"აქ ჩვენ გავრილოვს ფიზიკურად არ შემოვუშვებთ" - რა ხდება პარლამენტში, სადაც ასამბლეას რუსი დეპუტატი უძღვება - კვირის პალიტრა

"აქ ჩვენ გავრილოვს ფიზიკურად არ შემოვუშვებთ" - რა ხდება პარლამენტში, სადაც ასამბლეას რუსი დეპუტატი უძღვება

პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზთან, სადაც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესია ტარდება, "ევროპული საქართველოს" დეპუტატები პროტესტის გამოსახატავად მოვიდნენ.

ამ წუთებში სესიაზე ხანმოკლე შესვენებაა გამოცხადებული, ასამბლეის მონაწილე დელეგატები ფოიეში იმყოფებიან.

როგორც დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი გავრილოვს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში შესვლის უფლებას არ მისცემენ და რაც პარლამენტში ხდება არის, სირცხვილი.

"საქართველოში ჩამოიყვანეს და პარლამენტში დასვეს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მეომარი რუსი, არავინ არ დაუშვებს გავრილოვის ამ დარბაზში ყოფნას. აქ ჩვენ მას ფიზიკურად არ შემოვუშვებთ", - განუცხადა ჟურნალისტებს დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ.

ამ წუთებში "ევროპული საქართველოს" წევრები: სერგო რატიანი, ელენე ხოშტარია და გიორგი კანდელაკი პლენარულ სხდომათა დარბაზში იმყოფებიან. ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტის სპიკერატში არიან.

ცნობისთვის, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეას რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი, ასამბლეის პრეზიდენტის რანგში უძღვება.

იხილეთ ასევე: "რუსი დეპუტატის ნახვამ თავმჯდომარის სკამში უბრალოდ გამანადგურა"

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო