"ჯანდაცვის მინისტრად ივანიშვილის პირადი სტომატოლოგი ინიშნება" - როგორ ეხმაურებიან პოლიტიკოსები სერგეენკოსთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას
"ჯანდაცვის მინისტრად ივანიშვილის პირადი სტომატოლოგი ინიშნება" - როგორ ეხმაურებიან პოლიტიკოსები სერგეენკოსთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას
"სერგეენკოს პირიქით, ჯილდო ეკუთვნის გამძლეობისთვის"

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ადასტურებს, რომ ის მინისტრის პოსტს ტოვებს. როგორც სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, გადაწყვეტილებას ხანგრძლივი კონსულტაციები უძღოდა წინ და შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრთან ერთად ოფიციალურად დღეს გაკეთდება. ამასთან, სერგეენკო ამბობს, რომ ის "ქართული ოცნების" გუნდის წევრად რჩება.

აღნიშნულ სამთავრობო ცვლილებას უკვე აფასებენ პოლიტიკოსები.

რომან გოცირიძე, ფრაქცია " ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე:
"შვიდი წელი ერთ ადგილზე ოქროც რომ დადო, დაჟანგდება - ეს ადრე იყო გასაკეთებელი, ვიდრე სისტემა დახავსდებოდა...
რაც შეეხება ახალ მინისტრს, როგორც ამბობენ, ინიშნება პირადი სტომატოლოგი. ეს არის ხალხის აბუჩად აგდება. მომავალ მინისტრად ალბათ, მისი პირადი ფერმის ვეტერინარს მოიაზრებს. იმედია, ეს არ მოხდება, რადგან ამ ხელისუფლების დღეები დათვლილია".

დავით უსუფაშვილი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე:
"გამახსენდა წინა გადაწყვეტილება, როდესაც თქვეს, რომ პრემიერის გადაწყვეტილებით ქობულია გადადგაო.
ახლა როგორ გვეტყვიან, ამას დავაკვირდეთ. სერგეენკოს პირიქით, ჯილდო ეკუთვნის გამძლეობისთვის. მასზე გამძლე წულუკიანია მხოლოდ. მე არ მრჩება განცდა, რომ რაიმე საქმიანი თემა და პრობლემაა. როგორც ჩანს, რაღაც პოლიტიკურმა პერსონალურმა კონიუქტურამ იჩინა თავი, სხვას ვერაფერს ვხედავ. ერთი ვერსიაცაა, თუ სურთ სერგეენკოს პოზიტიური იმიჯი არჩევნებამდე შემოინახონ, 2020 წლამდე გაარიდონ საქმეებს და მერე შემოაბრუნონ, როგორც პოზიტიური იმიჯის მქონე ადამიანი, მაშინ სხვანაირად უნდა წასულიყო და არა ამ ჭორების ფონზე. "ოცნების" მიდრეკილება მაზოხისტური ნაბიჯებისკენ, ეს არის უსაზღვრო. შესაძლოა, ახლაც იფიქრეს, იფიქრეს და მოიფიქრეს ყველაზე დამაზარალებელი ვერსია იმ ადამიანის გაშვების, რომელიც დღემდე ჰყავდათ ყველაზე საამაყო. ეს არის რაღაც გენეტიკური კოდი "ოცნების" ლიდერის, რომ თვითდამაზიანებელი ნაბიჯები გადადგას".

თინა ბოკუჩავა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი:
"ამ შემთხვევაში საკუთარ პირად ექიმს ბიძინა ივანიშვილი ანაცვლებს სტომატოლოგით. რა კრიტერიუმით მოხდა ეს ჩანაცვლება, ბუნებრივია, საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის. პირადი ლოიალობა და ვიწრო პირადი ინტერესები - ასე მოქმედებენ და ამიტომ არის ქვეყანა ასეთ ღრმა კრიზისში. ივანიშვილი არ ამოდის სახელმწიფოებრიობის პრინციპიდან, არ ამოდის ქვეყნის ინტერესებიდან, არამედ მხოლოდ საკუთარი ლოიალობიდან საზღვრავს ვინ უნდა იკავებდეს ამა თუ იმ თანამდებობას მთავრობაში".

"ინტერპრესნიუსი" მასალების მიხედვით


რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?