"პუტინმა საქართველოს ომი გამოუცხადა: ტურისტების შემოსვლის აკრძალვა ეკონომიკურად არანაკლებ დამანგრეველი შეიძლება იყოს, ვიდრე სამხედრო აგრესია" - კვირის პალიტრა

"პუტინმა საქართველოს ომი გამოუცხადა: ტურისტების შემოსვლის აკრძალვა ეკონომიკურად არანაკლებ დამანგრეველი შეიძლება იყოს, ვიდრე სამხედრო აგრესია"

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, 8 ივლისიდან საქართველოს მიმართულებით ავიამიმოსვლა დროებით იკრძალება.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ, რუსულმა ავიაკომპანიებმა საქართველოს მიმართულებით 8 ივლისიდან ბილეთების გაყიდვები შეაჩერეს. რუსული მედიის ინფორმაციით, ავიაკომპანიებმა "სმარტავიამ", "პაბედამ", "რედ ვინგზმა" და "ეს 7"-მა ბილეთების გაყიდვა უკვე შეაჩერეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე:

"პუტინმა საქართველოს ომი გამოუცხადა: ტურისტების შემოსვლის აკრძალვა შუაგულ სეზონზე ეკონომიკურად არანაკლებ დამანგრეველი შეიძლება იყოს, ვიდრე პირდაპირი სამხედრო აგრესია - ეს საშუალო და მცირეშემოსავლიანი ქართველების მოგუდვას ემსახურება. შედეგად უნდა მიიღოს უპრეცედენტო სოციალური ბუნტი, ტურისტულ შემოსავლებზე ჩამოკიდებული ასიათასობით ქართველის დაპირისპირება პროდასავლურ ვექტორთან და რუსთაველზე გასულ თავისუფლებისმოყვარე თაობასთან, დესტაბილიზაცია და ქვეყნის ჩამოქცევა. ამიტომ, რადგან ვიცით, რომ ღია, გამოცხადებულ ომში ვართ: ერთიანობის და არა - წუწუნის და თავში ცემის დროა! რადგან ისიც ვიცით, რა მეთოდებით გვებრძვის და რისი მიღწევა უნდა, განსაკუთრებული გონიერება და პროვოკაციებზე არ წამოგება გვმართებს! თუ ვინმე დაზარალდა პუტინის ამ ტურისტული ემბარგოთი, ერთ-ერთი მეც ვარ. მაგრამ ვიცი, რომ ომში ვარ და ვარ ამ ქვეყნის რიგითი ჯარისკაცი. და ამ სტატუსით მოგიწოდებთ: არ დავუშვათ საზოგადოების ერთმანეთთან წაკიდება, დესტაბილიზაცია და ქვეყნის ჩამოქცევა. ერთიანობის და გონიერების დროა!", - წერს "ფეისბუკში" ხათუნა ლაგაზიძე. (წყარო)