ლაკობა პუტინის ქებას შეეწირა? - კვირის პალიტრა

ლაკობა პუტინის ქებას შეეწირა?

შესაძლოა, აფხაზეთში ახალი მუჰაჯირობა დაიწყოს

აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების უშიშროების საბჭოს მდივან სტანისლავ ლაკობას თანამდებობიდან გათავისუფლებამ მითქმა-მოთქმა გამოიწვია სოხუმსა და თბილისში. "ექსპერტთა კლუბის" ექსპერტ გოჩა გუნიავას ვარაუდით, ლაკობას თანამდებობა ვლადიმირ პუტინზე მის მიერ გამოთქმულ აზრს შეეწირა.

ექსპერტს აქვს სხვა ვერსიაც, კერძოდ, აფხაზური სეპარატიზმისა და ნაციონალიზმის მთავარმა იდეოლოგმა სტანისლავ ლაკობამ, შესაძლოა, ნებით დატოვა პოსტი მისთვის მიუღებელი პოლიტიკური კურსის გამო. საეჭვოა, მას მოსწონდეს, რომ აფხაზეთი, რომლის დამოუკიდებლობისკენაც ასე ისწრაფოდა ყოველთვის, რუსეთის ფედერაციის სრულ სამხედრო-პოლიტიკურ კონტროლქვეშ აღმოჩნდა. ამიტომაც ლაკობა შეეცდება დეკემბერში დანიშნულ სეპარატისტულ საპრეზიდენტო არჩევნებში სერგეი ბაღაფშის პოზიცია დაასუსტოს და ოპოზიციას შეუერთდება.

გოჩა გუნიავა: - სოხუმში ვლადიმირ პუტინის ჩასვლის შემდეგ აფხაზურ პრესაში გამოქვეყნდა უშიშროების საბჭოს მდივან სტანისლავ ლაკობას ინტერვიუ, სადაც ის რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის აფხაზეთში ვიზიტს განიხილავს და აცხადებს: "Сказать о том, что визит Путина это исторический визит, по сути дела мало сказать, это и без того ясно. Очень важно, что в контексте Абхазии здесь есть некая перекличка имен, то есть, Путина с таким видным политическим деятелем, как глава правительства России Петр Аркадьевич Столыпин, который в начале 20-го века, фактически был инициатором снятия "винивности" с абхазского народа, которое продолжалось на протяжение тридцати лет."

მართალია, ლაკობა აქებს ვლადიმირ პუტინს, მაგრამ საეჭვოა, რუსეთის პრემიერს მოსწონებოდა შედარება სტოლიპინთან, რომელიც ცნობილია, როგორც ერთ-ერთი მრისხანე პოლიტიკოსი. მის სახელთანაა დაკავშირებული ტერმინები: "სტოლიპინის რეაქცია", "სტოლიპინის ჰალსტუხი". ჰალსტუხი იგივე სახრჩობელა იყო იმპერიის ურჩი და მეამბოხე პირებისათვის.

- ნუთუ ლაკობამ არ იცოდა, რა შეიძლებოდა გამოეწვია პუტინის სტოლიპინთან შედარებას?

- ფაქტი ის არის, რომ პუტინის სტოლიპინთან შედარებას ორ დღეში უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტიდან მისი გადაყენება მოჰყვა. მე უფრო მნიშვნელოვან საკითხზე გავამახვილებ ყურადღებას: ლაკობამ იცრუა და სტოლიპინს ისეთი რამ მიაწერა, რაც არ გაუკეთებია. შეუძლებელია, მას არ სცოდნოდა, ვინ აიძულა მრისხანე მინისტრი, მოეხსნა აფხაზი ხალხისთვის "მოღალატე და კანონგარეშე" ერის ბრალდება.

ვფიქრობ, უპრიანი იქნება, მკითხველს შევახსენოთ აფხაზებისთვის ამ ბრალდების წაყენების ისტორიაც.  XIX საუკუნეში რუსეთის იმპერიამ უამრავ კავკასიელს დაატოვებინა სამშობლო. მათ შორის ათასობით ქართველი და მაჰმადიანი აფხაზიც იყო. დაუმორჩილებელი კავკასიელების ოსმალეთში გადასახლებით რუსეთის იმპერია რეგიონში პოლიტიკურ სტაბილურობასა და დაპყრობილი მიწების რუსი კაზაკებით კოლონიზაციას გეგმავდა. 1877 წელს მხოლოდ აფხაზეთიდან 3358 ოჯახს აიძულეს აყრა. 1877 წლის აპრილში რუსეთმა ომი გამოუცხადა ოსმალეთს. ოსმალებმა საზღვაო დესანტი გადასხეს გუდაუთაში, რომელთა უმრავლესობა აფხაზი მუჰაჯირები იყვნენ. დესანტის გადასხმასთან ერთად დაიწყო აფხაზი ხალხის აჯანყება, რომელიც შემდეგ ოსმალეთის არმიას შეუერთდა.

რუსეთის არმიას დიდი ძალისხმევა დასჭირდა ოსმალების აფხაზეთიდან გასარეკად და უფრო მეტი - აჯანყებული აფხაზების დასაშოშმინებლად. გადამწყვეტი ბრძოლა სოფელ ოქუმთან მოხდა. რუსებმა გვერდით ამოიყენეს ქართული მილიციის ნაწილები. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ქართველები და აფხაზები ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ. ეს იყო რუსეთის გამიზნული პროვოკაცია. მან ამ ორი ხალხის დასაპირისპირებლად კარგად გამოიყენა ის ფაქტი, რომ სამშობლოდან გაძევებული აფხაზები თავიანთ მიწა-წყალზე დაბრუნებისთვის იბრძოდნენ, ქართველები კი აფხაზებს კი არა, ოსმალებს ებრძოდნენ, რომლებსაც მიტაცებული ჰქონდათ ქართული მიწების დიდი ნაწილი და რუსების დახმარებით ცდილობდნენ მის დაბრუნებას. ამ ბრძოლაში ოსმალურ-აფხაზური არმია დამარცხდა. რუსეთის რეპრესიების შიშით უკუქცეულ არმიას აფხაზი მუჰაჯირების მორიგი ტალღა გაჰყვა ოსმალეთში.

ამბოხებისა და ოსმალების მხარდაჭერისთვის რუსეთის ხელისუფლებამ აფხაზები "მოღალატე, მავნე და კანონგარეშე" ერად გამოაცხადა და არაერთი შეურაცხმყოფელი შეზღუდვა დაუწესა. მაჰმადიან აფხაზებს აეკრძალათ ზღვისპირეთის ე.წ. კულტურულ ზონაში ცხოვრება, ქრისტიან აფხაზებს კი უფლება არ ჰქონდათ ქალიშვილები მაჰმადიანებისთვის მიეთხოვებინათ და ა.შ.

ამ უკანონო კანონის გაუქმების ინიციატორი იყო არა სტოლიპინი, რომელიც დიდხანს ავიწროებდა აფხაზ ხალხს, არამედ რუსეთის იმპერატორის ობერჰოფმაისტერი გიორგი დიმიტრის ძე შარვაშიძე. იგი ე. წ. მორგანატულ (ქონებრივ მემკვიდრეობაზე უფლების გარეშე) ქორწინებაში იყო რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III-ის ქვრივთან, მარია ფიოდოროვნასთან, რომელიც წარმოშობით დანიის პრინცესა იყო. მარია ფიოდოროვნამ გიორგი შარვაშიძის პატივისცემით სთხოვა თავის ვაჟს, რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ  II-ს, ამ უკანასკნელმა კი დაავალა სტოლიპინს, რომელიც ერთდროულად მთავრობის მეთაურიც იყო და შინაგან საქმეთა მინისტრიც, მოეხსნა აფხაზი ხალხისთვის "მოღალატე და კანონგარეშე" ერის სტატუსი, რაც ოფიციალური დადგენილებით გაფორმდა კიდეც. ლაკობა კი ამბობს, რომ თუ სტოლიპინმა აფხაზებს მოუხსნა შეზღუდვები და მოღალატე ერის სტატუსი, ზუსტად ასი წლის შემდეგ რუსეთის დღევანდელმა პრემიერმა პუტინმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ აფხაზეთისთვის მოეხსნათ ეკონომიკური ბლოკადა და გაეტარებინათ ისეთი ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს აფხაზი ხალხის უშიშროებასა და მშვიდობიან განვითარებასო. ლაკობამ კარგად იცის კავკასიის ისტორია და ამ რეგიონში რუსეთის ორსაუკუნოვანი პოლიტიკის შედეგები. იცის ისიც, ვისი ინიცირებული იყო 90-იანი წლების სისხლიანი მოვლენები აფხაზეთში, რომ არაფერი შეცვლილა რუსეთის იმპერიის 200-წლიან პოლიტიკაში კავკასიასა და კერძოდ, აფხაზეთში, რომლის აგრესიულობამ დღეისთვის კულმინაციას მიაღწია და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა აფხაზური ეთნოსის ყოფნა-არყოფნის საკითხი. მეტიც, შესაძლოა, სულ მალე აფხაზეთში ახალი მუჰაჯირობა დაიწყოს. რუსეთი არ უწყობს ხელს მუჰაჯირთა ძველი თაობის დაბრუნებას, მეტიც, ყველაფერს აკეთებს, რომ რუსეთის მოქალაქეების რეგიონში ჩასახლებით კატასტროფულ უმცირესობაში მოაქციოს აფხაზები, რაც მათ საბოლოოდ გადაშენებას გამოიწვევს.