"დაბოლება" აღარ ჭრის ხალხზე" - კვირის პალიტრა

"დაბოლება" აღარ ჭრის ხალხზე"

"80-90-იანების ეპოქას მოვესწარი და ასე მგონია, დღემდე გრძელდება ის არეულობა, რაც მაშინ დაიწყო. იმედია, ოდესმე დავლაგდებით", - ამბობს "კვირის პალიტრასთან" საუბარში მწერალი და მთარგმნელი ალექსანდრე ელერდაშვილი.

- დავიწყოთ იმით, რომ "ფეისბუკში" ბლოგების გარდა, მეგობრებისთვის ერთგვარი ინტელექტკლუბი "რა? სად? როდის?" გაქვთ ჩამოყალიბებული. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ამას შემეცნებითი დატვირთვა აქვს...

- 2010-11 წლებში ინტენსიურად ვატარებდით "რა? სად? როდის?" თამაშის მსგავს ტურნირებს და პირობითად "100 კითხვა" ერქვა. მაშინ ფბ-ს ახალი წევრი ვიყავი და ეს საშუალებას მაძლევდა ახალი, საინტერესო მეგობრები შემეძინა. ამგვარ შემეცნებით გართობას ის დანიშნულებაც აქვს, რომ ადამიანები მოძალებული პოლიტიკურ-რელიგიური თემატიკისგან განიმუხტონ.

- ცხადია, თვალს ადევნებთ პოლიტიკურ პროცესებს და როგორ შეაფასებთ? - ჩემი, როგორც რიგითი მოქალაქის შეფასება არცთუ დადებითი იქნება - ყველა სფეროში უმართავი პროცესებია და რჩება შთაბეჭდილება, რომ არანაირ კონტროლს არ ექვემდებარება. 80-90-იანების ეპოქას მოვესწარი და ასე მგონია, დღემდე გრძელდება ის არეულობა. ჩვენ ის ადამიანები ვართ, რომლებიც გარდამავალ პერიოდში დავიბადეთ, კარგად არ გვესმის და ვერ ვეგუებით იმას, რაც დამოუკიდებელ ქვეყანას სჭირდება. ალბათ, მომავალი თაობა გათავისუფლდება იმ ცრურწმენებისგან, რომლებიც, გვსურდა თუ არა, ჩემი თაობის სულსა და გონებაში იყო დალექილი. ამ ცრურწმენებისგან ნაწილი გათავისუფლდა, ნაწილი - ვერა, ნაწილი კი თავს იკატუნებს და ფარისევლობს.

- ანუ მას შემდეგ იდეისა და ღირებულებებისთვის კი არა, მარტოოდენ ძალაუფლებისთვის ბრძოლა მიდის ქვეყანაში?

- ჩვენ რევოლუციური პერიოდი გავიარეთ - სამოქალაქო ომი, რომელიც გარკვეულწილად რევოლუცია და ერთი ეპოქიდან მეორეში გადასვლა იყო. ამას ყოველთვის თან სდევს სისხლის ღვრა, უბედურება და გაჭირვება. არსებობს დაუწერელი წესი - რევოლუციას ქმნიან იდეის მიმდევრები, მისგან სარგებელს კი ნახულობენ ნაძირალები და ვიგინდარები. მთლად ასე არ ვიტყოდი იმ ადამიანებზე, რომლებიც ბოლო 20 წელია პოლიტიკას განსაზღვრავენ, მაგრამ ფაქტია, რევოლუციამ მომხვეჭელები და პირადი კომფორტისთვის მებრძოლი პირები ამოატივტივა.

დამოუკიდებლობის სიკეთეებით სარგებლობენ არა ისინი, ვინც იდეებისთვის იბრძოდა, დამოუკიდებლობის იდეა შექმნა, არამედ ისინი, ვინც პირად კეთილდღეობაზე ზრუნავს.

- დღესაც ასრულებს მწერალი მედიატორის ფუნქციას და შუაკაცობს? - დღეს არავინ უსმენს მწერალსა და პოეტს. მან ტრიბუნის ფუნქცია დაკარგა...

კაცმა რომ თქვას, ახლანდელი პოეტი და მწერალი ვეღარც ამბობენ საზოგადოებისთვის საჭირო რამეს, "სულის პურს" დღეს ნაირგვარი საინფორმაციო საშუალება ქმნის, თუმცა საკითხავია, როგორია ეს "პური"?! რაკიღა საზოგადოება მას "მიირთმევს", ესე იგი, აკმაყოფილებს(?!).

სხვა ვითარება იყო მე-19 საუკუნეში: ილია და აკაკი სჭირდებოდა ეროვნულ ინტერესებსა და ქართული გენის შენარჩუნებას. მათ ეს ბრწყინვალედ შეძლეს. დღეს რა უნდა შევინარჩუნოთ, როცა გაუგებარია, რა ეპოქაში ვცხოვრობთ, რა არის ჩვენი დანიშნულება და მით უფრო, იქმნება გაუგებრობა, როცა აცნობიერებ იმ გამაოგნებელ ფაქტს, რასაც ნაირგვარი სტატისტიკური სააგენტოები ავრცელებენ, რომ ჩვენი კატასტროფული დემოგრაფიული ვითარების გამო სულ მალე შეიძლება უმცირესობაში აღმოვჩნდეთ. დამეთანხმებით, აქ თუნდაც "ლიტერატურული" ლოზუნგებით აღლუმების ჩატარება და დროშების ფრიალი კომიკურიც არის, თუმცა ეს კომიზმი ცრემლის მომგვრელი ხდება. აქვე დავაკონკრეტებ უცხოელი მწერლებით გატაცების თემასაც: კი ბატონო, დიდი მწერლები არიან დასავლეთში და ამას ჩემი შეფასება თუ განქიქება არ სჭირდება, მაგრამ, როგორც ვაკვირდები, ფართო მასებისთვის იმ მწერლების სიდიადეს გარკვეულწილად ის განსაზღვრავს, თუ რომელი პრესტიჟული პრემია აქვს მიღებული, რომელ ქვეყანაშია აღიარებული და ა.შ. დღეს ჩვენც გვყავს კარგი მწერლები, მაგრამ მათ შემოქმედებას ვერ ეცნობა მკითხველი სხვადასხვა მიზეზის გამო...

- არჩევნები და საქართველო... თქვენი აზრით, სამართლიანად ტარდება?

- არჩევნების ფორმა, რომელიც საქართველოშია დანერგილი და, როგორც ესენი ამბობენ, მსოფლიო სტანდარტებს შეესაბამება, წინასწარ გატარებული აგიტაცია-პროპაგანდა, ბიულეტენები და სხვა, მოძველებული სისტემაა. ირჩევენ და არჩეულებიც კარგად ხვდებიან, რომ მერე პასუხს არავინ მოსთხოვთ და სულაც არ ცდილობენ დანაპირების შესრულებას. ამომრჩეველმაც კარგად იცის, რომ რასაც დაჰპირდებიან, ილუზორული და განუხორციელებელია... ამიტომაც არჩევნებში მონაწილეობის აქტიურობა თანდათან იკლებს. ალბათ, აუცილებელია შეიცვალოს საარჩევნო წესი - ელექტრონულ სისტემაზე უნდა გადავიდეთ, წინასწარ პროპაგანდას არ უნდა ეწეოდნენ, უაზრო, ცრუდაპირებებს საერთოდ დადუმება სჯობს, წინასწარ არ უნდა გაცხადდეს კანდიდატი, წინასწარი კამპანია საერთოდ უნდა მოისპოს. "დაბოლება" აღარ ჭრის ხალხზე. მთაწმინდაზე მეორე ტურში საერთო ამომრჩევლის 41%-მა მიიღო მონაწილეობა და ეს დიდ წარმატებად ჩაითვალა. დანარჩენ 59%-საც რომ მიეღო მონაწილეობა, შედეგები უფრო სანდო იქნებოდა. მიმაჩნია, რომ უნდა დაინიშნოს 2-3-დღიანი საარჩევნო პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ამომრჩეველი ელექტრონული მოწყობილობებით (ახლანდელი "პრადვინუტი" იტყოდა, დივაისებით) მიაწვდის თავის აზრს საარჩევნო კომისიას, თუ ვის ირჩევს. მას შეუძლია დაასახელოს ნებისმიერი პიროვნება, ყველანაირი პარტიისა და დაჯგუფებისგან შორს მდგომი, რომელსაც ანდობს ქვეყნის მართვას. დასაშვებია, ისეთი ადამიანი გახდეს ქვეყნის მმართველი, რომელიც არც ფიქრობდა ამას, მაგრამ თანამემამულეებისგან მიიღებს ამ დავალებას. არ ვიცი, ვარგა თუ არა ეს წესი, მაგრამ პარტიული სიებით პარლამენტში მავანი ავანტიურისტების შეყვანას ნამდვილად სჯობია.

- 2020-ის საპარლამენტო არჩევნები მოდის. გამარჯვებულს ისევ "ოცნებას" ხედავთ? - საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ ერთი და იგივე ძალა, როგორც წესი, მხოლოდ ორი ვადით ახერხებს ძალაუფლების შენარჩუნებას. არსებული ორის გარდა, მესამე ძალას დღეს ვერ ვხედავ. ვფიქრობ, 2020-შიც ახლანდელი მმართველი ძალა გაიმარჯვებს, უბრალოდ, გადახალისება მოხდება და შემადგენლობა შეიცვლება.

- "ნაციონალურ მოძრაობას" ხელისუფლებაში მოსვლის შანსი აქვს? - არა. სააკაშვილი არის არაეროვნული პოლიტიკური მოღვაწე, რომელსაც წარმატების საშუალება თუ ექნება, სულ არ ანაღვლებს, რომელ ქვეყანაში მიაღწევს. ახლა ამბობენ, მოლდოვა სთხოვს სააკაშვილს დახმარებასო. როგორც ჩანს, დღეს იმ ქვეყანას სჭირდება ასეთი პოლიტიკოსი და ისიც წავა და დაეხმარება. ჩვენ უკვე "დაგვეხმარა"...

- რა მიგაჩნიათ ქვეყნისა და ერის ყველაზე დიდ პრობლემად? - პირველი არაპროფესიონალიზმია. როდესაც ადამიანი თავისი საქმის პროფესიონალია, ის საქმე უყვარს და ფიქრობს წარმატებაზე, თუ შენი საქმე არ იცი, არც გიყვარს. სამწუხაროდ, რელიგიურ თემასაც უნდა შევეხო და მოკლედ ვიტყვი - რელიგიისთვის დამახასიათებელი ცნებებით ბოროტად სარგებლობენ ისინი, ვინც მოჩვენებითი რწმენით პირადი კეთილდღეობის შექმნას ცდილობს. ეს დიდი უბედურებაა ქვეყნისთვის. არის კიდევ ერთი დამანგრეველი "ეროვნული თვისება" - ნეპოტიზმი და მაამებლობა.

- სპარსულ-ქართული ლექსიკონის ავტორი რას გვეტყვით, რამდენი სპარსული სიტყვაა ქართულში ფეხმოკიდებული?

- ერთხელ ირანში ვიყავით სუფრაზე და ქართველები რომ ერთმანეთში ვლაპარაკობდით, სპარსელებმა ბევრი სიტყვა გაიგეს და გვიმტკიცებდნენ, ქართული ენის 25% სპარსული (აღმოსავლური) ლექსიკით არის დღეს წარმოდგენილიო. ცხადია, ასე არ არის. 2012 წელს შევადგინე ლექსიკონი, სადაც 46 ათასი სიტყვაა, ცალკე კი ვიწერდი იმ ერთეულებს, რომლებიც თანამედროვე ქართულშია დამკვიდრებული და 1500-მდე სიტყვა მივიღე. ეს თანამედროვე ქართული ლექსიკის 25% ნამდვილად არ არის.

უცხო სიტყვათა სხვა ენაში დამკვიდრება ჩვეულებრივი მოვლენაა. ეს ყველა ენას ახასიათებს, უბრალოდ, ბოროტად არ უნდა გამოვიყენოთ. მაგალითად, კომპიუტერული ტექნიკა რომ შემოვიდა, მას ათეულობით თავისი სიტყვა შემოჰყვა. მაგალითად, "ფაილი" (თუმცა "ლინკს და მაუსს" შესატყვისი "ბმული და თაგუნა" მოვუძებნეთ).

თუ კაცი მოინდომებს, შეუძლია უცხო სიტყვათა "გაჯეჯილებასაც" აღუდგეს წინ, როგორც, მაგალითად, 1910-20-იანი წლების მოღვაწენი აღუდგნენ და "ფუტბოლის", "ბასკეტბოლის", "ჰენდბოლის", "ვატერპოლოს" შესატყვისი ქართული სიტყვები შექმნეს: ფეხბურთი, კალათბურთი, წყალბურთი და ა.შ. ეს კალკირებული თარგმანია, მაგრამ ხომ ქართული სიტყვებია და ხომ შეძლეს დაკანონება? შედარებისთვის: თანამედროვე სპარსულსა და სომხურში "ფუტბოლსა" და "ბასკეტბოლს" ამბობენ, რადგან მათ თავის დროზე ეროვნული სპორტული ცნებების შექმნაზე არ იზრუნეს.

ჩვენ გვახასიათებს სხვა დამღუპველი სენი: მაგალითად, რატომ ამბობენ ადგილის ნაცვლად "ლოკაციას" და მგრძნობიარეს ნაცვლად "სენსიტიურს"?! მეტ დამაჯერებლობას იძენს ამით საუბარი?! თუ იმავე სპორტულ ტერმინოლოგიას მივმართავთ, "სეივი", "პლეიმეიკერი", "ლაინსმენი" - ყველა კომენტატორის სამეტყველო არსენალში ბოგინობს ახლა... რომ არა ეს სიტყვები, ფეხბურთის შესახებ ვერ ისაუბრებენ? ხომ ახერხებდნენ ბატონი ეროსი, კოტე, ნუგზარი მთელი 30-40 წლის განმავლობაში მსმენელამდე აზრის სრულყოფილად მიტანას "სეივების" გარეშე? გვერდითი მსაჯი, გამთამაშებელი, პირითი ხაზი, კარის გადარჩენა... ასე ვუსმენდით კომენტატორების საუბარს და ზოგჯერ მგონია, რომ ჩვენი ფეხბურთელებიც სწორედ ამიტომ თამაშობდნენ უკეთ, ვიდრე დღეს.

- შექსპირის 154 სონეტი თარგმნეთ, მათგან რომელი მიესადაგება ჩვენს რეალობას? - შექსპირის 66-ე სონეტი საბჭოთა პერიოდშიც და დღესაც თავისი პუბლიცისტურობის გამო ფრიად პოპულარულია, ის ეპოქის მანკიერებებს ამხელს, თუმცა დასავლეთ სამყაროში ყველაზე პოპულარული მაინც მე-12 სონეტია, სადაც, ასე ვთქვათ, "საწუთროს წარმავალობაზეა" ლაპარაკი. ჩემი თარგმანები, გივი გაჩეჩილაძისა და რეზო თაბუკაშვილის შემდეგ, ქრონოლოგიურად რიგით მესამეა. როდესაც 66-ე სონეტი ვთარგმნე, როგორც ჩანს, მასში ჩადებული თემები უფრო გავამძაფრე; ჩემმა მასწავლებელმა, ბატონმა ვახუშტი კოტეტიშვილმა, თავის წიგნში "მთარგმნელობითი მასტერკლასის" შესახებ ჩემზედაც თქვა ორიოდე სიტყვა - ეს თარგმანი (იგულისხმება 66-ე სონეტის ქართული ვარიანტი) 21-ე საუკუნის სინამდვილეს უფრო ასახავს, ვიდრე შექსპირის ეპოქის სინამდვილესო. მე რომ მე-17 საუკუნის, შექსპირის დროინდელი ქართული ენითა და მაშინდელი პრობლემატიკის ზეგავლენით მეთარგმნა, ალბათ, თეიმურაზ პირველის ლექსი გამოვიდოდა, დაახლოებით ასეთი: "რად, სოფელო, სხვა არ დასწვი ჩემებრ, მე მქმენ დასადაგე", სინამდვილეში კი გამოვიდა ის, რასაც 21-ე საუკუნეში მცხოვრები ადამიანი განიცდის, მით უმეტეს ზნეობრივ-მორალურ-პოლიტიკურად აწეწილ საქართველოში.

უილიამ შექსპირის 66-ე სონეტი

ყველაფრით დაღლილს, მენატრება სიკვდილით შვება,/რადგან შევყურებ სამათხოვროდ შობილ თაობას,/ჭეშმარიტ რწმენას რადგან არყევს ცოდვილთა ნება/და სრულქმნილება დარქმევია არარაობას./და იყიდება ოქრო-ვერცხლზე კაცის ღირსება/და მოიღერა ქალწულივით ყელი მეძავმა/და განდიდება მდაბიოთა გახდა თვისება/და ყველა ლაჩარს რაინდობა შემოეძალა/და პირმოთნენი დარბაისელ სიტყვებს ხლართავენ/და ავი კეთილს დაატარებს თავის ნებაზე/და უმეცრები განათლების საქმეს მართავენ/და სულმდაბალნი ბატონობენ შთაგონებაზე...