"გახარია რაღაცას არ ამბობს. მრჩება შთაბეჭდილება, რომ მთელი რიგი ბრძანებები მისი გაცემული არ იყო" - კვირის პალიტრა

"გახარია რაღაცას არ ამბობს. მრჩება შთაბეჭდილება, რომ მთელი რიგი ბრძანებები მისი გაცემული არ იყო"

"საქართველოს წინააღმდეგ დიდი პროვოკაცია მოეწყო"

საგამოძიებო უწყება "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს ნიკა მელიას 20-21 ივნისს, პარლამენტთან განვითარებული მოვლენებისას საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენას ედავება. პარლამენტმა მისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნასაც დაუჭირა მხარი, ყველა ელოდა, რომ მელიას დააპატიმრებდნენ, თუმცა მოსამართლე თემურ გოგოხიას გადაწყვეტილებით, მას 30-ათასლარიანი გირაო შეუფარდეს, ის საქმის არსებით განხილვამდე თავისუფალია, თუმცა ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობის მიზეზი რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის ადგილიდან ასამბლეის მონაწილეებისთვის რუსულ ენაზე გაკეთებული მიმართვა გახდა.

ქვეყანაში შექმნილ ვითარებას ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში მამუკა არეშიძე აფასებს:

- თავიდანვე დარწმუნებული ვიყავი, რომ მელიას არ დააკავებდნენ. ჩანდა, რომ ეს იყო პროცესი, რომელიც ცხადყოფდა, რომ ივანიშვილს სასამართლო ჯიბეში არ ჰყავს ჩასმული. მოსამართლემ მიიღო დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. საერთოდაც, მე თუ მკითხავთ, მხოლოდ მელიას დასჯა სამართლიანი არ არის. ყველა იმ ადამიანს უნდა მოეთხოვოს პასუხი, რომლებიც სხვადასხვა ფორმით მონაწილეობდნენ ამ არეულობაში. ასევე უნდა დაისაჯონ პოლიციელები, რომლებმაც ძალაუფლებას გადაამეტეს. ახლა რაც შეეხება, ამბავს, რომელიც პარლამენტში მოხდა, მელიასათვის იმუნიტეტის მოხსნის დროს. ეს იყო ძალიან კარგი სპექტაკლი. შესანიშანვი ჩანაფიქრი იყო, რომ ნიკა მელია მარტო იჯდა, "ოცნების" წინაშე. ჩემთვის, როგორც, თეატრის ყოფილი რეჟისორისთვის ეს ნაცნობი და მომგებიანი ხერხია.

- ხომ არ ფიქრობთ, ხელოვნურად იქმნებოდა მელიასგან გმირის პერსონაჟი და ამაში მას "ქართული ოცნებაც" ეხმარებოდა?

- გმირი მაშინ ხდები, როდესაც ახალგაზრდობა მიგყავს შეტევაზე, შენ კი პირველ რიგებში დგახარ. მელია გმირი იქნებოდა, სხვა მომიტინგეებთან ერთად რომ დაზარალებულიყო. სხვათა შორის, სოციალურ ქსელში ბევრი წერს, რომ ჯერ წინ წაგვიძღვა და მერე მიგვატოვაო. ე.ი. ის შეეცადა გმირი გამხდარიყო, მაგრამ საბოლოოდ კარგი მსახიობი აღმოჩნდა. ირაკლი ბათიაშვილს ძალიან ბევრი შეცდომა აქვს დაშვებული, მაგრამ ვერავინ უვიწყებს იმ ფაქტს, რომ 9 აპრილის ღამეს ბოლომდე ხალხის გვერდით დარჩა, აქციის დარბევის შემდეგ გარდაცვლილებს შორის ეძებდნენ და ბოლოს გონებადაკარგული იპოვეს.

მელიამ რა ქნა?! შეტევაზე წასული მომიტინგეები მიატოვა და მიიმალა. რაც შეეხება "ქართულ ოცნებას", თუ დრამატურგიულად მივუდგებით ამ საკითხს, ამ ძალამ ხელი ნამდვილად შეუწყო ყველაფერ იმას, რაც დღეს ხდება ქვეყანაში.

თავის დროზე სამართლებრივი თუ ვერა (ეს მესმის, რადგან დასავლეთი ითხოვდა კოჰაბიტაციას) პოლიტიკური შეფასება მაინც რომ მიეცა "ნაციონალების" მოქმედებებისთვის, დღეს ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. "ქართული ოცნების" დამკვიდრებულმა კოჰაბიტაციის მახინჯმა ფორმამ დაღუპა ყველაფერი. ახლა "ნაციონალებს" შეუძლიათ თქვან, რომ "ოცნების" გუნდშიც არიან ადამიანები, რომლებიც, თავის დროზე, სწორედაც ძალადობრივი გზით არიან პარლამენტში შეჭრილი.

მელია, "ნაციონალურ მოძრაობაში" 2012 წლის მერე მივიდა და ამ გუნდის მიერ ჩადენილ დანაშაულებში წვლილი არ მიუძღვის, ბევრად სუფთაა, ვიდრე სხვა "ნაციონალები" და "ოცნებაში" მოკალათებული მედროვეები.

ახლა რაც შეეხება 20 ივნისის ღამეს, ძალიან ბევრი საპროტესტო აქციის ორგანიზებაში მაქვს მონაწილეობა მიღებული და ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ სპონტანურად, ემოციურ ფონზე შეკრებილი მასის მართვა ურთულესია და შეუძლებელია... აქ კი აშკარად ჩანდა ორგანიზებული მოქმედება... შეგახსენებთ იმ მომენტს, როდესაც აქციაზე მომიტინგეების ერთ ჯგუფს პოლიციელები რიგ-რიგობით გამოჰყავდათ, ხელკეტებს და ფარებს ართმევდნენ და შემდეგ მშვიდობიანად უშვებდნენ. ფაქტია, 20 ივლისის ღამეს ადამიანთა ერთი ჯგუფი დაგეგმილად და წინასწარგააზრებულად იქცეოდნენ. არ ვიცი მელიასგან თუ სხვა ვინმესგან, მაგრამ მათ წინასწარი ინსტრუქცია ჰქონდათ მიღებული. სხვა მომიტინგეები კი რომლებიც მართლა სპონტანურად მოქმედებდნენ, ხალხის მასაში შემოყვანილ პოლიცილებზე ანგარიშსწორებას შეეცადნენ, მაგრამ ორგანიზებულმა ჯგუფმა მათ ამის საშუალება არ მისცა. აშკარად ჩანდა, ვინ იყო იქ წინასწარი ინსტრუქციით მისული და ვინ შემთხვევით. ეს ფაქტი, იმაზე მეტყველებს, რომ ოპოზიცია იმ ღამით პარლამენტში შესაჭრელად ემზადებოდა. ერთი სიტყვით, იმ სისხლიანი ღამის პირველ ფაზაში, სიმართლე მელიასა და სხვა ოპოზიციონერების მხარეს ნამდვილად არ ყოფილა და თუ ხელისუფლება ამას ვერ დაამტკიცებს მით უარესი მათთვის. მეორე ფაზაში კი იქ სხვა რამე მოხდა...

- მეორე ფაზაში პოლიციელების მხრიდან ძალაუფლების გადამეტებას და აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოყენებულ ტყვიებს გულისხმობთ?

- დიახ, მე მაშინვე ვთქვი, რომ ამ ტყვიების გამოყენება დაუშვებელი იყო, თუმცა ჩემთვის ცოტა წარმოდუგენლია, რომ გახარიას უშუალოდ მიეცა ბრძანება მომიტინგეებითვის დიდი ან პატარა ტყვიები ესროლათ.

- ფიქრობთ, რომ დივერსიას ან პროვოკაციას ჰქონდა ადგილი?

- გავრილოვის აქ ჩამოსვლა, მისი პარლამენტში მიყვანა და საერთოდ მთელი ეს ღონისძიება იყო ერთი დიდი პროვოკაცია, რომელიც წინასწარ იყო დაგეგმილი.

- ფიქრობთ, რომ ამ პროვოკაციაში "ქართული ოცნება" არ მონაწილეობდა?

- წარმოუდგენელია, ვინმე საღად მოაზროვნე ფიქრობდეს, რომ გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომა ივანიშვილს ხელს აძლევდა.

ფაქტია, რომ ამ ამბით, ყველაზე მეტად ის დაზარალდა. ცხადია, "ქართული ოცნებიდან" ვიღაც მონაწილეობდა (ქუცნაშვილის მსგავს წვრილმან ადამიანებზე არ ვსაუბრობ). თუ ეს რუსული სცენარი იყო, ამ ამბავში ჩართულია, როგორც ოპოზიციის ისე, ხელისუფლების წარმომადგენლები. ბევრი თეთრი ლაქაა ამ ისტორიაში, აქციის წინააღმდეგ მოწყობილ პოლიციელთა შორის იყვნენ ვანო მერაბიშვილის მოადგილის ძმა, ქალაქის სამმართველოს ყოფილი გუნდის წარმომადგენლები, სპეცრაზმის ხელმძღვანელთა ნაწილს ისევ ძველი კადრები შეადგენენ, ანუ ისინი, რომელთა ხელმძღვანელობითაც 26 მაისის დარბევა მოეწყო. ამ ფაქტებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ეს იყო დიდი პროვოკაცია, საქართველოს წინააღმდეგ მიმართული, რომელშიც ძალიან ბევრ ადამიანს აქვს ხელი გასვრილი.

- თქვენ ფიქრობდით, გახარიას საჯარო გამოსვლა ბევრ კითხვას გასცემდა პასუხს. ჩვენ გუშინ ორ საათზე მეტ ხანს ვუსმენდით მას. გამართლდა თქვენი იმედი?

-არა, ჩემს კითხვებს არც ოპოზიციონერ ლიდერებთან დაკავშირებით გაეცა პასუხი და არც პოლიციის გადაცდომებთან დაკავშირებით. მხოლოდ ერთი პასუხი მივიღე, ის თავის თავზე იღებს, როგორც სამართლებრივ, ისე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და არსად წასვლას აპირებს ვიდრე ყველაფერს არ გამოიძიებს. სამწუხაროა, რომ ჟურნალისტებმა არ ჰკითხეს რა ვადაში გადაიქცეოდა მისი პასუხისმგებლობა რეალურ პასუხისმგებლობად.

- თქვით, რომ აქციაზე შესაძლოა ადგილი ჰქონოდა, ძალოვანთა მხრიდან გარკვეულ პროვოკაციებს, თუმცა გახარიამ პრესკონფერენციაზე რამდენჯერმე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა სამართალდამცავის ქმედებაზე თავად აგებს პასუხს.

- მისმა მტკიცებამ კიდევ უფრო გაამყარა ჩემი ეჭვები. ფაქტია, რომ ის რაღაცას არ ამბობს. მრჩება შთაბეჭდილება, რომ მთელი რიგი ბრძანებები მისი გაცემული არ იყო.

- ახლა მის გადადგომას რამდენად მართებულად მიიჩნევთ?

- აქციის მონაწილეების მესმის, როდესაც მის გადადგომას მოითხოვენ, მაგრამ მოდით დავფიქრდეთ, გახარია ახლა თავის თავზე იღებს პოლიტიკურ და სამართლებრივ პასუხისმგებლობას და კონკრეტულად მის ინტერესებშია ყველა დეტალის გამოძიება. მან იცის, რომ სანამ გამოძიება არ დასრულდება, ის მუდმივად თავდასხმის ობიექტი იქნება. თუ გადადგება ის ყველა პასუხისმგებლობისგან განთავისუფლდება, მერე ვინ გამოძიებს ამ ყველაფერს, ხელისუფლება?! და ეს უფრო კონტპროდუქტიული არ იქნება? ეს ყველაფერი გადასარევად იციან ოპოზიციონერმა ლიდერებმა, რომლებსაც მიტინგი მიჰყავთ, მაგრამ მათთვის ახლა მთავარი ხელისუფლების დასუსტებაა და არა სიმართლის დადგენა.

ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)