რას ითხოვდა "ევროპული საქართველო" და რატომ დატოვა საპარლამენტო ოპოზიციამ პლენარულ სხდომათა დარბაზი - კვირის პალიტრა

რას ითხოვდა "ევროპული საქართველო" და რატომ დატოვა საპარლამენტო ოპოზიციამ პლენარულ სხდომათა დარბაზი

საპარლამენტო ოპოზიციამ პლენარულ სხდომათა დარბაზი დატოვა. პარლამენტის პლენარული სხდომა "ევროპული საქართველოსა"და "ნაციონალური მოძრაობის" წევრების გარეშე განახლდა.

სხდომა რამდენიმე წუთით სასესიო დარბაზში მომხდარი ჩხუბის გამო შეწყდა.

კონკრეტულად, დღის წესრიგის დამტკიცებისას "ევროპულმა საქართველომ" მოითხოვა, რომ პარლამენტს დღევანდელ სხდომაზე ემსჯელა მათ მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტზე, რომელიც რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების გამო, შს მინისტრის გადადგომას ითვალისწინებს. მოთხოვნას მხარი არ დაუჭირეს "ქართული ოცნების" დეპუტატებმა. ამ თემაზე დაწყებული შეკამათება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

"არ აპირებენ განხილვას იმ საკითხის, რომელიც მთელი საქართველოსთვის ახლა მთავარი საკითხია. განხილვასაც კი არ აპირებენ გახარიას საკითხის. რუტინულ კანონპროექტებზე საუბარს ვინ აპირებს ახლა აქ?! ეს მთელი საზოგადოების შეურაცხყოფაა, რომ პარლამენტის უმრავლესობა გვეუბნება, ამ საკითხს არ განვიხილავ. როგორც კი მივიღეთ პასუხი, რომ ამის განხილვას არ აპირებენ, პროტესტის ნიშნად დავტოვეთ სხდომა. რა გვესაქმება ახლა აქ?", - განაცხადა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პარლამენტის პლენარული სხდომის დატოვების შემდეგ.

"ინტერპრესნიუსი"