პროვოკაცია, ტექნიკური შეცდომა თუ რუსული სცენარი? - ვის აწყობს საქართველოში არეულობა? - კვირის პალიტრა

პროვოკაცია, ტექნიკური შეცდომა თუ რუსული სცენარი? - ვის აწყობს საქართველოში არეულობა?

პროვოკაცია, ტექნიკური შეცდომა თუ ჰიბრიდული ომის შემადგენელი ნაწილი. ეს კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ქართულმა საზოგადოებამ მოულოდნელად საკუთარ ქვეყანაში, საკანონმდებლო ორგანოში, პარლამენტის სავარძელში მტერი ქვეყნის დეპუტატი გავრილოვი იხილა და მისგან რუსულ ენაზე რიგი განცხადებებიც მოისმინა. მიუხედავად იმისა, რომ მმართველი ძალის ერთმა ნაწილმა ამ ფაქტის გამო თავადაც შეშფოთება გამოხატა, ნაწილმა ყველაფერი ტექნიკურ შეცდომად მიიჩნია, ღონისძიების ორგანიზატორებმა კი ბოდიში მოიხადეს, ამბავმა საზოგადოებრივი მღელვარება მაინც გამოიწვია. ამას მოჰყვა მომიტინგეების მხრიდან პარლამენტის შენობაში შეღწევის რამდენიმე მცდელობა, დაპირისპირება სამართალდამცველებთან, ცრემლსადენი გაზი და რამდენიმე დაშავებული... განვითარებულ მოვლენებზე გვესაუბრებიან ექსპერტები: მამუკა არეშიძე, გია ხუხაშვილი და ხათუნა ლაგაზიძე.

მამუკა არეშიძე: - ჩემი აზრით, გუშინ მომხდარი ფაქტი იყო დაგეგმილი პროვოკაცია, რომელშიც მონაწილეობდა მოსკოვი და პარლამენტის აპარატი. თავიდანვე არ უნდა დაგეგმილიყო პარლამენტში იმ სხდომის ჩატარება, რომელშიც რუსეთის დელეგაცია მონაწილეობდა, ვინც არ უნდა ყოფილიყო სპიკერი, ბერძენი თუ სხვა. გასაგებია, რომ კობახიძე გადადგა და მე ამ ფაქტს მივესალმები, მაგრამ ეს ასე არ უნდა დასრულდეს, უნდა დაისაჯოს ყველა ის პირი, ვისაც ამ საქმეში რაიმე წილი მიუძღვის.

- თქვენი აზრით, იყო თუ არა ძალა ადეკვატური, რომელიც ხელისუფლებამ მომიტინგეების წინააღდეგ გამოიყენა? - პირველ ეტაპზე სახელმწიფოს ყველა ქმედება იყო აბსოლუტურად კანონიერი, პარლამენტში შეჭრის მცდელობა ნამდვილად მოითხოვდა ადეკვატურ რეაქციას სამართალდამცავების მხრიდან, მაგრამ შემდეგ გართულდა ვითარების კონტროლი. მე ამ დღემ შვიდი ნოემბრის აქცია გამახსენა, მაშინაც დამიზნებით გვესროდნენ მომიტინგეებს, მაშინაც დაკარგეს თვალისჩინი ადამიანებმა და ზოგიერთი მათგანი, მაგალითად, კერესელიძე დღემდე ითხოვს დამნაშავის დასჯას. პოლიციელები უნდა ყოფილიყვნენ უკეთესად გაწვრთნილები, რომ ასეთი უბედურება არ მოხდარიყო.

- თავდაპირველად აქცია თითქოს მშვიდობიანი იყო, როგორ ფიქრობთ, მერე რა მოხდა, პარლამენტზე შტურმი გაბრაზებული ხალხის სპონტანური გადაწყვეტილება იყო თუ დაგეგმილი პროვოკაცია?

- ეს იყო "ნაციონალების" დაგეგმილი პროვოკაცია. ისინი ტყუიან, როდესაც ამბობენ, რომ აქცია იყო ზეპოლიტიკური. რადგან იქ იყო მთელი ოპოზიციური სპექტრი, ეს იყო კლასიკური ოპოზიციური აქცია. ოპოზიციონერები იმასაც ამბობენ, რომ თითქოს შსს-მ სპორტულ ფორმებში ჩაცმული ხალხი მიიყვანა სიტუაციის პროვოცირებისთვის. თუ ეს ასეა, მაშინ გაბრაზებული ხალხის აქცია როგორ იყო?!

ლოგიკურია ისიც, რომ ოპოზიციონერი ლიდერები თავს იმართლებენ, არ გვინდოდა ექსცესები, მაგრამ ხალხი ვეღარ შევაჩერეთო. თუ ხალხს და სიტუაციას ვერ მართავ, მაშინ რატომ ეძახი აქციაზე? ძალიან ცუდი ამბავი მოხდა და როგორც ჩანს, ეს ასე არ დამთავრდება. გუშინ მომხდარი ფაქტი საგარეო თვალსაზრისითაც ძალიან საზიანოა ამ ხელისუფლებისთვის. მათ ჩაშალეს ღონისძიება და რუსული დელეგაცია, ფაქტობრივად, გააძევეს ქვეყნიდან. ესეც ადასტურებს, რომ ადგილი ჰქონდა პროვოკაციას. ასეთ სულელურ მდგომარეობაში თავისი ნებით ხელისუფლება თავს არ ჩაიგდებდა. ეს ძალიან კარგად იცის ოპოზიციამ, მაგრამ მაინც ურჩევნიათ ბოლომდე მიაწვნენ და სადაც ვიწროა, იქ გაწყვიტონ.

გია ხუხაშვილი:

- ამბავი, რომელიც გუშინ მოხდა ჰგავდა პრობლემური ოჯახის სიტუაციას. სადაც ადრე მამა სცემდა შვილს, ახლა კი შვილი სცემს მამას და მათ დავიდარაბაში გაილახა მთელი კორპუსი. ყველაზე მეტად ამ დავიდარაბაში სახელწიფო დაზარალდა. "ოცნება" გუშინ საბოლოოდ გახდა "ნაციონალური მოძრაობის" სამართალმემკვიდრე. მთელი 7 წლის განამვლობაში ერთადერთი საკითხი იყო, რაზედაც ხელისუფლებასა და ოპოზიციიას ერთი პოზიცია ჰქონდათ, მაგრამ ამის გამოც ერთმანეთს თავ-პირი დაამტვრიეს... საბოლოოდ, ხელისუფლებამ ფორმალური მიზეზებით სცემა ხალხი. გასაგებია, დაშალეს აქცია, მაგრამ შემდეგ დევნა და ცემა-ტყეპა უკვე სრულიად გაუმართლებელი იყო.

- ამ ამბავზე პასუხისმგებლობა აიღო კობახიძემ, ის გადადგა... - ძალიან სასაცილოები არიან. კობახიძის გადადგომა გუშინ იქნებოდა სწორი და გამართლებული ნაბიჯი, მაგრამ ღამით ისეთი ფაქტი მოხდა, რომ კობახიძის გადადგომა ამას ვეღარ უშველის. როდესაც დღეს გიწევს რაღაც ფასის გადახდა, დღესვე უნდა გადაიხადო იმიტომ, რომ ხვალ შესაძლოა ეს ფასი უსაშველოდ გაიზარდოს. კარგია რომ გადადგა, მაგრამ ის ისედაც დიდი გაუგებრობა იყო ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, არსაიდან მოსული არსაით წავიდა. თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს, იმიტომ, რომ გაჩნდა ისეთი მძიმე კითხვები, რაც კობახიძის საქციელი იყო გავრილოვთან დაკავშირებით.

ხათუნა ლაგაზიძე:

- ვიფქრობ, რომ პანკისიდან დღემდე მომხდარი ყველა ამბავი ერთი ჯაჭვის შემადგენელი რგოლებია. ეს არის თავიდან ბოლომდე რუსული სცენარი, რომელიც სუს-მა 2018 წლის ანგარიშში აღწერა. ანგარიშში ღიად იყო ნათქვამი, რომ რუსეთი ცდლობს ჰიბრიდული ომის ფარგლებში საზოგადოების ერთმანეთთან დაპირისპირებას, ეთნიკური და რელიგიური კონფლიქტების უტრირებით, ჩვენი ქვეყნის წაკიდებას მეზობელ სტრატეგიულ მეზობლებთან. ყველა ეს მოცემულობა ზუსტად ერგება, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს; პანკისში ეთნიკურ უმცირესობასთან დაპირისპირების საფრთხის წინაშე ვიდექით, შემდეგ ლამის სტრატეგიულ პარტნიორთან დაგვეძაბა ურთერთობა, შემდეგ "თბილისი პრაიდი" კინაღამ საზოგადოების დაპირისპირების საგანი გახდა... 20 ივნისის პროცესები კი რუსეთის მიერ განხორციელებული ტესტი იყო იმის დასადგენად, თუ რამდენად შედეგიანად დაასრულეს ქართველი ხალხის ფსიქოლოგიური ოკუპაცია (რამდენად მოახერხეს ტვინის გამორეცხვა საიმისოდ, რომ რუსული ოკუპაცია მისაღები გამხდარიყო). ამისთვის მოსკოვი 7 წელი ახორციელებდა მიზანმიმართულ საინფორმაციო ომს. როგორც დუგინმა თქვა, რუსეთმა აგრესიული ძალა, რბილი ძალით ჩაანაცვლა. გუშინდელი დღე ნამდვილად იყო ამ ყველაფრის დამაგვირგვინებელი პასაჟი. საბედნიეროდ, ქართველმა ხალხმა ეს ტესტი მისთვის სასარგებლოდ და რუსეთისთვის არასახარბიელო შედეგით ჩააბარა.

ვფიქრობ, რუსეთის მსგავსად არც საქართველოს ხელისუფლებას ეგონა, რომ ამ ამბავს ასეთი პრობლემა მოჰყვებოდა.

- მთავარ საფრთხეს რაში ხედავთ? - "ოცნება" რომ წერას ჰყავს ატანილი და არაადეკვატურად იქცევა, ეს ფაქტია, მაგრამ ახლა ყველამ ყველაფერი უნდა იღონოს იმისთვის, რომ სახელმწიფო გადატრილება არ მოხდეს. ეს დაანგრევს ქვეყანას და 10 წლით უკან დაგვხევს. არავინ იცის, ამ სიტუაციას როგორ გამოიყენებს რუსეთი. ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი პირველ რიგში ხელისუფლება იქნება. "ნაციონალები" რომ შექმნილ სიტუაციას რომ თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენებდნენ, ეს არავისთვის იყო სიახლე, პოლიტიკური პარტია, ყოველთვის იყენებს პოლიტიკურ პროცესს მის სასარგებლოდ, მაგრამ ხელისუფლება იმიტომ არის ხელისუფლება, რომ მსგავს გამოწვევებს გაუმკლავდეს.

ცალსახად აღვნიშნავ, რომ ხელისუფლება ვალდებულია აღკვეთოს სახელმწიფო დაწესებულებებში ძალადობრივი შეღწევის მცდელობა, დავძენ იმასაც, რომ პოლიცია კარგა ხანს მოწოდების სიმაღლეზე იდგა. თუმცა ის რაც მოხდა გვიან ღამით, ეს იყო საკუთარი მომავალი თაობისთვის თვალების დათხრის ოპერაცია. მათ ახალგაზრდები (გვიან ღამით პოლიტიკური ლიდერები აღარც ჩანდნენ მომიტინგეებს შორის) გაიმეტეს და დამიზნებით ესროდნენ. გულსატკენია, რომ ეს გააკეთა ჰუმანურობის დროშით მოსულმა ხელისუფლებამ. მომავალი თაობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის აუცილებლად მოუწევთ პასუხისგება. ეს ბუნების კანონია და ვერსად გაექცევიან.

იხილეთ ასევე: "ვთხოვ ჩვენს პოლიციას, აღარ იძალადოს საქართველოს მოქალაქეებზე"

ხათუნა ბახტურიძე

(სპეციალურად საიტისთვის)