"გვიყვარს ქართველები, ფეხით ჩასვლაც რომ მოგვიწიოს, მაინც ჩავალთ საქართველოში" - რა წერია პეტიციაში, რომელსაც 5000-მა რუსმა ტურისტმა მოაწერა უკვე ხელი? - კვირის პალიტრა

"გვიყვარს ქართველები, ფეხით ჩასვლაც რომ მოგვიწიოს, მაინც ჩავალთ საქართველოში" - რა წერია პეტიციაში, რომელსაც 5000-მა რუსმა ტურისტმა მოაწერა უკვე ხელი?

ვინ მოთვლის, რამდენ რუსულ ქარბორბალას გადაუვლია საქართველოს თავზე, რამდენჯერ დაღვრილა ერთმორწმუნე "უფროსი ძმის" ხელით ქართველთა სისხლი. საქართველოში დატრიალებული ბოლოდროინდელი მოვლენები, არც კი ვიცი, მერამდენეა. ამდენი ხნის განმავლობაში ვერც მძიმე სოციალურმა პირობებმა, ვერც ეკონომიკის დაღმა სვლამ, ვერც გაუფასურებულმა ლარმა, ვერც ტყვიით გაჯერებულმა ჰაერმა ვერ გაიყვანა ქართველი საზოგადოება ქუჩაში, სამაგიეროდ, სულ ერთმა ფრაგმენტმა - საქართველოს პარლამენტში საპატიო სკამზე დაბრძანებულმა რუსმა დეპუტატმა გავრილოვმა ისე შეგვაჯანჯღარა, როგორც მოწმენდილ ცაზე ელვა-ქუხილს შეუძლია დაგვაფრთხოს. მერე რაც მოხდა და როგორც განვითარდა, ყველამ კარგად ვიცით.

გთავაზობთ გამოხმაურებებს, რაც განრისხებული პუტინის მორიგ განკარგულებას - აიკრძალოს ფრენები საქართველოს მიმართულებით, რუსეთში მოჰყვა.

წარმოშობით რუსი ევგენი პრიმაჩენკო, რომელიც დღეს უმსხვილესი ამერიკული სარეკლამო კომპანიის "Wieden+Kennedy"-ის კრეატიული დირექტორია, რუს ტურისტებს ასე მოუწოდებს: "საქართველო უმშვენიერესია. იფრინეთ იქ, თუნდაც ამსტერდამის გავლით".

 ვიქტორ შენდეროვიჩი

რუსეთში მოღვაწე პუბლიცისტი და სატირიკოსი, ვიქტორ შენდეროვიჩი საქართველოს მიმართ კრემლის ახალ სანქციებს ეხმიანება და რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებს: "პუტინის გულის გასახეთქად ყველანი ერთად დავიძრათ საქართველოსკენ და ქართველებს სიყვარულში გამოვუტყდეთ". ახალი რუსული ავიაბლოკადის ფონზე შენდეროვიჩი 2006 წელს იხსენებს და ამბობს, რომ მაშინაც კრემლის მიერ თავისუფლებისმოყვარე საქართველოსადმი უმაღლესი დონის დეგენერატული სიძულვილი გამოვლინდა. იგი ქართველ მომიტინგეებს და მთლიანად ქართველ ხალხს სრულ მხარდაჭერას უცხადებს და მოუწოდებს, მტკიცედ განაგრძონ გზა ქვეყანაში ამ საყოველთაო ბოროტების - კრემლისა და პუტინის რუსეთის გავლენის ერთხელ და სამუდამოდ ამოსაძირკვად.

რუსებმა ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყეს. გთავაზობთ ამონარიდებს პეტიციიდან, რომელსაც უკვე 5000-ზე მეტმა რუსმა ტურისტმა მოაწერა ხელი:

"გვიყვარს ქართველები და ფეხით ჩასვლაც რომ მოგვიწიოს, მაინც ჩავალთ საქართველოში".

"რუსებს საქართველოში ყოველთვის მეგობრულად ხვდებიან. გთხოვთ, ადამიანებს მოგვეცით არჩევანის საშუალება, სად დავისვენოთ."

"არავინ არ უნდა გვიკონტროლებდეს რომელ ქვეყანაში წავალთ. ქართველი ხალხი არ არის აგრესიული, ისინი თავიანთი უფლებებისთვის იბრძვიან".

"რუსეთის მოქალაქეები საქართველოში უსაფრთხოდ არიან. მიტინგების გამართვა კი, თავად საქართველოს მოქალაქეების უფლებაა. მივცეთ საშუალება ხალხებს, გააგრძელონ მეგობრული ურთიერთობა და თავად გადაწყვიტონ, რომელ ქვეყანაში ჩავიდნენ სამოგზაუროდ თუ დასასვენებლად".

"არ გვესმის, რატომ უნდა ვიცხოვროთ პუტინის ბრძანებით, რატომ უნდა გვიწყვეტდეს იგი, სად და რომელ ქვეყანაში გავატაროთ თავისუფალი დრო?! ჩვენ გვიყვარს საქართველო, ყოველ ჩამოსვლაზე ახალ სასიამოვნო აღმოჩენებს ვაკეთებთ და ეს დიდი ბედნიერებაა".

სოციალური ქსელში კი, პუტინის გადაწყვეტილებაზე და თავად პრეზიდენტზე ასეთი გამოხმაურებებია გთავაზობთ მათ მცირე ნაწილს:

"ჩემთვის ქართველების რეაქცია რუს დელეგაციაზე იყო ჩვეულებრივი ადამიანის რეაქცია, რომელსაც სადილობისას მისსავე სამზარეულოში ვიღაც უზრდელმა შეიტანა აქოთებული ნეხვი და დაუყარა.."

"საქართველოში ტელევიზიით არ აჩვენებენ პრეზიდენტს 4-ჯერ, რომელიც არემონტებს წყალგაყვანილობას და არ კურნავს ენურიზს კაშპიროვსკის დარად? იმიტომ რომ, ასეთი სისულელით შეიძლება თავგზა აურიო ცხვრებს, საქართველოში კი ხალხი ცხოვრობს".

"როგორ ფიქრობთ, რატომ აყეფდა პუტინი? ვინ გააბრაზა ასე? საქმე ის გახლავთ, რომ ქართველებმა ამჯერადაც ჩაუშალეს სპეცოპერაცია სახელწოდებით " რუსებისა და და ქართველების დაახლოება". ქართველი ხალხი გამოვიდა თავისი ქვეყნის და თავისუფლების დასაცავად, ამან კი, მწყობრიდან გამოიყვანა კაგებეს ძველი თანამშრომელი. ტიხონ დიადკო: სადღაც, მინსკში ზის ავიაკომპანია "ბელავიას" გენდირექტორი და ხელებს სიამოვნებით იფშვნეტს.

"ჩემთვის დღის გმირი მთლიანად ქართველი ხალხია, არც კი შევადარებ რუსებს... აი, როგორ უნდა დაიცვა შენი ქვეყნის ინტერესები...მიბაძეთ ქართველებს"

აი, როგორი ქარბორბალა დატრიალდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში, რომლის ვითომცდა "დასატკბობად" ჩამობრძანდა კომუნისტი გავრილოვი. მისი გაწვევით განრისხებული პუტინის შემკობა კი, თავად რუსეთის მოქალაქეებმა ნამდვილად არ დაიზარეს. ახლო მომავალი გვიჩვენებს, იოლად დაცხრება თუ არა ვნებები, მთავარი ახლა ისაა, რომ ძალიან უნდა ვიფრთხილოთ, რათა საქართელოში მყოფ ტურისტებთან ვინმემ რაიმე პროვოკაცია არ წამოიწყოს და ქარბორბალა დიდ ტორნადოდ არ აქციოს.

იხილეთ ასევე: "კადიროვი ტყუილად ნუ გვახსენებს, რომ საქართველომდე ორასი კილომეტრია" - რას პასუხობს ქისტი ქალი კადიროვს?

მარინა ბაბუნაშვილი (სპეციალურად საიტისათვის)