"სამარცხვინო და საგანგაშო იყო მეუფე იაკობის განცხადება- ეკლესია არ არის ანაფორაში ჩაცმული ადამიანები" - კვირის პალიტრა

"სამარცხვინო და საგანგაშო იყო მეუფე იაკობის განცხადება- ეკლესია არ არის ანაფორაში ჩაცმული ადამიანები"

ჩემთვის ძალიან მტკივნეულია, როდესაც ვხედავ, რომ იოანე ოქროპირის ეკლესიას ესენი იცავენ და ესენი წარმოადგენენ,- ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა გუშინ მთავრობის ადმინისტრაციასთან განვითარებულ მოვლენებს.

მისი შეფასებით, საპატრიარქოს მიერ გაკეთებული განცხადება არასწორი, ხოლო მეუფე იაკობის განცხადება კი სამარცხვინოა. როგორც უგულავამ აღნიშნა, გუშინ გამოჩნდა საფრთხე, რომ ქართული ეკლესია რუსულს დაემსგავსოს, რომელიც ძალაუფლებისა და იდეოლოგიის მსახურია.

"ჩვენ დავინახეთ საპატრიარქოს ძალიან არასწორი განცხადება. ვხედავთ, რომ ბატონი ლევან ვასაძე და ბატონი ფალავანდიშვილი ეკლესიით სპეკულირებენ. ჩემთვის ძალიან მტკივნეულია, როდესაც ვხედავ, რომ იოანე ოქროპირის ეკლესიას ესენი იცავენ და ესენი წარმოადგენენ - მოძალადეები, ადამიანის შეურაცხმყოფელები, ადამიანის დამცინავები და ა.შ. მზად იყვნენ უმწეო ადამიანები გაეგლიჯათ. ამას არაფერი კავშირი არ აქვს ქრისტიანობასთან. ამ კონტექსტში უაღრესად სამარცხვინო და საგანგაშო იყო მეუფე იაკობის განცხადება. ეკლესია არ არის ანაფორაში ჩაცმული ადამიანები. ეკლესია პირველ რიგში, არის ძალი უფლისა. ღვთის სიტყვის დამცველი მტერს სცემს პატივს. აი, ეს არის რასაც სახარება გვასწავლის. ის, რასაც ვასაძე და მისი მეგობრები ქადაგებენ - ძალადობა, გაუტანლობა - პირდაპირ რუსული ნარატივია. მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, რომლისთვისაც სულ ერთი არ არის ამ ქვეყნის ბედი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი ეკლესია რუსეთის ეკლესიას არ დაემსგავსოს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლების და იდეოლოგიის მსახურია. აი, ეს საფრთხე კარგად გამოჩნდა გუშინ",- განაცხადა უგულავამ.

"ინტერპრესნიუსი"