ჟიული აფხაზი ხალხის სიყვარულმა დაღუპა - კვირის პალიტრა

ჟიული აფხაზი ხალხის სიყვარულმა დაღუპა

- ბატონო გივი, წინა ინტერვიუში ბრძანეთ, რომ აფხაზეთში მცხოვრებ ქართველებს ჰქონდათ იარაღი, მაგრამ არ იბრძოლეს, რადგან იარაღი სწორედ ომის წინ ჩამოართვეს.

- ღმერთმა დამიფაროს, ხალხი დავადანაშაულო. პირიქით, ის, რაც ჩვენმა ხალხმა გადაიტანა ათეული წლების განმავლობაში, მოთმინებისა და გმირობის მაგალითად გამოდგება. ხალხის დაცვა სახელმწიფოს, ხელისუფლების ვალია, მაგრამ საუბედუროდ, მაშინ არც სახელმწიფო გვქონდა და არც ხელისუფლება გვყავდა. სამაგიეროდ, გვყავდა და გვყავს საუკუნეების განმავლობაში მუდამ მტრულად და ჩვენს დასაქცევად გამზადებული მეზობელი - რუსეთი, ვისი ძალისხმევითაც ჩაისახა და არსებობს აფხაზური და ოსური სეპარატიზმი.

რაც შეეხება მოსახლეობისთვის იარაღის ჩამორთმევას, ჩემამდე ეს მინისტრმა ჩულკოვმა გააკეთა და იცით, რომ ამ იარაღმა შს სამინისტრო ამიფეთქა? მაშინ ადლერში ვიყავი, რომ აფხაზეთში არ შემოსულიყვნენ მესხეთელი თურქები.

მაშინ დიდ ხიფათს გადაურჩა საქართველო. როგორც კი დამოუკიდებლობა მოვითხოვეთ, რუსეთმა ნელი მოქმედების ნაღმები აამოქმედა, ერთ-ერთი მესხეთელი თურქები იყვნენ. 1990 წლის აგვისტოში მათ დიდი აქცია გამართეს. ხელისუფლებაში ეროვნული ძალების მოსვლამდე რამდენიმე თვეღა იყო დარჩენილი. დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას რუსეთმა მესხეთელი თურქების საკითხი დაუპირისპირა, - ისინი ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებას მოითხოვდნენ (სარვაროვის მეთაურობით). დაასახელეს კონკრეტული თარიღიც. იმუქრებოდნენ, თუ ჩვენი მოთხოვნა არ შესრულდება, აფხაზეთის გავლით სამხრეთ საქართველომდე მარშს დავიწყებთო. ათიათასობით მესხეთელი თურქი უნდა შემოსულიყო საქართველოში. ეს დიდი საფრთხე იყო და შს სამინისტროს კონკრეტული ღონისძიებების დაგეგმვა დასჭირდა. აფხაზი სეპარატისტებიც უაღრესად რადიკალურად იყვნენ განწყობილი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისადმი. შს სამინისტრო საზღვრის პერიმეტრზე ვერ განალაგებდა თანამშრომლებს. ათიათასობით კაცი რომ წამოსულიყო, ტყვიას ვესროდით თუ ტანკებით დავხვდებოდით? კრასნოდარის მხარის მილიცია გვეუბნებოდა, რამე იღონეთ, მათ ვეღარ ვაკავებთო. აფხაზეთის სკკპ საოლქო კომიტეტის მდივანმა ვალოდია ხიშბამ და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ვალერიან კობახიამ ჩემი შეშფოთება გაზვიადებულად ჩათვალეს. არადა შეიძლებოდა, შეტაკება მომხდარიყო ქართველებსა და მესხეთელ თურქებს შორის. მინისტრმა შოთა გორგოძემ  საკავშირო შს სამინისტროს აცნობა, რომ მესხეთელი თურქების შემოსვლის შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფდა მათ უსაფრთხოებას და მეტიც, გარდაუვალი იყო შეტაკება ქართველ მოსახლეობასთან, რადგან ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები უკვე თავს იყრიდნენ აფხაზეთში, რუსეთის საზღვართან, რათა მესხეთელი თურქების შემოსვლა არ დაეშვათ.

საზღვართან, ლესელიძეში შს სამინისტროს მთელ შემადგენლობას  მოვუყარეთ თავი. შოთა გორგოძე ხელმძღვანელობდა პროცესებს. ცეკას პირველი მდივანი გუმბარიძე ყოველ 15 წუთში ურეკავდა. შევხვდით სარვაროვსა და მის თანამზრახველებს. ვაცნობეთ, რომ საზღვარს უამრავი ქართველი იყო მომწყდარი, რომლებიც არ დაუშვებდნენ საქართველოში მათ შემოსვლას. საბოლოოდ, ჩვენი და სხვა წყაროების ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე რუსები დარწმუნდნენ, რომ ეს სისხლის ღვრის გარეშე არ ჩაივლიდა და მესხეთელი თურქები შეაჩერეს.

მთავარი ამოცანა უკვე  აფხაზეთში საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსული მოსახლეობის მშვიდობიანი გაყვანა იყო, რომ სეპარატისტებთან არ მოსვლოდათ შეტაკება. ესეც მოვაგვარეთ.

ერთმანეთს ვულოცავდით დაძაბულობის მშვიდობიან დასასრულს, რომ მოულოდნელად სოხუმიდან დარეკეს, შს სამინისტროში დროებითი დაკავების იზოლატორი პატიმრებმა აიღეს და იზოლატორის თანამშრომლები (3 კაცი) მძევლებად აიყვანესო. გვაცნობეს ისიც, რომ ჩულკოვის მიერ ამოღებული იარაღი, რომელიც იზოლატორის ზედა, მე-4  სართულზე ინახებოდა, პატიმრებს ჩაეგდოთ ხელში. სასწრაფოდ გადავფრინდით სოხუმში. გადავაკეტვინეთ პერიმეტრი და დავიწყეთ ვითარების გარკვევა.

- პატიმრების ამბოხის მიზეზიც სეპარატისტები იყვნენ?

- ეს იყო დოყლაპიობაც და ღალატიც. ამბოხის დამგეგმავთ უნდოდათ, ზიანი მიეყენებინათ შს სამინისტროსათვის, რომლის ხელმძღვანელიც სეპარატისტებისთვის მიუღებელი იყო. მაშინ "აიდგილარა", სერგეი შამბას ხელმძღვანელობით, ძალიან აქტიურად გამოდიოდა ჩემი გადაყენების მოთხოვნით. მათ კავშირი ჰქონდათ იზოლატორის თანამშრომლებთან და ამის წყალობით მოაწყვეს პროვოკაცია.

იზოლატორის ბუნტს, მძევლების აყვანასა და იარაღის  ხელში ჩაგდებას  3 მილიციელის მკვლელობისთვის სიკვდილმისჯილი პრუნჩაკი, Aასევე დახვრეტამისჯილები ძიძარია და მიქანბა ხელმძღვანელობდნენ. M75 პატიმრიდან 14 სიკვდილმისჯილი იყო.

ერთი კვირა ვიდექი კაციჭამია დამნაშავეების ავტომატების ლულის წინ და სპეცოპერაციას ვამზადებდი. იარაღი ჰქონდათ მოშვერილი და ისე ვაწარმოებდი მათთან მოლაპარაკებას. ამბოხებულები შვეულმფრენს ითხოვდნენ. უსაფრთხოებისთვის მოითხოვეს, რომ მოსახლეობა - ქალები და ბავშვები დაგვეყენებინა იზოლატორის ეზოში. მოითხოვეს "რაფიც" უმძღოლოდ. წინააღმდეგ  შემთხვევაში, მძევლების დახოცვით იმუქრებოდნენ. ცხადია, ყველაფერი ვაცნობეთ მოსკოვს. სასწრაფოდ გამოგზავნეს სპეცდანიშნულების რაზმი "ალფა", რომელსაც საბჭოთა კავშირის გმირი, პოლკოვნიკი კარპუხინი მეთაურობდა (სხვათა შორის, მისი მოწყობილი იყო ავღანეთის ხელისუფლების გადატრიალება და ხელისუფლებაში ბაბრაქ ქარმალის მოყვანა). დადგა სპეცოპერაციის დღეც. მოსახლეობას ხომ არ შევუქმნიდით საფრთხეს? მილიციის თანამშრომელთა ოჯახის წევრები მოვიყვანეთ იზოლატორის ეზოში. "რაფში" დამონტაჟდა 3 სპეციალური საშუალება, რომლებიც ამოქმედების შემდეგ ადამიანს რამდენიმე წამით გათიშავდა. Gგამოვიდნენ მძევლებს ამოფარებული პატიმრები. ჩასხდნენ მანქანაში, ჩართეს მანქანა, მაგრამ მხოლოდ ორი აფეთქება მოხდა. ამიტომაც პრუნჩაკმა  შედარებით სუსტი აფეთქების გამო გონს მოსვლა და რამდენიმე გასროლა მოასწრო. მძევალი დაჭრა, მაგრამ ამ დროს საქმეში სპეცრაზმი ჩაერთო. ძიძარია და მიქამბა იქვე დახვრიტეს. პრუნჩაკი კი საავადმყოფოში რომ მიჰყავდათ, გზაში გარდაიცვალა. ეს ამბავი მე მოკლედ მოგიყევით, ენ-ტე-ვემ სამჯერ აჩვენა.

ამ სპეცოპერაციის ჩატარებისთვის 1990 წლის ნოემბერში გენერლის წოდება მომცეს. საქმე, რომელიც ჩემს დასაქცევად წამოიწყეს, ჩემთვის სასიკეთოდ წარიმართა. თუ არ ვცდები, უკანასკნელი გენერალი ვარ, რომელსაც საბჭოთა დროს მიენიჭა წოდება.  ამას აფხაზები არასოდეს დაუშვებდნენ, მაგრამ მათ გარეშე გაგზავნა ეს მოთხოვნა შოთა გორგოძემ მოსკოვში.

- ალბათ, იცნობდით ჟიული შარტავასაც.

- ჟიული შარტავა მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ 1993 წლის ივლისში დანიშნეს თამაზ  ნადარეიშვილის ნაცვლად და 27 სექტემბერს დაიღუპა. სანამ დანიშნავდნენ, მე და ჟიული ერთად ვიყავით პარლამენტში. ის რუსთავიდან იყო არჩეული. როდესაც აფხაზეთში ნადარეიშვილის ადგილზე წასვლა შესთავაზეს, ველაპარაკე ჟიულის. მახსოვს, იმელის ბუფეტში ჩავედით და იქ გამანდო ეს ამბავი. ამიხსნა, რატომ დათანხმდა იქ წასვლაზე. მითხრა, წლების განმავლობაში ვმუშაობდი დათა ფილიასთან, ვალერი ფილიასთან, ანქვაბთან, ოზგანსა და ჭიჭკა ბაღაფშთან (სერგო კი არ უთქვამს) და შეუძლებელია, მათთან საერთო ენა არ გამოვნახო. წარმოუდგენელია, ჩვენი თბილი ურთიერთობა დავიწყებოდათო. ისე გულწრფელად ლაპარაკობდა, რომ გული გამისივდა. ვიცოდი, რატომაც სჯეროდა აფხაზების. უწინ მეც მასსავით მჯეროდა. გუდაუთაში ორ ქართველს ვერ ნახავდი, მე კი ისე კარგად ვიყავი იქაურებთან,  წამოსვლა აღარ მინდოდა. უამრავი აფხაზი მეგობარი მყავდა. ანრი ჯერგენიას დედა სადილს რომ გააკეთებდა,  უჩემოდ სუფრასთან არ სხდებოდნენ. მაგრამ როდესაც საკითხი ეროვნულ ინტერესს შეეხო, ეს ყველაფერი განზე დარჩა. ჟიულისაც ვუთხარი, მეც კარგი აფხაზი მეგობრები მყავდა, მაგრამ დღეს ჩვენი მოწინააღმდეგეები არიან-მეთქი. გავაფრთხილე, ნუ გააფეტიშებ თქვენს ერთად გატარებულ წლებს, სეპარატისტებს ნუ ენდობი-მეთქი. მომისმინა, მაგრამ შევატყვე, აზრი არ შეუცვლია, - მაინც სჯეროდა აფხაზების, ენდობოდა. ვერ დაიჯერა, რომ ყოფილი მეგობრები გაიმეტებდნენ. ჟიული აფხაზი ხალხის სიყვარულმა და ნდობამ, თავისმა კაცობამ დაღუპა.

აფხაზეთის ომის დროს ხშირად ჩავდიოდი სოხუმში და ვხვდებოდი მამია ალასანიას, რომელთანაც  წლების განმავლობაში ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა. მამიასაც ვეუბნებოდი, არ გქონდეს იმის იმედი, რომ ბაღაფში ან ვინმე სხვა ძველი მეგობრობის გამო დაგინდობთ-მეთქი. კიდეც რომ მოინდომონ, ეს მანამ გასტანს, სანამ თქვენ ორნი იქნებით ერთად, როგორც კი მესამე გამოჩნდება, მით უმეტეს, აფხაზი, ახლო მეგობრობას მაშინვე დაივიწყებენ-მეთქი. მამია მეთანხმებოდა, მაგრამ დასძენდა, ჟიულის სჯერა თავისი აფხაზი მეგობრებისო.

- ალბათ, იცით, რა მოხდა 27 სექტემბერს?

- ვიცი, რომ  ჟიულიმ თანმხლებ პირებს უთხრა, წადითო, მაგრამ როგორ წამოვიდოდნენ ან მამია, ან ის თავდადებული ქართველები, რომლებიც მასთან დარჩნენ? მამია საოცარი კაცი იყო და რას ეტყოდა ოჯახის წევრებს ან შვილებს, როდესაც ჰკითხავდნენ, როგორ მოხდა, რომ ჟიული იქ დარჩა და შენ წამოხვედიო. მამია კაცი იყო და ვისაც კაცურად უცხოვრია, სწორედ მამიასავით მოიქცეოდა. მე ისიც ვიცი, მაშინ სოხუმიდან ნახევარი საათით ადრე ვინ წამოვიდა.

24 სექტემბერს ზვიად გამსახურდია ზუგდიდში რომ არ ჩამოსულიყო და ლოთი ქობალიას ჯარი ენგურზე გადასულიყო, სოხუმი დაეცემოდა? მაშინ ოჩამჩირეში კბილებამდე შეიარაღებული 8 ათასამდე ქართველი იყო, მაგრამ რადგან ზვიად გამსახურდია ჩამოვიდა, აღარ იომეს. ჟიული შარტავა კაკო ელიავას ელაპარაკა, ბიჭო, მაგის დრო არ არის, წამოდით, სოხუმი გადავარჩინოთ, მერე დადგება ძალაუფლების გაყოფის თუ ანგარიშსწორების დროო. ზვიადმა კი თქვა, პრეზიდენტი მე ვარ და აფხაზეთს მე დავიბრუნებ, შევარდნაძეს ზურგი აქციეთო და ბატალიონები, რომლებიც სოხუმს იცავდნენ, მოიხსნა. სოხუმი დაუცველი დარჩა. ზვიადს რომ სამშობლო უყვარდა, ამაში ეჭვს როგორ შევიტან, მაგრამ შევარდნაძის სიძულვილით რაც გააკეთა, ეს არ წაადგა ჩვენს ქვეყანას.

1993 წელს, აფხაზეთის დაკარგვიდან ერთი კვირის შემდეგ, სამეგრელოში ჩავედი და 4 წელი იქიდან ფეხი არ მომიცვლია. ჩემ თვალწინ გაიარა გაუბედურებული ხალხის ჭირ-ვარამმა, რადგან მაშინ სახელმწიფო მინისტრად და დასავლეთ საქართველოში პრეზიდენტის რწმუნებულად დავინიშნე.

როგორც 1992 წელს, ასევე 2008 წლის აგვისტოში, ხელისუფლებამ რეალურად ვერ შეაფასა ვითარება ქვეყანაში. მაშინაც და შემდგომაც ვლაპარაკობდით, ვბაქიაობდით, ჩვენი მტერი კი საქმეს უხმაუროდ აკეთებდა. ხელისუფლების ისეთ ცვლილებებს, როგორიც ეს 1991 წლის იანვარსა და 2003 წლის ნოემბერში მოხდა, მოჰყვა არაკომპეტენტური, უზომოდ ამბიციური პირების წარმოჩენა, რომლებიც დაუფიქრებლად ჰკიდებენ ხელს ურთულესი პრობლემების მოგვარებას. რა მივიღეთ, ყველა ვხედავთ.

მჯერა, აფხაზეთსა და სამაჩაბლოს დავიბრუნებთ და ეს მაშინ გახდება შესაძლებელი, როდესაც გავერთიანდებით ამ მიზნის მისაღწევად.