"ხელისუფლება ვალდებულია, როგორმე მომავალ არჩევნებამდე მიიტანოს ქართული სახელმწიფო" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლება ვალდებულია, როგორმე მომავალ არჩევნებამდე მიიტანოს ქართული სახელმწიფო"

"აშკარად ასტრალში არიან. ყოველ შემთხვევაში, ამ ბოლო პროცესებამდე კულუარებიდან გამოდიოდა ინფორმაცია, რომ თურმე უკვე 2028 წლის არჩევნებზე ფიქრობდნენ"

20 ივნისს მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიას საქართველოს პარლამენტში, რომლის დროსაც რუსმა დეპუტატმა, "კომუნისტური პარტიის" წევრმა სერგეი გავრილოვმა პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი დაიკავა და სხდომა რუსულ ენაზე გახსნა, ქვეყანაში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ პარლამენტშივე დაწყებული პროტესტი ქუჩის ანტისაოკუპაციო აქციაში გადაიზარდა. პარლამენტში ძალადობრივად შესვლის რამდენიმე მცდელობის შემდეგ სამართალდამცავებმა აქციის დაშლა გადაწყვიტეს, რომლის დროსაც არაერთი ადამიანი დაშავდა, დააკავეს 300-ზე მეტი მოქალაქე. ქვეყანაში შექმნილ ვითარებას "დაიცავი საქართველოს" დამფუძნებელი, პოეტი დავით მაღრაძე აფასებს:

- საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მთავარ ტრიბუნაზე პარლამენტის სპიკერის სავარძელში აღმოჩნდა იმ ქვეყნის დეპუტატი, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს მიწა-წყალი და ეს მოხდა საქართველოს ხელისუფლების ხელდასხმითა და მოწვევა-მოპატიჟებით, რაც იყო ხელისუფლების ერთდროულად სიბრიყვის, უსუსურობისა და უზნეობის დემონსტრაცია.

მე რუსეთთან ლაპარაკის მტერი არა ვარ, ვფიქრობ, რომ ოკუპანტთანაც შეიძლება სერიოზული საუბარი, მაგრამ არა ასეთი ზნედაცემული, როდესაც ასე უღირსებოდ და საცოდავად წარმოჩნდება შენი ქვეყანა. რა გასაკვირია, რომ ამას საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა. თან რა საოცარია, რომ ბატონი გავრილოვის მეტი ვერავინ იპოვეს მართლმადიდებლობის ასამბლეის ჩამტარებლად, კაცი, რომელიც, როგორც ირკვევა, ერთდროულად არის კომუნისტ-ათეისტიც და მართლმადიდებელიც.

არ ვიცი, შესაძლოა ხელისუფლება ცდილობს ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროპას აჩვენოს, რომ მას რუსეთთანაც შეუძლია ურთიერთობა. ამით ეუბნება, თუ ჩვენ არ გინდივართ საქართველოს სათავეში, შეგვიძლია ასეთი ნაბიჯებიც გადავდგათო!.. ანუ არ გამოვრიცხავ, ერთგვარ შანტაჟთანაც გვქონდეს საქმე.

თუ 20 ივნისამდე განვითარებულ მოვლენებს გადავავლებთ თვალს, როდესაც ლგბტ თემი პრაიდს აანონსებდა, გარკვეული ჯგუფი კი მათ საწინააღმდეგოდ კომბლების თლას, ამ პროცესებში რაღაც კავშირი შეიძლება დავინახოთ. ამ ე.წ. კონტრაქციის ორგანიზატორების განცხადებებში კარგად გამოჩნდა, რომ განწყობა იყო ანტიამერიკული, ანტიდასავლურიც, არ გამოვრიცხავ, ხელისუფლება ამითაც ეუბნებოდა დასავლეთს, ჩვენ თუ არ ვიქნებით ხელისუფლებაში, თქვენ მიმართ ჩვენზე უფრო ნეგატიურად განწყობილი ხალხი მოვაო.

როდესაც მკითხეს, ვიყავი თუ არა ლგბტ აქციის მომხრე, ვთქვი, რომ არ ვიყავი! არა იმიტომ, რომ გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგი ვარ, არამედ ვეჭვობდი, რომ ამ დაპირისპირებას "ქართული ოცნება" გამოიყენებდა თავისი ხელისუფლების გასახანგრძლივებლად. ბარემ აქვე ვიტყვი, რომ არც ყველაზე ინტიმური განცდების აფიშირება და დემონსტრირება მიმაჩნია კულტურულ მოვლენად. საერთოდ, არც თავშეკავება არა მგონია თავისუფლების შეზღუდვა და არც თავშეუკავებლობა თავისუფლების სიმბოლო...

- დავუბრუნდეთ 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს. როგორ ფიქრობთ, ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც გვიან ღამით რუსთაველის პროსპექტზე მოხდა?

- მიუხედავად დემონსტრანტების მიერ სამართალდარღვევებისა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებას ეკისრება. მან მოიწვია ოკუპანტი და დაუთმო საქართველოს პარლამენტის მთავარი ტრიბუნა, რითაც მოსახლეობის ლეგიტიმური აღშფოთება გამოიწვია. იქ არ იყო "ნაცების" და "ოცნების" ხალხი, იქ იდგნენ შეურაცხყოფილი ადამიანები. ბოდიშით რომ არ დასრულდებოდა ეს ყველაფერი "ოცნებისთვის", ცხადზე უცხადესი უნდა ყოფილიყო მათთვის იმ წუთიდან, როდესაც გავრილოვი გამოჩნდა პარლამენტში.

"ნაცმოძრაობამ" ტანკები შემოუშვა რუსეთიდან, ხოლო "ქართულმა ოცნებამ" ნოხი გაუფინა ოკუპანტს საქართველოს პარლამენტში მთავარი სავარძლისკენ.

თუ პომპეოს განცხადების პასუხია გავრილოვის პარლამენტში მიყვანა, ეს არის ყველაზე სახიფათო თამაში, რის გაგებაშიც არ არის "ქართული ოცნება" და ამ ყველაფერმა შესაძლოა კატასტროფა გამოიწვიოს ქვეყანაში. ხელისუფლება ვალდებულია აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და როგორმე მომავალ არჩევნებამდე მიიტანოს ქართული სახელმწიფო, ანუ იმ დრომდე, როდესაც საქართველოს მოსახლეობას ახალი არჩევნის გაკეთების საშუალება ექნება. ასევე მოსთხოვოს პასუხი იმ პირებს, რომლებიც პარლამენტზე შტურმს აპირებდნენ. უნდა ჩატარდეს გამოძიება კანონის სრული დაცვით და დაისაჯოს ყველა დამნაშავე, ვინც ასეთი პროვოკაცია მოაწყო. უნდა დაისაჯონ ის სამართალდამცავებიც, რომლებმაც უფლებამოსილებას გადაამეტეს და ადამიანებს დამიზნებით ესროდნენ. სამწუხაროდ, ამ დარბევის შემდეგ უკვე ნამდვილად დაისვა ტოლობის ნიშანი "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის.

გამოსავალს ვხედავ იმაშიც, რომ სასწრაფოდ შეიქმნას პროდასავლური კონსერვატიული ძალების გაერთიანება, რომელიც "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობისგან" გაათავისუფლებს საქართველოს მომავალს. სწორედ მათი მონაწილეობით, მათი პასუხისმგებლობით მოხდა ის, რაც მოხდა 20 ივნისს, თუმცა ამ პასუხისმგებლობაში ხელისუფლების წილი გაცილებით მეტია.

- პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან ირაკლი კობახიძის გადადგომას პირველივე წუთიდან ითხოვდა საპარლამენტო ოპოზიცია, შემდგომ კი უკვე აქციის მონაწილეები. აზერბაიჯანში ვიზიტად მყოფი კობახიძე აშკარად ჩანდა, რომ ამას არ აპირებდა, თუმცა აქციის დაშლის კვალდაკვალ მას მოუწია ამ გადაწყვეტილების მიღებამ... აქციების მონაწილეები მოითხოვენ შს მინისტრის პოსტიდან გახარიას გადადგომასაც... - ირაკლი კობახიძე პროტესტის პირველივე დღეს უნდა გადამდგარიყო... რაც შეეხება ახალ მოთხოვნებს, გახარია კი არა, მთელი "ქართული ოცნებაც" უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან, ოღონდ, ვიმეორებ, ვალდებულება აქვთ, რომ არჩევნებამდე მიიტანონ ქართული სახელმწიფო, არაფრით არ უნდა დაუშვან, რომ სახელმწიფო ჩამოიშალოს.

- ამ პროცესების პარალელურად ჩვენ ვნახეთ რუსეთის ძალიან მყისიერი რეაქცია - კრემლმა საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობა აუკრძალა, რაც ქვეყნის ტურიზმისთვის დიდი დარტყმა იქნება...

- უკვე ვახსენე, დიდი საფრთხის შემცველია, თუ პომპეოს კრიტიკული განცხადებების პასუხია ხელისუფლების კეკლუცობა და გავრილოვისთვის ქართული პარლამენტის ტრიბუნის დათმობა-მეთქი. ეს არის ისეთი საშიში თამაში, რის გაგებაშიც არ არის "ქართული ოცნება". მივიღეთ ვითარება, როდესაც ორივე იმპერია, რომლებიც ცდილობენ თავიანთი ინტერესები გააფართოონ ჩვენს ქვეყანაში, უკმაყოფილოა და ორივე შემაშფოთებელ განცხადებებს აკეთებს: ერთი - აშშ ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე, მეორე - რუსეთი ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგოდ. აი, ამ სახიფათო თამაშებში გაეხვია საქართველოს უვიცი ხელისუფლება ამ გაუგებარი საგარეო პოლიტიკის შედეგად.

შესაბამისად, ვითარება საკმაოდ სახიფათოა და დიდი სიფრთხილეა საჭირო, რაც ისევ და ისევ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.

- როგორ ფიქრობთ, რატომ მივიდა "ქართული ოცნება" ქვეყნის შიდა თუ გარე პოლიტიკის ასეთ ურთულეს პრობლემებამდე? - მითქვამს და კიდევ მინდა გავიმეორო - საზოგადოებად მიმაჩნია მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც განსაცდელის დროს ღირსებას ინარჩუნებს.

სამწუხაროდ, საზოგადოების არსებობა აწუხებს ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც, რადგან საზოგადოებაში კარგად ჩანს, რა არის სირცხვილი, რა სიყალბე და ფარისევლობა. ამიტომაც არის, რომ ასე ებრძვიან ხოლმე საზოგადოებას.

მე-19 საუკუნეში ჩამოყალიბებული საზოგადოების წაშლის მცდელობა ილიას მკვლელობით დაიწყო - ეს იყო ყველაზე მძიმე დარტყმა. შემდეგ იყო არაერთი შეტევა, როდესაც მოსახლეობის უკულტურო ნაწილი ებრძოდა კულტურულ საზოგადოებას. უკულტურობა კვლავაც ძალადობს კულტურაზე...

როგორც წესი, ეს ძალადობა არის უკიდურესად აგრესიული, რისი მასაზრდოებელიც შურია. ასე იქცეოდა სააკაშვილის ხელისუფლება. მრჩება შთაბეჭდილება, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამაც წინამორბედისგან გადმოიბარა ქართველ საზოგადოებასთან ბრძოლის ესტაფეტა.

ამის ნიშნებსაც გეტყვით - პირველად ეს საყდრისთან დაკავშირებით ვიგრძენი, რომლის აფეთქებითაც საზოგადოებას აჩვენეს, სულ არ გვაინტერესებს, თქვენ რა გეძვირფასებათო...

ასეთივე ნიშანია დამოკიდებულება სასამართლოს სისტემისადმი. ესეც საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული პროცესი იყო, როდესაც ვნახეთ, რა წიაღსა და რა რეპუტაციის ხალხში ეძებდნენ უვადოდ დასანიშნ მოსამართლეებს.

ასევე ერთ-ერთი ნიშანი იყო კულტურის სამინისტროს გაქრობა. ეს რა აუცილებლობით იყო ნაკარნახები, არავინ იცის და არც არავის უცდია საზოგადოებისთვის ამის ახსნა.

სხვაც ბევრი ნიშანია იმისა, თუ როგორი დეგრადაცია განიცადა "ქართულმა ოცნებამ", როდესაც საზოგადოებაზე ძალადობა გაიხადა მიზნად.

რა მივიღეთ ამის შედეგად? - ხელისუფლება, რომელიც დაკავებულია ჭორაობით, იმის ჩაწერით, თუ ვინ რძალს ემდურის და ვინ სიძით არის უკმაყოფილო. მერე ამ ბინძურ ჩანაწერებს აქვეყნებენ ინტერნეტში, აძალებენ ტელევიზიებს, რომ გაუშვან ეთერში. თუ რომელიმე ტელევიზიამ უარი თქვა, მერე იმის დირექტორს აგდებენ სამსახურიდან და ა.შ.

ეს ხელისუფლება კი არა, ჩამწერი სტუდიაა. ყველაზე გამართულად კი "სიბინძურის სამინისტრო" მუშაობს თავისი ტროლებით, ბოტებით და დაფინანსების მაძიებლებით. ივანიშვილის გარშემო მომრავლდა ხალხი, რომელიც ჭორაობით ირჩენს თავს.

საყდრისიდან მოყოლებული სულ მქონდა პროტესტი, თუმცა ეს უფრო მკაფიო გახდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, როდესაც "ქართულ ოცნებასა" და მის მესვეურებს ვუთხარი, რომ მათი პროექტი, "უთქვენოდაც მაგრები ვართ, ხალხო", ჩავარდა...

- რითაც, როგორც ბიძინა ივანიშვილმა თქვა, ის ძალიან გააკვირვეთ... - არ ვიცი, რატომ გაუკვირდა. სიმართლე გითხრათ, არც მჯერა, რომ გაუკვირდა. საქმე ის არის, რომ როდესაც შევხვდი მეორე ტურამდე, ყველა ამ პრობლემაზე ვესაუბრე... ვუთხარი, ვალდებულად მივიჩნევ თავს, გაგიზიაროთ ჩემი აზრი, თუ როგორ ვხედავ დღევანდელ ვითარებას-მეთქი. ველაპარაკე იმაზეც, რომ მოსწონს თუ არა ვინმეს, უკვდავი ქართველი საზოგადოება მაინც არსებობს თავისი ღირებულებებით, რასაც დასცილდა მმართველი ორგანიზაცია. მან არ მიიღო ეს ჩემი ხედვა, არ დამეთანხმა. ამის მერე წამოვედი და საჯარო სივრცეში გავაკეთე განცხადებები. მოვიარე მთელი საქართველო და ყველა ფიცარნაგიდან ვლაპარაკობდი ამ პრობლემებზე. ვამბობდი იმასაც, აღარ მექნება არანაირი კულუარული შეხვედრები ხელისუფლებასთან-მეთქი. ამის მერე რა გაუკვირდა ივანიშვილს, არ ვიცი...

მოკლედ, ივანიშვილთან ამ შეხვედრისას მივხვდი, რომ ჩემს დანახულ საქართველოს მთელი დაგროვილი პრობლემებით, ის ვეღარ ხედავს.

პოლიტიკურ პროგნოზს ვერ გავაკეთებ, მაგრამ აშკარად ასტრალში არიან. ყოველ შემთხვევაში, ამ ბოლო პროცესებამდე კულუარებიდან გამოდიოდა ინფორმაცია, რომ თურმე უკვე 2028 წლის არჩევნებზე ფიქრობდნენ, დარწმუნებული ყოფილან, რომ მანამდე ყველა არჩევნებს მოიგებდნენ. არ ვიცი, ერთმანეთს აგიჟებენ, ალბათ, ასეა... მოკლედ, ტრაგიკომიკურ ვითარებაშია ხელისუფლება, რაც ქვეყნისთვის ძალიან სახიფათოა.

ამას ჩვენზე უკეთესად ხედავენ დიდი სახელმწიფოები თავიანთი დაზვერვისა და ანალიტიკური სამსახურებით...

- რას აპირებს "დაიცავი საქართველო"? - "დაიცავი საქართველო" ყოველთვის იყო უფრო იდეა, ვიდრე რაიმე სახის ორგანიზაცია. ეს იყო მოძრაობა სახელისუფლებო ძალადობის წინააღმდეგ. მცდელობა მქონდა, რომ პროცესი გამომეფხიზლებინა დღესაც. კიდევ იქნება მცდელობები და რაც უფრო მეტი ადამიანი იგრძნობს ამ პროცესის თანაზიარად თავს, მით ძლიერი იქნება ქვეყნის დაცვის იდეა...

ერთი რამ მინდა ვთქვა - სხვათა შორის, ივანიშვილისგან განსხვავებით, მისი ღვაწლი არასდროს დამიკარგავს და ახლაც მინდა გავუსვა ხაზი, რომ მას კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და თანამედროვე კულტურის განვითარების საქმეში დიდი ღვაწლი აქვს შეტანილი, ასევე სპორტის, მაგალითად, რაგბის განვითარებაში. რაც მთავარია, მან მოახერხა სააკაშვილის რეჟიმის ხელისუფლებიდან მშვიდობიანად გაშვება.

ახლა რასაც გეტყვით, მინდა სწორად გამიგოთ, ამას არ ვამბობ ჩემი ნამოქმედარის ხაზგასასმელად, მხოლოდ იმათზე აქცენტისთვის ვამბობ, რომელსაც "აივნის ხალხი" შევარქვი. თუ რატომ, ბარემ აქვე გეტყვით.

ხომ გახსოვთ ტაბლიაშვილის ფილმიდან "ქეთო და კოტე" აივნის სცენა, როდესაც კოტეს ყარაჩოხელი მეგობრები ქეთოს მიმართავენ... სწორედ ასე, კულტურისტის ფორმით დგანან დღეს ივანიშვილის აივანთან მავანნი და მიმართავენ მას ამგვარი ტექსტებით: "აბა, ძმის ღალატში მნახე ვინა ვარ?", "აბა, ინტერნეტში მნახე ვინა ვარ?!", "აბა, გინებაში მნახე ვინა ვარო" და ა.შ. არ ვიცი, შეიძლება ივანიშვილს ისინი მეგობრებად მიაჩნია, მაგრამ სინამდვილეში სხვისი გინებით ფულის შოვნაზე გამეცადინებული ხალხია.

სამჯერ მახსოვს ბატონი ივანიშვილი განსაცდელის წინაშე: პირველად, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლებისას მის ბანკს შეუქმნეს პრობლემები და მე იმ დროს "აივნის ხალხი" იქ არ მინახავს;

მეორედ, როდესაც მას მოქალაქეობა გაუუქმეს, მაშინ გაჩნდა საპატრიარქოსადმი მიმართვა, რომელშიც ლაპარაკი იყო, თუ როლანდ ახალაიას წმინდა გიორგის ორდენი ეკუთვნის, სამების ამშენებელი კაცი ქვეყნის მოქალაქე მაინც არ უნდა იყოსო? ეს მიმართვაც, როგორც მახსოვს, ჩემთან იყო დაკავშირებული. არც ამ პროცესში ჩანდა "აივნის ხალხი"; მესამედ კი შარშან, როდესაც პირველი ტური, ფაქტობრივად, წააგეს და ბატონმა ივანიშვილმა ითხოვა დახმარება, რის მერეც მე და ჩემმა მეგობრებმა შემოვიარეთ მთელი საქართველო, არც იქ დამინახავს "აივნის ხალხი" - მეხოტბეები, მლიქვნელები, ფარისევლები...

ეს ყველაფერი მე მხოლოდ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე გავაკეთე და ახლა იმიტომ არ გამიხსენებია, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი ბიზნესის ენაზე ვთარგმნო, ან ქვეყნის მმართველს რაიმე შევახსენო. ეს ამ ამორალური მლიქვნელების გასაგონად ვთქვი...

თუ მე ეს ყველაფერი მეჩვენება და ხელისუფლება არ აგრძელებს მანკიერ ტრადიციას - ბრძოლას საზოგადოების წინააღმდეგ, მხოლოდ გამიხარდება.