"ეს გადაწყვეტილება რეალურად დაამთავრებს "ოცნებისა" და "ნაციონალების" ბატონობას" - კვირის პალიტრა

"ეს გადაწყვეტილება რეალურად დაამთავრებს "ოცნებისა" და "ნაციონალების" ბატონობას"

"სჯობდა, ხელისუფლებას ფასი მანამ გადაეხადა, სანამ ასეთი უბედურება მოხდებოდა"

დღეს გამართულ ბრიფინგზე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ნაწილობრივ უპასუხა მომიტინგეების მოთხოვნებს და საზოგადოებას 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა და ნულპროცენტიანი ბარიერის დაწესება შესთავაზა. მანვე გამოთქვა იმედი, რომ ამ გზით, 2020 წელს მივიღებთ პარლამენტს, სადაც თითქმის ყველა პოლიტიკური აქტორი და ამ ქვეყნის მთელი ინტელექტუალური პოტენციალი იქნება წარმოდგენილი. ბიძინა ივანიშვილს მომიტინგეების მეორე მოთხოვნაზე – შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომაზე არაფერი უთქვამს, მიანიშნა მხოლოდ, რომ "უნდა დაისაჯოს ის, ვინც მასობრივი ძალადობის ორგანიზება მოახდინა და ისიც, ვინც ძალას გადაამეტა"

გია ხუხაშვილი, ექსპერტი: - ეს გადაწყვეტილება მისასალმებელია, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ხელისუფლებამ დაიბრუნა ადეკვატურობა, თუმცა სჯობდა, რომ ფასი მანამ გადაეხადა, სანამ ასეთი უბედურება მოხდებოდა. გადაწყვეტილება კი კარგია, მაგრამ ის, რაც 20 ივნისის ღამეს მოხდა, მაინც ხინჯად და ხარვეზად დარჩება - ხელისუფლებამ მორიგი თვითდაზიანება მიიყენა, საქართველოს ისტორია ერთი ფრაზით აღვწერე – "როგორ მივედით სადიზმიდან მაზოხიზმამდე". ეს ხელისუფლება არის კლასიკური მაზოხისტი, რომელიც მუდმივად თვითდაზიანებებს იყენებს. საბოლოო ჯამში, ის მაინც მიდის დათმობაზე, მაგრამ ყველა ამ ციკლიდან დაზარალებული გამოდის. რატომ არ შეიძლება რომ ნორმალურად, ცივილიზებულად გააკეთოს ის მაშინ, როცა უნდა გააკეთოს? კობახიძე რომ 19-ში გადამდგარიყო 20-ში ხომ ეს უბედურება არ მოხდებოდა? ყოველ შემდგომ დღეს მათ მეტი ფასის გადახდა უწევდათ, საბოლოო ჯამში, მაინც ხომ გადაიხადეს ეს ფასი? ესენი ეპოტინებიან ძალაუფლებას და უნდა გაიგონ, რომ რაც უფრო მეტად ეპოტინები ძალაუფლებას, მით უარესად მიდის შენი საქმე. ეს არის უნივერსალური ფორმულა და ერთხელ და სამუდამოდ ტვინებში ჩაიჭედონ, რომ საზოგადოება ხელისუფლებას არ პატიობს იმას, რის გაკეთებასაც მას შემდეგ ცდილობს, რაც ის გაირყვნება.

- ბიძინა ივანიშვილს მომიტინგეების მეორე მოთხოვნაზე - გახარიას გადადგომაზე სიტყვა არ დაუძრავს, თუმცა მიანიშნა, რომ უნდა დაისაჯოს ის, ვინც მასობრივი ძალადობის ორგანიზება მოახდინა და ისიც, ვინც ძალას გადაამეტა...

- სიმართლე გითხრათ, ამ სიტუაციას პოლიტიკურ პრიზმაში რომ შევხედოთ და თავი დავანებოთ მოთხოვნებს, რამდენად პარადოქსალურადაც არ უნდა მოგვეჩვენოს, გახარიას გადადგომა ოპოზიციის ინტერესებში აღარ არის. მის ინტერესებშია, დაზიანებული გახარია რაც შეიძლება დიდხანს იყოს პოსტზე იმიტომ, რომ მათ თავის მიზანს მიაღწიეს – გახარია გახადეს ე.წ. "კოჭლი იხვი". შესაბამისად, ისევ ხელისუფლება უნდა იყოს ადეკვატური და პოლიტიკურ პრიზმაში უნდა უყუროს ამას, სიჯიუტის პრიზმაში კი არა, რომ ამას ვიზამ და იმას არაო. ვინც ბრძანება გასცა და ძალას გადაამეტა, ყველა დაისჯებაო, ამას ახლა არ უნდა ამბობდნენ და აკეთებდნენ. ხელისუფლებას, 21-შივე რომ ემოქმედა, ამ დათმობებზე ხომ არ მოუწევდათ წასვლა? ყველას უნდა ესმოდეს, რომ პოლიტიკაში გადაწყვეტილების დროულად მიღებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს და ფასი ყოველდღიურად იზრდება. როდესაც აგვიანებ, ყოველდღიურად იზრდება გადასახდელი ფასი, ეს უნივერსალური წესია. არ მიკვირს ხელისუფლების ასეთი უგუნური ქმედებები და სიბრიყვეები, მიჩვეული ვარ ასეთ რეალობაში ცხოვრებას.

ხათუნა ლაგაზიძე, ექსპერტი: - ვფიქრობ, არა მხოლოდ პროპორციული საარჩევნო სისტემა, არამედ ნოლპროცენტიანი ბარიერი ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა, რაც საშუალებას მისცემს საქართველოში არსებულ ყველა პოლიტიკურ პარტიას დადოს შედეგი და რეალურად შეფასდეს ყველა პოლიტიკური პატიის მხარდაჭერა და პოლიტიკური წონა. ამავდროულად, არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი - ეს გადაწყვეტილება რეალურად დაამთავრებს "ოცნებისა" და "ნაციონალების" ბატონობას ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. ესაა ყველაზე დიდი მიღწევა და წინგადადგმული ნაბიჯი ქართული დემოკრატიის გზაზე. რეალურად, ეს არის იმ დაპირების შესრულება, რომელიც 2012 წელს "ოცნებამ" და ბიძინა ივანიშვილმა დადო, რომ ის შეუწყობდა ხელს მრავალპარტიული საარჩევნო გარემოს განვითარებას. ხელისუფლებაში მოსვლიდან 7 წლის შემდეგ ივანიშვილმა ეს დაპირება მაინც აასრულა. ასე რომ, არა მხოლოდ პროპორციული არჩევნები, ნულოვანი საარჩევნო ბარიერიც არის უმნიშვნელოვანესი მიღწევა. ეს გაამწარებს "ნაციონალებს", გარკვეულწილად "ოცნებასაც", სამაგიეროდ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს მისცემს განვითარების საშუალებას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, შემოვიდნენ და თავი დაიმკვიდრონ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში.

(სპეციალურად საიტისთვის)