"მე რომ შს მინისტრი ვყოფილიყავი, 21 ივნისსვე გადავდგებოდი"
"მე რომ შს მინისტრი ვყოფილიყავი, 21 ივნისსვე გადავდგებოდი"
"ეს იყო თითქმის პუტინის დონეზე დაგეგმილი პროვოკაცია, რათა ვითარება გაემწვავებინათ საქართველოში და უფრო გაერთულებინათ ისედაც რთული ქართულ-რუსული ურთიერთობები"

20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ რუსთაველის გამზირი კვლავაც რჩება საპროტესტო განწყობის ეპიცენტრად, სადაც ყოველდღიურად იკრიბებიან მოქალაქეები, უმეტესად - ახალგაზრდები. "ცხოვრებას თავისი კორექტივები შეაქვს ყველაფერში და ნებისმიერი პასუხისმგებლიანი მმართველი პოლიტიკური ძალის ვალია, იყოს ადეკვატური ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევებისა და, რაც მთავარია, ესმოდეს საზოგადოების მაჯისცემა..." - ეს განცხადება პოლიტიკური გაერთიანების - "ქართული ოცნება - დემოკრატიული
საქართველოს" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე დღის წინ გააკეთა, როდესაც ფართომასშტაბიანი პოლიტიკური რეფორმა დააანონსა. მმართველი ძალა გამოვიდა ინიციატივით, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში. მოგეხსენებათ, პროტესტანტთა ერთ-ერთი მოთხოვნა სწორედ პროპორციული არჩევნები იყო, თუმცა ნულოვანი ბარიერის თემამ პოლიტიკური პარტიები გვარიანად დააბნია.
რაც შეეხება პროტესტანტებს, ისინი ამ ეტაპზე გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ.
ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე­ გვესაუბრება:

სანდრო თვალჭრელიძე

- ამ პროცესებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ჩვენს ხელისუფლებაში არავინ ცდილობს სტრატეგიული კვლევების თვალსაზრისით რამის გაკეთებას, რაც მცირე რისკების წინასწარ გათვლის საშუალებას მაინც მისცემდა მთავრობას. სპინოზობა არ იყო საჭირო იმის დასანახავად, თუ რას გამოიწვევდა რუსი დეპუტატის პარლამენტში, სპიკერის სკამში ჩაბრძანება, მით უფრო, რომ ცნობილი იყო გავრილოვის შეხედულებები აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთზე. ის ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად მიიჩნევს. არ ვიცი, სწორია თუ არა ინფორმაცია, რომელიც 20 ივნისამდეც აქტიურად ვრცელდებოდა ჩვენს მედიასა თუ სოციალურ სივრცეში - თითქოს ის აფხაზეთის ომში ჩვენს წინააღმდეგ იბრძოდა.

მე აქამდეც არაერთხელ მითქვამს, რომ საქართველოში კარგად არის განვითარებული სამოქალაქო საზოგადოება, თუმცა პოლიტიკოსები, როცა არ სჭირდებათ, ამას ნაკლებ ყურადღებას აქცევენ, ამიტომაც იღებენ ასეთ მძიმე შედეგებს. ამ მთავრობის ყველა ნაბიჯი იყო დაგვიანებული. საბოლოოდ მაინც გადადგა კობახიძე, მაგრამ ეს საკმარისი აღარ აღმოჩნდა. იმავე დღეს უნდა ჩამობრძანებულიყო და წასულიყო, ისევე როგორც 20 ივნისსვე უნდა დაეტოვებინა პარლამენტარის მანდატი ზაქარია ქუცნაშვილს. ჩვენს მთავრობაში მყისიერი მოქმედებებისთვის, გადაწყვეტილებებისთვის მზად არ არიან. აუცილებლად უნდა შედგეს რაღაც პოლიტსაბჭო, იმსჯელონ... არადა, თავის დროზე რომ წასულიყო კობახიძე, არც დარბევა იქნებოდა და არც არაფერი მოხდებოდა...

ამიტომაც, ჩემი შეფასებით, ჩვენი მთავრობა არის ცუგცვანგში - წინასწარ კი არ დგამს პრევენციისთვის ნაბიჯებს­, არამედ ელოდება ამა თუ იმ მოვლენაზე საზოგადოების რეაქციას. არ არსებობს არავითარი პროგნოზი იმისა, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ამა თუ იმ ნაბიჯს... საბოლოოდ უშვებენ ტრაგიკულ შეცდომებს, რის მერეც იძულებული ხდებიან, გადადგან ნაბიჯები, რომელიც მათ მდგომარეობას აუარესებს...

- შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლება დაჰყვა პროტესტანტთა მოთხოვნას და 2020 წელს არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების ინიციატივით გამოვიდა, თუმცა ბევრისთვის გაუგებარი აღმოჩნდა ნულოვანი ბარიერის თაობაზე ივანიშვილის განცხადება. თუ ყველაფერი მართლაც "ქართული ოცნების" ინიციატივის თანახმად წარიმართა, რას ფიქრობთ, როგორ პარლამენტს მივიღებთ 2020 წელს?
- ჩემი აზრით, ძალიან კარგს - გაცილებით საინტერესოსა და დემოკრატიულს. 1992 წლის პარლამენტის შემდეგ, როგორც წესი, საკანონმდებლო ორგანო ორ ან სამპარტიული იყო ხოლმე, ზოგჯერ კი - ერთპარტიულიც, რაც სრულიად მიუღებელია, რადგან ეს არის უმრავლესობის სრულიად გაუაზრებელი დიქტატი. მრავალპარტიული პარლამენტის პირობებში, ვფიქრობ, გვეყოლება კოალიციური მთავრობა, რაც ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების ახალი ეტაპი იქნება. არ იქნება ასეთი პარლამენტის მართვა ადვილი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს სირთულეები ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებას მხოლოდ გააჯანსაღებს. თუმცა ვფიქრობ იმასაც, რომ ძალიან რთული იქნება ამაზე ოპოზიციის დაყოლიება. საქმე ის არის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველოც" მშვენივრად გრძნობენ თავს. ისინი არიან პარლამენტში, არაფერზე ეკისრებათ პასუხისმგებლობა და დღენიადაგ დედას იგინებიან. როცა პარლამენტი იქნება მრავალპარტიული, ამის ფუფუნება არ ექნებათ და მათი მავნე პოლიტიკური აქტივობებიც დასრულდება. ამიტომაც არ მოსწონთ შეთავაზებული ნულოვანი ბარიერი...

- ამით შეიძლება ავხსნათ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადება, როდესაც მან აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს ვადამდელი არჩევნების მოთხოვნისკენ მოუწოდა?
- რა თქმა უნდა, და ძალიან კარგი პასუხიც მიიღო - შეგიძლიათ გადასცეთ ექსპრეზიდენტს, რომ ჩვენ თვითონ გადავწყვეტთ, რა მოთხოვნები დავაყენოთ და რა - არაო... ჩემი აზრით, საქმე გვაქვს ახალი ტიპის პროტესტთან, როდესაც ინიციატივა აიღო სამოქალაქო საზოგადოებამ, რომლის ნააზრევი ხშირად მისაღებია. მაგალითად, როცა ავიდნენ ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან, მას წითელი ბარათი კი არა, ყვითელი უჩვენეს, რაც ბევრის მთქმელია. მათ არ სურთ ხელისუფლების ცვლილება არჩევნების გარეშე, რაც სწორია. უბრალოდ უნდათ, რომ ხელისუფლებამ მეტი ყურადღება მიაქციოს ხალხის ნებას. ეს აპოლიტიკური მიდგომაა და ჩემი აზრით, მათი პროტესტის სათავისოდ გამოყენება პოლიტიკურ ძალებს არ გამოუვათ.

თუ ეს ახალგაზრდები უფრო ღრმა განათლებას მიიღებენ, ვფიქრობ, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებას მართლაც მნიშვნელოვნად შეცვლიან.
უკვე ვთქვი, რომ პროტესტი ნამდვილად განსხვავებულია. მანამდე ჩვენ ვხედავდით ძირითადად პოლიტიკურ აქციებს, უკიდურესად რადიკალური განცხადებებით, ამგვარი სამოქალაქო პროტესტი კი ყველაზე რაციონალური და სწრაფი გზაა იმისთვის, რომ მოსახლეობამ თავის მიზანს მიაღწიოს.

მთავრობას "ნაცმოძრაობის" მიტინგების არ ეშინია, ასეთი სახალხო უკმაყოფილება კი მათ დაფიქრებისა და ღრმა ანალიზისკენ მოუწოდებს. ვნახოთ, როგორ გაართმევენ თავს ამ ანალიზს...
ნებისმიერი საპროტესტო ტალღა, რაც უნდა გულწრფელი იყოს, თუ მასზე გავლენა "ნაცმოძრაობამ" მოიპოვა, განწირულია მარცხისთვის.

ჩემი აზრით, ცდება ხელისუფლება, თუ ჰგონია, რომ მუხტი განელდება და აქციებიც შეწყდება. თუ დროულად არ მიიღეს გადაწყვეტილებები, უნდა ველოდოთ, რომ მომავალ არჩევნებამდე, მთელი ერთი წლის განმავლობაში, მუდმივი დაძაბულობის მომსწრენი ვიქნებით. მეეჭვება, ხელისუფლება ამაზე წავიდეს. ვფიქრობ, დაგვიანებით, მაგრამ რაღაც გადაწყვეტილებებს მიიღებენ.

- პროტესტანტების მოთხოვნად კვლავაც რჩება გიორგი გახარიას გადადგომა, რომელსაც საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავთა მხრიდან ძალის გადამეტებულად გამოყენების გამო სთხოვენ პასუხს. მან ორიოდე დღის წინ ქვეყნის მთავარი სატელევიზიო ტოქშოუების წამყვანებს უმასპინძლა და ძალიან მწვავე კითხვებზეც სცადა პასუხის გაცემა. მისი თქმით, ის ჯერჯერობით არსად წავა და დაელოდება გამოძიების დასრულებას...
- მე რომ შს მინისტრი ვყოფილიყავი­ და მენახა, რომ ჩემი ხელქვეითები მოვალეობას კანონის თანახმად არ ასრულებენ, 21 ივნისსვე გადავდგებოდი. ეს არ არის ცარიელი სიტყვები - ერთხელ მე მომიწია სახელმწიფო სამსახურიდან ჩემი ნებით წასვლამ, ამიტომაც გადადგომას პრობლემად ვერ მივიჩნევ.

გახარიას პრესკონფერენციიდან სამ საკითხს გამოვყოფდი: პირველი - როგორც ჩანს, გახარიას არ ჰყავს კარგი პიარსპეციალისტები. წარმოიდგინეთ, აქციაზე ადამიანებმა დაკარგეს თვალისჩინი, ეს კი მთელი პრესკონფერენციის განმავლობაში, მგონი, ყველა კითხვის პასუხს იწყებდა ფრაზით: "აი, ნახეთ..." რაც ძალიან გამაღიზიანებელი იყო. მეორე - დამრჩა შთაბეჭდილება, რომ გახარიამ არ იცოდა, რა ტიპის ტყვიები აქვს შსს-ს. ზოგადადაც, არ იყო გარკვეული საგანგებო სიტუაციების მართვის პროტოკოლში. განაცხადა, პროტოკოლი, ალბათ, შესაცვლელიაო. კი მაგრამ, ამდენ ხანს რას აკეთებდა?!

მშვენივრად მახსოვს, 2012 წლის ზაფხულში ჩვენში დიდი ალიაქოთი იყო ატეხილი, მიხეილ სააკაშვილმა სახიფათო ტყვიები შეიძინაო. რომ მოვიდა მინისტრად, არ უნდა ენახა, რა არსენალი ჰქონდათ?!
მესამე საკითხი ის არის, რომ დარბევის დროს მოხდა უბედური შემთხვევები, რაც ხდება ყველგან - გავიხსენოთ საფრანგეთში "ყვითელი ჟილეტების" აქციები, მაგრამ უთვალოდ არავინ დარჩენილა. რადგან ხალხს თვალები დაუზიანდა, გამოდის, რომ ესროდნენ თავში, დამიზნებით...

ამგვარი ბრძანება რომ ყოფილიყო გაცემული, დაშავებული გაცილებით მეტი იქნებოდა, ანუ გამოდის, რომ ზოგიერთი სპეცრაზმელი იქცეოდა აგრესიულად... ისმის კითხვა: ვინ არიან ეს სპეცრაზმელები? სავარაუდოდ, მათი უმრავლესობა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებისასაც იყო ამ სამსახურში, როდესაც აქციებზე ხალხს სასტიკად არბევდნენ, ანუ მათ აქვთ ეს აგრესიული და სასტიკი დამოკიდებულება პროტესტანტების მიმართ, ამიტომაც აუცილებელია ძალიან ხისტი პროტოკოლი და კონკრეტული ბრძანებების გაცემა... როდესაც ადამიანს მისცემ იარაღს და მისი გამოყენების უფლებას, ძალიან მკაცრი რეგლამენტიც უნდა დაუწესო - როდის და როგორ გამოიყენოს ეს იარაღი.
დარწმუნებული ვარ, გახარიას ისეთი ბრძანებები, რასაც სპეცრაზმელები აკეთებდნენ, არ გაუცია, მაგრამ მას ვითარების მართვის სადავე გაექცა ხელიდან და, უპირველესად, სწორედ ამის გამო იმსახურებს გადადგომას.
ჩემი აზრით, გახარიას პრესკონფერენციამ აჩვენა, რომ მას კითხვებზე პასუხი არა აქვს. რასაც ამბობდა, ეს, ზოგადად, სწორია... მეორე მხრივ, თუ გახარია მკაფიოდ დააფიქსირებს, რომ გამოიძიებს ძალის გადამეტების შემთხვევებს და შემდეგ წავა, საპროტესტო მუხტი ჩაცხრება.

- რას გულისხმობთ, აქციის ძალადობრივ ხასიათზე მითითებას და განცხადებას, რომ სამართალდამცავები სახელმწიფო ინსტიტუტს იცავდნენ? ბარემ აქვე გავიხსენებ გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის განცხადებას "პალიტრანიუსთან": "შეკრების უფლება და თავისუფლება დემონსტრაციებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ფუნდამენტურია. ამის, როგორც საყოველთაო უფლების გარანტირება, აუცილებელია. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ეს უფლება ბოროტად არ გამოიყენონ, მაგალითად, დემონსტრაციების ძალადობაში გადაყვანის გზით. ძალადობრივი დემონსტრაცია ჰგავს ღვინოს, რომელიც ძმრად იქცევა".
- ამ მოვლენებში პასუხისმგებლობის წილი ჩვენ, ყველას გვეკისრება. ალბათ, მეც უნდა მივსულიყავი 20 ივნისს და მეცადა იმათი შეჩერება, ვინც პარლამენტში შესვლას ცდილობდნენ.
ვფიქრობ, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებულ ჯგუფებს გადატრიალების მოწყობა უნდოდათ. ის ადამიანები, რომელთა სახეებიც ვნახეთ, აშკარად მიხეილ სააკაშვილის "ზონდერ ჯგუფებს" მაგონებდნენ.
მიმაჩნია, რომ ამ აგრესიაზე ხელისუფლების პასუხი აუცილებელი იყო, ოღონდ არა ასეთი ფორმით. რაც შეეხება მომხდარზე პასუხისმგებლობას, ამას მთელ ოპოზიციას ვერ დავაკისრებთ, მაგრამ "ნაციონალურ მოძრაობას" ნამდვილად მიუძღვის ლომის წილი. რა თქმა უნდა, იქ აშკარად იყო პარლამენტში შეჭრისკენ მოწოდებები. რაც უნდა ამტკიცოს მელიამ, რომ ასე არ ყოფილა, მისი ნათქვამი ყველამ მოვისმინეთ!
როცა მელიამ განაცხადა, მოდით, მშვიდად შევიდეთ პარლამენტშიო, რა, არ იცოდა, რომ ამ ხალხს პარლამენტში არავინ შეუშვებდა? ეს იყო ფარისევლობა და მეტი არაფერი. ჩემი აზრით, მან აუცილებლად უნდა აგოს პასუხი.

- დიდი რეზონანსი გამოიწვია საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით მისთვის იმუნიტეტის მოხსნამ, რასაც პროკურატურა ითხოვდა, თუმცა მალე იმავე პროკურატურამ სასამართლოს ვერ დაუსაბუთა, რატომ უნდა მიესაჯათ მელიასთვის წინასწარი აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მელიას 30 000-იანი გირაო და, ფაქტობრივად, შინაპატიმრობა მიესაჯა...
- სასამართლოს გადაწყვეტილებაც მესმის - პროკურატურის წარდგენილი ბრალდება არ ჩანდა მაინცდამაინც კარგად დასაბუთებული. ვფიქრობ, საქმე ისევ და ისევ არაპროფესიონალიზმთან გვაქვს. რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას", ჩემი აზრით, ის პარტია, რომელიც მოქალაქეებს სახელმწიფო ორგანოებში შეჭრისკენ მოუწოდებს, უნდა აიკრძალოს!

- რას ფიქრობთ, რატომ ვერ ელევა ხელისუფლება გახარიას?
- მეც სულ ვფიქრობ, რატომ ვერ ელევა ხელისუფლება გახარიას. ჩვენში ისეთი ტრადიცია დამკვიდრდა, რომ მმართველ ძალას უნდა ჰყავდეს ძლიერი შს მინისტრი, რომელსაც 120%-ით ენდობა. როგორც ჩანს, მისი შემცვლელის მოძებნა არცთუ ისე ადვილია. ერთადერთს ისევ ირაკლი ღარიბაშვილს თუ დააბრუნებენ შს მინისტრად...

- ბოლო დღეებია, გამოითქმის ვარაუდი, რომ შესაძლოა, გადადგეს მამუკა ბახტაძე და მასთან ერთად მთელი მთავრობა, რის შემდეგაც, არ არის გამორიცხული, პრემიერად ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდესო..
- არ ვიცი, ივანიშვილი დაბრუნებას აპირებს თუ არა, მაგრამ ამ ეტაპზე მთავრობის გადადგომა იქნებოდა ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, რაც "ქართული ოცნების" ხელისუფლებას სახეს შეუნარჩუნებდა.
ასე სხვის მოთხოვნებს კი არ დააკმაყოფილებდნენ, არამედ იტყოდნენ, რომ ამ მთავრობამ ვერ გაართვა თავი რთულ სიტუაციებს და უნდა შეიცვალოს. შესაბამისად, ეს დაძაბულობის მუხტს აშკარად გაანეიტრალებდა. არ ვიცი, რატომ არ აკეთებენ ამას? ეს იქნება ამ სიტუაციაში ყველაზე რაციონალური და სწორი ნაბიჯი.

- ეროვნული ვალუტა ყოველდღიურად საკუთარ ანტირეკორდებს ამხობს და უფასურდება...
- ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, ლარის კურსს რა ფაქტორები მართავს და ჩვენი სუსტი ეკონომიკა ეროვნულ ვალუტას ზურგს რატომ ვერ უმაგრებს. სამწუხაროდ, ამგვარი პოლიტიკური დაძაბულობა განსაკუთრებით არტყამს ლარს... მოგეხსენებათ, ადამიანები ფრთხებიან პოლიტიკური არასტაბილურობის საფრთხის გამო და იწყებენ უცხოური ვალუტის ყიდვას. იმედი მაქვს, ეს პროცესი ნელ-ნელა შეჩერდება და ლარიც დასტაბილურებას დაიწყებს. ერთიც უნდა ვთქვა: არ შეიძლება ქვეყნის ეროვნული ბანკი ასე ყურმოჭრილ მონასავით ასრულებდეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბრძანებებს. ცოტა მოსახლეობაზეც უნდა იფიქროს.

- მოგეხსენებათ, ჩვენში განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოს წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. ჯერ იყო საქართველოს მიმართულებით ტურისტული ნაკადის გადაკეტვის მცდელობა, ახლა არსებობს საფრთხე, რომ ქართულ ღვინოსაც დაუწესონ ემბარგო...
- ჩემი ღრმა რწმენით, ის, რაც მოხდა, თავიდან ბოლომდე იყო ძალიან კარგად დაგეგმილი რუსული პროვოკაცია. არ აწყობს კრემლის ხელმძღვანელობას საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცესთან ინტეგრაციის ბოლოდროინდელი ტემპი. ბოლო ხანს აშკარა იყო მათი უკმაყოფილება და დაგვარტყეს ისეთ მტკივნეულ ადგილას, რასაც საქართველოს ეროვნული ღირსება ჰქვია.

ვერავინ დამარწმუნებს, რომ გავრილოვი სპონტანურად მოხვდა ჩვენს პარლამენტში და ამას ასევე სპონტანურად მოჰყვა კრემლის უმაღლესი თანამდებობის პირების ასეთი რეაქცია. მეტიც - დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო თითქმის პუტინის დონეზე დაგეგმილი პროვოკაცია, რათა ვითარება გაემწვავებინათ საქართველოში და უფრო გაერთულებინათ ისედაც რთული ქართულ-რუსული ურთიერთობები.
რაც შეეხება ემბარგოს... მგონი, ტრადიციად იქცა, რომ რუსეთის მიერ ჩვენს საწინააღმდეგოდ მიღებული გადაწყვეტილებები საქართველოს განვითარებაზე ძალიან კარგად მოქმედებს. მაგალითად, რუსული ემბარგოს შედეგად გაუმჯობესდა ჩვენი ღვინის ხარისხი, შედეგად მოვახერხეთ ევროპულ ბაზარზე შესვლა და ა.შ. ახლა ამ ტურიზმთან დაკავშირებული სკანდალით ლამის მთელ მსოფლიოს გააგებინეს, რომ საქართველო ტურისტული ქვეყანაა...

- რადგან მომხდარს რუსულ პროვოკაციად აფასებთ, ისმის კითხვა: ქართველთაგან ვინ მონაწილეობდა მის განხორციელებაში?
- პროვოკაციისთვის ხელშეწყობა, ვფიქრობ, გამიზნული და გააზრებული არ ყოფილა. არა მგონია, ზაქრო ქუცნაშვილს ამდენის გათვლის უნარი ჰქონდეს - ამ კაცმა, მგონი, რუსულიც კი არ იცის ნორმალურად. ფიქრობდნენ ალბათ, მოვიწვიოთ რუსი დეპუტატები და პარლამენტის დარბაზში მოვასმენინოთ ჩვენი გინებაო. ამას რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა, ვერც წარმოიდგინეს. მოკლედ, მოატყუეს ეს ხალხი პატარა ბავშვებივით. განსაკუთრებით დიდია ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობა, რომელზეც სულ ვამბობდი, "ბოლო გაჩერების სინდრომი" სჭირს, ანუ თავის კომპეტენციაზე მაღალ თანამდებობაზეა-მეთქი. საბოლოოდ კი ეს კრიზისი "ქართულმა ოცნებამ" და მთელმა ხელისუფლებამ მიიღო იმიტომ, რომ არავის უსმენენ, არ ჰყავთ ანალიტიკოსები და, რაც ყველაზე სავალალოა, მათ შორის პროფესიონალი პოლიტიკოსი ძალიან ცოტაა.

111
05 ივლისი 2019 11:20
რა სამწუხაროა სულ უკან უკან სიარული, ნუ როდემდე, აშკარაა ინტელექტი, კომპეტენცია და განათლება დღითიდღე დეგრადირდება / თუმცა ამ გულანთებულ ახალგაზრდებში ჩანს წინსვლის, განვითარების და სიჟანსაღის უნარი, ღმერთმა ქნას..

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები