"ამ ხალხს ძალიან ექაჩება საბჭოთა წარსული" - კვირის პალიტრა

"ამ ხალხს ძალიან ექაჩება საბჭოთა წარსული"

"ფაქტია, უნდათ კრიტიკისგან დაცული იყვნენ და გალავანი შემოირტყან. გრძნობენ, რომ ხალხი უფრო და უფრო აგრესიული ხდება და მთავრობის გინებაც სულ უფრო ხშირად ისმის"

მედიისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საგანგაშო მცდელობა თუ ქართულ პოლიტიკაში სიძულვილის ენის აღმოფხვრა - კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური პარლამენტს მოუწოდებს დააჩქაროს იმ კანონპროექტის განხილვა, რომელიც სიძულვილის ენას, ომის პროპაგანდასა და არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენისგან დაცვას კანონით დაარეგულირებს. ბექაურის ინიციატივას იწონებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე: "სიძულვილის ენა არის ის საკითხი, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს და საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდოს. მთავარია, შეზღუდვა ლეგიტიმურ ჩარჩოებში იყოს მოქცეული".

ცნობისთვის: კომუნიკაციების კომისიამ კანონპროექტი 2018 წლის დეკემბერში მოამზადა და "მაუწყებლის შესახებ" კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს. ბექაურის თქმით, სიძულვილის ენა როგორც წინასაარჩევნო, ისე სხვა პერიოდშიც პრობლემაა და სასწრაფო დარეგულირებას საჭიროებს.

მოქმედი კანონმდებლობით, სიძულვილის ენა, ომის პროპაგანდა და არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის საკითხები მაუწყებლების თვითრეგულირების ორგანოებში განიხილება. მიღებული გადაწყვეტილებების კომისიაში ან სასამართლოში გასაჩივრება დაუშვებელია. იმ კანონპროექტით კი, რომლის დაჩქარებულ განხილვასაც ბექაური ითხოვს, გასაჩივრების უფლება მაუწყებელთა თვითრეგულირების ორგანოს რჩება, ხოლო კომისიაში ან სასამართლოში გასაჩივრება მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც დაინტერესებული პირი თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილებით იქნებოდა უკმაყოფილო.

კახა ბექაურის თქმით, ევროპელმა ექსპერტებმა მოამზადეს დასკვნები, სადაც ნათქვამია, რომ ქართული კანონმდებლობა შეუსაბამოა ევროპის კანონმდებლობასთან და სიძულვილის ენის საკითხი თვითრეგულირებიდან რეგულირების სფეროში უნდა გადავიდეს.

სად გადის ზღვარი სიძულვილის ენასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის, უბრუნდება თუ არა ქვეყანა საბჭოთა კავშირის მანკიერ პრაქტიკას, ამ საკითხებზე "კვირის პალიტრას" სამოქალაქო მოძრაობის დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი ესაუბრა.

- ცოტა გაუგებარი კანონპროექტია, მით უმეტეს, "ოცნებისგან", ირაკლი კობახიძე ყველაზე მეტს ლაპარაკობს სიძულვილის ენით.

- თქვენი აზრით, რას ემსახურება ეს ინიციატივა? - ალბათ, კრიტიკული აზრის ჩახშობა უნდათ და ამას სიძულვილის ენას არქმევენ, ოღონდ სიძულვილის ენად ოპონენტების ნათქვამი ჩაითვლება. თვითონ რასაც იტყვიან, ის ნებადართული იქნება.

- მედიაში თითქმის ყოველდღიური გახდა უცენზურო სიტყვები, შეურაცხყოფა, რამაც საზოგადოების ერთი ნაწილის პროტესტი გამოიწვია. სად გადის ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და სიძულვილის ენას შორის? - სად გადის, არ ვიცი, მაგრამ ეს იდეა რომ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისა და კრიტიკული აზრის ჩახშობისკენ არის მიმართული, ფაქტია.

- კონკრეტულად, რა შეიძლება ჩაითვალოს სიძულვილის ენად? გინება, შეურაცხყოფა, კიდევ რა? - არ ვიცი. ჩემი ტვინი ისე არ არის მოწყობილი, როგორც "ქართული ოცნების" წევრების. ვერაფრით წარმოვიდგენ იმას, რასაც ისინი კანონპროექტად აქცევენ. ფაქტია, უნდათ კრიტიკისგან დაცული იყვნენ და რაღაც გალავანი შემოირტყან. გრძნობენ, რომ ხალხი უფრო და უფრო აგრესიული ხდება და მთავრობის გინებაც სულ უფრო ხშირად ისმის. თუმცა ამისგან თუ რისგან უნდათ თავის დაცვა, ზუსტად ვერ გეტყვით, მათი აზრების ამოცნობა ძალიან მიჭირს.

- კანონპროექტის ავტორი, მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური ამ კანონის სასწრაფოდ მიღებას ითხოვს. - მარეგულირებელ კომისიაში ბექაურიც არაფრის კეთებით არის დაკავებული, თუმცა უზარმაზარ ხელფასს იღებს. არ ვიცი, რატომ არ მიიღეს მანამდე ეს კანონი, თუმცა ფაქტია, ამ ფორმით მისი მიღება არ შეიძლება.

ასაკის მიუხედავად, ირაკლი კობახიძე და მთელი "ქართული ოცნებაც" საბჭოთა კავშირში არიან. საბჭოთა ყაიდაზე უნდათ ქვეყნის მოწყობა, ხალხზე ექსპერიმენტების ჩატარება და ენისთვის ლაგმის ამოდება, მაგრამ ამაოა, არ გამოუვათ.

- გასული წლის გაზაფხულზე პარლამენტში განიხილებოდა ანალოგიური კანონპროექტი, რომელიც მხატვრული ნაწარმოების, შემოქმედებითი პროდუქტის ცენზურას გულისხმობდა. საზოგადოების დიდი ნაწილის პროტესტის გამო ეს კანონპროექტი თაროზე შემოიდო. ბექაურის კანონიც ხომ არ გაიზიარებს მის ბედს? - ეს ყველაფერი ერთი ოპერიდან არის - ხან ნაწარმოებების დაჩეხა-კორექტირება უნდათ, ხან სიძულვილის ენად მონათლავენ ყველანაირ კრიტიკულ აზრს. ამ ხალხს ძალიან ექაჩება საბჭოთა წარსული, ის წარსული, რომელიც მათ გონებაშია ჩარჩენილი.

ხელისუფლება გაინაღდეს და ყველგან და ყველაფერში კრიტიკული აზრის მოსპობა უნდათ. იმის მაგივრად, ხალხს დაეხმარონ, ასეთი მავნებლობითა და სისულელეებით არიან დაკავებული.

- ბექაურის მტკიცებით, კანონპროექტი ევროკავშირის ნორმებთან შესაბამისობაშია მოსაყვანი და სწორედ ამ მიზანს ემსახურება "მაუწყებლის შესახებ" კანონში ცვლილებები. - სხვა ყველაფერი ხომ ევროპასთან ჰარმონიზებული გვაქვს და მარტო ესღა დაგვრჩა. ამასაც რომ გამართავენ, მერე ავშენდებით და ვიქნებით ისე, როგორც ევროკავშირში არიან - ევროკავშირის მსგავსი პენსია, შემოსავალი, ხელფასი და სხვა. ეს სისულელეა, ევროკავშირი არაფერ შუაშია.