"ცინიზმი - რაც გვინდა, ვშვრებითო - ცუდად შემოუბრუნდება ხელისუფლებას"
01-11-2010
გასულ კვირას კუდ-მა რამდენიმე  ნავთობკომპანიის თანამშრომელი დააკავა, რომელთა შორის სოზარ სუბარის ძმა ვახტანგ სუბელიანიც არის. "ქართული პარტიის" ლიდერს ეს ფაქტი პოლიტიკურ ანგარიშსწორებად მიაჩნია:

- ჩემი ძმის დაკავება პოლიტიკური აქტია. შს სამინისტრო, რეალ-ტვ და სახელმწიფო არხები რამდენიმე დღის განმავლობაში ავრცელებდნენ შეთხზულ ინფორმაციას, რომ ბიუჯეტმა ათობით მილიონი იზარალა და ამაში დამნაშავე სოზარ სუბარის ძმაა. რა შუაშია სოზარ სუბარის ძმა? თუ დანაშაულია ჩადენილი, დანაშაულზე ილაპარაკე!

როდესაც დაკავებულებს ბრალი წარუდგინეს, აღმოჩნდა, რომ ფირმას, სადაც
ჩემი ძმა მუშაობდა, ბიუჯეტი 373 ლარს ედავება. სხვა ფირმებს, როგორც მითხრეს, 1.700 ლარს ედავებიან. სულ ლაპარაკია 2.000 ლარზე და ამის გამო 14 კაცს მიუსაჯეს წინასწარი პატიმრობა. ფირმა "ამოს"  ბიუჯეტი მართლაც რომ ეზარალებინა 373 ლარით, ჩემი ძმა არაფერ შუაშია.

ჩემი ძმის ბრალის დასამტკიცებლად ტელევიზიით გავიდა სატელეფონო
ჩანაწერი კომენტარით - აქ ჩანს, როგორ უთანხმდებიან ეს პირები ერთმანეთს ფასის შემცირებაზეო. როდესაც შს სამინისტროს პრესცენტრის განცხადებას იმეორებს ჟურნალისტი, სად არის კეთილსინდისიერება,  ჟურნალისტური ეთიკა და პროფესიონალიზმი?

ვინც ერთხელ მაინც მოისმინა ეს ტექსტი, დარწმუნდებოდა, რომ ჩანაწერში დანაშაულისა და დარღვევის კვალი არ ჩანს. ამიტომაც მიმაჩნია, რომ ეს პოლიტიკური ანგარიშსწორებაა. ამ საქმეს ორი მხარე აქვს: ჩემ გამო ჩემი ოჯახის წევრი დააპატიმრეს და მეორე - მეწარმეებს ყოველდღე იჭერენ, ხურავენ წვრილ საწარმოებს, რათა ყველა სფეროში მონოპოლისტები გახდნენ. ხელისუფლება ორი კურდღლის დაჭერას ცდილობს.

შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ეს აგონიაში მყოფი ხელისუფლების ქმედებაა და რაც მეტად მოიქცევიან ასე, მით მალე დადგება მათი პოლიტიკური აღსასრული. როგორც კი ხელისუფლებას შევცვლით, ყველა მათგანი ძალიან ძნელი დასაცავი იქნება გაშმაგებული ხალხისაგან. მიუხედავად ამისა, პირობას ვდებ, რომ თითოეულ მათგანს დავიცავ.

- თქვენს ძმას ხუთ პუნქტს ედავებიან და როგორც ითქვა, სოლიდური სასჯელიც ელის.
- ლაპარაკია ყალბი საბუთის დამზადებაზე, რომელზე ხელმოწერის უფლებაც ჩემს ძმას არ ჰქონდა, რადგან თანამდებობრივად არ ეხებოდა. ბრალდებაში ხაზს უსვამენ, რომ თითოეული ეპიზოდი მინიმუმ 4 და მაქსიმუმ 7 წელს გულისხმობს და შეკრებითობის პრინციპით 20-დან 35 წლამდე პატიმრობა გამოდის. მან დილითვე გაიგო, რომ ფირმაში, სადაც მუშაობდა, დაჭერები დაიწყო, მაგრამ სამსახურში გამოცხადდა. მას რომ რაიმე Bბრალი ჰქონოდა, ხომ არ მივიდოდა?

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ძმა არ დაიმალა და არც გამოძიებასთან თანამშრომლობაზე ამბობს უარს (სანამ საქმეს გაეცნობა, მანამდე დუმილის უფლებას იყენებს), მის მიმართ არ იქნა გამოყენებული რაიმე სხვა აღმკვეთი ღონისძიება, გარდა პატიმრობისა. ეს ყველაფერი ცხადყოფს, რომ ეს პოლიტიკური ანგარიშსწორებაა.

ხელისუფლებას დაბეჩავებულ, დამონებულ ბრბოდ უნდა გვაქციოს, მაგრამ არ გამოუვა.

- თუმც ხელისუფლება ასეთ ძალას ვერ ხედავს ოპოზიციაში და "ქართულ პარტიაში". ამბობენ, ესენი ერთად უკვე იყვნენ, მაგრამ რა შეძლესო? რა შეიცვალა ახლა?
- ადრე ერთობა იყო ცალკეულ პარტიებს შორის.  ჩვენ კოალიციას კი არ ვქმნით, სრულიად განსხვავებული ადამიანები ვაშენებთ ერთ ძლიერ პარტიას, რომელსაც აქვს მხარდაჭერა და რესურსები. ცინიზმი - რაც გვინდა, ვშვრებით და რას დაგვაკლებენო - აუცილებლად ცუდად შემოუბრუნდება ხელისუფლებას.
ცინიკოსი ხელისუფლება გვეუბნება, ჩვენ ჩავიდენთ უკანონობას და თქვენ რას გვიზამთო. ნახავენ, რასაც ვუზამთ!

3-4 წლის წინ ეს ხელისუფლება ჯერ კიდევ ცდილობდა, თავი დემოკრატად მოეჩვენებინა, მაგრამ როდესაც ქართველმა და  საერთაშორისო საზოგადოებრიობამ უთხრა, საქართველოში არ არის დემოკრატია, არ არის დაცული კანონი, ადამიანის უფლებები და ავისმქნელები ხართო, ხელისუფლება პასუხობს:  დიახ, ასეთები და იმაზე უარესებიც ვართ, ვიდრე თქვენ გგონიათო. ასეთ ცინიკურ ნათქვამზე ჩვენი პასუხია, ამას არ შევეგუებით და არ გაპატიებთ. გაცილებით ძლიერი დიქტატურები დამარცხებულა მცირე ხანში. 

- როდესაც ამბობთ, ხელისუფლება ნახავს, რასაც ვიზამთო, მხოლოდ "ქართული პარტიის" ძალისხმევაზე მიანიშნებთ თუ ოპოზიციის თანადგომის იმედიც გაქვთ?
- დარწმუნებული ვარ, ოპოზიცია გამონახავს საერთო ენას. ვნახოთ, რა მოხდება 4 ნოემბერს... თუ ფორუმი დაინახავს, რომ საკმარისი ძალა არა აქვს, შეიძლება უფრო ფართო კოალიციაზე ვიფიქროთ.

- ამას წინათ რეიტინგები გამოქვეყნდა, სადაც ჩანს, რომ ხელისუფლება წარმატებულია და მხარდაჭერაც აქვს.
- ამ ხელისუფლების გამოქვეყნებული რეიტინგების არ მჯერა. გამოკითხვის ჩამტარებელიც ამ ხელისუფლების ნაწილად მიმაჩნია. ერთ-ერთი ამერიკული ორგანიზაციის კვლევით, საპრეზიდენტო არჩევნების წინ, 2007 წლის ბოლოს, ლევან გაჩეჩილაძის რეიტინგი თბილისში 11% იყო, რეალურად კი ლევანმა  თბილისში  42% მიიღო. აი, ასეთ კვლევებს ატარებენ ეს ორგანიზაციები.

მიუხედავად იმისა, რომ ხალხი დათრგუნვილია,  მაინც იგრძნობა საოცარი მუხტი. რამდენიმე დღის წინ ჩვენი პარტიის წარმომადგენელი გამოდიოდა მეორე არხზე და საზოგადოების წარმომადგენლების შეფასებებს რომ ვუსმენდი, ცოტა არ იყოს, შემეშინდა. ვფიქრობ, ძალიან რთულ ამოცანას ვუსახავ საკუთარ თავს, როდესაც ვამბობ, ეს ხელისუფლება გაშმაგებული ხალხისგან უნდა დავიცვა-მეთქი, რადგან  საზოგადოება ძალიან გამწარებულია.
Tazo
04 ნოემბერი 2010 16:47
სოზარ სუბარო, თქვენზე მეტი ცინიკოსი ვინ არის? 4-5 წელიწდი მთელ ქვეყანას უმტკიცებდით, რომ სამართლის ანობის და ადამიანის უფლებების დამცველი პიროვნება ხართ და ამ დროს ადამიოანის უფლებების ყვლაზე მეტი შეუ1რაცმყოელი პიროვნების ..დიდი მხედართმთავარის" საააკაშვილისავით გოგლიმოგლით გაზრდილის. (3 დღეც რომ ვერ გაძლო ციხეში)გვერდით დადექით.არ გიკვირს თქვენს ინ0ტერვიუს გამოხმაურებები რომ არ აქვს? იმიტომ რომ თქვენ და თქვენი ამფონები ქართევლი ხალხის თვალში ნული ხართ და ასეც დარ ცებით.თქვე ჩასარეცხებო. მეზიზღება ყველა ფარისეველი.
dio
02 ნოემბერი 2010 09:19
სოზარ, შენი არ მჯერა. ხათუნა პაიჭაძეს შენთან უნდა აეღო ინტერვიუ სვანურად ბიბლიის თარგმნის თაობაზე

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას „რუსთავი 2“-ის საქმეზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას „რუსთავი 2“-ის საქმეზე?