"ლევან ვასაძემ ქართველებს იმედი გაგვიჩინა, თუმცა ფიცი თუ არ დაიდო, ამ გაერთიანებას დიდი დღე არ უწერია" - კვირის პალიტრა

"ლევან ვასაძემ ქართველებს იმედი გაგვიჩინა, თუმცა ფიცი თუ არ დაიდო, ამ გაერთიანებას დიდი დღე არ უწერია"

ლევან ვასაძემ ქართველებს იმედი გაგვიჩინა, ჩავეწერე სიაში და არ ვიცი, რომელ ათეულში მოვხვდები, მაგრამ ეს მე გულწრფელად მინდა, - ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატი, ემზარ კვიციანი სოციალურ ქსელში წერს.

ის გამოეხმაურა ლევან ვასაძის შეკრებას და აღნიშნა, რომ მან ქართველებს იმედი ჩაუსახა და თავის თავზე ისეთი პასუხისმგებლობა აიღო, რომელიც თბილისში აქამდე არავის აუღია, თუმცა ფიცის დადების გარეშე გაერთიანებას დიდი დღე არ უწერია.

"გუშინდელმა კაცების აქციამ იმედის ნაპერწკალი კიდევ გაუჩინა ჩვენს ხალხს. ლევან ვასაძემ, რომელსაც სამწუხაროდ, ახლოს არ ვიცნობ, იმედი გაგვიჩინა ქართველებს, თავის გამოსვლაში საქმიანად ჩამოაყალიბა ყველაფერი და საქმიანად დაასრულა. სათქმელს ბევრი ამბობს ლამაზად და ბოლოს ყველა მიდის სახლში ფარამოშვებული, ლევან ვასაძემ კი შედეგი უჩვენა, თავის თავზე აიღო ისეთი პასუხისმგებლობა, რომელიც ჯერ თბილისში არავის აუღია. ამას ქართველები დიდი ხანი ველოდით და ბოლოს და ბოლოს, მივიღეთ უფლისგან კურთხევა. დიდება ღმერთს! ერთი უკმარისობა კი დამრჩა და ეს არის ფიცი! ფიცი თუ არ დაიდო, ამ გაერთიანებას დიდი დღე არ უწერია! ფიცი უნდა დავდოთ ყველამ და დადოს ლევანმა, როგორც მე დავდე 1992 წლის 3 აგვისტოს და როგორც მონადირის ყველა წევრმა შემომფიცა ერთგულება! ბოლომდე ერთმანეთისა და სამშობლოს დაცვა! აი, მერე ვერაფერი დაანგრევს ქართველთა ერთობას, საქართველო გადარჩება. სიმართლე გითხრათ, სუს-ი ვიგრძენი, ვიგრძენი უცხო ქვეყნებში მოღვაწე მოღალატე ქართველთა ჩართულობა, მაგრამ თვითონ ლევან ვასაძის იმედი მომეცა, რადგან გუშინ ის ძალიან გულწრფელი მომეჩვენა. გულწრფელი ადამიანი ამდენ გულანთებულ ადამიანთან ერთად ფიცით თუ შეიკრა და უფლის სახელით ვიმოქმედეთ! ქართველებო, გადარჩებით! ვიცი და გამოცდილი მაქვს, რომ სუს-ის მიერ შემოგზავნილი ჯაშუშები ფიცს აღუდგებიან წინ, მაგრამ ყველაფერი არის ლევან ვასაძეზე დამოკიდებული, თუ რამდენად თავისუფალია გარე ძალებისაგან, ე.ი. სუს-ისგანაც, რადგან სუს-ი უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებიდან იმართება, თუმცა მაქვს იმედი, სუს-ის თანამშრომლების რაღაც პროცენტი ეროვნულია! გუშინ ჩავეწერე სიაში, არ ვიცი, რომელ ათეულში მოვხვდები, მაგრამ ვიცი, რომ ეს მე გულწრფელად მინდა! არ გვეშინია 223 მუხლის, რომელიც ქართველთა დასამონებლადაა შექმნილი! უფლის სახელით "ერთი ყველათვის, ყველა ერთისთვის"! დიდება ღმერთს!", - წერს საკუთარ "ფეისბუქ"-გვერდზე ემზარ კვიციანი.