"ამერიკამ პირდაპირ თქვა, რომ არ დაუთმობს რუსეთს ანაკლიის პორტს..." - კვირის პალიტრა

"ამერიკამ პირდაპირ თქვა, რომ არ დაუთმობს რუსეთს ანაკლიის პორტს..."

"მრჩება შთაბეჭდილება, რომ ერთგვარი ყულფი იკვრება რუსეთის გარშემო და ამ საერთო სტრატეგიაში საქართველოს ძალიან დიდი როლი ენიჭება"

"იმედი მაქვს, საქართველო ბოლომდე მიიყვანს ანაკლიის პორტის პროექტს, რომელიც გააღრმავებს საქართველოს ურთიერთობას თავისუფალი ეკონომიკის ქვეყნებთან და თავიდან აარიდებს რუსულ და ჩინურ ეკონომიკურ ზეგავლენას, რომელთაც არა აქვთ კეთილი სურვილები თქვენი ქვეყნის მიმართ. ეს მოჩვენებითი მეგობრები საქართველოს ინტერესებს არ ითვალისწინებენ", - ეს განცხადება, რომელიც დიდი მოულოდნელობა აღმოჩნდა ბევრისთვის ჩვენს ქვეყანაშიც და მის გარეთაც, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მან ასევე მიუთითა საქართველოს ხელისუფლებას დამოუკიდებელი სასამართლოსა და სამართლიანი არჩევნების აუცილებლობაზე. სწორედ პომპეოს განცხადებების შეფასებით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძესთან:

- დავიწყებ იმით, რომ პომპეოს განცხადება იყოს ძალიან არადიპლომატიური. ვგულისხმობ იმას, რომ, როგორც წესი, ასე დიპლომატები დახურული შეხვედრებისას ლაპარაკობენ. საქმე ეხება პომპეოს საუბრის იმ ნაწილს, რომელიც ანაკლიის პორტს შეეხება და რომლის თანახმადაც, ამერიკამ არა მხოლოდ პირდაპირ დაავალდებულა საქართველო, დაასრულოს ანაკლიის პორტის მშენებლობა იმ ოპერატორების მონაწილეობით, რომლებიც წარმოადგენენ კონსორციუმს, არამედ ისიც აღნიშნა, რომ რუსეთისა და ჩინეთის აქტიური მონაწილეობა საქართველოს ეკონომიკაში და განსაკუთრებით - ანაკლიის პორტის პროექტში, აშშ-ისთვის კატეგორიულად მიუღებელია. აშშ-მა ამ განცხადებით, ფაქტობრივად, თქვა, რომ ის არ დაუთმობს რუსეთს ანაკლიის პორტს და არ შემოუშვებს ჩინეთს შავ ზღვაზე.

ისმის კითხვა: რატომ გახდა ამის საჯაროდ თქმა საჭირო? სავარაუდოდ, იმიტომ, რომ დახურულ კარს მიღმა ასეთმა მოლაპარაკებებმა შედეგი არ გამოიღო. როგორც ჩანს, ამერიკული მხარე იძულებული გახდა, ეს ყველაფერი საჯაროდ გამოეტანა და ყველასთვის დაენახებინა თავისი პოზიცია.

ამ განცხადებით აშკარად ითქვა ისიც, რომ ანაკლიას, გარდა ეკონომიკური მნიშვნელობისა, სხვა დატვირთვაც აქვს, რის თაობაზე ლაპარაკსაც უსაფრთხოების საკითხებში ჩახედული ხალხი აქამდე ვერიდებოდით, თუმცა პომპეოს ამ განცხადებამ ცხადი გახადა ის ასპექტიც, რომ ანაკლიის პორტს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ აშშ-ისთვისაც სამხედრო-პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს.

ახლა გადავიდეთ საკითხის საგარეო კონტექსტზე... ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ თურქეთმა საბოლოოდ გადაწყვიტა რუსული C-400 -ების შეძენა, მიუხედავად აშშ-ის გააფთრებული მცდელობისა, მისთვის ხელი შეეშალა. ამერიკელების სანქციებით მუქარა უშედეგო გამოდგა. ლაპარაკი იყო თურქეთის ნატოდან გარიცხვაზეც, თუმცა ამგვარი მექანიზმი ნატოს წესდებაში არ არსებობს. ასეც რომ არ იყოს, თურქეთის სამხედრო კონტინგენტი ნატოში სიდიდით მეორეა და ის ამითაც ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა, თუმცა ცხადი გახდა, რომ ერდოღანის მეთაურობით თურქეთი ვეღარ არის აშშ-ის და ნატოს საიმედო და სტაბილური პარტნიორი. ერთ ინტერვიუში ძნელია იმის ანალიზი, თუ რატომ დაიძაბა ასე ურთიერთობა თურქეთსა და დასავლეთს შორის, თუმცა ამაში მთავარი მაინც ქურთების საკითხია - თურქეთს ეშინია, რომ მის, სირიის, ერაყისა და ირანის ტერიტორიებზე მცხოვრებმა ქურთებმა აშშ-ის ხელშეწყობით ერთიანი დამოუკიდებელი სახელმწიფო არ ჩამოაყალიბონ...

შედეგად კი მივიღეთ რეალობა, როდესაც ნატოს წევრი ქვეყანა იარაღდება რუსეთის თანამედროვე სამხედრო სისტემებით, რომლის საწინააღმდეგოდაც თავის დროზე ნატო შეიქმნა. ამ ვითარებაში გასაგებია, რომ დასავლეთისთვის საქართველოს მნიშვნელობა ერთიორად იზრდება. ამასთანავე, კიდევ ერთი კონტექსტია მნიშვნელოვანი - ვგულისხმობ შავ ზღვასთან დაკავშირებით ნატოს ახალ სტრატეგიას, რომლის მიზანიც არის შავი ზღვის აუზში რუსეთის გავლენის მაქსიმალურად შეზღუდვა. მოკლედ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით საქართველოს ძალიან დიდი როლი დაეკისრა.

ცხადად ჩანს, რომ ამერიკელები სწორედ ამ კონტექსტით განიხილავენ ანაკლიის პორტსაც, რასაც აღარც მალავენ.

ამავდროულად, პოლონეთში ნატოს სამხედრო კონტინგენტი 1000 ჯარისკაცით იზრდება, რასაც რუსეთის ძალიან მძიმე რეაქცია მოჰყვა... მრჩება შთაბეჭდილება, რომ ერთგვარი ყულფი იკვრება რუსეთის გარშემო და ამ საერთო სტრატეგიაში საქართველოს ძალიან დიდი როლი ენიჭება. ჩვენ, ფაქტობრივად, ვხდებით უაღრესად მნიშვნელოვანი ქვეყანა ფრონტის ხაზთან, რომელსაც ნატოსა და რუსეთის შერკინების ახალი ეტაპი ჰქვია.

- პომპეოს განცხადების შემდეგ რუსეთის რეაქციამაც არ დააყოვნა. გრიგორი კარასინმა დაუფარავად განაცხადა, საქართველოს ნატოში გაწევრება საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე დამღუპველად იმოქმედებსო, რაც ჩვენში მუქარად აღიქვეს. მისივე თქმით, რუსეთს აშფოთებს საქართველოს ნატოში დაჩქარებული წესით გაწევრების ალბათობა და ანაკლიის პორტის მშენებლობა, რასაც კრემლი ამერიკისა და ნატოს ინტერესების კონტექსტში განიხილავს. - კარასინის განცხადებები ნამდვილად ჰგავდა მუქარას, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ სწორედ მისი ნათქვამით გავიგეთ - თურმე დღის წესრიგში დგას საქართველოს ნატოში დაჩქარებულად გაწევრების საკითხი. კარასინი იმასაც ამბობს, რომ დეკემბერში, როდესაც ნატოს საიუბილეო სამიტი გაიმართება, შეიძლება დღის წესრიგში დადგეს საქართველოს ნატოში გაწევრების საკითხი.

აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ გვიდგას ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გადამწყვეტი ეტაპი და ამავდროულად, ვდგავართ ძალიან საშიში გამოწვევის წინაშეც...

მსოფლიო პოლიტიკურ თეატრში შერკინების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სცენა, შესაძლოა, სწორედ ჩვენთან გათამაშდეს.

ჯერჯერობით გამოვრიცხავ სამხედრო დაპირისპირების საფრთხეს, მაგრამ ის, რაც კარასინისგან მოვისმინეთ, აშკარად არის ე.წ. არაკონვენციური ომის ერთ-ერთი გამოვლინება. ამავდროულად, ეს არის უნიკალური შანსი საქართველოსთვის, რომლისთვისაც იხსნება შესაძლებლობების ახალი ფანჯარა, თუმცა ვიდრე ჩვენ ამ ღია ფანჯარაში შევაბიჯებთ, ძალიან ბევრი დაბრკოლებისა და გამოწვევის გადალახვა მოგვიწევს... რუსეთი ამას გულხელდაკრეფილი არ შეხვდება.

- ბუნებრივია, ისმის კითხვა: რა შეიძლება მოიმოქმედოს რუსეთმა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ? - რადგან საქართველოს აშშ-ისა და ნატოსთვის ასეთი მნიშვნელობა ენიჭება, ბუნებრივია, მათ საკუთარ სტრატეგიაში ჩადებული ექნებათ "დამცავი ბალიშებიც" იმისთვის, რომ ნატოში გაწევრებამდე საქართველო რუსეთმა არ გადაყლაპოს...

საინტერესოა, რა და რამდენად ეფექტიანი იქნება ეს "დამცავი ბალიშები". როდესაც ასე აშკარად ლაპარაკობენ ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე, ცხადია, რომ ნატოსთვის საქართველოს დაცვა არაწევრი ქვეყნის სტატუსითაც კი სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება... არა იმიტომ, რომ საქართველო ვიღაცას უყვარს, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ მათ აქვთ საქართველოსთან დაკავშირებული პრაგმატული ინტერესები. უკვე ვთქვი, რომ პირდაპირ სამხედრო აგრესიას ამ ეტაპზე არ ველი...

რუსეთისგან პირველი დარტყმა შეიძლება იყოს ეკონომიკური, ანუ რუსული ბაზრის ჩაკეტვა... ჩვენი ეკონომიკისთვის ეს ბაზარი სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ისევე, როგორც ტურისტული ნაკადი ამ ქვეყნიდან... ამ ყველაფრის აკრძალვა სერიოზული დარტყმა იქნება საქართველოსთვის, ამიტომ ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სწორედ ამ მიმართულებით უნდა იმუშაოს: ერთი მხრივ - ქვეყნის პროდუქციის სხვა ბაზრებზე გასატანად, მეორე მხრივ კი - პრევენციულ ზომებზე, რაც ამგვარი დარტყმის შემთხვევაში მძიმე შედეგს თავიდან აგვაცილებს.

კიდევ არაერთი მიმართულებით შეიძლება შემოგვიტიოს რუსეთმა. ვფიქრობ, შეიძლება ითქვას, რომ პომპეოს განცხადების შემდეგ თავისი სახელი დაერქვა ყველაფერს, რაც ბოლო თვეების განმავლობაში ვიხილეთ, დაწყებული პანკისის პროცესებით, გაგრძელებული დავითგარეჯის თემით და დასრულებული იმით, რაც 15 ივნისს თბილისის ქუჩებში ხდებოდა - ვგულისხმობ რამდენიმე ლგბტ აქტივისტის წინააღმდეგ აქციების გამართვას...

- როგორ ფიქრობთ, ამ პროცესის ესკალაციაც მიზანმიმართულად ხდება?

- რა თქმა უნდა. ნებისმიერი ძალადობა მიუღებელია, თუმცა, როცა ქვეყანა ამხელა გამოწვევების წინაშე დგას, რა დროს ლგბტ თემით სპეკულაციაა. ეს არის მცდელობა, რომ საზოგადოების ყურადღებამ უმნიშვნელოვანესი საკითხებიდან მეათეხარისხოვან თემებზე გადაინაცვლოს. მეტიც - ხშირი დაპირისპირება და არეულობა აწყობს ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს... არ გამოვრიცხოთ, რომ შეიძლება ამ დაპირისპირების მონაწილე ორივე მხარე სიტუაციის ესკალაციის მიზნით ერთი "ავტორისგან" იმართებოდეს.

გავიხსენებ სუს-ის 2018 წლის ანგარიშს, რომელშიც პირდაპირ წერია, თუ რა მეთოდებს იყენებს რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ. ეს არის საზოგადოების კონფრონტაციის პროვოცირება, გახლეჩა და ერთმანეთზე წაკიდება; ასევე საქართველოს უახლოეს მეზობლებთან კონფრონტაციის ინსპირირება, პროვოკაციების მეშვეობით დაპირისპირების წაქეზება ეთნიკურ, რელიგიურ თუ სხვა უმცირესობებთან... სუს-ის ანგარიშში მოყვანილი საფრთხეების რეალობად ქცევის მცდელობებს აშკარად ვხედავთ ქვეყნის შიგნით. ვფიქრობ, რუსეთი ყველაზე მეტად ამ მიმართულებით გააქტიურდება და შემდგომ ნაბიჯებს გადადგამს იმის მიხედვით, რას მოახერხებს, რამდენად შეძლებს ჩვენს საზოგადოებაში განხეთქილების შეტანას.

დღეს, როგორც არასდროს, ჩვენს საზოგადოებას სჭირდება კონსოლიდაცია. არ უნდა დავუშვათ ვიწრო და უცხო ქვეყნის ინტერესებით მოქმედი ჯგუფების მიერ კონფლიქტების ინსპირირება.

- ანაკლიის პორტის თემას დავუბრუნდეთ... რით ახსნით კონსორციუმის წინააღმდეგ ხელისუფლების აშკარად მიზანმიმართულ მოქმედებას? - ერთი მხრივ, ხელისუფლებას ჰქონდა ფორმალური საფუძველი, რომ კონსორციუმისთვის პრეტენზიები წაეყენებინა. თუ არ ვცდები, სახელმწიფომ კონსორციუმს მეექვსედ გადაუვადა ფინანსური ვალდებულებები. როგორც ჩანს, აქამდე აშშ-ც არ ჩქარობდა ამ პროექტის მშენებლობას. როგორც ჩანს, მათთვის პირველ ეტაპზე მთავარი იყო, პროექტი რუსული და ჩინური გავლენებისგან დაეცვათ, მაგრამ მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ თავისი მოთხოვნები წამოაყენა, დღის წესრიგში დადგა ანაკლიის პორტის განხორციელებაში რეალური ინვესტიციების ჩადების საკითხი. ველი, რომ ამის შემდეგ, ფინანსური ვალდებულებების თვალსაზრისით, პროცესები ამერიკიდანაც უფრო სწრაფად განვითარდება.

რაც შეეხება ხელისუფლების მოტივაციას, როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლება ამ პორტთან დაკავშირებით რუსეთის უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშ იყო და ამ ვითარებიდან ეძებდა ისეთ გამოსავალს, რომელიც ქვეყანას ნაკლებად დააზარალებდა. შესაძლოა, ამ გამოსავლად მათ სწორედ დროის გაჭიანურება ესახებოდათ...

- მინდა ვისაუბროთ პომპეოს განცხადების იმ ნაწილზე, რომელიც არჩევნებს ეხება... "მოვუწოდე საქართველოს, გააუმჯობესოს სასამართლო სისტემა და დაადასტუროს, რომ მისი დემოკრატია მოიცავს თავისუფალსა და სამართლიან არჩევნებს", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა. მისი პოზიციის გათვალისწინებით, რეალურია თუ არა, "ქართულმა ოცნებამ" გაიზიაროს ოპოზიციის მოთხოვნა და 2020 წლისთვის გააუქმოს მაჟორიტარული წესით არჩევნები? - მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო თემა გაცილებით უფრო რბილად იყო ნახსენები, მე მაინც მომაგონა სააკაშვილის შეხვედრები ობამასა და კლინტონთან 2012 წლის არჩევნების წინ, როდესაც მას ასევე საჯაროდ უთხრეს, რომ უნდა გადაეცა ხელისუფლება ოპოზიციური ძალისთვის, თუ ის არჩევნებში გაიმარჯვებდა. ფაქტობრივად, იგივე მოვისმინეთ დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური კონტექსტი სრულიად განსხვავებულია. საქმე ის არის, რომ იმჟამად რეალურად არსებობდა პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეეძლო ძალაუფლების გადაბარებაც და შენარჩუნებაც სტაბილურობის გარანტიით.

დღეს ეს პრობლემა ნამდვილად არის. არ ჩანს ძალა, რომელმაც შეიძლება ჩაანაცვლოს "ქართული ოცნება". ჩემთვის მთავარი კითხვა ასეთია: იმ ფონზე, როდესაც აშშ უკმაყოფილოა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მოქმედებით ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, რას მოიმოქმედებს და როგორ შეეცდება ქვეყანაში არსებული კონფიგურაციის გადალაგებას, ანუ ვისზე დადებს ფსონს "ქართული ოცნების" შესავიწროებლად?

როგორი მძიმე იყო ბახტაძისთვის დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებები - ამაზე შეიძლება ვიმსჯელოთ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა რეაქციებით. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ კარს უკან საქართველოს ხელისუფლება გვარიანად შეახურეს.

განსაკუთრებით ირაკლი კობახიძის რეაქციას გავიხსენებ, რომელმაც განაცხადა, საარჩევნო რეფორმისთვის კომისიას შევქმნით და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ყველა მოწოდებას გავითვალისწინებთო. ამასთანავე, სოციალურ ქსელებში "ქართული ოცნების" მომხრეებისგან გაისმა ვადამდელი არჩევნების ჩატარების იდეაც...

ჩემი აზრით, "ქართული ოცნება" ყველაფერს გააკეთებს, რომ 2020 წელს მხოლოდ პროპორციულ არჩევნებზე არ წავიდეს. შესაძლოა, ამისთვის ვადამდელი არჩევნები მართლაც ჩაატარონ და თქვან, საკანონმდებლო ცვლილებები ვეღარ მოვასწარითო...

არ ვიცი, ადეკვატური იქნება თუ არა საქართველოს ხელისუფლება ამერიკული გზავნილების მიმართ - წავა ვითარების ესკალაციის მიმართულებით, რაც ქვეყნისთვისაც და მისთვისაც დიდი საფრთხე იქნება თუ წავა რადიკალური რეფორმების გზით. ამაზე ლაპარაკი ჯერ ძნელია, თუმცა უახლოესი მომავალი ყველაფერს გვიჩვენებს.

- მოგეხსენებათ, ორი ახალი პარტია შეიქმნა, თუმცა ძველი სახეებით. ერთი - ეკა ბესელიას, მეორე კი თავდაცვის ექსმინისტრ ირაკლი ოქრუაშვილის გარშემო... - პომპეოს განცხადებამ, შეიძლება ითქვას, რომ გახსნა შესაძლებლობების ფანჯარა ოპოზიციური პარტიებისთვის. ამასთან, ახალშექმნილ და ძველ პარტიებსაც აშკარად ჰგონიათ, რომ იმ 3%-იან ბარიერს, რომელიც მომავალ არჩევნებზე იქნება, ადვილად გადალახავენ.

ველი, რომ სექტემბრისთვის შეიძლება კიდევ გამოჩნდეს ორი-სამი ახალი პოლიტიკური პარტია... ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ ვინ გამოვა პოლიტიკურ ველზე და შესთავაზებს თუ არა საზოგადოებას როგორც "ქართული ოცნების", ისე "ნაციონალური მოძრაობის" ალტერნატივას. დღეს ვითარება ასეთია: ერთ მხარეს არის "ქართული ოცნება", მეორე მხარეს - "ნაციონალური მოძრაობა". ვფიქრობ, პოლიტიკური სპექტრი გადალაგდება მათ შორის და იქნება მესამე ფლანგიც - პირობითად მას დავარქმევ ნეიტრალიტეტის მომხრეთა ფლანგს, რომელშიც, სავარაუდოდ, ვიხილავთ ინაშვილს, ბურჯანაძეს და ვასაძეს...

კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც იმოქმედებს პოლიტიკურ სპექტრზე, რა თქმა უნდა, არის სააკაშვილი თავისი უკრაინული ამბიციებით. ის არჩევნებში საკუთარი პარტიით მონაწილეობას აპირებს. მინდა გითხათ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" პერსპექტივა პირდაპირ არის მიბმული სააკაშვილის უკრაინაში მოღვაწეობაზე და იმაზე, რა წარმატების მიღწევას შეძლებს ის უკრაინულ არჩევნებში. დღეს გამოქვეყნებული მონაცემებით, სააკაშვილის კი არა, იულია ტიმოშენკოს პარტიაც ვერ ლახავს ბარიერს რადაში მოსახვედრად. ასე რომ, სააკაშვილი იოლი ამოცანის წინაშე არ დგას.

თუ ჩვენმა საზოგადოებამ დაინახა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" რეინკარნაციის დრო დგება, ძალიან ბევრი დაფიქრდება, რა იქნება მისთვის გადარჩენის გზა - მასთან დაპირისპირება თუ საერთო ენის გამონახვა. დიდი ნაწილი, ალბათ, საერთო ენის გამონახვას ეცდება, ანუ დაიწყება დაახლოებით ის პროცესები, რაც 2002 წელს შევარდნაძის ხელისუფლებაში ხდებოდა, როდესაც მისი უახლოესი გარემოცვის წევრები, მინისტრების ჩათვლით, სააკაშვილის თამაშს თამაშობდნენ.

თუმცა ჯერჯერობით არ ჩანს ოპოზიციური ძალა თუ ძალათა გაერთიანება, რომელიც მოახერხებს და 2020 წელს ხელისუფლებაში "ქართულ ოცნებას" ჩაანაცვლებს.