მძიმე ღამის ანატომია
მძიმე ღამის ანატომია
21 ივნისს, დილაუთენია, სპეცრაზმის "კოლოფმა" მოახერხა მომიტინგეთა განდევნა პარლამენტიდან რუსთაველის თეატრამდე და "ორთაბრძოლამ" პოზიციური ხასიათი მიიღო
რუსთაველის პროსპექტი, სამწუხაროდ, არაერთხელ გამხდარა დაპირისპირების, მათ შორის - სისხლის ღვრის არენა.

1956 წლის 9 მარტს რუსთაველზე პირველად დაიღვარა სისხლი, როდესაც საბჭოთა არმიისა და შსს-ს საჯარისო დანაყოფებმა ცეცხლი გაუხსნეს მომიტინგეებს, რომლებიც გმობდნენ ხრუშჩოვის მიერ სტალინის სახელის შეურაცხყოფას.

1989 წლის 9 აპრილს ისევ საბჭოთა შინაგანი ჯარებისა
და არმიის დანაყოფებმა მხუთავი აირითა და ალესილი მესანგრის ნიჩბებით დაარბიეს და დახოცეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი მშვიდობიანი მომიტინგეები.

1991 წლის 21 დეკემბრიდან 1992 წლის 6 იანვრის ჩათვლით ოპოზიცია ტანკებისა და ქვემეხების ჭურვებს ესროდა პარლამენტის შენობაში გამაგრებულ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებას, რასაც საპასუხო ცეცხლი ახლდა. საბოლოოდ რუსთაველის პროსპექტის ნაწილი ნანგრევებად იქცა.

2003 წლის 23 ნოემბერს ოპოზიცია სააკაშვილის ხელმძღვანელობით
შეიჭრა პარლამენტის შენობაში, რასაც, საბედნიეროდ, მსხვერპლი არ მოჰყოლია, რადგან იმდროინდელმა პრეზიდენტმა შევარდნაძემ უარი თქვა სტრატეგიული ობიექტის - პარლამენტის დასაცავად ძალის გამოყენებაზე.

2007 წლის 7 ნოემბერს პარლამენტის წინ გამართული ოპოზიციის საპროტესტო აქცია დიდი სისასტიკით დაარბია "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებამ.

2011 წლის 26 მაისს პარლამენტის წინ "ნაციონალური მოძრაობის" ხელის­უფლებამ კვლავ არანაკლები სისასტიკით დაარბია ოპოზიციის მიტინგი.

2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს პარლამენტის შენობაზე მომიტინგეთა აგრესიული ნაწილის რამდენიმე იერიშის შემდეგ "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გამოიყენა სპეციალური საშუალებები, რასაც მომიტინგეთა და ჟურნალისტთა ნაწილის სერიოზული დაშავება მოჰყვა.

როგორც ხედავთ, პარლამენტის შენობა ანდამატივით იზიდავს ნეგატიურ მოვლენებს, რასაც ობიექტური მიზეზი აქვს - ყველა ოპოზიცია ცდილობს, პარლამენტის წინ ქვეყნის მთავარი პროსპექტის გადაკეტვით როგორც საზოგადოებას, ისე უცხოურ ტელევიზიებს დაანახოს, როგორი მნიშვნელოვანი საპროტესტო ძალა აქვს.

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს პარლამენტის თბილისიდან ქუთაისში გადატანას და ახალი შენობის აშენებას ფარული მიზანი ჰქონდა - ხელისუფლება ცდილობდა, მაშინდელი ოპოზიცია რუსთაველის პროსპექტზე აღარ შეკრებილიყო.

"ქართული ოცნების" ხელისუფლებამ სახელმწიფოს სათავეში მოსვლის მეექვსე წელს, მოახერხა პარლამენტის თბილისში დაბრუნება, მაგრამ მალევე დიდ ხათაბალაში აღმოჩნდა, რადგან ნაწილობრივ გაიმეორა ის, რაც "ნაციონალურმა" ხელისუფლებამ ორჯერ ჩაიდინა...

პარლამენტზე, როგორც ქვეყნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ ობიექტზე თავდასხმა და შეტევა მხოლოდ სამჯერ განხორციელდა - 1991 წლის ბოლოს ოპოზიციის ტანკებით, 2003 წლის ნოემბერში "ნაციონალური მოძრაობის" ვარდებით და 2019 წლის ივნისში ისევ "ნაციონალური მოძრაობისა" და მისი სატელიტი პარტიების ლიდერთა მოწოდებით. არც 1956 წლის მარტში, არც 1989 წლის აპრილში, არც 2007 წლის ნოემბერში და არც 2011 წლის მაისში მომიტინგეები პარლამენტში (საბჭოთა პერიოდში იქ უმაღლესი საბჭო იყო განთავსებული) შეჭრას არ ცდილობდნენ.

მომიტინგეების აქტიური ნაწილის მოქმედების ტაქტიკა


2019 წლის 20 ივნისის საღამოს პარლამენტის წინ ერთი შეხედვით სპონტანური მიტინგი დაიწყო, რაც გამოწვეული გახლდათ "ქართული ოცნების" ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის წინდაუხედავი და საქართველოს ინტერესების საზიანო ქმედებით, რასაც არ შეიძლებოდა, ხალხის უკმაყოფილება არ გამოეწვია, მაგრამ პარლამენტის წინ დაწყებულ მშვიდობიან მიტინგს ორიოდე საათში უცნაური გაგრძელება მოჰყვა - ახალგაზრდა მომიტინგეთა ნაწილი მიაწვა ცოცხალ ჯაჭვად მდგარ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის "ბეტმენებს", რომლებიც პარლამენტის შესასვლელს იცავდნენ.


აქტიური მომიტინგეების მოქმედება აღძრავდა ეჭვს, რომ ისინი საერთო ბრძანების მიხედვით მოქმედებდნენ; ამასთან, ამ მომიტინგეთა ნაწილი, სავარაუდოდ, ყოფილი პოლიციელი და სამხედრო უნდა ყოფილიყო. მომიტინგეებმა გამოიყენეს ტაქტიკა, რომელსაც ფსიქოლოგიურადაც უნდა ემოქმედა "ბეტმენებზე" - მათ ცოცხალი ჯაჭვიდან ძალით გამოჰყავდათ სპეცრაზმელები, ხდიდნენ ჩაფხუტსა და სხეულის დამცავ პლასტიკურ ელემენტებს, ართმევდნენ მინის დამცავ ფარს და რეზინის ხელკეტს.

ვიდეოკადრებში კარგად ჩანდა, რომ პარლამენტის დამცველი პოლიციის სპეც­რაზმის მიმართულებით აქტიური მომიტინგეები არც წყლით სავსე ბოთლებისა და სხვა მძიმე საგნების სროლას ერიდებოდნენ, თუმცა ეს უფრო ინტენსიური მას შემდეგ გახდა, რაც სპეცრაზმელებმა მათი მიმართულებით ცრემლსადენი აირის ყუმბარებისა და რეზინის ტყვიების დამიზნებით სროლა დაიწყეს. ამის შემდეგ­ მომიტინგეების ნაწილი აღიჭურვა "ბეტმენებისთვის" წართმეული ჩაფხუტებითა და ფარებით, ნაწილი კი ბანერებს ამოეფარა და ისე გააგრძელა შეტევა პარლამენტის შენობის შესასვლელზე.

სპეცრაზმის მოქმედების ტაქტიკა


პოლიციის სპეცრაზმები აკეთებდნენ იმას, რაც მათ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს 2004 წლიდან შეასწავლეს და 2007 და 2011 წლების მიტინგების დარბევისას გამოაყენებინეს.
თუმცა თავიდან, თითქმის სამი საათი, პოლიციის სპეცრაზმელები მათთვის "უჩვეულო" ამპლუაში აღმოჩნდნენ - აქტიური მომიტინგეები აგინებდნენ, ურტყამდნენ, მათ თანამებრძოლებს "იტაცებდნენ" და "აშიშვლებდნენ", ისინი კი იძულებული იყვნენ, თავდაცვით პოზიციაში მდგარიყვნენ.

როდესაც პარლამენტის შესასვლელთან იერიშები და "ბეტმენების" "მოტაცება" გახშირდა, სპეცრაზმი ყრუ თავდაცვიდან "წერტილოვან" თავდასხმებზე გადავიდა - "ბეტმენების" უკან მდგომი და პარლამენტის შენობის პარაპეტებზე ასული სპეცრაზმელები ყველაზე აქტიურ მომიტინგეებს პომპიანი თოფებით რეზინის ტყვიებს ესროდნენ, სპეციალური ყუმბარსატყორცნებით კი - ცრემლსადენ ყუმბარებს.
ასეთი გასროლების შემდეგ აქტიური მომიტინგეები უკან იხევდნენ, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ისევ იერიშზე გადადიოდნენ.სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა მას შემდეგ, რაც თავისუფლების მოედნიდან დაძრული სპეცრაზმის სპეციალური "კოლოფი" პარლამენტს გაუსწორდა და მომიტინგეებს ერთდროულად წყლის ჭავლით, ცრემლსადენი აირის ყუმბარებითა და აკუსტიკური ქვემეხით შეუტია.


სპეცრაზმის ეს "კოლოფი" "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების "პირმშოა", რომელიც პირველად 2007 წლის 7 ნოემბერს გამოიყენეს, 2011 წლის 26 მაისისთვის კი მათი მოქმედება "დახვეწეს". სხვათა შორის, 26 მაისის მიტინგის დარბევამდე ცოტა ხნით ადრე "კვირის პალიტრამ" აღმოაჩინა კოსმოსიდან გადაღებულ ფოტოსურათზე, როგორ გადიოდა პოლიციის სპეცრაზმის ეს "კოლოფი" ინტენსიურ მზადებას ვაზიანის აეროდრომის ასაფრენ ბილიკზე...
21 ივნისს, დილაუთენია, სპეცრაზმის "კოლოფმა" მოახერხა მომიტინგეთა განდევნა პარლამენტიდან რუსთაველის თეატრამდე და "ორთაბრძოლამ" პოზიციური ხასიათი მიიღო - სპეცრაზმელები მომიტინგეებს ცრემლსადენი აირის ყუმბარებსა და რეზინის ტყვიებს ესროდნენ პერიოდულად, ისინი კი ქვებით პასუხობდნენ.

ამ პოზიციურ "ორთაბრძოლაში" ვეღარ მონაწილეობდნენ გასავათებული "ბეტმენები", რომლებმაც მანამდე პარლამენტის შესასვლელთან არაერთი შეტევა მოიგერიეს. აი, სწორედ ამ ეტაპზე შეიძლებოდა შეჩერებულიყო ეს ოპერაცია, მაგრამ პოლიციელების ნაწილმა გაქცეულ მომიტინგეებს რეზინის ტყვიების სროლით ქუჩებში სდია, რამაც 21 ივნისი რაღაცით დაამსგავსა 7 ნოემბერსა და 26 მაისს, როცა პოლიცია და სპეცრაზმი მომიტინგეებზე თბილისის ქუჩებში "ნადირობდა".

მიტინგის დაშლის მიმართულებები


21 ივნისის გამთენიისას თავისუფლების მოედნიდან წამოსულმა პოლიციის სპეცრაზმის "კოლოფმა" პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან მომიტინგეთა განდევნა დაიწყო. დევნიდნენ რუსთაველის თეატრისა და ოპერის მიმართულებით, ანუ მომიტინგეებს ჰქონდათ უკან დახევისა და დაშლის საშუალება.

2007 წლის 7 ნოემბერს და 2011 წლის 26 მაისს კი სპეცრაზმებმა გადაკეტეს რუსთაველის პარალელურ ქუჩებზე გასასვლელები, რის გამოც მომიტინგეები "ტომარაში" აღმოჩნდნენ და მიტინგის დაშლა, ფაქტობრივად, გაქცეული დემონსტრანტების დარბევაში გადაიზარდა.

რა სპეცსაშუალებები და ტყვიები გამოიყენა სპეცრაზმმა


20-21 ივნისის ღამეს სპეცრაზმი პარლამენტის შენობის დაცვისას იყენებდა ცრემლსადენი აირის ყუმბარების მსროლელ სპეციალურ ყუმბარსატყორცნებს, პომპიან თოფებს, რომლებიც ისროდა რამდენიმე მრგვალ ან ერთ რაკეტის ფორმის რეზინის ტყვიებს.

მოგვიანებით პარლამენტის შენობასთან გამოჩენილმა სპეცრაზმელთა "კოლოფმა" მომიტინგეთა დასაშლელად ზემოთ ხსენებულ იარაღთან ერთად აამოქმედა წყლის ჭავლის გამშვები სპეციალური მანქანა და ჯავშანმანქანაზე დამონტაჟებული აკუსტიკური ქვემეხი, რომელიც დაბალსიხშირიანი ინფრაბგერებით ადამიანის სმენის ორგანოებზე მტკივნეულად მოქმედებს.

20-21 ივნისის ღამეს პარლამენტთან მიტინგის დაშლისას ადამიანების დაშავება იმ რეზინის ტყვიებმა გამოიწვია, რომლებიც არასასიკვდილოს ნაცვლად, ნაკლებად სასიკვდილოდ კლასიფიცირდება და რომელთა სროლა ახლო მანძილიდან და თანაც - თავში, დაუშვებელია...

გავრცელებულ ვიდეოკადრებში არ ჩანს პნევმატური იარაღის - FN303-ის (რომლითაც 7 ნოემბრისა და 26 მაისის მიტინგების არაერთი მონაწილე დასახიჩრდა) გამოყენების ფაქტები; წინააღმდეგ შემთხვევაში მძიმედ დაშავებულთა რიცხვი შეიძლებოდა გაზრდილიყო.

უნდა აღვნიშნოთ, რომ რუსთაველის პროსპექტზე რამდენიმე ასეული ცრემლსადენი აირის ყუმბარის სროლის შედეგად წარმოქმნილი კვამლი არც მოსახლეობისა თუ სასტუმროების ბინადართა ჯანმრთელობაზე იმოქმედებდა სასიკეთოდ.

მომიტინგეთა და ჟურნალისტთა დაზიანების სამი მთავარი მიზეზი


პირველი - რეზინის ტყვიებს ისროდნენ ახლო დისტანციიდან, რასაც ობიექტური მიზეზიც ჰქონდა - პარლამენტის შესასვლელთან მცირე სივრცე.

მეორე - ხშირად, შეცდომით თუ განზრახ, მიტინგზე მყოფთ თავში ესროდნენ.

მესამე - სპეცრაზმმა არალეტალურ რეზინის ტყვიებთან ერთად გამოიყენა ნაკლებად ლეტალური ტყვიებიც, რომელთა დამაზიანებელი ეფექტი უფრო ძლიერია, მით უფრო - ახლო მანძილიდან და თავში სროლისას.
ცალკე თემაა, რომ ჟურნალისტი, რომელიც მომიტინგეებსა და პოლიციის სპეცრაზმს შორის აღმოჩნდება, აუცილებლად აღჭურვილი უნდა იყოს სპეციალური ჩაფხუტით, დარტყმის ძალის შემანელებელი ჟილეტით, აირწინაღით და ყურების დამცავით. ამ აღჭურვილობის ნაწილი მაინც რომ ჰქონოდათ, 33 ჟურნალისტი არ დაშავდებოდა. იმ თანამშრომლების სათანადოდ აღჭურვა, რომლებსაც ექსტრემალური სიტუაციების გასაშუქებლად გზავნიან, რედაქციებისა და ტელევიზიების ხელმძღვანელობამ უნდა ითავოს. ფრონტის ხაზებზე მომუშავე ჟურნალისტების ინდივიდუალური თავდაცვისთვის კი სხვა აღჭურვილობაა საჭირო.

იყო თუ არა მოსალოდნელი მიტინგის დაშლის ასეთ შედეგი?


2007 წლის 7 ნოემბერს და 2011 წლის 26 მაისს პარლამენტთან დარბეული მიტინგების, ასევე 2009 წლის 6 მაისს თბილისის პოლიციის შენობასთან მომხდარი მოვლენების მცირე ანალიზიც კმაროდა იმის განსასაზღვრავად, რომ 20-21 ივნისის მიტინგის დაშლისას "ქართული ოცნება" ნაწილობრივ მაინც გაიმეორებდა "ნაციონალური მოძრაობის" შეცდომებს.

ამას განაპირობებდა თუნდაც ის გარემოება, რომ სპეცრაზმელთა საშუალო და ქვედა რგოლები მაინცდამაინც არ გადახალისებულა და 20-21 ივნისს მათ გააკეთეს სწორედ ის, რასაც "ნაციონალების" ხელისუფლების დროს ასწავლიდნენ.
როგორც ამ ტრაგიკულმა მოვლენებმა აჩვენა, საჭიროა შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეცრაზმების მოქმედების ტაქტიკისა და შეიარაღების შეცვლა, იარაღის გამოყენების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანა და ყველაფრის გაკეთება, რომ მოქალაქე და პოლიციის სპეცრაზმელი (რომელსაც საოკუპაციო ხაზის გაკონტროლებაც ევალება) ერთმანეთის მტრებად არ იქცნენ...

giglia
01 ივლისი 2019 13:12
საინტერესო და ობიექტური მიმოხილვაა, გმადლობთ.
xxxx
01 ივლისი 2019 11:10
ძძალიან აუტანელია როცა ადამიანს შეურაცხყოფენ, მასზე ქილოკობენ, შეურაცხყოფენ და ზალადობენ, ის კი ვალდებულია ეს ყველაფერი აიტანოს. რას აღარ კადრულობდნენ მომიტინგეები, ძალიან შემეცოდნენ პოლიციის თანამშრომლები. მერე მომიტინგეეები აზვირთდნენ,მიაწვენ პოლიციის რკალს და ეს სამი საათის განმავლობაში საშინელ შეუროცხმყოფაში მყოფი ხალხი დაემორჩილნენ ბრძანებას. მომიტინგეებს მიზნად ქონდათ მიშას სცენარის განმეორება და არ გამოუვიდათ, რამდენჯერმე მიბრუნდნენ უკან, რამდენჯერმე შეეცადნენ მათ წყობიდან გამოყვანას, იმ ზრდა დაუსრულებულ მომიტინგეებიდან ნახევარმა არ იცოდა ალბათ რისთვის იდგა რუსთაველზე, ზოგი სიტყვას ვერ აბრუნებდა პირში, ასე რომ თავად ხომ უთავოდ იწევდნენ პარლამენტში შესაჭრელად, ამათაც აიძულებდნენ დაუზოგავად მოქცეოდნენ მათ. მე პირადად და ცემს გარშემო საკმაო რაოდენობის ადამიანებს ძალიან გვეცოდება გვახარია, ის შეეწირა ვიღაცის უგუნურ ბრძანებას, იმის ბრძანებას ვინაც იცოდა რა ტყვიებს ესროდნენ ადამიანებს...

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?