"რით არის განპირობებული ეს სასწრაფოობა?! რა მნიშვნელობა აქვს 2 საათით ადრე დაიჭერთ მელიას თუ 2 საათით გვიან, რატომ ვერ ითმენთ?" - კვირის პალიტრა

"რით არის განპირობებული ეს სასწრაფოობა?! რა მნიშვნელობა აქვს 2 საათით ადრე დაიჭერთ მელიას თუ 2 საათით გვიან, რატომ ვერ ითმენთ?"

რა მნიშნვნელობა აქვს ორი საათით ადრე დაიჭერთ ნიკა მელიას თუ ორი საათით გვიან. რატო ვერ ითმენთ, რა გჭირთ? - ასე მიმართა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ხათუნა გოგორიშვილმა იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტეტების თავმჯდომარეებს გაერთიანებულ სხდომაზე. გოგორიშვილი დაინტერესდა რით არის განპირობებული ის სიჩქარე, რომელსაც მმართველი გუნდი ავლენს.

"თუ შეიძლება აგვიხსენით რითია განპირობებული ასეთი სასწრაფოობა და საჩქაროობა, დილის 9 საათზე, რომ გადაგვიყვანეთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმში. მე არ მახსოვს ამ პარლამენტში ასე ადრე ჩატარებულიყოს სხდომა. მითუმეტეს, რომ 5 დღე აქვს იურიდიულ კომიტეტსაც და საპროცედურო კომიტეტსაც საკითხის განხილვისთვის. გუშინ საღამოს შემოტანილი საკითხია და დილაუთენია რატომ არის კომიტეტი დანიშნული?! რითია განპირობებული ეს სასწრაფოობა?! რა მნიშვნელობა აქვს ორი საათით ადრე დაიჭერთ ნიკა მელიას თუ ორი საათით გვიან. რატო ვერ ითმენთ?" - მიმართა გოგორიშვილმა კომიტეტის თავმჯდომარეებს.

პროკურატურა ნიკა მელიას ბრალს საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში სდებს. გენერალური პროკურორის პარლამენტისადმი გაგზავნილ მიმართვაში ნათქვამია, რომ მან შესძლო დაეყოლიებინა მშვიდობიანი მომიტინგეები სამართლადამცავებზე ძალადობრივ თავდასხმაში.

გენერალური პროკურორის შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფაქტობრივი, ასევე ფორმალური საფუძველი.

შეგახსენებთ, რომ დეპუტატის დაკავებაზე ან დაპატიმრებაზე პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შემთხვევაში, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება დაკავების ან დაპატიმრების პერიოდით შეუჩერდება.

პარლამენტის წევრის დაკავება ან დაპატიმრება, ასევე მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა მხოლოდ პარლამენტის წინასწარი თანხმობით შეიძლება. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც პარლამენტს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს.

"ინტერპრესნიუსი"