" ნიკა მელიას ქმედებებში არ იყო არანაირი დანაშაული ხელისუფლებამ დაიწყო ბოლშევიკური ტერორი" - კვირის პალიტრა

" ნიკა მელიას ქმედებებში არ იყო არანაირი დანაშაული ხელისუფლებამ დაიწყო ბოლშევიკური ტერორი"

ხელისუფლებამ დაიწყო ბოლშევიკური ტერორი. დამიჯერეთ, ეს ბოლო დაკავება არ არის, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ პარლამენტის შენობასთან გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, "განწირული ხელისუფლებისთვის" მნიშვნელოვანია ყურადღების გადატანა ძიძგილაობასა და დაპირისპირებებზე და არა სასამართლო პროცესზე, სადაც უდანაშაულო ხალხს გაასამართლებენ.

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებითვე, დაანონსებულ დაკავებას არაფერი აქვს საერთო სამართალთან და ის მთლიანად ასახავს "ქართული ოცნების" პოლიტიკურ შურისძიებას.

"იმის მაგივრად, რომ სამოქალაქო საზოგადოებასთან დაეწყო პირდაპირი პოლიტიკური დიალოგი, ამ კოლაბორაციულ ხელისუფლებამ დაიწყო ბოლშევიკური ტერორი. უკვე გამოაცხადეს, რომ დააკავებენ არა "გაერთიანებული ოპოზიციის", არამედ კონსოლიდირებული ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას. დამიჯერეთ ეს ბოლო დაკავება არ არის, ამას კიდევ ბევრი სხვა დაკავება მოჰყვება. ახლა განწირული ხელისუფლებისთვის, მთავარია ყურადღების გადატანა ძიძგილაობაზე, დაპირისპირებაზე, ერთმანეთის თავპირის მტვრევაზე და არა სასამართლო პროცესზე, სადაც უდანაშაულო ხალხს გაასამართლებენ იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქის პროტესტს შეუერთდნენ. ნიკა მელიას ქმედებებში არ იყო არანაირი დანაშაული, მის ქმედებებში არ იყო არაფერი, რაც ეწინააღმდეგებოდა მის სტატუსს, როგორც პარლამენტის წევრის. ადამიანმა ერთი, რაც თქვა იყო, რომ საქართველოს მოქალაქეს აქვს უფლება შევიდეს ამ შენობაში, რომელსაც ვინახავთ ჩვენი ფულით", - განაცხადა ვაშაძემ.

პარლამენტის შენობასთან ოპოზიციის მიერ საგანგებო პრესკონფერენციას ესწრებოდნენ როგორც გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი, ისე სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.

"ინტერპრესნიუსი"