"თუ ხელისუფლებამ რეაგირება დააგვიანა, შესაძლოა, გახარიას გადადგომაც არ აღმოჩნდეს საკმარისი" - კვირის პალიტრა

"თუ ხელისუფლებამ რეაგირება დააგვიანა, შესაძლოა, გახარიას გადადგომაც არ აღმოჩნდეს საკმარისი"

"ძალიან ცუდად მენიშნა პუტინის გაფრთხილება, რომ საჰაერო მიმოსვლა მას შემდეგ აღდგება, რაც რუსეთის მოქალაქეებისთვის უსაფრთხო გარემო იქნება. ვინმე საშინაო თუ საგარეო პროვოკატორმა რამე რომ დაუშავოს რუსეთის მოქალაქეებს, ხომ წარმოგიდგენიათ რას იზამს პუტინი?! ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ!"

ქვეყანაში ვითარება უკიდურესად დაიძაბა მას შემდეგ, რაც პარლამენტის შენობაში მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის გამართვისას ქვეყნის მოსახლეობამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი სერგეი გავრილოვი იხილა, რომელიც მანამდე აცხადებდა, რომ არანაირ უხერხულობას ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გამო არ გრძნობდა. დღემდე გაუგებარია, რატომ დაუშვა საქართველოს ხელისუფლებამ ამგვარი რამ, იყო ეს მართლაც პროტოკოლის შეცდომა (რასაც ხელისუფლების წარმომადგენლები გვიმტკიცებენ), თუ რუსული სცენარით გათვალისწინებული მიზანმიმართული პროვოკაცია? - გვესაუბრება ექსპერტი გია ხუხაშვილი:

გია ხუხაშვილი

- მოდი, უფრო ფართოდ შევხედოთ შექმნილ ვითარებას. საქმე ის არის, რომ ამ ე.წ. დაბალანსების პოლიტიკამ ჩვენი ხელისუფლება ძალიან გაბლანდა საგარეო პოლიტიკურ პროცესებში. დღევანდელ მსოფლიოში დიდი გეოპოლიტიკური მოთამაშეების დაბალანსების მცდელობები აღარ ამართლებს, არ გამოდის, მით უფრო ისეთი ქვეყნისგან, რომელსაც, ფაქტობრივად, არაფრის შეთავაზება არ შეუძლია გიგანტებისთვის. ჩვენი ხელისუფლება კი ძალიან გაერთო ამ მიმართულებით, რამაც, როგორც ჩანს, რუსეთს ილუზია შეუქმნა იმისა, რომ ამ დიდ გეოპოლიტიკურ თამაშში საქართველოში ვითარების დალაგებას შეძლებდა. დაიწყეს ფორსირებულად ე.წ. რბილი ძალის გამოყენება, რაც ბოლო დროს მთელ კასკადად ვიხილეთ.

რას ნიშნავს რუსეთის მოქმედება ე.წ. რბილი ძალით? უპირველესად, პედალირებას ერთმორწმუნეობაზე და ამის საფუძველზე სახიფათო პროცესების სტიმულირებას. გავიხსენოთ დავითგარეჯის ირგვლივ განვითარებული მოვლენები, როდესაც პოლიტიკურ პროცესში სრულიად მოულოდნელად რელიგიური განზომილება გაჩნდა.

ისმის კითხვა: მიუხედავად კონსტიტუციურად გაცხადებული საგარეო ვექტორისა, რითი მოახერხა ხელისუფლებამ რუსეთისთვის განსაზღვრული მოლოდინის გაჩენა?

- უპირველესად იმით, რომ შიდაპოლიტიკური პრობლემების დალაგება დაიწყო ულტრაკონსერვატიული ძალების მეშვეობით. მან პარტნიორად გაიხადა ე.წ. ნეიტრალიტეტის მომხრე და დასავლეთისადმი კრიტიკულად განწყობილი ძალები. ხომ გვახსოვს, ამ ბოლო დროსაც აქციები "მიუმხრობლობის", ანუ ნეიტრალიტეტის მოთხოვნით გაიმართა. სწორედ ამგვარ აქციებზე გაჩნდა დასავლეთიდან მომდინარე გარყვნილებისა და კომბლების თემები, როდესაც 50 კაცის გასაკოჭად 100 000-იანი ლაშქრის შეკრება გამოცხადდა და ა.შ.

მოკლედ, ამ ყველაფერმა რუსეთს შეუქმნა ილუზია იმისა, რომ საქართველოში უკვე მომწიფდა ვითარება, ქვეყანა ამ დიდ გეოპოლიტიკურ თამაშში რუსეთისკენ გადაიხაროს. აი, ამ ილუზიის პიკი იყო გავრილოვის პარლამენტში გამოჩენა, რაც ჩვენი საზოგადოებისთვის ბოლო წვეთი, კატალიზატორი აღმოჩნდა და ერთ დღეში ყველაფერი თავდაყირა დადგა.

როდესაც ცდილობ საზოგადოების განწყობის შეუსაბამოდ, არასწორი მიმართულებით იარო, საზოგადოებაში გროვდება მუხტი, რომელიც განსაკუთრებული აგრესიით იწყებს მოქმედებას და ბოლოს ფეთქდება. აი, ეს მოხდა 20 ივნისს.

მთელი ეს "სპეცოპერაცია" ხელისუფლების უგუნური პოლიტიკის შედეგია. კონკრეტულად, ვინ რა შეცდომა დაუშვა, პროტოკოლი ვინ დაარღვია, ვინმემ ეს მიზანმიმართულად გააკეთა თუ არა, ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია.

საზოგადოებამ მისცა მწვავე და აგრესიული რეაქცია, როდესაც დაინახა სერიოზული საფრთხე - ასე მიიღეს პასუხი რუსებმა. კრემლში დაინახეს, რომ მათი გეგმა წყალში გადაიყარა, ამიტომაც გადაირივნენ ასე.

- რუსეთისგან მომდინარე რისკებს კვლავ დავუბრუნდებით, მანამდე კი მინდა შევაფასოთ 20-21 ივნისის მოვლენები, ის ურთულესი ვითარება, რომელიც საპროტესტო აქციაზე შეიქმნა. ფაქტია, რომ ოპოზიციას გაუჩნდა შანსი საპროტესტო განწყობების სწორი მართვით მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის მიეღწია, თუმცა შედეგად ვნახეთ პროტესტანტების გაუმართლებელი აგრესია, რასაც ხელისუფლებამ სამართალდამცავები დაუპირისპირა. - 20 ივნისს ცხადად დავინახეთ ჩვენი საზოგადოების ერთი დიდი პრობლემაც. ვგულისხმობ იმას, რომ მონოლოგების კაკოფონიაში გვიწევს ცხოვრება, ერთმანეთს არ ვუსმენთ, საზოგადოება მუდმივად იხლიჩება და თითოკაცდება. პოლიტიკური შედეგი მიიღწევა მხოლოდ ნეგატიური შინაარსით და არანაირი პოზიტიური დღის წესრიგი, მაკონსოლიდირებელი იდეა არ არსებობს. იმ დღეს ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანხმდებოდნენ, რომ გავრილოვის იმ სავარძელში წამოსკუპება შეცდომა იყო. ფაქტობრივად, გამოიძებნა თემა, რომელზეც პოლიტიკურ ელიტაში სრული კონსენსუსი შედგა, საბოლოოდ კი ის დაპირისპირებად ვაქციეთ. იმაში,

რაც იმ ღამეს მოხდა, ოპოზიციის პასუხისმგებლობაც აშკარაა, მაგრამ ვის უკვირს "ნაციონალური მოძრაობისგან" დესტრუქციული მოქმედებები?

ეს ხომ მისი ბუნებაა. ამიტომაც მის პასუხისმგებლობაზე ლაპარაკს აზრი არა აქვს, რადგან ეს არის ისტორიული პასუხისმგებლობა, რომლის დაყენების შანსი "ქართულმა ოცნებამ" ხელიდან გაუშვა. ამიტომაც ყველაფერზე პასუხისმგებელი სწორედ "ქართული ოცნებაა". ამ კონკრეტულ შემთხვევაში ხელისუფლება დათანხმდა პროტესტანტებს, რომ გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დასმა იყო შეცდომა, მაგრამ საზოგადოების მოთხოვნების გათვალისწინება არ მოინდომა. მათ მთელი 24 საათი დააგვიანეს გადაწყვეტილების მიღება. არადა, კობახიძე იმავე დღეს რომ გადამდგარიყო და ის სიბრიყვეები არ ელაპარაკა, რაც ბაქოდან მოგვასმენინა, ის არ მოხდებოდა, რაც მოხდა. ხელისუფლებამ არ გამოიყენა საზოგადოებრივი კონსოლიდაციის შანსი, რაც მისი უგუნურების პიკი იყო.

- აქციაზე, რომელიც მშვიდობიანად მიმდინარეობდა, ვითარება მას მერე გამწვავდა, რაც ნიკა მელიამ ლამის პირდაპირ მოუწოდა პროტესტანტებს პარლამენტში შესვლისკენ. - ისმის კითხვა, რატომ წავიდა "ნაციონალური მოძრაობა" ძალადობრივ მოქმედებაზე? ჩემი აზრით, მას შეეშინდა, რომ პროტესტზე კონტროლი შეიძლებოდა აეღო "ევროპულ საქართველოს", რადგან მოყოლებული პარლამენტში გამოცხადებული პროტესტისა, ის უფრო მძლავრად გამოიყურებოდა ამ პროცესებში. იმისთვის, რომ კონტროლი არ დაეკარგათ და ჩაეჩოჩებინათ "ევროპული საქართველო", აგრესიაზე გადავიდნენ. მათ მართლაც მოახერხეს ყოფილი თანაგუნდელების ჩაჩოჩება, თუმცა პარალელურად მივიღეთ უმწვავესი და ქვეყნისთვის დამაზიანებელი პროცესები.

რაც შეეხება ხელისუფლების მოქმედებებს, პირველ ეტაპზე ძალოვანი სტრუქტურების ქმედებები შეგვიძლია ჩავთვალოთ სრულიად ლეგიტიმურად, რაც სამართლებრივ ჩარჩოში იჯდა, მაგრამ მეორე ეტაპზე აგრესიის აღკვეთის დროს გაჩნდა დარბევის ნიშნები. ვიღაც ამბობს, რომ ეს ერთეული შემთხვევები იყო, მაგრამ ამას მნიშვნელობა არა აქვს. ჩვენ ვნახეთ უმძიმესი ვიდეოფირები, დაშავდნენ მოქალაქეები, მათ შორის ძალიან მძიმედაც. გასაგებია, დაშალეს აქცია, მაგრამ შემდეგ დევნა და ცემა-ტყეპა უკვე სრულიად გაუმართლებელი იყო, თანაც ამ ყველაფერმა ძალიან ბევრი ძველი ჭრილობაც გახსნა. ჩვენ ტრავმირებული ერი ვართ, რომელსაც ბევრი უბედურება აქვს ამ ადგილას გადატანილი. ამანაც გამოიწვია პროტესტის ტალღის გადიდება, ჩვენ მეორე დღეს გაცილებთ მეტი მოქალაქე დავინახეთ რუსთაველზე.

რასაც ვუყურებ, ხელისუფლება ისევ არაადეკვატურია. როგორც უკვე ვთქვი, კობახიძის გადადგომა 20 ივნისს სწორი და გამართლებული ნაბიჯი იქნებოდა. ღამით უკვე ისეთი ფაქტი მოხდა, რომ ხელისუფლების პასუხისმგებლობის საფასურიც გაიზარდა. კარგია, რომ კობახიძე გადადგა, ის ისედაც დიდი გაუგებრობა იყო ქართულ პოლიტიკურ სივრცეში და არსაიდან მოსული არსაით წავიდა.

ახლა მნიშვნელოვანია, ის მოთხოვნები გაითვალისწინოს ხელისუფლებამ, რასაც უკვე დღეს ითხოვენ ახალგაზრდები. ვინც ამას "ნაცმოძრაობის" აქციას უწოდებს, ამით შვილებს აყენებს შეურაცხყოფას - ეს სახალხო პროტესტია! ჩვენ ვნახეთ 21 ივნისის აქციაზე პროტესტანტთა დამოკიდებულება ზოგადად პოლიტიკოსების მიმართ. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ის ახალგაზრდობაა, რომელიც ქვეყნის მართვის ესტაფეტას ხვალ-ზეგ გადაიბარებს.

შესაძლოა ისინი დღეს ტაქტიკურ შეცდომებს უშვებენ, მაგრამ არა უშავს. შეიძლება ხელისუფლებამ ამ გულანთებულ ახალგაზრდებს მოუგოს - უბრალოდ, არ გაითვალისწინოს მათი აზრი, არ მოუსმინოს და გაჭიანურებული აქციებით დაღალოს, მაგრამ ესეც რომ მოხდეს, ამით ხელისუფლების პრობლემა არ გადაწყდება, ის პრობლემები, რაც აქვს, კი არსად გაქრება, უფრო გაღრმავდება.

21 ივნისის აქცია იყო მნიშვნელოვანი იმით, რომ ახალგაზრდები პროტესტს მარტო ხელისუფლების მიმართ კი არ გამოთქვამდნენ, არამედ მთელი პოლიტიკური ელიტის მიმართ, რომელმაც ვერა და ვერ მოახერხა ამ ქვეყნის სწორ გზაზე გაყვანა. ჩვენ ხომ მხოლოდ ხელისუფლების კრიზისი არა გვაქვს, ჩვენ მთელი პოლიტიკური ელიტა გვყავს ღრმა კრიზისში და ახალგაზრდებისგან მათრახის გადაკვრა ამ ელიტას ნამდვილად მოუხდება.

- სახელმწიფოს, რომლის წინაშეც ძალიან დიდი გამოწვევებია, აქვს დაუსრულებელი საპროტესტო აქციების დრო, როდესაც მუდმივად არის პროვოკაციების საფრთხე? - დრო ნამდვილად ცოტა გვაქვს. რისკები ძალიან იზრდება. არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ კრემლი ამ მდგომარეობას შეეგუება.

კი ბატონო, ფიასკო განიცადა, ნახა, რომ მისი ილუზია, რომ პირდაპირ ან ირიბ კონტროლს აღადგენდა საქართველოზე, დაიმსხვრა, რამაც გააბრაზა კრემლის ბინადრები, ამიტომაც უნდა ველოდოთ მათ შემდგომ ნაბიჯებს.

გარდა ამისა, დიდ გეოპოლიტიკურ სურათს თუ შევხედავთ, ესკალაცია გრძელდება და ძალიან სერიოზული პროცესები შეიძლება დაიწყოს, რისი მონაწილეც საქართველოც აღმოჩნდება. ამიტომაც არის საჭირო ახლებური გამოწვევების გათვალისწინებით უსაფრთხოების სისტემის სასწრაფოდ უზრუნველყოფა. რადგან დრო ცოტა გვაქვს, ამიტომაც უნდა იყოს ხელისუფლება ადეკვატური. პოზასა და ჯიბრში კი არ უნდა ჩაუდგეს პროტესტს, კი არ უნდა დაემალოს, არამედ უნდა გადაიხადოს ის პოლიტიკური ფასი, რომელსაც ითხოვენ მისგან, რათა ჩაცხრეს ეს ვითარება.

რას ითხოვს ახალგაზრდობა? - პროპორციულ არჩევნებს, რაც კონსტიტუციაში უკვე წერია, უბრალოდ, ვადებია შესაცვლელი, და შინაგან საქმეთა სამინისტროს ადეკვატურ პასუხს. მხოლოდ იმაზე ლაპარაკი, რომ მოკვლევას ჩაატარებენ და ამის მერე მიიღებენ გადაწყვეტილებებს, არ კმარა. ჩვენ ვნახეთ ვიდეოფირები, სადაც ჩანდა, როგორ არღვევენ კონკრეტული სამართალდამცავები კანონს. ყველა სასწრაფოდ უნდა დაისაჯოს.

- ახალგაზრდები მოითხოვენ შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომასაც. - გახარიას გადადგომის მოთხოვნის დღის წესრიგიდან მოხსნა ჯერ კიდევ შესაძლებელია, თუ ის ადეკვატურად იმოქმედებს და სისტემაში შესაბამის ღონისძიებებს გაატარებს.

თუ ხელისუფლებამ რეაგირება დააგვიანა, მაშინ შესაძლოა აღარც გახარიას გადადგომა აღმოჩნდეს საკმარისი. მოკლედ, ამ კრიზისის გახანგრძლივებაზე პასუხისმგებელი ახალგაზრდები კი არა, ხელისუფლება იქნება, თუ დროულად არ გადადგა საჭირო ნაბიჯები. მერე, სავარაუდოდ, უფრო დიდი ფასის გადახდა მოუწევს.

- მოგეხსენებათ, რუსეთმა საქართველოსთვის სანქციების დაწესება უკვე დაიწყო: აკრძალა საქართველოს მიმართულებით ავიარეისები, ტუროპერატორებს აეკრძალათ ტურების დაგეგმვა... - რა თქმა უნდა, ეს ქვეყანაში ეკონომიკურ რისკებს გაზრდის, თუმცა უფრო საინტერესოა ამ გადაწყვეტილების პოლიტიკური კონტექსტი, რომელშიც ძალიან სახიფათო ნოტები იკითხება. ისევ ეკონომიკას რომ დავუბრუნდეთ, რუსული სტატისტიკით, ტურისტული ტურებით საქართველოში 5-6 ათასი რუსი ტურისტია, არატურისტულით - 2-3-ჯერ მეტი. ეს ცოტა არ არის, მაგრამ არც ისეთი რაოდენობაა, რომ ქვეყანა მათი ჩამოუსვლელობით მიღებულ ზარალს ვერ გაუმკლავდეს, ამიტომ ამ პროცესის დრამატიზება არ შეიძლება.

მოცემულობა ასეთია და ვიშვიშის დრო არა გვაქვს. ჯობს გამოსავალზე ვიფიქროთ. მაგალითად, მაქვს იდეა, რომ ტურიზმში რუსული "დანაკლისის" საკომპენსაციოდ წამოვიწყოთ კამპანია "დაისვენე საქართველოში". ამ ფონზე და ამგვარი პატრიოტული მოტივებით სრულიად შესაძლებელია საკმაოდ ეფექტიანი შედეგის მიღება. ამის ირიბი პოზიტიური ეფექტი იქნება ისიც, რომ ვალუტის გადინება არ მოხდება.

მე მაინც ყურადღებას გავამახვილებდი არა იმდენად ეკონომიკურ, არამედ პოლიტიკურ რისკებზე. მე ყველაზე მეტად მეშინია გაბრაზებული რუსეთის, რომელსაც კარგად ესმის, რომ დასავლეთი ეცდება იაქტიუროს და, პრაქტიკულად, შეუქცევადი გახადოს დასავლური უსაფრთხოების სისტემაში ჩვენი ინტეგრაცია.

კრემლი შეეცდება ამას ხელი შეუშალოს და რა მეთოდებს გამოიყენებს ამისთვის? - ვფიქრობ, ამ ეტაპზე უფრო შეეცდებიან ჩვენს პროვოცირებას და არა პირდაპირ აგრესიას.

- ერთ საკითხზე მინდა გავამახვილო ყურადღება - აქციებზე, რომლებიც იმართება თბილისში, მწვავე განცხადებები კეთდება რუსეთზე, რაც გასაგებია. სავარაუდოდ, სწორედ ამით არის გამოწვეული ის, რომ რუსეთის საგარეო უწყებამ საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვა ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი რუსი ჟურნალისტებისა და რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. როგორ ფიქრობთ, რამდენად არსებობს ამ მიმართულებით პროვოკაციების საფრთხე? - 2008 წელს, გახურებული ომის დროსაც კი, არ შეჰქმნიათ აქ რუსეთის მოქალაქეებს პრობლემები. მე მჯერა ქართველი ხალხის ტოლერანტობის და დიდი იმედი მაქვს, რომ პროვოკაციის მოწყობა არავის გამოუვა, თუმცა ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ძალიან ცუდად მენიშნა პუტინის გაფრთხილება, რომ საჰაერო მიმოსვლა მას შემდეგ აღდგება, რაც რუსეთის მოქალაქეებისთვის უსაფრთხო გარემო იქნება. ვინმე საშინაო თუ საგარეო პროვოკატორმა რამე რომ დაუშავოს რუსეთის მოქალაქეებს, ხომ წარმოგიდგენიათ რას იზამს პიტინი?! ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ!

ამიტომ მინდა მოვუწოდო ხელისუფლებას, აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა 20-21 ივნისის მოვლენებზე, დროულად გადაიხადოს პოლიტიკური ფასი, ჩააქროს შიდა კრიზისი და მიხედოს საგარეო საფრთხეებს! ეს არის სახელმწიფოებრივი გეგმა. თუ ასე არ მოიქცევა ხელისუფლება, მოგვიწევს დავასკვნათ, რომ მისთვის მთავარი სახელმწიფო კი არა, ძალაუფლებაა. ხელისუფლება, რომლისთვისაც მთავარი ძალაუფლების შენარჩუნება ხდება, ირეცხება ამ ქვეყანაში - ასეთია ისტორიული კანონზომიერება.

თქვენი გაზეთის მეშვეობით მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილსაც - მან უნდა შეძლოს და გაუსწოროს მისთვის არასასურველ და დრამატულ რეალობას თვალი.

მახსოვს, 2012 წელს ბევრს ვსაუბრობდით და გადაწყვეტილი გვქონდა, როგორც კი დადგებოდა ამის დრო, გავცლოდით ქართულ პოლიტიკას. მე ეს შევძელი, მან ეს ვერ მოახერხა სხვადასხვა სუბიექტური და ობიექტური მიზეზის გამო. არ მიმაჩნია, რომ ის ხელისუფლებას ეპოტინება, დარწმუნებული ვარ, უნდა წასვლა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მასზე ჩამოკიდებულია ძალაუფლება, ვეღარ ხედავს გასასვლელ კარს. ამიტომ პირადად მე მზად ვარ მონაწილეობა მივიღო ამ პროცესში და დავეხმარო ამ კარის პოვნაში.

მზად ვარ შევბრუნდე პოლიტიკაში და მასთან ერთად ვიმუშაო იმაზე, რომ მივიყვანოთ ეს პროცესი 2020 წლის ღირსეულ, სამართლიან არჩევნებამდე. კონკურენტული არჩევნებით გადავაბაროთ ძალაუფლება იმ ძალებს, რომლებსაც აირჩევს ხალხი, და ამის შემდეგ მასთან ერთად დავტოვო ქართული პოლიტიკა. ამაზე დიდ საქმეს ბიძინა ივანიშვილი ვერც საკუთარ თავს და ვერც ქვეყანას ვერ გაუკეთებს.

ეს იქნება ღირსეული წასვლა, რაშიც მზად ვარ დავეხმარო. თუ ის ამას უჩემოდ გააკეთებს, კიდევ უფრო ბედნიერი ვიქნები.

- თუ დაგთანხმდათ ამ შეთავაზებაზე, არ ფიქრობთ, რომ წასვლამდე ის ქვეყნის სათავეში ფორმალურად უნდა დაბრუნდეს? - სწორად სვამთ საკითხს. როცა ვამბობ, რომ მზად ვარ მივეხმარო-მეთქი, ვგულისხმობ იმას, რომ ჩემი პირველი რეკომენდაცია იქნება აღდგეს ქვეყანაში ინსტიტუციური წესრიგი, რაც ნიშნავს, რომ ძალისა და ინსტიტუციური ცენტრები თანხვედრაში მოვიდეს. დიახ, ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი უნდა გახდეს. მესმის, რომ არ უნდა, მაგრამ უნდა გადადგას ეს ნაბიჯი და აღადგინოს ინსტიტუციური წესრიგი, გახდეს ჯანსაღი არჩევნების ჩატარების გარანტი, აარიდოს ქვეყანას საგარეო თუ საშინაო რისკები და 2020 წლის არჩევნების შემდეგ წავიდეს!