"მნიშვნელოვანია, რომ ყველა დავიძრათ საქართველოს დედაქალაქისკენ, რათა მოშორდეს ივანიშვილი საქართველოს ხელისუფლებას" - კვირის პალიტრა

"მნიშვნელოვანია, რომ ყველა დავიძრათ საქართველოს დედაქალაქისკენ, რათა მოშორდეს ივანიშვილი საქართველოს ხელისუფლებას"

მინდა, მოვუწოდო ჩვეულებრივ ადამიანებს რეგიონებიდან, დაიძრათ თბილისისკენ - არ უნდა მივცეთ ივანიშვილს საშუალება, აქედან თავი დაიძვრინოს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გავრცელებულ „ფეისბუქ“ მიმართვაში განაცხადა.

მან მოუწოდა საქართველოს მოქალაქეებს, ჩამოვიდნენ თბილისში „ივანიშვილისთვის პასუხის გასაცემად“.

"მინდა, აღფრთოვანება გამოვხატო აქციის მონაწილეების გამბედაობის მიმართ, ძალიან მაგარი ხალხია. ეს არ არის პარტიული აქცია, მაგრამ ეს არის საერთო სახალხო აქცია, რომელსაც ერთდროულად ეთერში უყურებს დაახლოებით 18 500 ადამიანი, რაც აბსოლუტური ისტორიული რეკორდია საქართველოში ნებისმიერი "ფეისბუქ" აუდიტორიისთვის. ეს ნიშნავს, რომ მთელი საქართველო და ქართველები მსოფლიოს მასშტაბით ფეხზე არიან. მე მინდა, მოვუწოდო რეგიონებიდან ჩვეულებრივ ადამიანებს, ყველას, ვისთვისაც ჩემი აზრი მნიშვნელოვანია ან იმ ხალხს, რომელიც არ მეთანხმება, ამას მნიშვნელობა არ აქვს: ყველანი უნდა გავერთიანდეთ, უნდა დაიძრათ თბილისისკენ ივანიშვილისთვის პასუხის გასაცემად. ვიცი, რომ სენაკიდან, წალენჯიხიდან, აჭარიდან მოდის ხალხი. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ყველა დავიძრათ საქართველოს დედაქალაქისკენ, რათა მოშორდეს ივანიშვილი საქართველოს ხელისუფლებას. მოლდოვამ, სომხეთმა, უკრაინამ მოიშორეს, საქართველო არავიზე ნაკლები არ არის. თქვენ იცით, დაიძარით, ყველანაირ საორგანიზაციო დახმარებას აღგითქვამთ, მაგრამ ახლა უკვე ვისაც შეუძლია, თავისი რესურსებით უნდა დაიძრას უახლოეს წუთებში, უახლოეს საათებში. ახლა დასაკარგი დრო არ გვაქვს, არ უნდა მივცეთ ივანიშვილს საშუალება, თავი დაიძვრინოს აქედან", - განაცხადა სააკაშვილმა ვიდეო მიმართვაში.

"ინტერპრესნიუსი"