იგეგმება თუ არა სამთავრობო ცვლილებები?! - კვირის პალიტრა

იგეგმება თუ არა სამთავრობო ცვლილებები?!

"თუ "ოცნება" პრემიერ-მინისტრს შეცვლის, ე.ი. რიგგარეშე არჩევნებისთვის ემზადება"

მედიაში უკვე მერამდენედ გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სამთავრობო ცვლილებები, მათ შორის პრემიერის შეცვლა იგეგმება. შეიძლება თუ არა ამ ინფორმაციას ჰქონდეს რეალური საფუძველი ამის თაობაზე "კვირის პალიტრას" პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ესაუბრა:

- თუ "ოცნება" რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას აპირებს, რა თქმა უნდა, მაშინ ძალიან აქტუალური იქნება სამთავრობო ცვლილება. ახალი პრემიერ-მინისტრი საჭიროა იმისთვის, რომ საარჩევნო სიას ჩაუდგეს სათავეში და შესაბამისად, შეიქმნება ახალი ლოკომოტივი.

- რიგგარეშე არჩევნები დგას დღის წესრიგში? - თუ არ აპირებენ არჩევნების ჩატარებას, ახალი პრემიერის დანიშვნას აზრი არა აქვს, რადგან ერთ წელიწადში კიდევ ერთ დისკრედიტირებულ პრემიერს მივიღებთ. სწორედ ეს დაემართა ბახტაძეს ერთ წელიწადში, ის ახლა აბსოლუტურად დისკრედიტირებულია და არაფრის შეცვლა არ შეუძლია. თუ "ოცნება" პრემიერ-მინისტრს შეცვლის, ე.ი. რიგგარეშე არჩევნებისთვის ემზადება.

- თუმცა, რამდენად რეალურია გადააყენონ ბახტაძე, რომელსაც აშშ-ში ფართომასშტაბიანი ვიზიტი ჰქონდა? - არ ვიცი, ბახტაძე რა გზავნილებით ჩამოვა. იქ ყოველთვის იმართება კულუარული საუბრები, როგორც წესი, შეფასებებიც და მოთხოვნებიც მძაფრია. ასე რომ, ბახტაძე რა პასუხსაც ჩამოიტანს, იმის მიხედვით მიიღებენ გადაწყვეტილებას.

ეს ვიზიტი ძალიან დიდ გავლენას მოახდენს სამთავრობო ცვლილებების გადაწყვეტილებაზე.

- ექსპერტების ნაწილის აზრით, ბახტაძეს ძალიან კარგი ინიციატივები აქვს, მაგრამ მუშაობაში ხელს უშლიანო. - თუ იდეას ხორცშესხმა არ უწერია, მის ავკარგიანობაზე ლაპარაკი აბსურდია. აზრი არ ექნება სხვა პრემიერის დანიშვნასაც, თუ არ მიეცა მუშაობის საშუალება.

- ვინ შეიძლება ხელს უშლიდეს ბახტაძეს? - ერთადერთი ადამიანი, რომელსაც დღეს ძალაუფლების ბერკეტები აქვს, ბიძინა ივანიშვილია. დანარჩენი მისი სამეფო კარია და ამ კარზე მიდის ბრძოლა. ბახტაძე ძალიან დასუსტდა ამ ბრძოლაში და მისი გავლენაც შესუსტებულია.

- რატომ დასუსტდა ბახტაძის გავლენა?

- ეტყობა, მის იდეებს მაინცდამაინც დიდი მოწონებით არ შეხვდნენ, არ იყო ისეთი, რაც ივანიშვილს აწყობდა. პიროვნულადაც, ალბათ, სუსტია, მხოლოდ თანამდებობით ტკბება და არ არის დაკავებული საქმით.

- შუალედურ არჩევნებამდე კულუარებში ამბობდნენ, რომ ივანიშვილი გახარიას გაპრემიერებას აპირებდა, თუმცა შემდეგ თქვეს, რომ თითქოს გახარიას კანდიდატურა მოიხსნა დღის წესრიგიდან და ამ პოსტზე მაია ცქიტიშვილის კანდიდატურა განიხილება. - როდესაც ახალ პრემიერს ამზადებენ, ძალიან ადვილად გამოსაცნობია - გაიხსენეთ ბახტაძის ვიზიტები მისი ფინანსთა მინისტრობისას. ის ინტენსიურად დადიოდა საზღვარგარეთ და ხვდებოდა სხვადასხვა თანამდებობის პირს. ამას ვერ ვიტყვით ვერც გახარიასა და ვერც მაია ციცქიშვილზე. ამასთან, პრემიერ-მინისტრად საზოგადოებისთვის უცნობი პირის დანიშვნა დიდი შეცდომა იქნება. იმედია, ხელისუფლებას გონიერება ეყოფა და ასე მოუმზადებლად არ დანიშნავს.

- როცა ბახტაძე დაინიშნა, მომზადების მას არაფერი ეტყობოდა და თითქოს არც რაიმე წინა პირობა არსებობდა. - შეგახსენებთ, რომ კვირიკაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრი გახლდათ და აქტიურად იყო დაკავებული საგარეო პოლიტიკით. პრემიერობამდე 7-8 თვით ადრე, პრაქტიკულად, სულ წასული იყო საზღვარგარეთ. მსოფლიოში ხდებოდა მისი პრეზენტაცია.

- უცხოეთში ვოიაჟები ხომ არ იქნება მომავალი პრემიერის საზომი? - საზომი არ არის, მაგრამ მაინც გახარია და ცქიტიშვილი ამით არ გამოირჩევიან. ამიტომ არა მგონია, ეს გადაწყვეტილება რეალურად იყოს მიღებული.

კიდევ ერთხელ ვამბობ - თუ რიგგარეშე არჩევნებს არ აპირებენ, არა მგონია, იგეგმებოდეს სამთავრობო ცვლილებები. თუ პრემიერ-მინისტრი შეიცვალა, იმის მანიშნებელია, რომ არჩევნები ჩატარდება.

თუ პრემიერის თანამდებობაზე გახარიას კანდიდატურა მოიხსნა, კარგია, რადგან ეს ქვეყნის გარეთ დიდ პროტესტს გამოიწვევს, სრულ იზოლაციაში აღმოვჩნდებით.

მაია ცქიტიშვილის კანდიდატურა არა მგონია ამომრჩევლისთვის მისაღები იყოს, რადგან სერიოზული პრობლემებია ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ვერ გამოირჩევა აქტიურობით, თან ქალი პრეზიდენტი გვყავს და პრემიერ-მინისტრიც ქალი, მგონი, მეტისმეტი იქნება.

- მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შეიცვლება რამდენიმე მინისტრიც. ვინ არის ივანიშვილის გარემოცვაში ყველაზე სუსტი რგოლი? - ვფიქრობ, დამოუკიდებლობის თამაშით ორი მინისტრი გამოირჩევა - სერგეენკო და გახარია, მათ ივანიშვილის ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვთ. სხვა ყველა მინისტრი დანამატივით არის და არაფერს წარმოადგენს.

დამოუკიდებლად არც ერთი არ მუშაობს და ეს დაადასტურა ყოფილმა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ, რომელმაც პარლამენტში გამოსვლისას თქვა, რომ პრაქტიკულად გადაწყვეტილებები არ მიიღება.

- თეა წულუკიანს თუ მოუწევს ამჯერად მაინც თანამდებობის დატოვება?

- წულუკიანი არასოდეს თამაშობს დამოუკიდებელ თამაშს, ყოველთვის რომელიღაც ჯგუფზეა მიერთებული. დღეს, ალბათ, უფრო გახარიას ფრთისკენ არის ორიენტირებული.

- ანუ გახარია თუ წავიდა, მასაც მოუწევს თანამდებობის დატოვება? - არ ვიცი, წულუკიანი ისეთი მოხერხებულია, შეიძლება მაინც გამოძვრეს.