"მზად ვარ ივანიშვილს დავეხმარო კარის პოვნაში" - რა წინადადებით მიმართავს გია ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილს? - კვირის პალიტრა

"მზად ვარ ივანიშვილს დავეხმარო კარის პოვნაში" - რა წინადადებით მიმართავს გია ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილს?

"მინდა მოვუწოდო ხელისუფლებას, აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა 20-21 ივნისის მოვლენებზე, დროულად გადაიხადოს პოლიტიკური ფასი, ჩააქროს შიდა კრიზისი და მიხედოს საგარეო საფრთხეებს! ეს არის სახელმწიფოებრივი გეგმა. თუ ასე არ მოიქცევა ხელისუფლება, მოგვიწევს დავასკვნათ, რომ მისთვის მთავარი სახელმწიფო კი არა, ძალაუფლებაა. ხელისუფლება, რომლისთვისაც მთავარი ძალაუფლების შენარჩუნება ხდება, ირეცხება ამ ქვეყანაში - ასეთია ისტორიული კანონზომიერება", - განაცხადა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან". მან ამავე ინტერვიუში მიმართა ბიძინა ივანიშვილს. გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:

გია ხუხაშვილი:

- თქვენი გაზეთის მეშვეობით მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილსაც - მან უნდა შეძლოს და გაუსწოროს მისთვის არასასურველ და დრამატულ რეალობას თვალი.

მახსოვს, 2012 წელს ბევრს ვსაუბრობდით და გადაწყვეტილი გვქონდა, როგორც კი დადგებოდა ამის დრო, გავცლოდით ქართულ პოლიტიკას. მე ეს შევძელი, მან ეს ვერ მოახერხა სხვადასხვა სუბიექტური და ობიექტური მიზეზის გამო. არ მიმაჩნია, რომ ის ხელისუფლებას ეპოტინება, დარწმუნებული ვარ, უნდა წასვლა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მასზე ჩამოკიდებულია ძალაუფლება, ვეღარ ხედავს გასასვლელ კარს. ამიტომ პირადად მე მზად ვარ მონაწილეობა მივიღო ამ პროცესში და დავეხმარო ამ კარის პოვნაში.

მზად ვარ შევბრუნდე პოლიტიკაში და მასთან ერთად ვიმუშაო იმაზე, რომ მივიყვანოთ ეს პროცესი 2020 წლის ღირსეულ, სამართლიან არჩევნებამდე. კონკურენტული არჩევნებით გადავაბაროთ ძალაუფლება იმ ძალებს, რომლებსაც აირჩევს ხალხი, და ამის შემდეგ მასთან ერთად დავტოვო ქართული პოლიტიკა. ამაზე დიდ საქმეს ბიძინა ივანიშვილი ვერც საკუთარ თავს და ვერც ქვეყანას ვერ გაუკეთებს.

ეს იქნება ღირსეული წასვლა, რაშიც მზად ვარ დავეხმარო. თუ ის ამას უჩემოდ გააკეთებს, კიდევ უფრო ბედნიერი ვიქნები.

- თუ დაგთანხმდათ ამ შეთავაზებაზე, არ ფიქრობთ, რომ წასვლამდე ის ქვეყნის სათავეში ფორმალურად უნდა დაბრუნდეს?

- სწორად სვამთ საკითხს. როცა ვამბობ, რომ მზად ვარ მივეხმარო-მეთქი, ვგულისხმობ იმას, რომ ჩემი პირველი რეკომენდაცია იქნება აღდგეს ქვეყანაში ინსტიტუციური წესრიგი, რაც ნიშნავს, რომ ძალისა და ინსტიტუციური ცენტრები თანხვედრაში მოვიდეს. დიახ, ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი უნდა გახდეს. მესმის, რომ არ უნდა, მაგრამ უნდა გადადგას ეს ნაბიჯი და აღადგინოს ინსტიტუციური წესრიგი, გახდეს ჯანსაღი არჩევნების ჩატარების გარანტი, აარიდოს ქვეყანას საგარეო თუ საშინაო რისკები და 2020 წლის არჩევნების შემდეგ წავიდეს!

წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად