"ბიბლიის რომელი მონაკვეთი გვიქადაგებს, რომ უნდა დაიპყრო, დაბომბო ხალხი, რომელსაც "სარწმუნოებრივ ძმებად" მიიჩნევ? ეს კრემლის ხრიკია" - კვირის პალიტრა

"ბიბლიის რომელი მონაკვეთი გვიქადაგებს, რომ უნდა დაიპყრო, დაბომბო ხალხი, რომელსაც "სარწმუნოებრივ ძმებად" მიიჩნევ? ეს კრემლის ხრიკია"

"უგუნური უნდა იყო, რომ არ გესმოდეს, ვინ არის აგრესორი რუსეთ-საქართველოს კონფლიქტში"

უკრაინის რადას წევრი და მართლმადიდებლურ ასამბლეაზე უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელი ვიქტორ იელენსკი 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე "კვირის პალიტრას" კიევში ესაუბრა:

- უპირველესად საინტერესოა ასამბლეაზე განვითარებული მოვლენების შეფასება.

- საკმაოდ ვრცელი დოკუმენტი მქონდა მომზადებული მართლმადიდებლურ სოლიდარობაზე, რომლის წარდგენასაც ასამბლეაზე ვაპირებდი, მაგრამ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, აქამდე არ მივიდა საქმე. ჩემი ქართველი კოლეგები სავსებით სამართლიანად გააღიზიანა აგრესორი ქვეყნის აგრესორი პოლიტიკოსის მიერ მათი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში გამოჭიმვამ და რაც მე მითხრეს, თუ მართალია (რომ გავრილოვი აფხაზეთის ომში მონაწილეობდა), მაშინ სრულ სოლიდარობას ვუცხადებ მათ და მესმის მათი გულისწყრომა. როდესაც სასტუმრო დავტოვეთ, უკვე შეკრებილი იყო ხალხი, რომელიც ამ ფაქტს აპროტესტებდა და მე მათთანაც დავაფიქსირე, რომ მხარს ვუჭერდი და ვიზიარებდი მათ პოზიციას - უგუნური უნდა იყო, რომ არ გესმოდეს, ვინ არის აგრესორი რუსეთ-საქართველოს კონფლიქტში.

ამის გამო რუსულმა მედიამ პროვოკატორად და ქართულ-რუსული დაპირისპირების გამჩაღებლად მომნათლა, რაც სრულიად არ გამკვირვებია. მაგრამ ალბათ, დამეთანხმებით, რომ ქართველი საზოგადოება ჩემი დახმარების გარეშეც მშვენივრად ხედავს და იაზრებს, თუ რა არის მათთვის შეურაცხმყოფელი და ვინ არის ფარისეველი, თვალთმაქცი და შუღლის რეალური გამჩაღებელი. მოგვიანებით, უსაფრთხოების მიზნით, უკრაინის საელჩოში გადამიყვანეს, დილით კი ქვეყანა დავტოვე.

ორიოდე სიტყვით თავად ასამბლეაზეც - ეს არის ეფემერული პლატფორმა, რომელიც კრემლის ინტერესებს ემსახურება და, ვფიქრობ, დროა, სხვა მართლმადიდებელმა ერებმა გამყოფი ხაზი გავავლოთ რუსეთთან და ასამბლეის ისეთი ფორმატი შევიმუშაოთ, სადაც რუსეთი საკუთარ ნარატივს თავზე ვერ მოგვახვევს. ქართველები, სერბები, რუმინელები, უკრაინელები - საკმარისად ვართ მართლმადიდებელი საზოგადოება, რომელსაც არ სჭირდება კრემლის ნაქადაგები ყალბი სულიერება. ასამბლეის ახლანდელი ფორმატის ერთადერთი მიზანია, რუსი პოლიტიკოსები კეთილისმყოფელ ქრისტიანებად წარმოგვიდგინოს, რაც ისევე შორს არის სიმართლისგან, როგორც თავად რუსეთი ჭეშმარიტი მართლმადიდებლური სულისკვეთებისგან.

- ამ სულისკვეთებაზე გკითხავთ - დღემდე აპელირებენ რუსეთზე, როგორც ერთმორწმუნე ერზე, მიუხედავად იმისა, თუ რა პოლიტიკურ და სამხედრო მაქინაციებშია გართული კრემლი. როგორ ახსნით ამ ფენომენს?

- ეს უბრალოდ სასაცილოა და ამის უკვე აღარავის სჯერა - რუსეთი ის ქვეყანაა, რომელიც შეიჭრა სამ მართლმადიდებელ ქვეყანაში და ომი გააჩაღა - საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში. ამის მერე რა მართლმადიდებლურ სოლიდარობასა და საერთო რწმენაზეა ლაპარაკი? (იხილეთ სრულად)