რას პასუხობს ზურაბ აბაშიძე კარასინის მუქარას - კვირის პალიტრა

რას პასუხობს ზურაბ აბაშიძე კარასინის მუქარას

აშშ-დან ნატოსა და ანაკლიის პორტის შესახებ საქართველოს მხარდამჭერი განცხადებების გამო მოსკოვი აღშფოთებას ისევ ვერ მალავს და პრაღაში მორიგი შეხვედრისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა მორიგი მუქარანარევი გზავნილები გამოგვიგზავნა - ნატოში საქართველოს დაჩქარებული გაწევრების პერსპექტივით მოსკოვი შეშფოთებულია და "ეს საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე დამღუპველად იმოქმედებს". კარასინის თქმით, რაც მაიკ პომპეომ რუსეთსა და ჩინეთზე ანაკლიის პორტის კონტექსტში თქვა, კრემლს არ აწყობს.

კარასინის განცხადება მუქარად აღიქვა თბილისში ყველამ - ხელისუფლებამ, ოპოზიციამ და ექსპერტებმა, თუმცა როგორც რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, კარასინის განცხადებები ორი ქვეყნის ურთიერთობაში არაფერს ცვლის და საქართველო განაგრძობს ნატოსკენ სვლას.

- შეხვედრის დასაწყისში ყურადღება გავამახვილეთ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლების დაცვასა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე, რომ მიმდინარეობს რეგიონების მილიტარიზაცია, უხეშად ირღვევა საერთაშორისო სამართლის ნორმები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპები და მოვიყვანეთ კონკრეტული მაგალითებიც. ამას ყოველი შეხვედრის წინ ვაკეთებთ, სანამ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე გადავალთ. ვამახვილებთ ყურადღებას ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჟენევის მოლაპარაკებების თემაა.

დღის წესრიგის საკითხებიდან განვიხილეთ ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკა, სატრანსპორტო კავშირების პრობლემები, ამ სფეროებში ქართული კომპანიების მონაწილეობა და მათი ინტერესების დაცვა. საუბარი შეეხო საბაჟო მონიტორინგსაც, 2011 წლის შეთანხმების იმპლემენტაციას...

- უკვე 8 წელია ამ ხელშეკრულებაზეა ლაპარაკი და რჩება შთაბეჭდილება, რომ რუსეთს არ აწყობს მისი იმპლემენტაცია. - რაღაც წინსვლა არის. 23-24 მაისს შვეიცარიაში გაიმართა შეხვედრა და სამუშაო ჯგუფის წევრებმა ეს საკითხი განიხილეს. როგორც ცნობილია, რუსეთმაც გააფორმა ხელშეკრულება შვეიცარიასთან და შესაბამისი თანხაც ჩაურიცხა. უნდა ვიქონიოთ იმედი, რომ წინსვლა იქნება.

- ანაკლიის პორტს თუ შეეხო საუბარი? - ამ თემაზე სიტყვა არ თქმულა.

- როგორც ვიცი, რუსი ექსპერტები აპირებენ ჩამოსვლას ლუგარის ლაბორატორიის გამო. - ლუგარის ლაბორატორიაზე რუსეთი გამუდმებით აკეთებს კრიტიკულ განცხადებებს. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ ლაბორატორია მუშაობს თავისი პროფილით და მისი კარი ღიაა.

- შეხვედრის დასრულების შემდგომ კარასინმა თქვა, რომ საქართველოს წინსვლა ნატოსკენ "საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე დამღუპველად იმოქმედებს". ამ საკითხზე თუ ესაუბრეთ რუს კოლეგას? - კარასინმა მედიის წარმომადგენლების კითხვაზე გააკეთა ეს კომენტარი. ნატოს თემას ჩვენს შეხვედრებზეც ახსენებს ხოლმე. მათი პოზიცია კარგად არის ცნობილი და ჩვენი პასუხი ასეთია - პრაღის ფორმატში ამგვარი საკითხების განხილვა არ არის გათვალისწინებული. ჩვენი თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ჩვენი სუვერენული უფლება და არჩევანია. ეს თანამშრომლობა არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. ასეთი მოკლე პასუხით ამოიწურება ხოლმე ამ თემაზე საუბარი.

- რას შეიძლება ველოდოთ რუსეთისგან? - ვერ გეტყვით. ამაზე ფიქრი და მსჯელობა ექსპერტების პრეროგატივაა.