"საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობა კრიტიკულია" - რას წერენ უცხოური გამოცემები თბილისში მიმდინარე აქციებზე
"საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობა კრიტიკულია" - რას წერენ უცხოური გამოცემები თბილისში მიმდინარე აქციებზე
საქართველოში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებს უცხოური გამოცემები აქტიურად აშუქებენ. მათ შორის, ამერიკული «The New York Times», რომელიც სტატიას აქვეყნებს სათაურით, "საპროტესტო აქციები თბილისში: საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობა კრიტიკულია".

"საქართველო-რუსეთის ურთიერთობა 2008 წლის აგვისტოს ომის დროიდან ყველაზე დაბალ ნიშნულს მიუახლოვდა: თბილისში, შაბათ საღამოს, ათასობით ადამიანი შეიკრიბა საპროტესტო მიტინგზე, რომლის მონაწილეები ანტირუსული ტრანსპარანტებით ხელში იდგნენ და რუსეთის ჩარევის საწინააღმდეგოდ ლოზუნგებს გაჰყვიროდნენ. ოპოზიციის ინიციატივით დაწყებული მიტინგი გამოიწვია
ერთი მხრივ - საქართველოს მთავრობის მოქმედებამ, მეორე მხრივ კი - რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ საქართველოსთან ავიამიმოსვლის დროებით შეწყვეტის თაობაზე. ეს არის ნაბიჯი, რომელიც აშკარად აყვავების პროცესში მყოფი საქართველოს ტურისტული ინდუსტრიის დარტყმისათვისაა გამიზნული", - ნათქვამია სტატიაში (ავტორი - ენდრიუ ჰიგინსი).

პუბლიკაციაში ყურადღება გამახვილებულია ხელისუფლების (პოლიციის) მიერ მიტინგის
დარბევაზე, რომლის შემდეგ ბევრი ახალგაზრდა მომიტინგე საავადმყოფოში მოხვდა სხვადასხვა მძიმე დაზიანებით. სტატიაში ასევე ხაზგასმულია, რომ "თბილისში მომხდარმა ამბებმა, რომელიც რუსეთის სამთავრობო ტელეკომპანიებმა რუსოფობიის გამოვლინებად მიიჩნიეს, ორი ქვეყნის ურთიერთობა კრიზისში შეიყვანა". იქვე აღნიშნულია, რომ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დაპირება - რუსი მოქალაქეების უსაფრთხოება დაცული იქნებაო, რუსმა ოპოზიციონერმა ალექსანდრე ნავალნიმ ტვიტერის ჩანაწერში სასაცილოდ მიიჩნია: "რუსებმა საგზურები იყიდეს, ღვინო და მწვადი მიირთვეს, ახლა კი მათ ეუბნებიან - სასწარფოდ დაბრუნდით, თვითმფრინავები აღარ იფრენენო".

"ცნობილია, რომ თბილისში მომხდარ არეულობებში რუსეთის არცერთი მოქალაქე არ დაშავებულა. საქართველოში ტურისტად მყოფი რუსების უმეტესობა გაკვირვებულია მათ მიმართ გამოხატული სტუმართმოყვარეობითა და სიძულვილ-მტრობის არარსებობით. იგივე ითქმის რუსული ენის მიმართაც - მიუხედავად იმისა, რომ 2008 წელს რუსეთის არმია საქართველოში შეიჭრა და დახმარება გაუწია ქვეყნის ორ სეპარატისტულ რეგიონს - აფხაზეთს და "სამხრეთ ოსეთს", - წერს ავტორი.

"რუსეთის ფაქტორი ამ კრიზისის მიზეზი არ ყოფილა, უბრალოდ, მან "ჩახმახის" როლი შეასრულა", - ამბობს ბრიტანელი ექსპერტი კავკასიის საქმეებში თომას დე ვაალი, რომელსაც რეგიონის პრობლემებზე რამდენიმე წიგნი აქვს დაწერილი, - "მიტინგების მიზეზი გახდა ძალზე პოლარიზებული საშინაო პოლიტიკა, რომლის დროსაც ოპოზიცია რუსული კარტის გათამაშებით ხელისუფლების დისკრედიტაციას ცდილობს". "ხელისუფლებამ, - განაგრძობს თომას დე ვაალი, - "საკუთარ კარში გოლი გაიტანა", როცა რუსეთის პარლამენტის დეპუტატს სერგეი გავრილოვს საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან გამოსვლის უფლება მისცა... შესაძლოა ამ ფაქტს დიდი მნიშვნელობა არც ჰქონოდა, მთავრობა რომ ხალხში პოპულარული ყოფილიყო. ამიტომაც შეიქმნა იმის შეგრძნება, რომ ხელისუფლება არაკომპეტენტურია".
საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი მომხრეები ["ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები] მრავალი წლის განმავლობაში აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ ქვეყანა რუსეთს მიჰყიდაო, მაგრამ მათ ვერ დაარწმუნეს ამომრჩეველი იმაში ეს ნამდვილად ასეა და შესაბამისად, არჩევნები არაერთხელ წააგეს.
თომას დე ვაალი
მიხეილ სააკაშვილმა, რომელსაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის ბრალდება აქვს წაყენებული და რომელმაც ბოლო წლებში თავისი პოლიტიკური ენერგია უკრაინას მიუძღვნა, ისარგებლა თბილისში მიმდინარე კრიზისული მოვლენებით და თავისი შედარებით მცირე, მაგრამ აქტიური თაყვანისმცემლების მხარდაჭერას შეეცადა: მან პოლიციას ხელისუფლების დაუმორჩილებლობისაკენ მოუწოდა - "ხალხის მხარეზე გადადითო". ექს-პრეზიდენტის მოქმედებამ ხელისუფლება გააღიზიანა.

საქართველოს და რუსეთს დღემდე არ აქვთ აღდგენილი 2008 წლის ომის შემდეგ გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობა, მაგრამ ბოლო დღეების პროტესტებამდე, სანამ მომიტინგეები ვლადიმირ პუტინის პორტრეტების დაწვას დაიწყებდნენ, მხარეებს ერთმანეთთან დაახლოების პროცესი ჰქონდათ დაწყებული. განსაკუთრებით ეს შეინიშნებოდა ვაჭრობის გაფართოებით - ქართული ღვინის ექსპორტით რუსეთში და რუსი ტურისტების ნაკადის ზრდით: გასულ წელს საქართველოს დაახლოებით მილიონამდე რუსი ტურისტი ეწვია", - ნათქვამია სტატიის დასასრულს. (წყარო)

საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება გერმანული «Deutscshe Welle».
"იმას, რაც პარლამენტში ამ დღეებში მოხდა - როცა რუს დეპუტატს სერგეი გავრილოვს, მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის ჩარჩოებში ტრიბუნა დაუთმეს, პრინციპში, მხოლოდ ნეგატიური შედეგი უნდა მოჰყოლოდა: სერგეი გავრილოვი ხომ რუსეთის კომპარტიის წევრია და რუსული გეოპოლიტიკური ექსპანსიის აპოლოგეტს წარმოადგენს.
რუსმა კომუნისტმა დეპუტატმა, რომელიც რუსეთის ცენტრალურ ფედერალურ ოლქშია დაბადებული, განაცხადა, რომ "საქართველო ჩემი სამშობლოაო". ეს ფაქტი ბევრმა ქართველმა პროვოკაციად აღიქვა... და როცა მან პარლამენტში სპიკერის სავარძელი დაიკავა, ათასობით განრისხებული ადამიანი უკვე ქუჩაში გამოვიდა.

საერთოდ, ქართველები, როცა საქმე პოლიტიკას ეხება, დიდ ემოციას ამჟღავნებენ. ქვეყნის ორი ძირითადი პარტია, მათი სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის მიხედვით, პრაქტიკულად ერთმანეთისაგან არ განსხვავდება, მაგრამ რუსეთთან დამოკიდებულების საკითხში ისინი ერთმანეთს მძაფრად უპირისპირდებიან: ერთნი ამბობენ, რომ საჭიროა ჩვენს ძლიერ ჩრდილოელ მეზობელთან მოლაპარაკება დავიწყოთო - მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს აფხაზეთი და "სამხრეთ ოსეთი", ანუ ქვეყნის ტერიტორიის ერთი მეხუთედი. მეორენის აზრით, მოსკოვთან ურთიერთობაზე უარი საუკეთესო გადაწყვეტილება იქნებოდა. ამასთან, ორივე პარტია აქტიურად უჭერს მხარს ევროკავშირთან და ნატოსთან ინტეგრირებას.

საქართველოს გავლენიანი მართლმადიდებელი ეკლესია, თავის მხრივ, დიდი ხნის განმავლობაში განიცდის დისკომფორტს ქვეყნის პროდასავლური კურსის გამო. ეკლესია დასავლეთს დეკადენტურად თვლის. რუსეთის ძლიერი მართლმადიდებელი ეკლესიაც ასევე მტრულადაა განწყობილი დასავლური ლიბერალიზმის მიმართ და ამ საკითხში თავის ქართველ კოლეგებს მხარს უჭერს. აღსანიშნავია, რომ რუსეთი დიდი ხნის განმავლობაში აფინანსებს სახელმწიფო მასმედიას ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე გავლენის მოხდენის მიზნით, რომელშიც მართლმადიდებელი ეკლესია მოხარულია თავისი როლი შეასრულოს.
ყოვლისშემძლე ელიტაში, რომლითაც ვლადიმირ პუტინია გარემოცული, იმპერიული აზროვნებაა გაბატონებული. მათ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებზე განხორციელებული რუსული კულტურული გავლენის შედეგად, პოლიტიკური დივიდენდების მიღება სურთ. რუსული ელიტის ასეთი იმპერიული აზროვნება არამხოლოდ პროდასავლელ ქართველებს აღელვებთ, არამედ სხვებსაც, რომლებიც დღევანდელ ხელისუფლებას არ ენდობიან.

საქართველო პატარა პროდასავლური კუნძულია კავკასიაში. მას ჩრდილოეთიდან რუსეთი ესაზღვრება, სამხრეთიდან - რუსეთის მოკავშირე სომხეთი, სამხრეთ-დასავლეთიდან - სულ უფრო პრორუსული და ანტიამერიკული თურქეთი. ამრიგად, საქართველოს შიდა არასტაბილურობაში ასახულია ფართო გეოპოლიტიკური ბრძოლა გავლენებისათვის, რომელიც დიდი ხანია გრძელდება, თუმცა ბოლო დროს ერთგვარად დაიჩრდილა ირან-აშშ-ის შორის ესკალაციით სპარსეთის ყურეში." (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები