ახალი ჯარიმების შემოღების აუცილებლობაც აუხსნათ საზოგადოებას?

- როდესაც ადამიანს არა აქვს კულტურა, რომ ნაგავი ურნაში ჩააგდოს და ქუჩაში არ გადააფურთხოს, უნდა დააჯარიმო. ზოგიერთი სახლიდან ყრის ნაგავს და ამიერიდან ამის ჩამდენი 200 ლარით დაჯარიმდება. ზოგი სიგარეტის ნამწვს აგდებს მანქანიდან, არადა ეს ოხერი საფერფლე ხომ აქვს მანქანას? თავიდან იყო ლაპარაკი, რომ ამ შემთხვევაშიც 200 ლარით დაჯარიმებულიყო მოქალაქე, მაგრამ საბოლოოდ ჯარიმა 50 ლარამდე შევამცირეთ.

რაც შეეხება ღვედს, თუ კაცი საკუთარ და ახლობლების ჯანმრთელობას უფრთხილდება, უთუოდ გაიკეთებს.

- კომუნალური გადასახადების გამო, საზოგადოებაში აჟიოტაჟია ამტყდარი. თუ წყლის გადასახადი არ გადაიხადა მოქალაქემ, რატომ უნდა გაუთიშონ ბუნებრივი აირი ან ელექტროენერგია?

- შესაძლოა, ადმინისტრირების ასეთი წესი იდეალური არ არის, მაგრამ ბევრ ქვეყანაშია და  არ არის ანტიკონსტიტუციური. ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ თბილისი სუფთა იყოს და წყალი უკეთ მოდიოდეს. რაც მთავარია, წყლისა და ნაგვის გადასახადი არ გაზრდილა.

- გასულ კვირას გადასახადების გარდა IRI-ს კვლევებიც გახდა მითქმა-მოთქმის საგანი, ზოგმა ისიც კი თქვა, გამოკითხვამ იმდენად არარეალური შედეგი აჩვენა, ნეტავ მარსზე ხომ არ ჩაატარესო?

- ის, ვინც ამბობს, კვლევა მარსზე ხომ არ ჩაატარესო, ვერასოდეს მოიგებს არჩევნებს. არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია არ მიაყენებს დარტყმას თავის ავტორიტეტს სააკაშვილის, გილაურისა და მაჭავარიანის გამო. ჩვენ ამ კვლევით გავიგეთ, როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა.

- მაგრამ ითქვა, რომ რესპონდენტები იყვნენ დაშინებულები.

- ძალიან ცუდი წარმოდგენა აქვთ ჩვენს ხალხზე. ამ კვლევით მარტო რეიტინგი კი არ გავიგეთ, არამედ გავიგეთ ისიც, რომ ჩვენს ხალხს აწუხებს უმუშევრობა და სოციალური პრობლემები(!), რომ საქართველო უნდა იყოს უფრო მეტად დაცული და ამის გარანტად ნატო მიაჩნიათ. ასევე უნდათ, ხელისუფლებამ გააკეთოს ყველაფერი, რომ რუსეთმა არაპროგნოზირებადი ნაბიჯი აღარ გადადგას.

თუ ოპოზიცია ამ კვლევებს ადეკვატურად არ მიუდგება, შედეგი ყოველთვის ისეთი ექნება, რაც აქვს და აღარ უნდა გაბრაზდეს. არ შეიძლება გაბრაზდე თერმომეტრზე, რომელიც გაჩვენებს, რომ სიცხე გაქვს. მიმაჩნია, რომ ყველაზე დიდი კვლევა არჩევნებია. უცხოური ორგანიზაციები 2003 წლიდან ატარებენ საქართველოში კვლევებს, შედეგები მათ სულ სხვა რამისთვის სჭირდებათ და არა იმისათვის, ვიღაც გაბრაზდეს ან ვიღაცას გაუხარდეს.

- ამას წინათ "ქართული პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა ეროსი კიწმარიშვილმა სოზარ სუბარის ძმის დაკავების კომენტირებისას განაცხადა, ხელისუფლება ჩვენს პარტიაში თავის დასაკლავ დანას ხედავს და ამიტომაც გვიტევსო.

- სოზარ სუბარის ძმის საქმე ძალიან რეზონანსულია და შს სამინისტრომ ჩანაწერებიც გაავრცელა. "ქართული პარტია" ჩემთვის სიახლე არ არის. ეს ხალხი ერთად ხომ ადრეც იყო. ოქრუაშვილი, გუნცაძე და გაჩეჩილაძე აქამდეც იყვნენ პოლიტიკაში. პოლიტიკური საქმიანობის უფლება კიწმარიშვილსაც აქვს და სუბარსაც. არჩევნებისთვის მოემზადოს ეს პარტია და ვნახოთ, რა შედეგი ექნება.

- 4 ნოემბრისგან რას ელით (ეს ვადა დაუთქვა "ეროვნულმა ფორუმმა" ხელისუფლებას)?

- საარჩევნო კოდექსისა და გარემოს გაუმჯობესებისათვის სამუშაოდ მზად ვართ და ეს  პარლამენტის თავმჯდომარემაც განაცხადა. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ დიალოგისა და მოლაპარაკების რეჟიმში, მაგრამ არა ულტიმატუმების.

- ფორუმმა ულტიმატუმი წამოგიყენათ?

- აბა, რა იყო მათი ნათქვამი, 4 ნოემბრამდე პასუხი თუ არ იქნებაო?.. მათი წარმოდგენილი ხელმოწერები არავის უგულებელუყვია. ამ ხელმოწერებთან ერთად ქრისტიან-დემოკრატებმაც წარმოადგინეს საარჩევნო კანონი თავიანთი ინიციატივითურთ. მიუხედავად იმისა, რომ ხელმოწერები პროცედურული დარღვევით შემოვიდა პარლამენტში,  მომხრე ვიყავი, რომ რეგისტრაციაში გაგვეტარებინა პოლიტიკური სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად, მაგრამ, რადგან ანალოგიური ინიციატივა ჰქონდათ ქრისტიან-დემოკრატებს, საპროცედურო კომიტეტმა ქრისტიან-დემოკრატების ინიციატივა გაატარა რეგისტრაციაში. ინიციატივა, რასაც 130 ათასმა კაცმა მოაწერა ხელი, პარლამენტში დევს, მაგრამ მას ქრისტიან-დემოკრატების სახელი ჰქვია.

- ფორუმმა თავისი პარტიის წევრის დაკავება ხელისუფლებისაგან გაფრთხილებად მიიჩნია.

- ფორუმის წევრს ჯერ ბაზრობის დაცვასთან მოუვიდა შეხლა-შემოხლა, მერე კი სამართალდამცავებს არ დაემორჩილა. ზაზა ჩაკვეტაძე სახელმწიფო დაცვის ყოფილი თანამშრომელია და უნდა სცოდნოდა, რაც მოჰყვებოდა დაუმორჩილებლობას. მხოლოდ ოპოზიციას არავინ ერჩის. რამდენიმე დღის წინ ჩვენი თანაპარტიელებიც დაიჭირეს და რა მოხდა მერე?

ძმასავით მიყვარს ედვარდ სურმანიძე, ძალიან მინდა დავეხმარო, მაგრამ...

პარტიული კუთვნილების მიუხედავად, დააპატიმრებენ ყველას, ვინც დანაშაულს ჩაიდენს. ედვარდი ჩემი მეგობარია, ბევრი რთული პერიოდი გვაქვს ერთად გავლილი, ძალიან განვიცდი მის ამბავს, მაგრამ მან დანაშაული ჩაიდინა და ჩემთან მეგობრობა ხომ არ იქნება მისთვის ალიბი?