"ივანიშვილის გარშემო მომრავლდა ხალხი, რომელიც ჭორაობით ირჩენს თავს"
26-06-2019
"ივანიშვილის გარშემო მომრავლდა ხალხი, რომელიც ჭორაობით ირჩენს თავს"
მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ რუსთაველის გამზირზე შეკრებილი აქციის მონაწილეების მოთხოვნების შესრულება დაიწყო, უკვე რამდენიმე დღეა პარლამენტის წინ აქცია მიმდინარეობს. მომიტინგეები შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ.

როგორც ცნობილია, 20 ივნისს მართლმადიდე­ბ­ლური საპარლამენ­ტ­თაშორისო ასამბლეის სესიას საქართველოს პარლამენტში, რომლის დროსაც რუსმა დეპუტატმა, "კომუნისტური პარტიის" წევრმა სერგეი გავრილოვმა პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი დაიკავა და სხდომა რუსულ ენაზე გახსნა, ქვეყანაში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ პარლამენტშივე დაწყებული პროტესტი ქუჩის ანტისაოკუპაციო აქციაში გადაიზარდა.

მომიტინგეების მოთხოვნის
შემდეგ, თანამდებობა დატოვა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, მოგვიანებით კი, დაკმაყოფილდა მომიტინგეების კიდევ ერთი მოთხოვნა, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით გაიმართოს ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.

ქვეყანაში შექმნილი ვითარება "დაიცავი საქართველოს" დამფუძნებელმა, პოეტმა დავით მაღრაძემ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში შეაფასა:
- ირაკლი კობახიძე პროტესტის პირველივე დღეს უნდა გადამდგარიყო...
რაც შეეხება ახალ მოთხოვნებს, გახარია კი არა, მთელი "ქართული ოცნებაც" უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან, ოღონდ, ვიმეორებ, ვალდებულება აქვთ, რომ არჩევნებამდე მიიტანონ ქართული სახელმწიფო, არაფრით არ უნდა დაუშვან, რომ სახელმწიფო ჩამოიშალოს.

- ამ პროცესების პარალელურად ჩვენ ვნახეთ რუსეთის ძალიან მყისიერი რეაქცია - კრემლმა საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობა აუკრძალა, რაც ქვეყნის ტურიზმისთვის დიდი დარტყმა იქნება...
- უკვე ვახსენე, დიდი საფრთხის შემცველია, თუ პომპეოს კრიტიკული განცხადებების პასუხია ხელისუფლების კეკლუცობა და გავრილოვისთვის ქართული პარლამენტის ტრიბუნის დათმობა-მეთქი. ეს არის ისეთი საშიში თამაში, რის გაგებაშიც არ არის "ქართული ოცნება". მივიღეთ ვითარება, როდესაც ორივე იმპერია, რომლებიც ცდილობენ თავიანთი ინტერესები გააფართოონ ჩვენს ქვეყანაში, უკმაყოფილოა და ორივე შემაშფოთებელ განცხადებებს აკეთებს: ერთი - აშშ ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე, მეორე­ - რუსეთი ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგოდ. აი, ამ სახიფათო თამაშებში გაეხვია საქართველოს უვიცი ხელისუფლება ამ გაუგებარი საგარეო პოლიტიკის შედეგად.
შესაბამისად, ვითარება საკმაოდ სახიფათოა და დიდი სიფრთხილეა საჭირო, რაც ისევ და ისევ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.

- როგორ ფიქრობთ, რატომ მივიდა "ქართული ოცნება" ქვეყნის შიდა თუ გარე პოლიტიკის ასეთ ურთულეს პრობლემებამდე?
- მითქვამს და კიდევ მინდა გავიმეორო - საზოგადოებად მიმაჩნია მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც განსაცდელის დროს ღირსებას ინარჩუნებს.
სამწუხაროდ, საზოგადოების არსებობა აწუხებს ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც, რადგან საზოგადოებაში კარგად ჩანს, რა არის სირცხვილი, რა სიყალბე და ფარისევლობა. ამიტომაც არის, რომ ასე ებრძვიან ხოლმე საზოგადოებას.
მე-19 საუკუნეში ჩამოყალიბებული საზოგადოების წაშლის მცდელობა ილიას მკვლელობით დაიწყო - ეს იყო ყველაზე მძიმე დარტყმა. შემდეგ იყო არაერთი შეტევა, როდესაც მოსახლეობის უკულტურო ნაწილი ებრძოდა კულტურულ საზოგადოებას. უკულტურობა კვლავაც ძალადობს კულტურაზე...

როგორც წესი, ეს ძალადობა არის უკიდურესად აგრესიული, რისი მასაზრდოებელიც შურია. ასე იქცეოდა სააკაშვილის ხელისუფლება. მრჩება შთაბეჭდილება, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამაც წინამორბედისგან გადმოიბარა ქართველ საზოგადოებასთან ბრძოლის ესტაფეტა.

ამის ნიშნებსაც გეტყვით - პირველად ეს საყდრისთან დაკავშირებით ვიგრძენი, რომლის აფეთქებითაც საზოგადოებას აჩვენეს, სულ არ გვაინტერესებს, თქვენ რა გეძვირფასებათო...

ასეთივე ნიშანია დამოკიდებულება სასამართლოს სისტემისადმი. ესეც საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული პროცესი იყო, როდესაც ვნახეთ, რა წიაღსა და რა რეპუტაციის ხალხში ეძებდნენ უვადოდ დასანიშნ მოსამართლეებს.
ასევე ერთ-ერთი ნიშანი იყო კულტურის სამინისტროს გაქრობა. ეს რა აუცილებლობით იყო ნაკარნახები, არავინ იცის და არც არავის უცდია საზოგადოებისთვის ამის ახსნა.
სხვაც ბევრი ნიშანია იმისა, თუ როგორი დეგრადაცია განიცადა "ქართულმა ოცნებამ", როდესაც საზოგადოებაზე ძალადობა გაიხადა მიზნად.

რა მივიღეთ ამის შედეგად? - ხელისუფლება, რომელიც დაკავებულია ჭორაობით, იმის ჩაწერით, თუ ვინ რძალს ემდურის და ვინ სიძით არის უკმაყოფილო. მერე ამ ბინძურ ჩანაწერებს აქვეყნებენ ინტერნეტში, აძალებენ ტელევიზიებს, რომ გაუშვან ეთერში. თუ რომელიმე ტელევიზიამ უარი თქვა, მერე იმის დირექტორს აგდებენ სამსახურიდან და ა.შ.

ეს ხელისუფლება კი არა, ჩამწერი სტუდიაა. ყველაზე გამართულად კი "სიბინძურის სამინისტრო" მუშაობს თავისი ტროლებით, ბოტებით და დაფინანსების მაძიებლებით. ივანიშვილის გარშემო მომრავლდა ხალხი, რომელიც ჭორაობით ირჩენს თავს. (იხილეთ სრულად)


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?