აქციის მონაწილეებმა გიორგი გახარიას ბიუსტს ცალი თვალი წითელი აუხვიეს - კვირის პალიტრა

აქციის მონაწილეებმა გიორგი გახარიას ბიუსტს ცალი თვალი წითელი აუხვიეს

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ახალგაზრდება შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას ბიუსტი მიიტანეს. აქციის მონაწილეები ბიუსტის გამოჩენას ოვაციებით შეხვდნენ.

ეს ის ბიუსტია, რომელიც კლუბ "ბასიანთან" დაკავშირებული სპეცოპერაციის წლის თავზე დაამზადეს და რომელიც ღილაკზე თითის დაჭერით ბოდიშს იხდის.

გიორგი გახარიას ბიუსტს აქციის მონაწილეებმა დღეს სიმბოლურად ცალი თვალი წითელი ლენტით აუხვიეს.

რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მაია გომურს, რომელმაც 20-21 ივნისის მოვლენებისას თვალი დაკარგა, მხარდაჭერას უცხადებენ. დემონსტრანტები სკანდირებენ აქციის დაშლისას დაშავებული გოგონას სახელს: "მაკო, მაკო". ასევე, ორგანიზატორებმა სცენაზე გამოიტანეს დიდი ბანერი, რომელსაც აწერია: "მაკო, შენ თვალი აგვიხილე." აქციის მონაწილეები ასევე სკანდირებდნენ: "მადლობა, მადლობა".

შეგახსენებთ, რომ 18 წლის მაკო გომურმა, რომელმაც 20-21 ივნისს აქციის დაშლისას თვალი დაკარგა, საავადმყოფო დღეს დატოვა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, არსებობს რაღაცები, რისთვისაც ყველა ერთად უნდა იბრძოდეს.

"ინტერპრესნიუსი"