ვინ შეცვალა დავით სერგეენკო და სად მიდის ჯანდაცვის უკვე ყოფილი მინისტრი - კვირის პალიტრა

ვინ შეცვალა დავით სერგეენკო და სად მიდის ჯანდაცვის უკვე ყოფილი მინისტრი

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობას დაიკავებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ახალი ჯანდაცვის მინისტრი წარადგინა.

"დღეს ჩვენ გვაქვს ცვლილება, რომლის მიხედვითაც დავით სერგეენკო დაინიშნება ჩემს მრჩევლად და ჯანდაცვის მინისტრის პოსტს დაიკავებს ეკა ტიკარაძე", - აღნიშნა პრემიერმა.

როგორც დავით სერგეენკომ პრემიერ-მინისტრსა და ჯანდაცვის ახალ მინისტრთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, თავად სთხოვა მამუკა ბახტაძეს, რომ უწყების ხელმძღვანელის ცვლილების საკითხი განეხილა, რადგან დარწმუნებულია, ამით რეფორმები კიდევ უფრო წარმატებული იქნება.

"ჩვენ გარკვეული პერიოდის, რამდენიმე კვირის განმავლობაში გვქონდა ინტენსიური კონსულტაციები, როგორი იქნებოდა ოპტიმალური, რომ რეფორმების ახალი ტალღა სწორად დაგეგმილიყო და განხორციელებულიყო. ჩვენ შევთანხდით იმაზე, რომ ასეთი ცვლილება იქნებოდა უფრო მეტი შედეგის მომტანი. არ დაგიმალავთ, რომ ეს ჩემი ინიციატივა იყო. მე ვთხოვე პრემიერს, რომ განგვეხილა ასეთი ცვლილებები იმისთვის, რომ უკეთესი შედეგი მიგვეღო. მე გავუწიე რეკომენდაცია ქალბატონ ეკას, რადგან ჩვენ 10 წელზე მეტია თანამშრომლობის გამოცდილება გვაქვს სხვადასხვა სფეროში და ძირითადად ესაა ჯანდაცვის მენეჯმენტი. მე მჯერა და ეს არაა ერთჯერადი შეხედულება, რომ ასე უკეთესად განვითარდება რეფორმები. ერთი მხრივ, მეც მეტი საშუალება მექნება, რომ სტრატეგიულ დაგეგმარებასა და განვითარებაზე ვიყო კონცენტრირებული და მხარში ამოვუდგე პრემიერს, ახალ ჯანდაცვის მინისტრს კი მეორე მხრივ ექნება საშუალება, თავისი ცოდნა მოახმაროს ამ რთული სისტემის მართვას", - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

ჯანდაცვის ახალი მინისტრი ეკა ტიკარაძე, მინისტრთა კაბინეტში გადანაცვლებამდე საჩხერის საავადმყოფოს დირექტორი იყო.

იხილეთ ასევე: "ჯანდაცვის მინისტრად ივანიშვილის პირადი სტომატოლოგი ინიშნება" - როგორ ეხმაურებიან პოლიტიკოსები სერგეენკოსთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას

"ინტერპრესნიუსი"