"შესაძლოა, დამაპატიმრონ, მაგრამ ერთ ხელისუფლებას რად დაუჯდა ეს, ყველას კარგად ახსოვს" - კვირის პალიტრა

"შესაძლოა, დამაპატიმრონ, მაგრამ ერთ ხელისუფლებას რად დაუჯდა ეს, ყველას კარგად ახსოვს"

"ეს არ იყო თანაბარი, თანაზოგადი ადეკვატური ძალის გამოყენება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ასეთი რაღაცები ახსოვს ჩვენს საზოგადოებას და ისიც კარგად ახსოვს, როგორ დამთავრებულა ხელისუფლებისთვის", - ამბობს "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში თავდაცვის ყოფილი მინისტრი, "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი.

- 20 ივნისს რუსთაველის პროსპექტზე დაიბადა სრულიად ახალი საქართველო - მოტივირებული ახალგაზრდების ბრძოლისა და პროტესტის შედეგად. ეს აქციები პოლიტიკური პარტიების ორგანიზებული არ არის. ეს გაბრაზებული ხალხის პროტესტია. ეს არის ახალგაზრდების მიერ მართული აქცია, რომლებმაც ახალი საქართველო შექმნეს.

20 ივნისს გვიანობამდე ვიყავი აქციაზე და ვიხილე ხელისუფლების აბსოლუტურად არაადეკვატური პასუხი - ქაშუეთის ეკლესიის ეზოში პირდაპირ დამიზნებით ისროდნენ გუმბათზე, რომ ეზოში დაცემულიყო გაზის ჭურვები და ხალხს შეესუნთქა. ივანიშვილმა დანაშაული ჩაიდინა საკუთარი ხალხის წინაშე, ის სისხლის სამართლის დამნაშავეა.

- ხელისუფლებამ აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მოთხოვნა დააკმაყოფილა და პარლამენტის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა. ამით ვითარება არ განიმუხტება? - 20 ივნისს კობახიძე რომ გადამდგარიყო, შესაძლებელი იყო პროტესტის ნორმალურ ჭრილში გადაყვანა, მაგრამ, რაც შემდეგ მოხდა იმ ძალის გამოყენებით და უამრავი ადამიანი დაშავდა,

კობახიძის გაშვებით ხელისუფლება თავს ვეღარ გაიმართლებს. იმაზე, რაც მოხდა, პასუხი უნდა აგოს შინაგან საქმეთა მინისტრმა - გიორგი გახარია უნდა გადადგეს.

ასეთი რამ რომ აღარ განმეორდეს, რიგგარეშე საპარლამენტო პროპორციული არჩევნები უნდა დაინიშნოს. პოლიტიკური გარემო ქვეყანაში უკეთესობისკენ უნდა შეიცვალოს. თუ ეს ივანიშვილს ესმის, ძალიან კარგია, თუმცა ცოტა ვეჭვობ.

მან, ვინც გავრილოვი შემოუშვა ქვეყანაში, ეს გააზრებულად გააკეთა. მთავრობა კი არა, ყველა უნდა გადადგეს, ვინც ამაში იყო ჩართული.

- თქვენ რომ ყოფილიყავით შინაგან საქმეთა მინისტრი, როგორ მოიქცეოდით? - რასაც გახარია აკეთებს, იმას ნამდვილად არ გავაკეთებდი.

გახარიამ თავი ვერ გაართვა იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც ქვეყანა აღმოჩნდა, და ეს არ არის პირველი შემთხვევა. გავიხსენოთ პანკისი - მაშინ ის გახდა მაპროვოცირებელი იმ მღელვარებისა, რომელიც მაშინ რეგიონში დაიწყო.

გახარიამ დაადასტურა, რომ არის აბსოლუტურად არაადეკვატური, შეუფერებელი თანამდებობისთვის.

- თუმცა, როგორც ამბობენ, გახარია ერთადერთი ადამიანია "ოცნებაში", რომელსაც რაღაც აზრი მოეკითხება. - ამას ამბობენ გულუბრყვილო და გაუცნობიერებელი ადამიანები და გახარიას პიარშიკები.

რაში გამოიხატება გახარიას ადეკვატურობა? პანკისში რაც მოხდა, ირაკლი ოქრუაშვილმა თუ გუბაზ სანიკიძემ გამოიწვია?! ბასიანის მოვლენების გამო რატომ მოუწია ბოდიშის მოხდამ?! თუ მოქმედებს პრინციპით, გამოვიწვიო და მერე ჩავაცხრო და ეფექტიანი მინისტრის იმიჯი მოვირგოო, ასე არ გამოვა, ქვეყანა ასეთ ექსპერიმენტებს ვერ გადაიტანს.

- შსს-მ 20 ივნისის აქციის საქმის გამოძიება დაიწყო და დაბარებულთა შორის თქვენც ხართ. - იმის მიუხედავად, რომ არ ვიცი, რა საქმეზე მიბარებენ, წერილი გავუგზავნე, რომ თანახმა ვარ გამოვცხადდე მაგისტრ მოსამართლესთან. კანონით, მე ეს უფლება მაქვს. მას შემდეგ, რაც მოსამართლე გადაწყვეტს კონკრეტულ დროს, სასამართლოში ჩვენებას მივცემ. თუმცა მათ ფანტაზიაში რა იხარშება, ვერ გეტყვით.

- დაპატიმრებას გამორიცხავთ? - შესაძლოა, მაგრამ ერთხელ ერთ ხელისუფლებას რად დაუჯდა ეს, ყველას კარგად ახსოვს.

- პოლიტიკაში საკმაოდ ხმაურიანად დაბრუნებამ მოგიწიათ. რატომ გადაწყვიტეთ, რომ ისევ პოლიტიკურ საქმიანობას დაჰბრუნებოდით? - ჩვენი მიზანია, რომ ქვეყანაში დამთავრდეს ის ბაკქანალია, რომელიც ივანიშვილის მოწადინებით ბოლო წლებში შეიქმნა.

ივანიშვილმა ქვეყანა სიდუხჭირემდე, მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობამდე მიიყვანა. საქართველო, პრაქტიკულად, იცლება, მოქალაქეები გარბიან ქვეყნიდან იმის სურვილით, რომ სარჩო-საბადებელი გარეთ მოიპოვონ და უკან დაბრუნების სურვილი აღარც უჩნდებათ. ყოვლად მიუღებელი ვითარებაა, რის შედეგადაც ბიძინა ივანიშვილი სახელისუფლებო სტრუქტურების პრივატიზებას ცდილობს. მას უკვე პრივატიზებული ჰყავს პარლამენტი, მთავრობა და ახლა სასამართლოს პრივატიზაციის დასრულება უნდა. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რის გამოც ჩვენ შევიკრიბეთ, იმისთვის, რომ შევეწინააღმდეგოთ, წინ აღვუდგეთ და გაცილებით უკეთესი გავხადოთ ჩვენი მოქალაქეებისთვის სამშობლოში ცხოვრება.

- დღეს რომ საქართველოში ხართ, ამაში ხომ წვლილი ივანიშვილს მიუძღვის? - ეს "ოცნების" უნიჭო ნარატივი თავიანთთვის შეინახონ. პირიქით, ივანიშვილის ხელისუფლების მოსვლაში მიმიძღვის ძალიან დიდი წვლილი. რომ არა სააკაშვილის ხელისუფლებასთან 2007 წელს ჩემი დაპირისპირება, ივანიშვილი დღესაც მეწველ ძროხასავით იქნებოდა სააკაშვილის ხელისუფლებისთვის. საქართველოში ჩამოვედი იმ დროს, როდესაც საშუალება მქონდა სასამართლოში ჩემი უდანაშაულობა დამემტკიცებინა.

- საქართველოში დაბრუნების შემდეგ ივანიშვილთან თანამშრომლობა არ გიცდიათ? - იმ წლებში პოლიტიკაში ყოფნის სურვილი არ მქონია. მე, გუბაზ სანიკიძე და კოტე კემულარია ჩამოშორებული ვიყავით პოლიტიკურ პროცესებს, მაგრამ ჩვენი პოლიტიკაში დაბრუნება განაპირობა იმან, რომ უკვე ასე გაგრძელება აღარ შეიძლება.

- თქვენს პოლიტიკურ აქტიურობას სკეპტიკურად რატომ უყურებს საზოგადოების ნაწილი? - არც "ოცნების" ტროლების და არც ივანიშვილის იდეოლოგების გადასაწყვეტი არ არის, რომელი რიგის პარტია ვიქნებით. ამას გადაწყვეტს ხალხი იმის მიხედვით, თუ რას შევთავაზებთ.