"ახალი სისხლი ყოველთვის საჭიროა" - რას ამბობს პრემიერი დავით სერგეენკოს შესაძლო გადადგომაზე? - კვირის პალიტრა

"ახალი სისხლი ყოველთვის საჭიროა" - რას ამბობს პრემიერი დავით სერგეენკოს შესაძლო გადადგომაზე?

რატომ ფიქრობთ, რომ სერგეენკოს შეხედულებები დაუძველდა? ახალი სისხლი ყოველთვის საჭიროა, საკადრო გადაწყვეტილებას კი დღეს მე არ ვიღებ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მან ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა იმის შესახებ, რა შეიძლება იყოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს შესაძლო გათავისუფლების მიზეზი და არის თუ არა ეს უკვე გადაწყვეტილი.

"რატომ ფიქრობთ, რომ სერგეენკოს დაუძველდა შეხედულებები? ახალი სისხლი ყოველთვის საჭიროა ყველგან, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით, ორიენტირებულები ვართ პროგრესზე და ახალი სისხლი რომ საჭიროა, ამ პრინციპზე მთელი გუნდი ვთანხმდებით. რაც შეეხება დათო სერგეენკოს, მე მინდა გავიმეორო ის, რაც განვაცხადე. დათო ჩვენი გუნდის ერთგული წევრია, ასე იყო და მუდმივად ასე იქნება. რაც შეეხება საკადრო გადაადგილებებს, მოდი, ნუ გავასწრებთ მოვლენებს. მე გპირდებით, რომ პირველი თქვენ გაიგებთ საკადრო გადაადგილებების შესახებ. ასეთ გადაწყვეტილებებს ყოველთვის ვიღებთ კონსულტაციების შედეგად, რაც შეეხება მთავრობის წევრებს, გადაწყვეტილებებს ვიღებ მე, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრი - საკადრო გადაწყვეტილებას დღეს მე არ ვიღებ. როცა ასეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, ყველაფერზე გვექნება საუბარი. ხომ მარტივია? რატომ გიყვართ ყოველთვის სიტუაციის გაზვიადება? მე ჩემს კაბინეტში ასეთი მუშაობის წესები ნამდვილად არ მაქვს დალაგებული, მინდა გითხრათ, რასაც თქვენ ბრძანებთ", - განაცხადა ბახტაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო