"თუ სომხურს პრივილეგიას მივანიჭებთ, აზერბაიჯანულმა და ბერძნულმა რა დააშავა?!" - კვირის პალიტრა

"თუ სომხურს პრივილეგიას მივანიჭებთ, აზერბაიჯანულმა და ბერძნულმა რა დააშავა?!"

სომხეთის პრეზიდენტის, სერჟ სარქისიანის განცხადებამ, სომხური ენისთვის რეგიონული სტატუსის მინიჭების თაობაზე, საქართველოში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ბუნებრივია, ამგვარი განცხადებები ორი ერის კეთილმეზობლურ ურთიერთობას ძალზე აზარალებს.

არც ის იქნება გასაკვირი, ალიევმა აზერბაიჯანული ენის, ხოლო საბერძნეთის პრეზიდენტმა - ბერძნულის, უკრაინელებმა - უკრაინულის, რუსებმა - რუსულის (ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს) რეგიონულ ენად გამოცხადება მოითხოვონ. მას შემდეგ, რაც საქართველოში ექსპერტებმა და საზოგადოებამ ამ საკითხზე ძალზე მწვავე რეაქცია გამოხატეს, სომხური მედიის წარმომადგენლები პირდაპირ გაოცებას ვერ ფარავენ, - "გაუგებარია ქართველების რეაქცია ჩვენი ქვეყნის ლიდერის განცხადებაზე. არავისთვის არის ახალი, რომ ძალიან მალე თბილისმა ხელი უნდა მოაწეროს ევროპულ ქარტიას რეგიონული და უმცირესობათა ენების შესახებ. ჩვენმა პრეზიდენტმა მხოლოდ ის თქვა, რასაც ქარტია ითვალისწინებს, რომ სომხური ენისათვის ოფიციალური სტატუსის მინიჭება ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნების მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის განმტკიცებას"."

რაღა ბევრი გავაგრძელოთ და სომხური მედია მთლად არ ტყუის. მართალია, სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა მეტად დიპლომატიური პასუხი შეუთვალა სარქისიანს (მოხარული ვარ, რომ სომხეთში ერთადერთი სახელმწიფო ენა სომხურიაო), მაგრამ საქართველოს მართლაც აქვს აღებული ვალდებულება, რომ ხელს მოაწერს ევროპულ ქარტიას რეგიონული და უმცირესობათა ენების შესახებ.

ვნახოთ, რა წერია ქარტიაში.

"... ქარტიაზე ხელმომწერი სახელმწიფოები ვალდებული არიან რეგიონული ან უმცირესობათა ენების ხელშესაწყობად გადამჭრელი ზომები მიიღონ, ხოლო მათი დაცვის მიზნით ზეპირი და წერილობითი ფორმით საჯაროდ და პირად ცხოვრებაში რეგიონული ან უმცირესობათა ენების გამოყენებას ყოველმხრივ ხელი შეუწყონ და წაახალისონ. სახელმწიფო ვალდებულებას იღებს რეგიონული ან უმცირესობათა ენების მიმართ ეროვნული პოლიტიკის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღოს ამ ენებზე მოლაპარაკე ჯგუფების საჭიროებები და მათი სურვილები. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ სასამართლოები (მხარის თხოვნით) სამართალწარმოებას ახდენდნენ რეგიონულ ან უმცირესობათა ენებზე. უზრუნველყონ, რომ ხელისუფლების ადმინისტრაციულმა ერთეულებმა გამოიყენონ რეგიონული ენები; უზრუნველყონ, რომ რეგიონულ ან უმცირესობათა ენებზე მოლაპარაკეებს შეეძლოთ წერილობითი ან ზეპირი მიმართვების წარდგენა და ამავე ენებზე შედგენილი პასუხების მიღება. ნება დართონ ხელისუფლების ორგანოებს, შეადგინონ დოკუმენტები რეგიონულ ან უმცირესობათა ენაზე" და ა.შ..

ერთი სიტყვით, ქარტია გვეუბნება, რომ საქართველოში ქართულ ენასთან ერთად სხვა სახელმწიფო ენებიც უნდა გვქონდეს.

ახლა ვნახოთ, რა საფრთხეებს შეიცავს ქვეყნისთვის ქარტიაზე ხელის მოწერა და არის თUუ არა ეს წინგადადგმული ნაბიჯი და ხელის შეწყობა ქვეყნის სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის, რასაც დაჟინებით გვიმტკიცებენ ევროპელი ტრენერები. სხვათა შორის, ტრენერთა შორის არიან ფრანგები, ბერძნები, ბელგიელები, რომელთა ქვეყნებმა ქარტიას ხელი არ მოაწერეს. ისმის კითხვა, - თუ ქარტიIა ასე მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის, ხომ არ აჯობებდა ჯერ თავიანთ ქვეყნებში მიეღოთ და ეს "სიკეთე" მერე გაეზიარებინათ ჩვენთვის?

ტრენინგის მასალებში წარმოდგენილია ოსლოს რეკომენდაციებიც, სადაც ნათქვამია, რომ კოპენჰაგენის დოკუმენტის 35-ე პუნქტი მოითხოვს ისეთი გარემოს შექმნას, რაც ხელს შეუწყობს ეროვნულ უმცირესობებს, მონაწილეობა მიიღონ საჯარო საქმეებში თავიანთ ენაზე, რაც შეიძლება გაკეთდეს ადგილობრივი ან ავტონომიური მმართველობის შექმნის გზითა და უმცირესობების ისტორიულ და ტერიტორიულ მდგომარეობასთან შესაბამისობით". აშკარაა, რომ ეს რეკომენდაცია რეგიონისთვის ავტონომიის მინიჭებას ითვალისწინებს! ესღა გვაკლდა ისედაც დაგლეჯილი ქვეყნის პატრონებს! საკითხავი ის არის, რაღა მაინცდამაინც ახლა გაახსენდა სარქისიანს ეს ამბავი? მან ხომ კარგად იცოდა, რას გამოიწვევდა ეს განცხადება ქართველ საზოგადოებაში? როგორც ჩანს, სომხური სახელმწიფოს ჩანაფიქრი იმაზე მზაკვრულია, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია.

მამუკა არეშიძე: - აქ ორი ვერსიაა. პირველი - თურქეთთან საზღვრის შესაძლო გახსნის გამო სომხეთის მდგომარეობა სულ სხვა რეჟიმში გადადის. ოფიციალური ერევანი მუდამ უფთხილდებოდა საქართველოსთან ურთიერთობას, რადგან ერთადერთი მარშრუტი საქართველოს ტერიტორიაზე გადიოდა. ამიტომ სომხეთი ^თავს იკავებდა მოვლენების სეპარატისტული განვითარებისაგან. ამას თითქოს ებრძოდა კიდეც ჯავახეთში. კარგად მახსოვს ქოჩარიანის განცხადება, რომელმაც ოფიციალურად განაცხადა, ჯავახეთში მცხოვრებმა ყველა სომეხმა უნდა იცოდეს სახელმწიფო ენაო. როგორც ჩანს, ბატონი ქოჩარიანი, ცოტა არ იყოს, თვალთმაქცობდა და ახლა, როცა ფეხქვეშ ოდნავ მყარი ნიადაგი იგრძნეს, ზრახვები გაამჟღავნეს(!).

- თურქეთ-სომხეთის საზღვრის გახსნა ჯერჯერობით ბუნდოვანია...

- საქმე ის არის, რომ საქართველოს ხელისუფლებას რამდენიმე საკითხის მოგვარება სურდა ოფიციალური ერევნის მეშვეობით. ერთ-ერთი რუსებთან ურთიერთობის მოგვარებაა. ამიტომაც მიიღეს არაპოპულარული გადაწყვეტილება ჯავახეთიდან აჭარისკენ მიმავალი გზის გახსნის თაობაზე. იყო საკითხი, რაც ჯავახეთში საკონსულოს გახსნას შეეხებოდა. ყოველ შემთხვევაში, ოფიციალური ერევანი ამ საკითხს აქტიურად აყენებდა. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩანს, სომხეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ვითარების მართვის სადავეები მოიქციოს ხელში.

მეორე ვერსიით, ეს ნაბიჯი რუსეთის ზეწოლით გადადგეს. სხვათა შორის, სარქისიანის განცხადებას წინ უძღოდა ერთი მეტად მნიშვნელოვანი ფაქტი. რამდენიმე ხნის წინ ჩრდილო კავკასიის ტერიტორიაზე აფეთქდა გაზსადენი, საიდანაც ბუნებრივ აირს მხოლოდ სომხეთი იღებდა. არ არის გამორიცხული, ეს გაფრთხილება იყოს. თურქეთთან სომხეთის დაახლოებას კრემლი ვითომ არ ეწინააღმდეგება, სინამდვილეში კი ყოველნაირად შეუშლის ხელს, რადგან არ არის გამორიცხული, თურქეთთან საზღვრის გახსნის შემდეგ სომხეთი გამოვიდეს რუსეთის გავლენის სფეროდან. 1986 წელს ათენში საზღვარგარეთული სომხური პარტიების შეკრების დროს ("დაშნაკცუტუნი", "ნჩაკი", "რამკარი") გადაწყდა, რომ სომხური ნაციონალური მოძრაობა ტერიტორიული პრეტენზიების ფონზე უნდა დაწყებულიყო. ვისთან შეიძლება ჰქონოდა სომხეთს ტერიტორიული პრეტენზიები? - თურქეთთან, აზერბაიჯანსა და საქართველოსთან. თურქეთისთვის ტერიტორიების მოთხოვნა სისულელე იყო. ჩემი ინფორმაციით, შეკრებაზე ერთმა ხმამ გადაწყვიტა, რომ სომხეთს მუშაობა ყარაბაღის მიმართულებაზე დაეწყო. ყარაბაღის საპირწონე ჯავახეთი იყო და ეს საკითხი დღემდე არ მოხსნილა დღის წესრიგიდან(!).

სომხური მასმედია ჯავახეთის თემას მუდამ ზედაპირზე ამყოფებს და სომხეთის ხელისუფლებაც იძულებულია, რეაგირება მოახდინოს. მით უმეტეს, რომ, მაგალითად, ოპოზიციური პარტია "დაშნაკცუტუნის" ლიდერი ჯავახეთიდან არის. აქედან გამომდინარე, ეს საკითხი სომხებისთვის მნიშვნელოვანია.

- ხომ შეიძლება საქართველოში ვინმეს მოთმინების ფიალა აევსოს და სომხეთი სრულ იზოლაციაში დატოვოს?

- სომხეთთან თურქეთის საზღვრის გახსნა კარგა ხანს არ გადაწყდება (ამის გარანტიას ვიძლევი), რადგან აზერბაიჯანის პოზიცია შეუვალია. სერჟ სარქისიანის ნათქვამი მოკლებულია ლოგიკას. რომ ეთქვა, ვთხოვ საქართველოს ხელისუფლებას, ჯავახეთში სომხური გახდეს რეგიონული ენაო, მოვითხოვ რუსეთის ხელისუფლებისაგან, კრასნოდარის მხარეში სომხური გამოცხადდეს რეგიონულ ენადო, რომ ეთქვა, მოვითხოვ ბაღაფშისაგან, აფხაზეთში სომხური იყოს რეგიონული ენა, რადგან აფხაზეთში სომხები მეტია, ვიდრე აფხაზებიო, მოვითხოვ კალიფორნიის გუბერნატორისაგან, რომ იქაც სომხური იყოს რეგიონული ენაო, ყველაფერი გასაგები იქნებოდა.

- რამდენადაც ცნობილია, რუსეთს, ამერიკას, მით Uუმეტეს,  ბაღაფშის სეპარატისტულ რეჟიმს არა აქვს აღებული ევროპულ ქარტიაზე ხელმოწერის ვალდებულება. ეს ვიღაცამ რატომღაც ქართველი ხალხის დაუკითხავად იკისრა და სარქისიანის განცხადებაც სრულიად ლოგიკურია.

- ქარტიაზე ხელმოწერის ვალდებულება ვიღაცამ კი არა, მიხეილ სააკაშვილმა აიღო მაშინ, როცა ის  ევროპის საპარლამენტო ასამბლეაში  ვიცე-სპიკერი გახლდათ. სხვათა შორის, ქარტია საფრანგეთმა და გერმანიამ არ მიიღეს. ვფიქრობ, ჩვენს დელეგაციას კარგად არც კი ჰქონდა გააზრებული, რას აწერდა ხელს. დაახლოებით იგივე მოხდა, რაც ვენის კონვენციის ხელმოწერისას, როცა საქართველო დათანხმდა მესხეთელი თურქების ჩამოსახლებას.

ქარტიაზე ხელის მოწერა არაფრით არ შეიძლებოდა და თუ მაინცდამაინც გვაიძულებდა  ევროპა, მაშინ  ეს საზოგადოების მსჯელობის საგანი უნდა გამხდარიყო. ახლა კი რა გამოდის? ერთი მხრივ, ვალდებულება გვაქვს აღებული მის მიღებაზე, მეორე მხრივ კი ეს არაფრით არ შეიძლება, რადგან დაახლოებით იგივე დაგვემართება, რაც დაღესტანშია, სადაც ყველა სოფელს თავისი ენა აქვს.

ვიღაცას ხომ უნდა ეკითხა მაინც, უნდა ისედაც უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ  ქართველ ერს ამ ვალდებულების აღება? თუ სომხურს რეგიონული ენის სტატუსი მიენიჭება, აზერბაიჯანელებმა ან ბერძნებმა რაღა დააშავეს?

პ. ს. საქართველოში ერთი ცუდი ტრადიცია დამკვიდრდა, - ყველა თავს უფლებას აძლევს ქართველი ერის სახელით ილაპარაკოს, ისეთი განცხადებები აკეთოს, რაც მიუღებელია ერის ცნობიერებისთვის. ჩინოვნიკები ქართველი ხალხის სახელით სრულიად გაუაზრებლად, და შეიძლება წაუკითხავადაც კი, ხელს აწერენ ისეთ გადაწყვეტილებებსა და დოკუმენტებს, რაც დამღუპველია ქვეყნისთვის. ნებისმიერი ნორმალური სახელმწიფოს ხელისუფლება ქვეყნისათვის ასეთი მნიშვნელოვანი და სასიცოცხლო საკითხის (როგორიც ასეთ ვითარებაში რეგიონული და უმცირესობათა ენის შესახებ ქარტიის მიღებაა) მხოლოდ თავისი შეხედულებისამებრ გადაწყვეტას არ იკადრებდა. რეფერენდუმს ჩაატარებდა და ხალხს ჰკითხავდა, უნდა თუ არა ქვეყანაში კიდევ ერთი ნაღმი, რომელიც ადრე თუ გვიან, აუცილებლად აფეთქდება? ამ თემაზე არათუ რეფერენდუმი, საჯარო განხილვის მოწყობაც არავინ იკადრა. უცხოელები კი საექსპერიმენტოდ იმაზე უკეთეს ქვეყანას, ვიდრე საქართველოა, სადღა იშოვიან.