"დიდი ხანია შედგენილია ჩვენი, როგორც ერის ფსიქოლოგიური პორტრეტი" - რა ტექნოლოგიებს იყენებს რუსეთი საქართველოში ქაოსის გამოსაწვევად - კვირის პალიტრა

"დიდი ხანია შედგენილია ჩვენი, როგორც ერის ფსიქოლოგიური პორტრეტი" - რა ტექნოლოგიებს იყენებს რუსეთი საქართველოში ქაოსის გამოსაწვევად

"ჩვენ ყოველთვის ვაგებთ იმით, რომ დროულად არ ვრეაგირებთ"

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი სპეცსამსახურების მიერ დესტაბილიზაციის გამოწვევის ტექნოლოგიებზე გვესაუბრება:

- რაც საქართველოში ხდება, დღეს არ დაწყებულა, 27 წლის შედეგია. დესტაბილიზაციის საფრთხე გვემუქრება იმიტომ, რომ ყოფილი ხელისუფლებისგან მემკვიდრეობად გვერგო კომპრომეტირებული პოლიტიკური ელიტა. ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ პოლიტიკური სპექტრი კომპრომეტირებული ყოფილიყო. ამან განაპირობა, რომ მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას დღეს არც ერთი პარტიის არ სჯერა. ეს პოლიტიკური დაზვერვის მნიშვნელოვანი შედეგია - როცა არც ერთი პარტიის არ სჯერათ, ასეთ ქვეყანაში პროცესების მართვა იოლია...

- რა ტექნოლოგიებს იყენებდნენ რუსული სპეცსამსახურები 90-იან წლებში და დღეს? - ძველ მეთოდებს - სახელმწიფო, სამხედრო გადატრიალებას, გადაბირებას და სხვა, დაემატა სოცქსელები და მასმედია. სპეცსამსახურები პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ჯგუფებსა და გავლენის აგენტებს იყენებენ. არსებობს საგრანტო პროგრამებიც, რომლებიც პერსპექტიული პოლიტიკური სპექტრის სხვადასხვა იერარქიაზე განსათავსებლად სჭირდებათ.

- პოლიტიკური დაზვერვის ზეგავლენის ობიექტები ვინ არიან? - პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ინდივიდები.

სადაზვერვო სამსახურებისთვის გამოუყენებელი ფენა არ არსებობს. დიდი ხანია შედგენილია ჩვენი, როგორც ერის ფსიქოლოგიური პორტრეტი და ძალზე ადვილია მანიპულირება. ინტერესის გასატარებლად კარგი საშუალებაა კომპაქტურად დასახლებული ეთნიკური და რელიგიური ჯგუფებიც. ისინი რამდენიმე სახელმწიფომ შეიძლება კომბინირებულად გამოიყენოს.

- თქვენი აზრით, ლგბტ-პრაიდის თემა რომელი სახელმწიფოს პროექტია? - ჩემი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, ძალიან ბევრ ადამიანზე მაქვს ინფორმაცია, რომ ისინი არატრადიციული ორიენტაციის იყვნენ და არიან, მაგრამ არ მახსენდება, ვინმეს დაეჩაგროს. ისინი ჩვეულებრივად ცხოვრობდნენ, უბრალოდ, მათ თავისი, ჩვენ კი ჩვენი ადგილი ვიცოდით. ვისაც ჰგონია, რომ არასამთავრობოები მხოლოდ იმისთვის იღებენ გრანტებს, რომ იარსებონ, ცდება. ეს არის უცხო სახელმწიფოების პროპაგანდის ხელშემწყობი საშუალება.

სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. სხვა სახელმწიფოებში რელიგიური ასპექტები დომინირებადი არ არის, ჩვენთან კი არის ტრადიციული რელიგიები - არიან ქრისტიანები, მუსლიმანები და ა.შ. და მათთვის მიუღებელია ლგბტ-თემის რეკლამირება. შესაბამისად, ეს არის პროექტი, რომელმაც უნდა გამოიწვიოს დაპირისპირება. დარწმუნებული ვარ, ეს უცხო ქვეყნების სადაზვერვო სამსახურების პროექტია.

- რაშია გამოსავალი? - 90-იანი წლების ბოლოს განსაზღვრულ კონვენციებსა და დოკუმენტებზე გვაქვს ხელი მოწერილი, რომლებიც ისეთ რაღაცებს გვავალდებულებს, ჩვენთვის არასდროს მისაღები რომ არ ყოფილა. ხელისუფლება არ იყენებს როგორც სადაზვერვო, ისე კონტრსადაზვერვო სამსახურებს, რომელთაც უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია, საიდან მოდის ნებისმიერი პროექტი. უნდა აანალიზებდნენ, რა საფრთხეებს შეიძლება უკავშირდებოდეს ამა თუ იმ პროექტის განვითარება. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ არ მოხდეს სახელმწიფო ან სამხედრო გადატრიალება. არც ერთი სახელმწიფო, რომელსაც ჩვენთან თავისი დაზვერვა ჰყავს, უარს არ იტყვის დანაწევრებულ საქართველოზე და კონკრეტული ტერიტორიების მიერთებაზე.

- ანუ "დაყავი და იბატონეს" პრინციპით მუშაობენ სპეცსამსახურები?

- რაც უფრო დაქსაქსულია ერი, მით ადვილად სამართავია. ყველაზე მავნებელია საპოლიციო სტრუქტურების ანტიპროპაგანდა მისი დისკრედიტაციის მიზნით, ეს კი დააზარალებს როგორც თავად სტრუქტურას, ისე სახელმწიფოს.

- გავრცელდა ფილოსოფოს დუგინის გზავნილები, რომლებიც პრორუსული განწყობის გაძლიერებას ემსახურება საქართველოში. ვინ პროვოცირებს ამ განწყობებს და როგორ? - როდესაც პირი ან პირთა ჯგუფი პროგანწყობების შექმნას პროვოცირებს, ეს ე.წ. სადაზვერვო შეღწევადობის შედეგია. ამ ეტაპზე საქართველოში პროგანწყობები წახალისებულია. საზოგადოება რომ დემორალიზებულია, იმის ბრალია, რომ ვერ ვქმნით ფსიქოლოგიურ განწყობას, რომელიც იდეოლოგიის შემადგენელია...

- პარლამენტის პრეზიდიუმში დუმის დეპუტატის მოკალათებას რით ახსნით? იყო თუ არა ეს როგორც რუსეთისთვის, ასევე ჩვენი ხელისუფლებისთვის ტესტი?

- ბოლო წლებში ძალიან გახშირდა საქართველოში რუსი ტურისტების შემოსვლა. ესეც პოლიტიკის ნაწილია... ვინც კი ხელისუფლებაში იყო, ყველას ნელ-ნელა შემოჰყავდა რუსეთის ფედერაცია ეკონომიკურ სექტორში. როცა ეკონომიკურ სექტორში შეღწევა შეგიძლია, პოლიტიკურ, სამხედრო და სამეცნიერო სფეროში შესაღწევადაც წინ არაფერი დაგიდგება.

 21 ივნისს პარლამენტის წინ ახალგაზრდების მრავალრიცხოვანი აქცია გაიმართა, სადაც გიგი უგულავამ მიკროფონი მოითხოვა, მაგრამ მომიტინგეებმა მას წყლით სავსე ბოთლები დაუშინეს და აქციიდან გააძევეს

ვფიქრობ, დღეს არის პიკი იმ მდგომარეობისა, როდესაც გარკვეულწილად დაბალანსდა პრორუსული და ანტირუსული განწყობები. სწორედ ამ მომენტს დაამთხვიეს რუსმა დეპუტატებმა შემოსვლა. ამ უსიამოვნო ფაქტზე პასუხი უნდა აგონ იმ პირებმა, ვისაც უნდა სცოდნოდა და შესაბამისი ინფორმაცია არ მიაწოდეს ხელისუფლების მაღალ იერარქიას, ამას კი ხელისუფლების დისკრედიტირება მოჰყვა.

პროცესები თუ არ შეჩერდა, გამორიცხული არ არის საქართველოს ანექსია.

იმას ნუ იფიქრებთ, რომ ვინმე იარაღით შემოგვივარდება, არსებობს სხვადასხვა მიმართულების ეტაპობრივი ანექსია.

ეს სწორედ იმ ანექსიის გაღრმავება იქნება, რომელიც 90-იანი წლებიდან დაიწყო. ამ ვითარებიდან გამოსავალი ის არის, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებაში აუცილებლად ჩართული უნდა იყვნენ ქვეყნის სადაზვერვო და კონტრსადაზვერვო სამსახურები, სპეციალური განათლების მქონე პირები, რომელთაც ევალებათ საფრთხეების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, ანალიზი და ხელისუფლებისათვის მიწოდება.

- 20 ივნისის ღამით განვითარებულ პროცესებს როგორ შეაფასებთ? - პროცესი ორ ნაწილად უნდა გავყოთ: ადამიანთა მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელმაც სამართლიანი პროტესტი გამოთქვა, და მეორე ნაწილი, რომელიც პოლიტიკური დესტაბილიზაციისკენ იყო მიმართული. ამ პარტიებს უკვე აქვთ საქართველოში გადატრიალების მოწყობის გამოცდილება.

- თქვენი აზრით, პოლიციელებმა პროპორციული ძალა გამოიყენეს და არ ყოფილა ძალადობა და უფლებამოსილების გადამეტება? - შესაძლოა იყო გადაცდომები, უფლებამოსილების გადაჭარბებაც, მაგრამ ჩვენ ვუყურებდით დემონსტრანტების ქმედებებსაც - პოლიციელების შეურაცხყოფას, ცემას ა.შ. მთავარია, ყველას პასუხისმგებლობა დადგეს.

დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება აუცილებლად ჩაატარებს საპარლამენტო არჩევნებს, რადგან ჩვენ აქციაზე ვიხილეთ პირები, პარლამენტის არაერთი მოწვევის წევრები, რომლებიც უცხო ქვეყნების ინტერესების შესაბამისად მოქმედებდნენ. ისინი არავითარ შემთხვევაში აღარ უნდა მოხვდნენ პარლამენტში. ვფიქრობ, დღეს სახელმწიფო მზად არის და აქვს საიმისო რესურსი, რომ კონსტიტუციური წყობილება შეინარჩუნოს. არის მეორე მომენტიც - საქართველო არის უცხო ქვეყნების ინტერესების გადაკვეთის მნიშვნელოვანი წერტილი და ვფიქრობ, პროცესები უფრო გამწვავდება. ჩვენ ყოველთვის ვაგებთ იმით, რომ დროულად არ ვრეაგირებთ. რაც მალე იქნება სახელმწიფოს სამართლიანი რეაგირება, მით უფრო მარტივად განიმუხტება ვითარება. ვფიქრობ, პროტესტი არ მიიღებს ისეთ სახეს, რომ კიდევ ვინმეს გაუჩნდეს კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივად დამხობის სურვილი.