"ერთადერთი ადამიანი, რომელსაც დღეს ძალაუფლების ბერკეტები აქვს, ბიძინა ივანიშვილია. დანარჩენი მისი სამეფო კარია და ამ კარზე მიდის ბრძოლა" - კვირის პალიტრა

"ერთადერთი ადამიანი, რომელსაც დღეს ძალაუფლების ბერკეტები აქვს, ბიძინა ივანიშვილია. დანარჩენი მისი სამეფო კარია და ამ კარზე მიდის ბრძოლა"

18 ივნისს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ თანამდებობა დატოვა.

ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ბახტაძის თქმით, სერგეენკო მისი მრჩევლის პოსტს დაიკავებს. რაც შეეხება ჯანდაცვის ახალ მინისტრს, ამ პოსტზე პრემიერმა ეკატერინე ტიკარაძე წარადგინა, რომელიც აქამდე საჩხერის საავადმყოფოს დირექტორი იყო.

"როდესაც ასეთ მაღალ თანამდებობაზე საჩხერეს ვერ გასცდნენ და ჯანდაცვის მინისტრად საჩხერის საავადმყოფოს ჯერ ერთი დირექტორი, მერე მეორე დირექტორი დაინიშნა, ეს აძლიერებს ივანიშვილის მიმართ პრეტენზიებს, რასაც შეიძლება არც ჰქონდეს ობიექტური საფუძველი, მაგრამ ეს ყველაფერი გვერდიდან ძალიან ცუდად გამოიყურება, - ასე შეაფასა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა "ინტერპრესნიუსთან" სერგენკოს წასვლა და ამ პოსტზე საჩხერის საავადმყოფოს დირექტორის, ეკა ტიკარაძის დანიშვნა.

"მას, როგორც ჩანს, თავისი პროფესია უყვარს და თავის პროფესიაში დაბრუნების სურვილი ყოველთვის ჰქონდა. ასე, რომ მე, აქ სერიოზულ ინტრიგას ვერ ვხედავ. ადამიანურად აბსოლუტურად გასაგებია და მისი გადწყვეტილება მისასალმებელიც არის. მრჩევლობა ძირითადად, ფორმალური თანამდებობაა. მე, ვფიქრობ, მჩევლად მისი დანიშვნა განპირობებული იყო იმით, რომ აქცენტი გაკეთებულიყო შემდეგზე, რომ ეს ადამიანი გუნდის მრჩევლად რჩება და არანაირი რეალური პრობლემა არ არის. რაც შეეხება ახალ მინისტრს, მასზე არაფრის თქმა არ შემიძლია", - განაცხადა ხუხაშვილმა.

თუმცა, ჯერ კიდევ გუშინდელ ოფიციალურ განცხადებამდე მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია სამთავრობო ცვლილებების შესახებ, მათ შორის, სერგეენკოს გადადგომის შესახებაც. გავრცელებული ინფორმაციით, თანამდებობა შეიძლება დატოვოს მამუკა ბახტაძემაც და ის მაია ცქიტიშვილმა შეცვალოს. როგორც გაზეთ "კვირის პალიტრასთან" დამოუკიდებელი დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე ამბობდა, "თუ "ოცნება" პრემიერ-მინისტრს შეცვლის, ე.ი. რიგგარეშე არჩევნებისთვის ემზადება".

- რიგგარეშე არჩევნები დგას დღის წესრიგში?

- თუ არ აპირებენ არჩევნების ჩატარებას, ახალი პრემიერის დანიშვნას აზრი არა აქვს, რადგან ერთ წელიწადში კიდევ ერთ დისკრედიტირებულ პრემიერს მივიღებთ. სწორედ ეს დაემართა ბახტაძეს ერთ წელიწადში, ის ახლა აბსოლუტურად დისკრედიტირებულია და არაფრის შეცვლა არ შეუძლია. თუ "ოცნება" პრემიერ-მინისტრს შეცვლის, ე.ი. რიგგარეშე არჩევნებისთვის ემზადება.

- შუალედურ არჩევნებამდე კულუარებში ამბობდნენ, რომ ივანიშვილი გახარიას გაპრემიერებას აპირებდა, თუმცა შემდეგ თქვეს, რომ თითქოს გახარიას კანდიდატურა მოიხსნა დღის წესრიგიდან და ამ პოსტზე მაია ცქიტიშვილის კანდიდატურა განიხილება.

- როდესაც ახალ პრემიერს ამზადებენ, ძალიან ადვილად გამოსაცნობია - გაიხსენეთ ბახტაძის ვიზიტები მისი ფინანსთა მინისტრობისას. ის ინტენსიურად დადიოდა საზღვარგარეთ და ხვდებოდა სხვადასხვა თანამდებობის პირს. ამას ვერ ვიტყვით ვერც გახარიასა და ვერც მაია ციცქიშვილზე. ამასთან, პრემიერ-მინისტრად საზოგადოებისთვის უცნობი პირის დანიშვნა დიდი შეცდომა იქნება. იმედია, ხელისუფლებას გონიერება ეყოფა და ასე მოუმზადებლად არ დანიშნავს.

- თეა წულუკიანს თუ მოუწევს ამჯერად მაინც თანამდებობის დატოვება?

- წულუკიანი არასოდეს თამაშობს დამოუკიდებელ თამაშს, ყოველთვის რომელიღაც ჯგუფზეა მიერთებული. დღეს, ალბათ, უფრო გახარიას ფრთისკენ არის ორიენტირებული.

- ანუ გახარია თუ წავიდა, მასაც მოუწევს თანამდებობის დატოვება?

- არ ვიცი, წულუკიანი ისეთი მოხერხებულია, შეიძლება მაინც გამოძვრეს. (იხილეთ სრულად)